1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან


გააზიარე სტატია


2017 წლის გაზაფხულზე, ფეისბუკში, შვეიცარიელმა ფოტოგრაფმა Daniel Spehr-მა ფოტოალბომი ატვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში – თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ 1000 ფოტოს მოიცავდა. ფოტოები კარგად გადმოსცემდა 25 წლის წინანდელი საქართველოს მდგომარეობას. დენიელ სპერის ალბომში დიდი ალბათობით ბევრ ნაცნობს წააწყდებით. სწორედ ამის გამო, ფოტოები უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ძალიან ბევრმა თავისი ბავშვობის თუ ახალგაზრდობის ახალი ფოტოც იპოვა.

1993 წლის ცნობილი ალბომის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ დენიელ სპერი, პირველად 25 წლის შემდეგ, ისევ თბილისშია. ის 2018 წლის 18 ივლისს თავის აუდიტორიას არატრადიციულ გამოფენას სთავაზობს, რომელიც სიურპრიზით დასრულდება. ფოტოგამოფენა-პერფორმანსი თბილისის ისტორიის მუზეუმში – „ქარვასლაში“ 17 საათზე გაიმართება, მანამდე კი AT_ დენიელ სპერთან ჩაწერილ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

მოგვიყევი, როგორ დაიწყო შენი ტრიპი და როგორ მოხვდი საქართველოში?
1993 წელს ბაზელში მივიღე Atelia Mondial IAAB-ის გრანტი, რომელიც ახალგაზრდა არტისტებს შვეიცარიის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში თავიანთ პროექტებზე მუშაობის საშუალებას აძლევს. 1993 წელს ამ ფონდის გრანტი, ზუსტად აღარ მახსოვს რატომ, თბილისში ცხოვრებას აფინანსებდა. ასე მოვხვდი საქართველოში.

ჩემოდანი სავსე მქონდა ფირებით, გასამჟღავნებელი წამლითა და ფოტოქაღალდით, რის გამოც ბარგზე ფულის დამატება დამჭირდა. თბილისში ჩამოვფრინდი ფრანკფურტის რეისით, გამთენიისას. აეროპორტში რომ დავეშვით, უკუნითი სიბნელე იყო. რომ ვიკითხე,  რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ქვეყანაში ომიაო, რაც ისედაც ვიცოდი. წამოსვლამდე ჩემი „რისერჩი“ გავაკეთე და მქონდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ძალიან რთული პერიოდი იყო.

ვიცოდი, რომ გარეთ მელოდებოდა ლევან ჭოღოშვილი, მაგრამ მანამდე ორი ადამიანი შემხვდა სამოქალაქო ტანსაცმელში, რომლებსაც მხარზე კალაშნიკოვები გადაეკიდათ და მგზავრებს გვათვალიერებდნენ.


გქონდა თუ არა რამე პროგრამა?

მე მქონდა ჩემი ფირის „ლეიკა“ 35-მილიმეტრიანი ობიექტივით და ასე დავეხეტებოდი ქალაქში.


თუმცა თავიდანვე ასე არ იყო. პირველ დღეებში სტუმრად ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში, ჭავჭავაძეზე და უცებ იქვე, ქუჩიდან ავტომატის ჯერი გავიგე. ლევანმა მითხრა, რომ არ მენერვიულა. მეორე დღეს წამიყვანეს გამოფენაზე ქარვასლაში, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მამუკა ჯაფარიძეს ჰქონდა პერფორმანსი, ოღონდ ქართულად ლაპარაკობდა პიედესტალიდან და ვერ გავიგე რას ამბობდა.


იქვე გავიცანი გურამ წიბახაშვილიც, რომელმაც გამიხსნა გზა კინოინდუსტრიაში, სტუდიებში და ხალხიც გამაცნო.

შენს ალბომშიც იყო ფილმის გადაღების კადრები.
კი, ეს იყო ზაზა ხალვაშის ფილმის გადაღება, სახელად „მიზერერე“.


ომის და სიდუხჭირის მიუხედავად ადგილობრივი არტ-სცენა აქტიური დაგხვდა.
კი, ასეა, მაგრამ ყველაფერი შენელებული იყო. ხშირად ითიშებოდა დენი და ხალხი ამბობდა: „ვერ ვმუშაობთ და მოდი, დავლიოთ მაინც!“ არაყი, კონიაკი… და დღეებიც ასე გადიოდა.


