fbpx

ფეხბურთი: მოხდენილი ფინალი


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: სანდრო ნავერიანი

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ერთს მეორე უხდება. ასე იყო და ასე იქნება. ქვეყანა ისედაც გატენილია ერთმანეთისთვის შეუფერებელი ნივთებით, თეორიებით, ადამიანებით და ათასი უბედურებით. უკეთესი იქნება სამყარო, თუ ერთის გვერდით ყოველთვის შესაფერისი მეორე იქნება.

ხორვატებმა არგენტინას რომ მოუგეს, საყოველთაო ეიფორიის ნაწილი ვიყავი მეც. მეც მინდოდა ხორვატიის ნახვა ფინალში და მინდოდა ბელგიასთან ერთად. საკმარისად ძლიერი დრამა იქნებოდა. რა გზას გაივლიდნენ, ვის დაიფრენდნენ პლეიოფებში და როგორ. ქამბექებით, ექსტრა ტაიმებში, პენალტების სერიაში თუ მარტივად, ერთი ამოსუნთქვით.

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი ამბავი იქნებოდა. გზადაგზა როგორ ემატებათ სხვა ეროვნების ფანები. როგორ ქილიკობენ დამარცხებული ტიტანები და პრობლემებს ხან მსაჯებში, ხან მინდვრის საფარში, ხანაც კლიმატში ეძებენ. ესენი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. მეოთხედფინალში მეორე ყვითლის გამო დისკვალიფიკაციას ღებულობს აზარი და ნახევარფინალში ტექნიკურ ზონაში ნერვიულობს და მითითებებს აძლევს გუნდელებს. აქეთ, ხორვატები გავიდნენ ნახევარფინალში, მაგრამ სუბაშიჩმა მიიღო ხელის ტრავმა და პენალტების სერიაში ვერაფრით ეხმარება ძმებს. მაგრამ როგორღაც ერთიც და მეორეც გადის ფინალში და მთელი მსოფლიო პირდაღებული უყურებს ფინალს, სადაც არც ბრაზილიაა, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არგენტინა და არც არავინ. არცერთი გაპიარებული ფეხბურთელი და გაპიარებული გუნდი. არცერთი ფეშენ ვარცხნილობა და გასახდელში გადაღებული სელფები. ორივე მხარეს კრისტალი ადამიანები დგანან, ყელამდე ოფლში, ქანცგაწყვეტილები და მათ უყურებენ ადამიანები ისეთივე პატარა ქვეყნებიდან, როგორიდანაც თვითონ არიან.

ეს არ იქნებოდა ფინალი, რომელსაც უბრალოდ ერთი გამარჯვებული ეყოლებოდა. ამ ფინალში ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებდა იმედი, რომ თურმე მოსულა, აი, ასე, მათსავით, სწორად იმუშაო და მიხვიდე იქამდე, საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია უკვდავებამდე.

ძალიან დიდი ფინალი იქნებოდა ხორვატია – ბელგია. ამოატრიალებდნენ ფეხბურთის ისტორიასაც და მომავალსაც. მაგრამ ბელგიას იმ ბოლო ნაბიჯამდე კიდევ ერთი დააკლდა. და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ვგულშემატკივრობ, ასე გული არ დამწყვეტია დიდი ხანია არცერთ გუნდზე.

რადგან ბელგია ვერ მოხვდა ფინალში და რადგან სამყარო ყოველთვის უკეთესია მაშინ, როცა ერთის გვერდით, მისი შესაფერისი მეორეა, იდეალური იქნება, თუ ფინალში საფრანგეთი და ინგლისი ითამაშებენ.

არც ისეთი დიდი დროა გასული მას მერე, რაც ამ ორმა ერმა იარაღი დაყარა და ბრძოლა ცივილიზებულ სიბრტყეში გადაიტანა. ხმლებს კინოში იქნევენ, არბალეტებს ლიტერატურაში ისვრიან, სპორტში კი ერთმანეთს დასცინიან. ინგლისური პრესა ყველაზე ბოლო თუ არა, ერთ-ერთი ბოლო იყო, რომელიც ფრანგებზე რასისტულ ხუმრობებს აქვეყნებდა, ცხადია მსუბუქს. ფრანგები კი საპასუხოდ მონარქის შნირებს ეძახდნენ და ბოლო შილინგამდე უთვლიდნენ, წელიწადში რა უჯდებოდა ინგლისს დედოფლის ტუალეტში გასვლა. შეფარულად, ქვეტექსტებით, პოლიტკორექტული ტექსტებით, მაგრამ დღემდე გრძელდება ეს კინკლაობა, რაც უკვე მათაც ღიმილს გვრის.

ერთი სიტყვით, ინგლისს და საფრანგეთს ათსაუკუნოვანი კითხვის ნიშნებისთვის აქვთ პასუხი გასაცემი და ასეთი შანსი კიდევ დიდხანს აღარ მიეცემათ.

ეჭვი მეპარება ფეხბურთი სახლში დაბრუნდეს, როგორც ამას ინგლისელები წინასწარმეტყველებენ მხიარული სიმღერით, მაგრამ ხორვატებს მაინც უნდა მოუგონ და ჭეშმარიტად გეუბნებით, ასეთი მნიშვნელოვანი ფინალი, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შედგება. იმიტომ, რომ არაფერი უხდება საფრანგეთს ისე, როგორც ინგლისი. ან პირიქით.

Allez Les Bleus!


რეკომენდებული სტატიები
ფეხბურთი: ნახევარფინალისტები მიკროსკოპის ქვეშ

ფეხბურთი: ნახევარფინალისტები მიკროსკოპის ქვეშ

ფეხბურთი: ნახევარფინალისტები მიკროსკოპის ქვეშ
ნახევარფინალები კარს მოგვადგა და ახლა არა მხოლოდ ფინალში გასვლაზე, არამედ ჩემპიონობაზე ფიქრიც დაიწყო. განვიხილოთ, თუ ვის რა გამოცდილება უმაგებს ზურგს
ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე

ლეგენდარული გოლის აღნიშვნები მსოფლიოს ჩემპიონატზე
დღეს თითქმის ყველა ფეხბურთელს გოლის ინდივიდუალური აღნიშვნა ახასიათებს, რაც თამაშის მიმდინარეობის განუყრელ ნაწილად იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.