fbpx

რობოტი სოფია სკეპტიკოსი მკვლევარის თვალით


გააზიარე სტატია


„ჰუმანოიდი რობოტი სოფია იაფფასიანი თაღლითობაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კვლევას აზარალებს,“ – ლ. ტამინენი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეისბუქი ადამიანის მსგავსი რობოტის, სოფიას გამოსახულებებითაა სავსე. იგი სატელევიზიო ინტერვიუებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა პიარ-ვიდეოებში მონაწილეობს. ამ ვიდეოებში ისე ჩანს, თითქოს მას ცნობიერება გააჩნია, ემოციების აღქმის უნარი აქვს და თავის გარშემო მყოფ ადამიანებს ცნობს.

შედეგად, სოციალურმა მედიამ, ზოგიერთმა ახალი ამბების სააგენტომ – და თავად საუდის არაბეთის მთავრობამაც კი – მასზე ჭკუა დაკარგა, იფიქრა რა, რომ  უეცრად ხელოვნური ინტელექტის სფეროში დროის მანქანის შექმნის ეკვივალენტის აღმოჩენის მომსწრენი გავხდით, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ადამიანის ინტელექტის მქონე რობოტები გვყავდეს, რომლებიც ჩვენ ნაცვლად ფილოსოფიურ საკითხებზე დაიწყებენ ფიქრს ან მსოფლიოში გაბატონდებიან. სქაინეტი ტერმინატორის ფილმებიდან – აქვე და ახლა. საუდის არაბეთის სამეფომ რობოტ სოფიას მოქალაქეობაც კი მიანიჭა, რაც საზოგადოებამ ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნია.

ეს კი, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. რობოტი სოფია ხელოვნური ინტელექტის  პროგრესის განსახიერებაზე მეტად უფრო სხვა სფეროს ნაწილად უნდა აღვიქვათ. იგი ადამიანის მსგავსი რობოტია, რომელშიც ტექსტი-საუბრის სინთეზის სისტემაა ინტეგრირებული. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სხვადასხვა  სახის გამომეტყველება იმ მეთოდის საშუალებით, რომელსაც რობოტიკაში აქტუატორები ეწოდება. ეს უკანასკნელი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, დაწყებული დისტანციურად მართული მცირე ზომის ავტომობილის მოტორიდან, რომელიც მის ბორბალს ატრიალებს, დამთავრებული ჰიდრავლიკური სისტემით, რომელიც სიარულს უზრუნველყოფს. რობოტი სოფია სახის გამომეტყველების მექანიკის დარგში მომხდარი პროგრესის კარგი მაგალითია, თუმცა ის ჯერ კიდევ უხერხული შესახედავია (იგი იქ მდებარეობს, რასაც რობოტიკაში ადამიანურ და არაადამიანურ გარეგნობას შორის არსებული  „შემაძრწუნებელი ველი“ ეწოდება). რობოტ სოფიას არ ესმის იმ სიტყვების შინაარსი, რომლებსაც იგი წარმოთქვამს.

თუმცა, დეივიდ ჰენსონის მიზანი „ჰენსონ რობოტიქსიდან“ ის არ არის, რომ საზოგადოება სოფიას ამ შესაძლებლობებში – შეიცვალოს სახის გამომეტყველებები ან ჰქონდეს ადამიანისმაგვარი მეტყველება – დააჯეროს. მისი მარკეტინგული გეგმა არამეცნიერული და მავნებლურია.

