ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე
ავტორი: ზუკა ოქროპირიძე
ფაქტია, საფეხბურთო მატჩის მთავარ მიზანს მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გატანა წარმოადგენს.
ამ მიზნის მისაღწევად ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში თავს არ ზოგავენ, რომ მაყურებელს თავბრუდამხვევი სანახაობა და უამრავი ამაღელვებელი მომენტი აჩუქონ.
თავის მხრივ მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდება, როდის გადაკვეთს ბურთი მოწინააღმდეგის კარის ხაზს, რათა დაიწყოს ზეიმი და ამ ბედნიერი მომენტის ერთმანეთისათვის გაზიარება.
ათმაგად ამაღელვებელი და სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ამ ბედნიერების შემოქმედი შენ თვითონ ხარ.
როდესაც გავსებული სტადიონის თვალწინ შენი ქვეყნის სახელით გამოიჩენ თავს.
წლების განმავლობაში ფეხბურთელების მიერ გოლის აღნიშვნა ევოლუციას განიცდიდა.
დღეს თითქმის ყველა ფეხბურთელს გოლის ინდივიდუალური აღნიშვნა ახასიათებს, რაც თამაშის მიმდინარეობის განუყრელ ნაწილად იქცა.
გავიხსენოთ გოლის ის აღნიშვნები, რომლებმაც წლებს გაუძლეს და ერთგვარ საფირმო ნიშნად დამკვიდრდნენ.
ბრაიან ლაუდრუპი (წამოწოლა)
დანიის და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრა, რომელიც 1998 წელს საფრანგეთში შედგა, დასამახსოვრებელი მხოლოდ თამაშის საინტერესო და დაძაბული სცენარის გამო არ გამხდარა.
თამაშის 50-ე წუთზე დანიის ნაკრების ვარსკვლავის, ბრაიან ლაუდრუპის გოლით ანგარიში გათანაბრდა (2-2).
ლაუდრუპის გოლის აღნიშნვამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: გოლის გატანის შემდგომ დანიელი ფეხბურთელი მოედანზე წამოწვა, თითქოს სახლში მყოფს ტელევიზორის ყურება გადაეწყვიტა.
როდესაც ჰკითხეს, რა გახდა ამ აღნიშვნის მიზეზი, მან უპასუხა, რომ მისი უმცროსი შვილი ყოველთვის უკმაყოფილო იყო გატანილი გოლის შემდეგ უღიმღამო აღნიშვნით და ამიტომ გადაწყვიტა თავისი პატარის ამ გზით გახარება.
ბებეტო (წარმოსახვითი ბავშვი)
2000-იან წლებში გოლის აღნიშვნის ეს სტილი ძალიან პოპულარული იყო, აღნიშვნის ავტორი კი ბრაზილიელი ნახევარმცველი ბებეტოა.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბებეტომ ჰოლანდიასთან გატანილი გოლის შემდგომ კუთხურის ალამთან მიირბინა და წარმოსახვითი ბავშვი ხელით დაარწია, რაც მისი ახლად დაბადებული შვილის პატივსაცემად გააკეთა.
მას თანაგუნდელებიც შეუერთდნენ და შექმნეს ეს აღნიშვნის დაუვიწყარი მომენტი.
დიეგო მარადონა (ყვირილი)
ლეგენდარულ არგენტინელს ბევრი მიიჩნევს საუკეთესოდ ფეხბურთის ისტორიაში.
1994 წლის ჩემპიონატზე არგენტინა პირველ შეხვედრას საბერძნეთთად ატარებდა. გოლის გატანის შემდგომ დიეგო აუტის ხაზთან მდებარე კამერასთან მივარდა და არაადეკვატური ბღავილი აღმოხდა.
ეს აღნიშვნა დასამახსოვრებელი მხოლოდ მისი სტილის გამო არ აღმოჩნდა.
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისედაც ყოველთვის დაკვირების ქვეშ მყოფი არგენტინელი ფეხბურთელი აკრძალულ პრეპარატებს მოიხმარდა.
ნიგერიასთან გამართული მომდევნო თამაშის შემდგომ მარადონა იძულებული გახდა დოპინგ-ტესტი ჩაებარებინა.
შედეგი ტრაგიკული აღმოჩნდა.
ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და დიეგო არმანდო მარადონა მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთეს.
ამის შემდგომ მისი სანაკრებო კარიერაც ნაადრევად და ხმაურიანად დასრულდა.
როჟე მილა (ცეკვვა კუთხურის ალამთან)
როგორც აღმოჩნდა, კამერუნის ნაკრების ფორვარდს, როჟე მილას საფეხბურთო ნიჭთან ერთად მშვენიერი საცეკვაო მონაცემებიც გააჩნდა.
მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი გამორჩეული აღნიშვნა ძალიან ახლოს იყო არარსებობასთან:
მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა მხოლოდ კამერუნის პრეზიდენტის პირადი თხოვნის შემდგომ გადაწყვიტა 1990 წლის მუნდიალზე გამგზავრება და უამრავ დასამახსოვრებელ მომენტთან ერთად ეს ლეგენდად ქცეული აღნიშვნაც გვაჩუქა.
მარკო ტარდელი (წმინდა ემოცია)
ხშირ შემთხვევაში ქმედება განსაკუთრებული არაფრით არის, მაგრამ თითოეული ჩვენგანის გონებაში საფუძვლიანად იბეჭდება.
“წმინდა ემოცია”, – ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გამოხატავს იტალიელი ფეხბურთელის, მარკო ტარდელის აღნიშვნას.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 3-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
გამარჯვების მნიშვნელობას ტარდელის თვალებში ამოიკითხავთ.
ასევე გაჩვენებთ დღეისათვის ცნობილი ფეხბურთელების სხვადასხვა აღნიშვნის სტილს: