fbpx

Tall Cool One: რობერტ პლანტი – გზა „ლედ ზეპელინისკენ“


გააზიარე სტატია

რობერტ ენთონი პლანტი 1948 წლის 20 აგვისტოს ინგლისის ინდუსტრიული მიდლენდსის პატარა ქალაქ  ვესტ ბრომვიჩში დაიბადა. მამამისი ვიოლინისტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დაკვრას თავი დაანება, კლასიკური მუსიკის სიყვარული არასდროს განელებია. მამა-შვილს  ერთი საერთო გატაცება ჰქონდათ. ხუთი წლის რობერტი უფროსმა პლანტმა ვულვერჰემპტონ უონდერერზის თამაშზე წაიყვანა და მას შემდეგ ბავშვი ამ გუნდის თავგადაკლული გულშემატკივარი გახდა. (დღეს რობერტ პლანტი ვულვერჰემპტონის უონდერერზის ვიცე-პრეზიდენტია.)

9 წლის რობი უკვე ცდილობდა თავისი კუმირის – ელვის პრესლის მოძრაობების იმიტირებას, უსმენდა ედი კოკრენს, ჯინ ვინსენტს და ბადი ჰოლის. 60-იანების დასაწყისში კი შავკანიანი ამერიკელების მუსიკა – ბლუზი გაიცნო. წლების შემდეგ პლანტი გაიხსენებს:  „როდესაც პირველად მოვისმინე რობერტ ჯონსონის  Preaching Blues და Last Fair Deal Gone Down  – მაშინვე გავიფიქრე, ეს არის ის, რაც მე მინდა“.

პლანტი ჯგუფ Jurymen-ის კონცერტებს  იშვიათად აცდენდა. ერთ დღეს ჯგუფის ვოკალისტი ავად გახდა და  პაბში, სადაც ბენდი გამოდიოდა, ვოკალის პარტია რობმა შეასრულა. ჯგუფის წევრი ჯონ დადლი ამ ამბავს ასე იხსენებს:  „როდესაც ის ჩვენთან ერთად გამოვიდა, საკუთარ თავში საოცრად დაწმუნებული იყო. ჰარმონიკაზე უკრავდა და კონცერტი უფრო ბლუზის მიმართულებით წაიყვანა“.

1964 წლის 28 მარტს ბირმინგემში ამერიკელი ბლუზმენის, სონი ბოი უილიამსონის კონცერტი გაიმართა. მშობლებმა რობერტს პირველად მისცეს უფლება კონცერტზე დასასწრებად დიდ ქალაქში მარტო წასულიყო. კონცერტის შემდეგ პლანტი კულისებს მიღმა აღმოჩნდა და შეეცადა უილიამსონი გაეცნო. შავკანიანმა ბლუზმენმა თინეიჯერი საკმაოდ უხეში რეპლიკით მოიშორა. გაბრაზებულმა რობერტმა სანაცვლოდ უილიამსონის ჰარმონიკა მოიპარა. ბირმინგემში იმ დღეს უილიამსონთან ერთად ბრიტანელი მუსიკოსებიც გამოდიოდნენ: The Yardbirds, 18 წლის ვირტუოზ გიტარისტ ერიკ კლეპტონთან ერთად, ლონგ ჯონ ბოლდრი და ადგილობრივი ბენდი The Spencer Davis Group, რომელშიც ორგანზე 15 წლის ვუნდერკინდი სტივი უინვუდი უკრავდა. უინვუდს  შესანიშნავი ვოკალური მონაცემები ჰქონდა და თანატოლ პლანტზე დიდი გავლენა მოახდინა.

Delta Blues Band – ასე ეწოდებოდა პლანტის შემდეგ ჯგუფს. სახელწოდებიდან გამომდინარეც ჩანს, რომ  ჯგუფი შავკანიანი ამერიკელების მუსიკას უკრავდა. შემდეგ იყო ჯგუფი Crawling King Snakes, ასევე ბლუზური რეპერტუარით. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ რობერტთან უცნობი მივიდა, რომელმაც ჯგუფის წევრები შეაქო, თუმცა აღნიშნა  დასარტყამი ინსტრუმენტალისტის სუსტი დაკვრა და დაამატა, რომ თავად გაცილებით უკეთესი დრამერია. რამდენიმე დღეში ჯონ  „ბონზო“ ბონემი ჯგუფის წევრი გახდა. თუმცა ის აქ დიდხანს არ გაჩერებულა.  ბონემი პლანტზე სამი თვით უფროსი იყო, უკვე ჰყავდა ცოლი და ბავშვს ელოდებოდა. როდესაც ბონზომ სხვა ბენდისგან  უკეთესი შეთავაზება მიიღო, პლანტის ჯგუფი დატოვა.

ხმის ჩამწერმა კომპანიებმა საბოლოოდ მაინც შეამჩნიეს მაღალი, ქარიზმატული თინეიჯერი. სი-ბი-ეს რექორდზმა რობერტს კონტრაქტი დაუდო. სი-ბი-ეს-ის კონკურენტმა დეკამ ამავე პერიოდში ორი არტისტი დაიმატა: უელსელი მომღერალი, სცენური სახელით ტომ ჯონსი და ინდოეთში დაბადებული არნოლდ ჯორჯ დორსი, რომელსაც შემდგომში ენგელბერტ ჰამპერდინკად გაიცნობენ. სი-ბი-ეს-ში სურდათ პლანტის კარიერაც ამ ორი მუსიკოსის მსგავსად მსუბუქი პოპმუსიკის მიმართულებით წასულიყო. ჩაწერეს ორი სინგლი, თუმცა ორივე ჩანაწერი ბრიტანეთის ჰიტ პარადში უკვალოდ ჩაიკარგა.