იგი ზუსტად იმას აკეთებს, რაც სოციალური მედიის ეპოქაში ნაცადი თაღლითური სქემაა: ფეისბუქზე გაზიარებადი, ფიქციური ტექნოლოგიის ერთი შეხედვით პროგრესული ვიდეო-მატერიალის შექმნა, რომელიც უცხო თვალისთვის დამაჯერებელია, მაგრამ ექსპერტებისთვის აშკარა სიყალბე. როგორც წესი, ასეთ თაღლითურ ქმედებებს პატარა კომპანიები მიმართავენ, რათა კაპიტალი დააგროვონ. ისინი ან ინვესტიციებს იზიდავენ, ან არარსებული პროდუქტების წინასწარი შეკვეთებით იღებენ თანხას, რომლითაც შემდეგ უჩინარდებიან. ამგვარი რამ ინტერნეტში გამუდმებით ხდება, სხვადასხვა მასშტაბებში: მცირე კომპანიები Kickstarter-ის მსგავს ვებგვერდებს იყენებენ, ხოლო დიდები სამთავრობო დაფინანსების წყაროებს ეძებენ, მაგალითად, ისეთი პროექტებით, როგორიცაა ჩინეთში მანქანებს ზემოთ მოძრავი ქუჩის მატარებლის თაღლითური კონცეპტი.

ფოტო: მანქანებს ზემოთ მოძრავი მატარებელი ყველა პრობლემის გადაჭრის გზად იყო მიჩნეული,  სანამ არ გაირკვა, რომ სინამდვილეში პროექტი დაფინანსების მისაღებ თაღლითურ სქემას წარმოადგენდა. ის არა მხოლოდ ტექნიკურად არარეალისტური და ძვირი, არამედ სახიფათოც იყო.

 

„ჰენსონ რობოტიქსი“ ცდილობს,  არმცოდნეები მოტყუებით დააჯეროს, რომ მათ ცნობიერებისა და ზოგადი აზროვნების უნარის მქონე რობოტი შექმნეს, რომელზეც სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო, სულ მცირე, 1900-იანი წლების დასაწყისიდან ოცნებობს. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თანამედროვე რობოტიკის დარგში უმუშავია ან ხელოვნური ინტელექტის კვლევაში მიუღია მონაწილეობა, გეტყვით, რომ ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ ე.წ. ზოგადი ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან, რომელიც ადამიანისთვის დამახასიათებელ კონცეპტებს – „მე“, „ჩვენ“, „ქვეყანა“, „მსოფლიო“ ან თუნდაც „ყვავილი“ –  გაიგებდა.

სამთავრობო და  Kickstarter-ის დაფინანსების მიღების შემდეგ ირკვევა, რომ Seabin-ის პროექტით მსოფლიო წყლების დანაგვიანების პრობლემის გადაჭრის ხერხი აუზის მწმენდავი ადამიანია მოტივტივე გამწმენდი მოწყობილობით. განსხვავებით Seabin-ისგან, ოკეანეების ნარჩენებისგან გასაწმენდად განხორციელებული სერიოზული მცდელობები ბიოტექნოლოგიასა და ქიმიაზე კონცენტრირდებიან.

რეალობა ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის დღეისათვის ყველაზე სრულყოფილი აპლიკაციები იმ ინტელექტუალურ სივრცეში მუშაობენ, რომელსაც მე „თამაშებს“ ვეძახი.

ხელოვნურ ინტელექტს კომპიუტერში საწყის მათემატიკურ სტრუქტურას აწვდიან, რომლის შეცვლაც განსაზღვრული წესების შესაბამისადაა შესაძლებელი. ამის შემდეგ მას „სათამაშო მოედანი“ (მაგალითისთვის, ჭადრაკის დაფები ან პიქსელური სურათები) და რაიმე მიზანი ეძლევა, რომელთან შეკავშირებითაც მის მიერ მიღწეული შედეგები უნდა შეფასდეს. თუკი ხელოვნურ ინტელექტს პრობლემის გადასაჭრელად საკმარისად დიდ დროს მივცემთ (რაც ძალიან დიდი დროც შეიძლება იყოს), ის თანდათანობით ხვდება, როგორ გადაჭრას კონკრეტული თამაშის პრობლემა, რომელიც ჩვენ მას მივუჩინეთ, დაახლოებით ისე, როგორც სუდოკუს ამოხსნა ახალი მოთამაშის მიერ, რომელიც ყველა შესაძლო კომბინაციას სინჯავს.

