Tbilisi Open Air 2018 დღე მესამე
Tbilisi Open Air 2018 დასრულდა და დღეს უკვე შეგვიძლია მოკლედ შევაჯამოთ როგორც მესამე დღე, ასევე მთლიანად ფესტივალი.
რამდენიმე ფაქტი Tbilisi Open Air-ის შესახებ:
– ფესტივალს 9 წელი შეუსრულდა.
– ამ პერიოდის განმავლობაში ის სულ თბილისში ტარდებოდა 2011 წლის გარდა, როცა Open Air რეგიონების ქალაქებშიც გამართეს.
– წლევანდელი Open Air ვიზიტორების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა – ფესტივალზე 30000 ვიზიტორი აღირიცხა.
– ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი, როგორც ჩანს, სწორი ლოჯისტიკისა და ორგანიზების გარდა, სცენების მოწყობით და ტერიტორიაზე მათი გადანაწილებით იყო განპირობებული:
– Tbilisi Open Air 2018-ს წელს მოწყობილი ჰქონდა 4 სთეიჯი:
Main stage – მთავარი სცენა
Eye stage – ელექტრონული სცენა, ჰაუს და მსუბუქი ტექნო
Garden stage – Psy ტრანსი
Singer Jazz Stage, ლიკანი – ცოცხალი და თანამედროვე მუსიკა, ჯაზი
– ფესტივალის სლოგანი მისი დასაწყისიდან დღემდე უცვლელია – Music Breaks Free
რაც შეეხება ფესტივალის დასკვნით, მესამე დღეს, როგორც ლიკანის ჯაზ სცენისთვის, ასევე მთლიანად Open Air-სთვის ის გამორჩეული და მასშტაბური აღმოჩნდა. მსმენელი მაქსიმალურად შეეცადა დასკვნითი დღისგან ბევრი პოზიტიური ენერგიის და მუხტის მიღებას.
Singer Jazz Stage-ზე ზურა რამიშვილის ტრიომ დაუკრა. აუდიტორიისთვის მათი დინამიკური და ენერგიული ლაივის მოსმენა ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ცოცხალი მუსიკის მოსმენისგან მიღებული შთაბეჭდილებები კიდევ უფრო გაამდიდრა პაპუნა შარიქაძეს ტრიომ, მიშო ურუშაძესთან ერთად და პროექტმა Amaze. შუაღამეს კი Blues Factor-ის საათნახევრიანი პერფორმანსი შედგა, რომელიც მთავარი სცენის საკონცერტო ნომრების დასრულების შემდეგ, ცოცხალი მუსიკის მოყვარულებისთვის დამატებითი საჩუქარი აღმოჩნდა.
მთავარი სცენა Newcomer 2018-ის გამარჯვებულმა Lua-მ გახსნა, რომელსაც SoPhie ViLLy და Salio-ს ლაივები მოჰყვა. საინტერესო იყო პროექტ Green Room-ის ლაივიც, რომელიც სცენის მთავარი ჰედლაინერების პერფორმანსებით გაგრძელდა. R.O x Konoba-ს ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, შესაბამისად არტისტებს და აუდიტორიას შორის კომუნიკაცია მარტივად შედგა. რაც შეეხება ტომ ოდელს, მისი ყველაზე ცნობილი ჰიტის გარდა ლისი ვონდერლენდზე, სხვა საინტერესო სიმღერებიც გაჟღერდა.
მუსიკალურად დატვირთული იყო Eye Stage, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ ამ სცენაზე დაუკრა პროექტ ნიუქამერების კიდევ ერთმა მონაწილემ Adhil Moorish-მა. საღამოს კი Nuno Dos Santos-ის დრო დადგა, რომელიც ლეგენდარული კლუბის, Trouw-ის რეზიდენტი იყო და ამჟამად ამსტერდამის საცეკაო მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დიჯეია.
Garden Stage-მა ფუნქციონირება საღამოს დაიწყო და ფსაი ტრანსის მოყვარულებისთვის ხარისხიანი მუსიკა დილამდე უკრავდა.
Open Air-ს, რა თქმა უნდა, თან ახლდა წვიმა, როგორც მისი, შეიძლება უკვე ითქვას, ტრადიციული ატრიბუტი, რაც ფესტივალის პირობებში დამატებითი ხალისის, თავგადასავლებისა და შესაბამისად – კარგი მოგონებების გარანტიაა.