რობერტმა ახალი ჯგუფი Band of Joy შექმნა, რომლის მუსიკა უკვე აღარ იყო ბლუზზე დაფუძნებული, თუმცა ისიც ამერიკიდან წამოსული იდეებით იკვებებოდა.  Jefferson Airplane, Moby Grape და Buffalo Springfield პლანტის საყვარელ ჯგუფებად იქცნენ. “ის მუსიკა, რომელიც დასავლეთ სანაპიროდან მოდიოდა, აფეთქებასავით იყო. სამი წლით ადრე  სონი ბოი უილიამსონს ვუსმენდი, ამ დროისთვის კი უკვე ართურ ლიზე გადავერთე”.

ბრიტანული ბლუზის ფუძემდებლის, ალექსის კორნერის გაცნობამ და მასთან ერთად სცენაზე გამოსვლამაც  ვერ შეძლო პლანტის კარიერისთვის სერიოზული ბიძგი მიეცა. რობერტი თავისი მეგობრის, ბილი ბონემის (ჯონ ბონემთან მას კავშირი არ აქვს) უცნაური სახელის მქონე ჯგუფს, Obs-Tweedle-ს შეურთდა, თუმცა ამ ბენდის კონცერტებიც ძირითადად ბირმინგემის გარშემო დასახლებებში ტარდებოდა და მსმენელის განსაკუთრებულ ინტერესს არ იწვევდა. პლანტი თითქოს მიდლენდსის რეგიონის  მოჯადოებული წრეში აღმოჩნდა, საიდანაც გამოსვლას ვერაფრით ახერხებდა. რობერტს მშობლებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ 20 წლამდე წარმატებას ვერ მიაღწევდა, მუსიკალურ კარიერას დაასრულებდა.

20 წლის შესრულებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 1968 წლის 20 ივლისს  ქალაქ უოლსოლის კოლეჯის დარბაზში Obs-Tweedle-ის კონცერტი გაიმართა. ამ არაფრით გამორჩეულ ღონისძიებას   ლონდონიდან პროვინციულ ქალაქში ჩასული ჯგუფის, The Yardbirds-ის მენეჯერი პიტერ გრანტი, ბასისტი კრის დრეა და გიტარისტი ჯიმი პეიჯი დაესწრნენ. პეიჯი The Yardbirds-ის საფუძველზე ახალი ბენდის შექმნას გეგმავდა და  ამიტომაც სურდა ამ ჯგუფის ვოკალისტისთვის მოესმინა.

გიტარისტი კონცერტის შემდეგ საგონებელში ჩავარდა.  მომღერალი  საოცარი ხმის ტემბრით და შესრულების მანერით გამოირჩეოდა, მაგრამ რატომ  იყო იგი აქამდე უცნობი? რატომ არ მიაქციეს ყურადღება? სად იყვნენ ხმის ჩამწერი სტუდიების წარმომადგენლები და მუსიკალური მენეჯერები, რომლებიც ბრიტანული როკის აღორძინების ტალღაზე არამარტო ნიჭიერ, არამედ  ხშირად უნიჭო მუსიკოსებსაც უკან დასდევდნენ, კონტრაქტს უფორმებდნენ და ჩანაწერის გასაკეთებლად სტუდიაში ექაჩებოდნენ. იქნებ ეს მაღალი, ქერა, ხუჭუჭთმიანი იმდენად მძიმე ხასიათისაა, რომ მასთან მუშაობა არავის სურს?  პეიჯმა გადაწყვიტა Obs-Tweedle-ის ვოკალისტი საკუთარ სახლში მიეწვია, უკეთ გაეცნო და გაერკვია, ღირდა თუ არა მასთან თანამშრომლობა.



შეხვედრის შემდეგ  პლანტმა შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღო: „ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ  ვერ მოხერხდა. თუ გაქვს ინტერესი გახდე The Yardbirds-ის წევრი, დაგვირეკე. – პიტერ გრანტი“. პლანტის მეგობარი მუსიკოსი ჯიმ ლი ამ ამბავს ასე იხსენებს: „რობერტმა მითხრა, რომ შეთავაზება აქვს Yardbirds-დან, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ღირს დათანხმება.  ისიც დაამატა, რომ ამ შეთავაზებაზე უფრო მეტად ალექსის კორნერთან ბლუზის დაკვრას ამჯობინებდა“.

საბოლოოდ, მცირე ყოყმანის შემდეგ, პლანტმა ტელეფონი აიღო და პიტერ გრანტის ნომერი აკრიფა. უკვე რამდენიმე დღეში რობერტი პეიჯის სახლში გიტარისტთან ერთად მუსიკალურ თემებს არჩევდა, რომლებიც მოგვიანებით ლედ ზეპელინის პირველი ალბომის საფუძველი გახდა.


რეკომენდებული სტატიები
KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA - F*** your Underground, We’re Undersky

KAYAKATA -  F*** your Underground, We’re Undersky
“ეს ტომი სულ აქ იდგა, სანამ სამყაროები შეიქმნებოდა იქამდე.  ეს ტომი უფრო ენერგიაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩნდება სამყაროში - ხან ყვავილებად ამოდის, ხან მომავლის ბრუკლინში დევნილი რობოტების გეტოში ცეკვავს, ხან ხილიანზე ჩაის სვამს კორპუსების თავზე.” - ტომი, რომლის შესახებაც ზურა საუბრობს, მისივე ახსნით DNA APP Store-დან იღებს სათავეს. მთელი ტომის კოდებიც იქ ინახება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.