თოჯინა „ბარბი“ იმიჯს იცვლის – ის ახლა სტარტაპერ-პროგრამისტია
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სათამაშოს – თოჯინა „ბარბის“ 60-წლიანი ისტორია აქვს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია Mattel-მა ორასზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის თოჯინა გამოუშვა. ეპოქების მიხედვით იცვლებოდა მომხმარებლის ინტერესები და ბარბიც ისეთ პროფესიებს ირგებდა, როგორებიცაა მაგალითად, კინორეჟისორი, თარჯიმანი, არქიტექტორი, მარსის მკვლევარი და ა.შ.
სულ ახლახან კი პროდუქტის მწარმოებელმა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად სფეროზე გააკეთა აქცენტი და ბაზარზე ინჟინერ-პროგრამისტი „ბარბი“ გამოიტანა.
Mattel-ის წარმომადგენელთა განმარტებით, მათ გაითვალისწინეს აშშ-ს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათემატიკის სფეროებში მომუშავე ქალების რაოდენობა მხოლოდ 24%-ს შეადგენდა. ამ სურათის შესაცვლელად კი, ინჟინერ-პროგრამისტმა „ბარბიმ“, გარდა გართობისა, საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა და პატარა გოგოების მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება დაისახა მიზნად.
ინჟინერ-პროგრამისტი „ბარბი“ ბავშვებს ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძლებს შეასწავლის, რაც პროგრამული პლატფორმის, Tynker-ის მეშვეობით განხორციელდება.
Tynker მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა, რომელიც გოგონებს სხვადასხვა დავალებებს აძლევს და ალგორითმების შექმნას, დახატული გამოსახულებების რედაქტირებასა და ლოგიკური ამოცანების ამოხსნას ასწავლის. თოჯინას კომპლექტში IT-ს 6 უფასო გაკვეთილია გათვალისწინებული.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანია Mattel-ის სპეციალისტებმა სტარტაპერ-პროგრამისტი „ბარბის“ დრესკოდზეც იზრუნეს. თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, თოჯინას ჯინსები, ასეთივე ქურთუკი, მაისური და დამცავი სათვალეები მოარგეს.
წყარო: https://nypost.com/