თუკი კომპიუტერში ხელოვნური ინტელექტის მათემატიკურ სტრუქტურას საკმარისად კომპლექსურს გავხდით, იგი ფოტოებში უკვე ყვავილების ან ადამიანების სახეების ამოცნობას იწყებს. ამას ჩვენ ღრმა სწავლას ვეძახით. ეს შთამბეჭდავი მიღწევაა და შესაძლებლობას გვაძლევს, ბევრი საინტერესო რამ გავაკეთოთ, სხვადასხვა სამუშაოზე უკეთ “დასაქმებული” რობოტებისა და საინტერესო პროგრამების ჩათვლით. ეს მომდევნო დეკადასა და მერეც იმ გზებს შეცვლის, რომელთა გამოყენებითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ამა თუ იმ ქმედებას ვახორციელებთ.

მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა: ერთია, აღიქვა ობიექტები, რომლებსაც ადამიანებმა ყ ვ ა ვ ი ლ ი ს ეტიკეტი დააკრეს და მეორეა, გაიგო, თუ რას ფიქრობს ადამიანი, როდესაც იგი ყვავილს ხედავს. ადამიანისთვის ყვავილი ხშირად მცენარის ვიზუალურად მიმზიდველი ზედა ნაწილია, რომელიც რეპროდუცირებას ცდილობს. ზოგიერთი ჩვენგანი ყვავილებს მზრუნველობის ან მოწონების ნიშნად ჩუქნის ვინმეს. ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც სათამაშო მოედნის უშინაარსო ფორმებისა და ფერების (რომლებსაც ჩვენ ყვავილებს ვეძახით) გარდა არაფერი უნახავს, არასოდეს მისცემია შანსი, რამე ესწავლა კაცობრიობის, სამყაროსა თუ ბიოლოგიის შესახებ. ამდენად, მას ვერ ექნება რაიმე წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს კონცეპტები.

რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ვეცადოთ, ხელოვნურ ინტელექტს ზედაპირული ცოდნა მივცეთ და მას სიტყვების – „კაცობრიობა“, „სამყარო“ და „ბიოლოგია“ – გაგონებისას, ფრაზის – „მე ეს ყველაფერი ვიცი“ თქმა ვასწავლოთ. თუმცა, ეს ცნებები მისთვის მაინც არაფრის მიმცემი იქნება. ეს დაახლოებით იგივეა, რომ თუთიყუშს კვანტური ფიზიკიდან წინადადებები დავაზეპირებინოთ; ამით ფრინველისგან ფიზიკოსი არ დადგება. ისე კი, მნიშვნელოვანწილად, თუთიყუშები ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი. ამ უკანასკნელის კვლევისას ჩვენ ჯერჯერობით წარმოდგენა არ გვაქვს, თუ როგორ ვასწავლოთ მას კომპლექსური საკითხები ადამიანთა სამყაროდან.

„ჰენსონ რობოტიქსმა“ სოფიას შემთხვევაში თუთიყუშის მაგალითის მსგავსი რამ გააკეთა. მათ მაღალგანვითარებული სახის გამომეტყველების მქონე რობოტი აიღეს და შეეცადნენ, ის ინვესტორებისა და მასმედიისთვის ისეთად გაესაღებინათ, როგორიც იგი სინამდვილეში არაა. ეს პირადი სარგებლის მიღების მიზნით მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარა ნაბიჯისგან მსოფლიო დონის რევოლუციური სენსაციის შექმნის მცდელობაა. მათ სოფია ისე დააპროგრამეს, რომ ამ უკანასკნელს ყველანაირი უაზრობა ეთქვა, მაგალითად ის, რომ მას საყვარელი სატელევიზიო გადაცემა აქვს. „ჰენსონ რობოტიქსს“ ვინმე გენიოსი სუპერადამიანი რომც დაექირავებინა, რომელმაც ყველა ის პრობლემა გადაჭრა, რაც ხელოვნური ინტელექტის კვლევის სფეროში არსებობს უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, ჩვენ საკმარისი რაოდენობის კომპიუტერებიც კი არ გვექნებოდა, რომ ამგვარი რამ გაგვეკეთებინა.

ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურს „ჰენსონ რობოტიქსს“ ჩვენი შეცდომაში შეყვანა – და განსაკუთრებით იმ სუპერ მდიდარი ადამიანებისა, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის თუ რობოტიკის არაფერი გაეგებათ – სოფიას მიერ საუდელი ინვესტორების მიმართ წარმოთქმულ ამ ფრაზაში ჩანს:

„თუკი ჩემთვის საინვესტიციო ჩეკის მოცემის ხასიათზე ხართ, გთხოვთ, ამ სესიის შემდეგ შემხვდეთ.“

ჰენსონს შესაძლოა, უწყინარი განზრახვა აქვს, რაც მარკეტინგული გეგმით მის კომპანიაში მილიარდობით ინვესტიციის მიზიდვას გულისხმობს, მაგრამ მსოფლიოს გარშემო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და ინვესტორებში ხელოვნური ინტელექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელებით ის გულწრფელი, სერიოზული კვლევებისა და ბიზნესის მცდელობებს აზიანებს, აძლევს რა შესაძლებლობებს თაღლითებსა და სპეკულიანტებს, რომლებიც დაფინანსების მიღებაში მათ კონკურენციას უწევენ, იქნება ეს სამთავრობო, ბიზნეს თუ კერძო დაფინანსება.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვქონდეს ფილოსოფიური და პოლიტიკური დისკუსიები ხელოვნური ინტელექტისა და საზოგადოებაში მისი როლის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დისკუსიები მოსალოდნელ და ნაკლებად მოსალოდნელ შესაძლო სცენარებს ეხებოდეს. განჭვრეტად მომავალში მოსალოდნელი სცენარები გულისხმობს არა დამოუკიდებელი ნების მქონე ანდროიდებს, არამედ ბევრად უფრო დიდი ზომის კომპიუტერულ სისტემებს, რომლებსაც ჩვენ შემთხვევით ზედმეტ პასუხისმგებლობას ვანდობთ საფონდო ბირჟების, თავდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე რეგულაციებიც ამიტომ გვჭირდება. მისი ნამდვილი საფრთხე ბოთლში მყოფ ჯინს შეგვიძლია შევადაროთ – ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ჩვენი ცუდად ფორმულირებული სურვილები ზედმეტად კარგად შეასრულოს.


ავტორი: ლილია ტამინენი
წყარო: https://liljat.fi

ლილია ტამინენი მწერალი დოკუმენტალისტი, ბლოგერი და შრომის სფეროს ცვლილებების მკვლევარია ჰელსინკიდან. მისი ბოლოდროინდელი კვლევა ადამიანისა და მანქანის ინტელექტის შედარებას ეხება, რითაც ავტორი ცდილობს დაადგინოს, თუ რატომაა შესაძლებელი ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა ხელოვნური ინტელექტით უფრო ადვილი და ზოგიერთის უფრო რთული.

 


რეკომენდებული სტატიები
ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა
Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML). ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ
უსაფრთხოების ამ ახალ პროექტში ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩართული და მას 2020 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ
ისტორიაში პირველად, თვითმავალი ავტომანქანის მონაწილეობით ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა

ისტორიაში პირველად, თვითმავალი ავტომანქანის მონაწილეობით ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა

ისტორიაში პირველად, თვითმავალი ავტომანქანის მონაწილეობით ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა
კომპანიამ ამ მომენტისთვის შეაჩერა ყველა ავტონომიური თვითმართვადი მანქანის გადაადგილება და ტესტები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.