fbpx

საფეხბურთო მიმოხილვა: სანამ პირველი წრე ჩაივლის


გააზიარე სტატია

Image result

ავტორი: სანდრო ნავერიანი


ანარბეკ ჩინგიზ ულუ. ან ანარბეკ ულუ ჩინგიზ. ან ჩინგიზ ულუ ანარბეკ. მოკლედ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ყირგიზი ჯიგიტის სახელს და გვარს როგორ იტყვი. საინტერესო აქ ის არის, საერთოდ რატომ ვიცი ამ ტიპის სახელი. ის ტაქსისტია. მოსკოვში ტაქსაობს. ხოდა დალია რა ალბათ, ბიჭებთან ერთად, დაჯდა საჭესთან, გააქანა და შევარდა ტროტუარზე, სადაც მექსიკელი ფანები იდგნენ. ერთი ათი მექსიკელი გაიტანა. მერე გადმოხტა მანქანიდან და მოტყდა. საბედნიეროდ, მექსიკელებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და ყველა გადარჩა. ერთი ქალია შედარებით მძიმედ, თუმცა ისიც გადარჩება. ტერაქტი იყო? არა. შურისძიება? არა მგონია, ყირგიზეთს და მექსიკას რამე გასაყოფი ჰქონდეთ, მით უფრო ანარბეკ ჩინგიზს ვინმე კონკრეტულ აცტეკთან. სად არის აბა ლოგიკა? არსად. ეს რუსეთია. ეტა ჟე მატუშკა რასია ბლიაძ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია იპოვო მსოფლიოში ყველაზე მაგარი გამო%#&ეებული და ერთ საათში იმედგაცრუებული აღმოაჩენ, რომ იმედგაცრუებული ხარ, რადგან კიდევ უფრო გამო#%&ებულს შეხვდები. ანარბეკი დაიჭირეს. მთვრალი იყო.


მოკლედ, ამ ინციდენტით იმიტომ დავიწყე, რომ ვიცოდი მსგავსი რამ მოხდებოდა. დიდი ხნის წინ ვიცოდი. აი, გახსოვთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, ოლიმპიური სოფლის სასტუმროს ნომრებში შტეფსელები ჭერში რო იყო დამონტაჟებული? ქვეყანაში, სადაც შტეფსელებს ჭერში ამონტაჟებენ,  კარგს არაფერს უნდა ელოდო.

მუნდიალზე, კონკრეტულად ფეხბურთზე საუბარს, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მეორე წრიდან იწყებენ, ამიტომაც ახლა ზუსტად ჭორაობის დროა. მაშ ასე, რა მოხდა ამ სამ დღეში იქ და აქ, ოკუპანტ და ოკუპირებულ ქვეყანაში:

დავიწყოთ იმით, რომ რობი უილიამსმა რაღაც აბსოლუტური ყ%#&ობა იმღერა. მერე, გამოვიდა რუსეთის ნაკრები და საუდის არაბეთს ხუთი გოლი როგორ გაუტანა, თვითონაც არ იციან და მას მერე ამ თამაშს არჩევენ. ეს თამაში გიორგი ზურაბიშვილს მიჰყავდა პირველ არხზე და რახან ზურაბიშვილი ტრანსლაციის დროს რუსებს დედის ტრ&#%ს არ აგინებდა, ვინმე მამუკა გამყრელიძემ, რომელსაც ოდესღაც „ვის უნდა ოცი ათასი“ მიჰყავდა, დაასკვნა რომ გიორგი ზურაბიშვილს თურმე რუსეთის ნაკრები ევასება. სხვათა შორის, შეგიძლიათ დაგუგლოთ და ამ გამყრელიძის დეკლარაციას გადააწყდებით და იმ დეკლარაციაში შემოსავალს, რომელიც რუსული რუბლთ აქვს აღებული. უბრალოდ ფაქტია, მეტი არაფერი.

ამავე დროს რუსეთში უკვე სცემეს ინგლისელი ფანი. დააკავეს სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი და აქტივისტი. დააკავეს არასანქცირებული აქციისთვის. მარტო იდგა. და დააკავა ტურისტულმა პოლიციამ, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სადღაც ლუბიანკაზე, კაგებეს მოტივებით.