როგორ აფასებდი მაშინდელ სიტუაციას?
ჩემთვის ეს რადიკალურად ახალი მდგომარეობა იყო, შვეიცარიასთან შედარებით, ხომ გესმით, ეს სულ სხვა გარემოა. მანამდე მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ვიყავი ნამყოფი – გერმანიაში, იტალიაში. ჩემი სტიპენდია 8000 შვეიცარიული ფრანკი იყო და აქ ხალხი მეკითხებოდა, ხომ არ მინდოდა სახლების (მრავლობითში!) შეძენა. და, რა თქმა უნდა, გამიმართლა, რომ ლევანის ოჯახში მოვხვდი, თორემ ალბათ პურის გარეშე დავრჩებოდი. პური ბარათებით გაიცემოდა და ამაზეც ოჯახის წევრებს უზარმაზარ რიგებში უწევდათ დგომა და ღამის ორი საათისთვის ბრუნდებოდნენ ხოლმე სახლში. ამიტომ ერთი თურქი ქალისგან, რომელიც კვირას ჩამოივლიდა ხოლმე უბანში რაღაცების გასაყიდად, ყავა შევიძინე, რომელსაც მადლობის ნიშნად ხალხს ვურიგებდი.


რამე ვალდებულება თუ გქონდა ბაზელში სპონსორ ორგანიზაციასთან – პრეზენტაცია, პროექტის ჩაბარება…

კი როგორ არა, და მე აქვე, ძველ საბჭოთა ბაზარში (კოლმეურნეობის ბაზარი) ვიყიდე ნამდვილი ძველმოდური ფოტოალბომი, სქელი, იაფი ქაღალდის შიგთავსით, ხავერდის ყდაზე გამოსახული ვარდით, შიგნით ჩავაკარი თბილისში გადაღებული ფოტოები და ბაზელში ფონდს ვუსახსოვრე.

რაც შეეხება ერთი წლის წინ ფეისბუკში გამოჩენილ ასობით ფოტოს, რატომ ატვირთე ისინი ახლა?
იმ ალბომში იყო 1000 ფოტო, როგორც აღმოჩნდა, ფეისბუკის ერთ, ცალკე აღებულ ფოტოალბომში მხოლოდ 1000 ფოტოს ატვირთვა შეიძლება.

ესე იგი გაქვს აუტვირთავი ფოტოებიც?
კი, რა თქმა უნდა,  მაქვს 4000-მდე ფოტო, რაოდენობა მათი გაციფრულების პროცესში დავადგინე.  ყოველთვის მახსოვდა ამ ფოტოების არსებობა, მაგრამ რაღაც ასაკში ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ამ კოლექციისთვის გარკვეული სახე მიმეცა, პირველ რიგში – გამეციფრულებინა.

რამე გეგმა თუ გაქვს ამ კოლექციასთან დაკავშირებით? როგორც ვნახეთ, შენმა ფოტოებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და შეიძლება  თუ არა, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული ადამიანებისთვის?
ჩემი აზრით, ეს ფოტოები საქართველოს უნდა დაუბრუნდეს და კარგი იქნება, თუ მას შეინახავს რომელიმე დაწესებულება ან ინსტიტუცია, მუზეუმი თუ სხვა ორგანიზაცია, რომელიც ფოტოარქივებს განაგებს. მაგალითად, ჩვენთან, შვეიცარიაში, ყველა ქალაქში არის მსგავსი არქივი ან ფონდი, რომელიც ისტორიულ ფოტოებს სიამოვნებით ინახავს.


1993 წლის შემდეგ წელს პირველად ჩამოხვედი საქართველოში. თბილისში, როგორც ხედავ, ბევრი რამ შეიცვალა. ზოგიერთი შენობა, რომელიც შენ გადაიღე, აღარ არსებობს. რას ფიქრობ ამ პროცესებთან დაკავშირებით?
როგორ გითხრა, ვფიქრობ, რომ დროის შეჩერება შეუძლებელია. ჩემთვის ბევრად უფრო დიდ პრობლემას მანქანები წარმოადგენს. მანქანები აქ უკვე ყველგანაა, ტროტუარებზეც კი, და ყველა პრივილეგია მათ ეკუთვნით. ეს არა მგონია, განვითარების სწორი გზა იყოს. ჩვენც იგივე პრობლემა გვქონდა ბაზელში, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ძველი ქალაქის შიდა წრეზე მანქანების მოძრაობა მთლიანად არ აიკრძალა.

