ფეხბურთი: ბრაზილიური ნოსტალგია ’82
ავტორი: გუგა სულხანიშვილი
დღეს ბრაზილია და მექსიკა ჯვარი აქაურობას და მე-40-ედ შეხვდებიან ერთმანეთს.
მოვიგეთ (ბრაზილიელებმა) 22, ფრე – 7, წავაგეთ – 10. ბურთები: 71:36. ამ მატჩების საუკეთესო ბომბარდირია რომარიო, 5 ზღაპრული გოლით.
მექსიკაზე მეტჯერ გვითამაშია მხოლოდ ხუთ ნაკრებთან: არგენტინა – 103, პარაგვაი – 79, ურუგვაი – 75, ჩილე – 72 და პერუ – 43.
სულ პირველი თამაში მექსიკას ვეთამაშეთ 1950 წლის 24 ივნისს, მსოფლიოზე, და 4:0 მოვუგეთ (ადემირ მენეზეში 2, ჟაირი, ბალთაზარი). უკანასკნელი თამაში იყო 3 წლის წინ, 2015 წლის 6 ივლისს, 2:0 (კოუტინიო, ტარდელი).
მსოფლიო ჩემპიონატებზე მექსიკასთან გვითამაშია 4-ჯერ, სამი მოვიგეთ, ერთი ფრე: 1950 (იხ. ზემოთ), 1954 – 5:0 (პინგა 2, ბალთაზარი, დიდი, ჟულინიო), 1962 – 2:0 (ზაგალო, პელე) და 2014 – 0:0.
დღეს კაპიტანი ისევ ტიაგო სილვა იქნება, როგორც კოსტარიკასთან. ეს იქნება ტიაგო სილვას 75-ე კეპი (სანაკრებო თამაში, 6 გოლი) და აქედან 32-ე კაპიტნის სამკლაურით.
2 ივლისს მსოფლიოზე გვითამაშია ორჯერ:
1. 2010 წელს ჰოლანდიასთან მეოთხედფინალი 1:2 წავაგეთ (რობინიო).
2. 1982 წელს, როცა დიადი ტელე სანტანას ხელმძღვანელობით მეოთხედფინალურ ჯგუფში დავამარცხეთ არგენტინა 3:1 (უდიადესი ზიკო, სერჟინიო, ჟუნიორი).
დიდი, დიდი თამაში იყო ეს. ორი ძალიან ლამაზი გუნდის მონაწილეობით.
ამ თამაშამდე არგენტინას ბრაზილიისთვის მოგებული არ ჰქონდა 12 წელი, 3 თვე და 29 დღე, როცა 1970 წლის 4 მარტს არგენტინამ პორტო ალეგრიში პელეს და კომპანიას 2:0 მოუგო ამხანაგური.
რევანში ოთხ დღეშივე შედგა მარაკანაზე 2:1 (ჟაირზინიო, პელე).
ამის შემდეგ გუნდებმა 82 წლის 2 ივლისამდე ითამაშეს კიდევ 11 მატჩი, საიდანაც 6 მოიგო სელესაომ და 5 ფრედ დამთავრდა. არგენტინელებისთვის ეს მოუგებელი სერია დამატებითი გამაღიზიანებელი იყო. მაგრამ ესეც რომ არა, რამდენიმე დღით ადრე მათ იტალიასთან წააგეს და თუ ნახევარფინალში გასვლა უნდოდათ, ბრაზილიელები არათუ უნდა დაემარცხებინათ, არამედ ეს დიდი ანგარიშით უნდა გაეკეთებინათ.
ბრაზილიელები, თავის მხრივ, ვერ ინელებდნენ 1978 წლის ჩემპიონატს. ისინი თვლიდნენ, რომ მათ ჩემპიონობა არგენტინელებმა ფაბრიკაციის გზით აახიეს, როცა პერუსთან არგენტინელებმა იმდენი და იმაზე მეტი ბურთი შეყარეს, ვიდრე სჭირდებოდათ. 79-ში შედგა პატარა რევანში: სელესაომ დიეგო და კომპანია კოპა ამერიკიდან გამოთიშა: 2:1 მარაკანაზე (ზიკო, ტიტა), 2:2 მონუმენტალზე (ელეგანტური სოკრატესი 2. ეს იყო ელეგანტურის პირველი სანაკრებო მატჩი ბრაზილიის ფარგლებს გარეთ. ამ თამაშში, დაწყებიდან მალევე, უდიადესი ზიკო გააძევეს გალიეგოსთან ჩხუბისთვის და ლიდერობა ელეგანტურმა იტვირთა. ეს იყო უდიადესის მე-2 და უკანასკნელი გაძევება ნაკრებში. მანამდე, 77-ში, კოლუმბიასთან მიაბრძანეს დიდი მოწიწებით. 81-ში, მე თუ მკითხავთ, ბოლივიასთანაც გასაგდები იყო ჩემი უდიადესი, მურტალ პროვოკაციას წამოეგო, მარა მაშინ გადარჩა). მაგრამ აბა კოპა ამერიკის რევანში რა რევანშია მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით?