ამ დროს ჩვენთან, აბაშიძეზე, ვიღაცამ მანქანიდან გადმოყო და ისე, უბრალოდ რამდენიმე ტყვია ისროლა. არავინ დაშავებულა. ალბათ რაღაც გაახსენდა, იარაღიც თან ჰქონდა, მოაწვა და დაუშვა სიცარიელეს. ხდება ხოლმე.

No automatic alt text available.

ამ მუნდილაის ტრანსლაციები არის ყველაზე ცუდი, რაც ოდესმე მინახავს. აგვიანებს ან ზოგჯერ სულაც არ არის გამეორებები. ან არის, მაგრამ იმეორებენ არა იმ მომენტს, რომელიც საინტერესოა, არამედ იმას, რომელიც არავის აინტერესებს, რადგან იქ არაფერი ხდება. ოპერატორები აგვიანებენ და ზოგჯერ უბრალოდ კადრში ვერ იჭერენ ბურთს. სამაგიეროდ ფეხბურთელები იჭერენ ობიექტივებს და ერთ-ერთმა ხორვატმა შიგ ობიექტივში გაარტყა რუსი ოპერატორის კამერას.

სტადიონებზე ხშირად ჩანს ცარიელი ტრიბუნები. მაგალითად, ეკატერინბურგის სტადიონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცუდი სტადიონების ხუთეულში შედის, ნახევრად ცარიელი იყო. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ყველას კიდია.

კიდევ რა შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ მესიმ პენალტი გამაზა და რონალდომ ჰეთრიკი გააკეთა? ალბათ ის, რომ ამ დღეებში პირველი არხის რეიტინგი საკმაოდ მაღალია, იმისთვის რომ პირველი არხის რეიტინგი იყოს და თან ისეთი გაუგებარი ჯიშის პროდუქტები ჰქონდეს მატჩების შესვენებებზე, როგორიც “მოთელვაა”. თუ “მსუბუქი მოთელვა.”  ერთი სიტყვით, პირველი არხია.

როგორც უკვე ვთქვი, კონკრეტულად ფეხბურთზე საუბარს პირველი წრის მერე დავიწყებ, მანამდე კი ერთი რამ შევამჩნიე: დიდად აღარ მაინტერესებს ფეხბურთელების სიფათები, რომელთაც  ტრანსლაციის ოპერატორი და რეჟისორი ჰიმნების სმენისას მსხვილი ხედით გვაჩვენებენ. არადა ადრე, მახსოვს, ვატრაკებდი, ტრანსლაციებს გვიან რატომ იწყებთ, ჰიმნებიც მოგვასმენინეთ-მეთქი. ყოველთვის ვერა, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა თამაშის ხასიათი გამომიცნია იმის ხარჯზე, თუ რომელი გუნდი როგორ მღეროდა ჰიმნს.

მოკლედ, ვეღარ მართობს ეს ჰიმნები. ალბათ ზედმეტად გავიზარდე. და ასე, პირველად მას შემდეგ, რაც კანტონას გამო საფრანგეთის ქომაგობა დავიწყე, მარსელიეზას გარეშე ვნახე საფრანგეთის თამაში. ფრანგებმა ისე ცუდად ითამაშეს, მატჩის დასრულების შემდეგ გადავახვიე და მოვუსმინე, როგორ მღეროდნენ ჰიმნს. ხოდა, ლაივში რომ მომესმინა ჰიმნის შესრულებისთვის, თავიდანვე მეცოდინებოდა, როგორ ჩაისვრიდნენ ფრანგები, რადგან ჰიმნიც ზუსტად ასე ჩასვრილებმა იმღერეს.

უსმინეთ ჰიმნებს, ეს მილიარდებიანი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია. ისეთი, ჯერ რომ არავინაა წაგებული.

 


რეკომენდებული სტატიები
სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?

სად ვუყუროთ ფეხბურთს?
გთავაზობთ თბილისში არსებულ რამდენიმე სივრცეს, სადაც სასიამოვნო გარემოში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.