fbpx

Echowaves – იპოვე ანაკლიაში შენი ტალღა


გააზიარე სტატია

 

23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ახალ ფესტივალს, Echowaves- უმასპინძლებს, რომელიც ცნობილი საფესტივალო ბრენდის, Exit Festival-ის მხარდაჭერით ჩატარდება. Juan Atkins და თბილისის კონსერვატორიის ორკესტრი, Solomun, Tricky, Kollektiv Turmstrasse, Ben Klock, Marcel Dettmann, Aril Brikha, Henry Saiz – ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 4-დღიანი მუსიკალური დღესასწაულის ფარგლებში დაუკრავენ.

Echowaves-ის პროექტ-მენეჯერი ლანა პაჰიჩი ხაზს უსვამს, რომ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უნიკალური ადგილმდებარეობაა, რომელიც ფესტივალს განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის. „როდესაც ანაკლიაში ჩამოვედით, გარემომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ყველაფერია, რაც ჩვენს ფესტივალს სჭირდება: მზე, ლამაზი ზღვის სანაპირო, ქვიშა.“

ლანა აღნიშნავს, რომ ახალი პროექტის მიზანი, რომელიც Check in Georgia-ს დახმარებით იმართება, საერთაშორისო ცნობადობის მქონე ბრენდის ფორმირებაა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში იფუნქციონირებს. თუმცა, ამის პარალელურად, Echowaves საქართველოში მუსიკალური სცენის დეცენტრალიზაციის კიდევ ერთი მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. თბილისის საკლუბო თუ საფესტივალო კულტურა წლებია თანმიმდევრულად ვითარდება და წარმატებასაც აღწევს, თუმცა ამას ვერ ვიტყვით საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე, სადაც პროცესები ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესის კატალიზატორად შეიძლება მოგვევლინოს Echowaves, რომელიც ანაკლიაში სხვადასხვა ქართულ კლუბებთან თუ  პროექტებთან თანამშრომლობს.

Khidi თბილისის საკლუბო სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც რამდენიმე წელია საინტერესო არტისტებსა და ლეიბლების ღამეებს მასპინძლობს. ფესტივალზე Khidi საკუთარი სცენით და საკმაოდ სოლიდური მუსიკალური შემადგენლობით წარსდგება. კლუბის წარმომადგენელი ალექსანდრე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ Exit Festival-ის ხედვა, გამოცდილება და ავტორიტეტი მთავარი მიზეზი იყო იმისა, რის გამოც ეს კოლაბორაცია შედგა. „შავი ზღვის სანაპიროზე ფართო აუდიტორიასთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი და ამავდროულად საინტერესო გამოწვევაა“.  ალექსანდრეს მიაჩნია, რომ კლუბების მსგავსად, საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის შანსი ქართულ ფესტივალებსაც აქვს. „Echowaves-ის ფარგლებში ჩვენს ჟანრობრივ ხელწერას არ გადავუხვევთ და მსმენელს კიდევ უფრო მასშტაბური ლაინაფით დავხვდებით. 4 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იმ არტისტებს მოუსმენენ, ვინც ამ წლების განმავლობაში მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სცენა წარმოუდგენელია კლუბის ქართველი რეზიდენტების გარეშე, რომლებიც ამ ფესტივალზეც აუცილებლად დაუკრავენ“.


Khidi-ის სცენა ფესტივალზე კლუბ ბერგჰაინის რეზიდენტებს და თანამედროვე ტექნოს სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიჯეებს, Ben Klock და Marcel Dettmann-ს უმასპინძლებს. ამის გარდა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება Claro Intelecto-ს ლაივს, ასევე Anetha, Antigone, Shlømo, François X და სხვა აქტუალური არტისტების დიჯეი სეტებსაც მოუსმინოს.

 

 

გარდა ამისა, ანაკლიაში წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი სასცენო კონცეპტი Eye Stage, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. სცენის იდეის ერთ-ერთი ავტორი ქეთა დონაძე აცხადებს, რომ Eye Stage-ს შექმნისას მთავარი იდეა ის იყო, რომ შექმნილიყო სივრცე, სადაც ადამიანი სიმყუდროვესა და კომფორტში შეძლებდა მუსიკის მოსმენას. ის აღნიშნავს, ამ სცენის მთავარი ღირებულება მრავალფეროვნებაა, რომელიც როგორც სასცენო დეკორაციებში, ასევე მუსიკაშიც გამოიხატება. „ჩემთვის Eye Stage-ს მუსიკა ბედნიერებასთან ასოცირდება. არტისტული მრავალფეროვნებით და კომფორტული გარემოს შექნით ჩვენ ვცდილობთ მსმენელს თავისუფლების და ერთიანობის განცდა მივანიჭოთ. მუსიკის მთავარი მესიჯიც სწორედ ეს არის“.  ქეთას სჯერა, რომ ფესტივალის ფარგლებში Eye Stage კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს.

Echowaves-ის სტუმრებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იქნება კიდევ ერთი სცენა, სახელწოდებით  Taiyō. ეს უკანასკნელი ყველა სხვა სცენისგან იმით განსხვავდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებს – დილის 6-დან საღამოს 10 საათამდე. „მისი კონცეფციაა შეკრიბოს და წარმოადგინოს ის არტისტები, რომელიც თავისი მუსიკით  მზესთან ერთად გაგვათბობენ, გაგვაბედნიერებენ, გაგვაფერადებენ და პოზიტიური ენერგიით დაგვმუხტავენ“.- სცენის კონცეფციის ავტორები აცხადებენ, რომ მზესთან სიახლოვე და მისგან მიღებული ენერგია სცენის მთავარი ელემენტი იქნება. სითბო და მზე სწორედ ისაა, რაც ანაკლიაში მყოფ მსმენელს განსაკუთრებით სჭირდება. ამის მიღებას კი კარგი მუსიკის თანხლებით, ბამბუკებისგან აგებული Taiyō-ს დახმარებით შეძლებს.

ფაქტია, რომ Echowaves მრავალფეროვანი საფესტივალო გამოცდილების შექმნას ცდილობს, სადაც სხვადასხვა სცენები განსხვავებული მუსიკალური მიმართულებებით იფუნქციონირებენ. მუსიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბრანე კოსტადინოვი აცხადებს, ასევე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება  არამუსიკალურ აქტივობებსაც, მაგალითად, სპორტულ ღონისძიებებს, იოგასა და სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.