რაც შეეხება თბილისს გარეთ – ბათუმიდან მოვდიოდით მანქანით და რამდენიმე ადგილას შევიარეთ გზად. ჩემი აზრით, რეგიონებში ხალხი ისევ ისე ცხოვრობს, როგორც 25 წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი რეკლამასა და ფერად შეფუთვაშია გახვეული.
გუშინ ძველ ქალაქში ვსეირნობდი (თბილისში) და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ სახლები თავისით ინგრევა, ზუსტად ისე, როგორც 25 წლის წინ.

საქართველოში ჩამოსვლის შესახებ უკვე მოგვიყევი. ამის შემდეგ გავიდა გრანტის 6 თვე და შვეიცარიაში დაბრუნების დროც დადგა. როგორ წახვედი უკან და მაგ დროისთვის  რაღაც ფორმით თუ აფასებდი შენს გამოცდილებას ამ ქვეყანაში?

დიახ. პირველ რიგში წონაში დავიკელი რამდენიმე კილო, სერიოზულად, იმიტომ რომ რეალურად საჭმელი ჭირდა.

წასვლამდე ქართველ მეგობრებთან ერთად ბათუმში წავედით. უკვე გვიანი შემოდგომა იყო (1993 წლის) და ციოდა. რაღაც მაღალ სასტუმროში გავჩერდით, რომელიც მთლიანად გაპარტახებული იყო. იატაკიდან პარკეტი ჰქონდათ აყრილი, რომელსაც გასათბობად იყენებდნენ.


ბათუმიდან თვითმფრინავით გამოვფრინდით. ჯერ დასაჯდომი ადგილები შეივსო, შემდეგ კი უკვე შუა გასასვლელიც. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ თვითმფრინავის ცალი პროპელერი არ იქოქებოდა. პილოტი გამოვიდა თავისი კაბინიდან და იქამდე ეწვალა, სანამ ორივე პროპელერი არ დატრიალდა. იმწამსვე მოვწყდით მიწას და წამოვედით თბილისისკენ. ვგრძნობდი, როგორ წვალობდა გადატვირთული თვითმფრინავი ჰაერში.

 

ქალაქის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები იყო და ავტომატიანი ხალხი მანქანებს ამოწმებდა. მე ვიღაცისგან გაგებული მქონდა, რომ ასეთ სიტუაციაში რეიდზე სიგარეტი უნდა შესთავაზოო და სიგარეტს სულ თან ვატარებდი. ზოგჯერ, შეთავაზების შემდეგ, ავტომატიანები მთელ კოლოფსაც იტოვებდნენ ხოლმე.


ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ საერთოდ არ მახსოვს, როგორ წამოვედი უკან, ვინ წამომყვა აეროპორტში? მახსოვს, რომ ძალიან მიხაროდა სახლში დაბრუნება, რადგან თბილისში უკვე ძალიან მციოდა. ოთახში ტემპერატურა 7 გრადუსი იყო. 9 გრადუსზე კი უკვე მეგონა, რომ კარგად დათბა.


თბილისში 15-წუთიანი ფილმი გადავიღე. კინოსტუდიაში ვიქირავე კამერა და მონტაჟითაც აქ დავამონტაჟე. მე თვითონაც ერთხელ მაქვს ეს ფილმი ნანახი შვეიცარიაში, ჩემი ქალაქის კინოთეატრში. ფილმი ამ ეტაპზე უხმოა, თუმცა  ჯერ კიდევ შენახული მაქვს ფილმის ხმოვანი ბილიკი.


ესაა დოკუმენტურ-ექსპერიმენტული ფილმი აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცზე, რომელიც თბილისის ქუჩებში დადიოდა და ვერ ხვდება, სად იმყოფება. ფილმის ბოლოსკენ ის სმას იწყებს და თავდავიწყებას მიეცემა. მაქვს ასევე აუდიოკასეტები თბილისის ქუჩებში ავტომატის სროლის ხმის ჩანაწერებით.

ავტორი: გიგი გულედანი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.