78-ის გარდა ბრაზილიელებს ძალიან ცუდად ახსოვდათ 1981 წლის 4 იანვარი. მაგ დღეს ეს გუნდები მუნდიალიტოზე შეხვდნენ ერთმანეთს მონტევიდეოში. თამაშამდე 2 დღით ადრე არგენტინელმა გულშემატკივრებმა ბრაზილიელი კოლეგების დამცირება დაიწყეს. ალაგ-ალაგ მიგვტყიპეს კიდეც. სულ მაიმუნები და განუვითარებლები გვეძახეს. ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და 1:1 დამთავრდა. დიეგომ მარჯვენა ფლანგზე ბატისტა მაგრად ათრია და ლამაზი გოლი შეგვიგდო. მერე ედევალდომ გაათანაბრა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. თამაშის მერე ორივე გუნდის ფეხბურთები მოედნის ცენტრში შეჯგუფდნენ და ერთმანეთს კაი მაგარი ალიყურები ულაწუნეს. განა მაგაზეა. მარა მაგ თამაშამდე ელეგანტურმა სოკრატესმა ულვაშები მოიზარდა. თანაგუნდელებმა იმდენი დასცინეს, თამაშის მერე ეგრევე მოიპარსა.
აი, ესეთი განწყობებით მოვიდნენ გუნდები 1982 წლის 2 ივლისამდე. ბრაზილიელებმა არგენტინის წინა თამაშს იტალიასთან, 29 ივნისს, სასტუმროში ტელევიზორში უყურეს. არც ერთი გუნდის სათამაშო კლასით არ აღფრთოვანდნენ, მაგრამ ძალიან შეაშფოთა ძალადობრივმა მხარემ. იცოდნენ, არგენტინასთან სისხლისღვრა ელოდათ.
თამაშამდე გაჩნდა აზრი დიდებული სერეზო დიეგოსთვის მიეჩინათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს ეთამაშათ ისე, როგორც მანამდე მაგ ჩემპიონატზე თამაშობდნენ, არანაირი ზედმეტი გადაადგილებები. თამაშამდე დიეგომ ბრძანა, რომ ბრაზილიაში ყველაზე მაგრები ედერი, ფალკაო და ჟუნიორი არიან და უდიადესი ზიკო და ელეგანტური სოკრატესი მიაიგნორა.
ამაზე არ დაოკდა და მიაყოლა, რომ გერმანელი რუმენიგე საერთოდაც უდიადეს ზიკოზე მაგარი ფეხბურთელია. მწვრთნელმა მენოტიმ გააგრძელა ფსიქოლოგიური შეტევა და თქვა, რომ არგენტინა სელესაოს მარტივად მოუგებს. ელეგანტურმა კაპიტანმა სოკრატესმა თანაგუნდელებს პროვოკაციების დაკიდებისკენ მოუწოდა.
პირველ ტაიმში ბურთი არგენტინელებს უფრო ეჭირათ, მაგრამ ჩვენ უფრო მწარედ ვიჩხვლიტებოდით. მე-11-ე წუთზე ედერმა ჯარიმიდან საფირმო ცაცია-ბომბა გაუშვა, ასე 30 მეტრიდან. ბურთი ზედა ძელს მოხვდა, კარი კინაღამ ჩამოიშალა, ისეთი ძალით იყო დარტყმული. გადმოვარდნილ ბურთთან უდიადესი ზიკო მივარდა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში დიადმა ტელემ რომის მეფე ფალკაო ცოტა წინ ასწია და თამაში მთლიანად ბრაზილიამ წაიყვანა. 66-ე წუთზე რომის მეფე ფალკაომ რაღაცნაირი კრუჩონი ჩაწოდებით ბურთი უკანა ძელთან მდგომ სერჟინიოს თავში მოარტყა და იმანაც ვეღარ ააცილა, 2:0. მერე უდიადესმა ზიკომ საფირმო დაცვის გამჭრელი გადაცემით ჟუნიორს გაატანინა 75-ზე.
ახლა რომ ფეხბურთელები ყველა გოლზე ცეკვავენ, მაშინ ასე არ იყო. ჟუნიორმა როკვა დაიწყო. ლამაზი, მაგრამ ცოტა გამომწვევი იყო ეს ამბავი. მესამე გოლის მერე ბრაზილიელებმა ღლაბუცი დაიწყეს. ქუსლაობა და რამე. ამისთვის პასარელამ უდიადეს ზიკოს ისეთი მისცხო კოჭში, უდიადესი შესაცვლელი გახდა.
ბოლოსკენ რომის მეფე ფალკაომ ბურთი ჰაერში არგენტინელებს თავებზე გადაუგდ-გადმოუგდო. დიეგო იტყვის მერე, საშინლად გავღიზიანდი, რომ გვაპამპულებდნენო. რომის მეფე ფალკაოს დასჯა მინდოდა, ამერია და წიხლი ფალკაოს მაგივრად იქვე მდგარ ბატისტას მუცელში ჩააზილა. მერე რამონ დიასმა შორიდან ერთი გაქვითა.
ძალიან, ძალიან რამე თამაში იყოს ეს…
გაასწორებდა დღევანდელ პაპანაქება 2 ივლისსაც ერთი ეგეთი – თუნდაც იმ 36 წლის წინანდელი 2 ივლისის და დიადი ტელეს ხათრით.
ორივე ფოტოზე 1982 წლის 2 ივლისია:
უდიადესი ზიკოს პირველი გოლი ფილოლის კარში;
ელეგანტური სოკრატესი და უკან ლეანდრო.