ხელნაკეთი შოკოლადის ცდუნება


გააზიარე სტატია

თუ შოკოლადი გიყვართ, დარწმუნებული ვარ, კაფე „არტიზანის“ შესახებაც გეცოდინებათ. ეს, ვანილისა და კაკაოს გამაბრუებელი სურნელით გაჟღეთილი ადგილი, თბილისელი გურმანებისა და მსუნაგებისთვის ერთდროულად მექაცაა და დაღუპვაც.

თუ შოკოლადის მაგიის ცდუნებას ვერ უძლებთ, უმჯობესია ამ ადგილს შორიდან მოუაროთ, თორემ ერთხელ თუ შეგიცდათ ფეხი, წასულია თქვენი საქმე.

ლამაზ მწკრივებად ჩამორიგებული ხელნაკეთი შოკოლადის ცდუნებას ვერავინ უძლებს. თუ ტკბილ-მწარე გამოცდილებისთვის სრულიად მზად ხართ, ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადი უნდა მოითხოვოთ. შოკოლადის ისტორია ხომ სწორედ ამ ბლანტი სითხით იწყება:   

სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ჩაკარგული ცივილიზაციების ფრთიანი ღმერთის, კეცალკოატლის  საჩუქარს მომწარო, არომატულ მარცვლებს აცტეკები ისე აფასებდნენ, რომ ვალუტადაც კი იყენებდნენ. სანამ შოკოლადი მსოფლიოს მსუნაგთა უდიდესი განსაცდელი გახდებოდა, მისგან ინდიელები ამზადებდნენ სარიტუალო, ენერგიის მოსამატებელ სასმელს.

აღსანიშნავია, რომ მარცვლებს მხოლოდ თხევადი სახით იყენებდნენ. სასმელს  ჩილისა და სანელებლებს ამატებდნენ. ეს ღმერთების ნექტარი, რომელსაც უამრავ სხვა თვისებასთან ერთად პოტენციის ამაღლებასაც მიაწერდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპელების ყურადღება მალევე  მიიპყრო. საინტერესოა, რომ ენერგეტიკულ სასმელს, სახელწოდებით „ჩილატე“ დღემდე ამზადებენ მექსიკაში.

აცტეკების იმპერიაში არსებობდა კაკაოს მარცვლების ბეგარა, რომელსაც ყველა იმ დაპყრობილი ტერიტორიის მცხოვრებნი იხდიდნენ,  სადაც კაკაოს კულტივაციას მისდევდნენ. აცტეკებს უყვარდათ კეცალკოატლი, რომელიც ღმერთებმა დასაჯეს იმისთვის, რომ კაკაოს მარცვლები ადამიანებს უწილადა – პრომეთეს მსგავსად, ოლიმპოელი ღმერთების ცეცხლი რომ გაუნაწილა მოკვდავებს. როცა აცტეკების ბრწყინვალე იმპერიას ესპანელმა კონკისტადორებმა მოუღეს ბოლო, კაკაოს მარცვლებმა ინდიელების პლანტაციებიდან ესპანელთა არმადის ტრიუმებში, სიტყვამ “chocolate” კი კლასიკური ნაჰუატიდან (საერთო ენა, ეგრეთ წოდებული ლინგუა ფრანკა,  რომელზეც სამხრეთ ამერიკის ინდიელები მეტყველებდნენ მე-16 საუკუნეში) ესპანურ ენაში გადაინაცვლა.

 

ასე რომ, იცოდეთ,  თუ კაფე „არტიზანის“ ლამაზ ვიტრინასთან მოკალათებული, ცხელი შოკოლადით აპირებთ დატკბობას, იცოდეთ,  რომ ფრთიანი ღმერთი კეცალკოატლი სადღაც ახლომახლო დაფრინავს.

 


რეკომენდებული სტატიები
"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში
გთავაზობთ სხვადასხვა თაობის 2 მცხობელის ინტერვიუს, რომლებიც კლიენტებისთვის ნამცხვრებსა და ტორტებს თავიანთ ბინებში ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.