fbpx

ქართული ჩოგბურთის ისტორიული დღის შესახებ – დეტალურად


გააზიარე სტატია

29 ივლისს ისტორია დაიწერა ჰამბურგში – ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონია!

ისტორიული დღე ქართული ჩოგბურთისთვის – ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობა მოიგო და კარიერაში პირველი ATP-ს ტიტული მოიპოვა. ნიკამ ჰამბურგის 500-იანი სერიის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი  6-4, 0-6, 7-5 დაამარცხა და პირველ ტიტულს დაეუფლა. ლეონარდო მაიერი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო, საერთოდ კი ორჯერ აქვს 500-იანი სერია მოგებული და ორივე ტიტულს ჰამბურგში დაეუფლა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ს ტიტული მოიგო. ნიკამ ეს მესამე ცდაზე მოახერხა. აქამდე 2 ფინალი ჰქონდა წაგებული 250-იანი სერიის ტურნირებზე – 2016 წელს კიცბუელის ტურნირის ფინალში 2 სეტში დამარცხდა პაოლო ლორენცისთან 3-6, 4-6, 2017 წელს კი მემფისის ტურნირის ფინალში მასპინძელ რაიან ჰარისონთან –  1-6, 4-6. თითქოს ანგარიში მეტყველებს, რომ ნიკა განადგურდა ჰარისონთან, არადა ასე სულაც არ ყოფილა, ნიკამ 12 ბრექპოინტი ვერ გამოიყენა და შესაბამისად დადგა ის შედეგი, რაც დადგა. საბოლოოდ, გუშინ მესამე ცდაზე მოიპოვა ATP-ს ტიტული, ამჯერად გაცილებით პრესტიჟული, 500-იანი სერიის ტურნირის ტიტული .

500-იანი სერიის  საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი მოგებული აქვს ისეთ ჩოგბურთელებს, როგორებიც არიან: ედბერგი, ფედერერი, ნადალი და ა.შ

 

 

“დღეს თანაბარი, ძალზე დაძაბული შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ჭკვიანურად ვითამაშე და ის მცირე შანსი, რაც მქონდა, 100%-ით გამოვიყენე. საბედნიეროდ, შევძელი ემოციების გაკონტროლება და გამარჯვება ბოლომდე მივიყვანე. ახლა კი ბედნიერი და დაღლილი ვარ, ცოტა დასვენება მჭირდება, რომ ავსტრიული ტურნირისთვის მზად ვიყო. ორი თვეა, რაც ახალი მწვრთნელი მყავს და უკვე ვატყობ პროგრესს, რამდენიმე თამაში ძალიან კარგად ვითამაშე.

აქ მოგება არ იყო იოლი, ეს გამარჯვება კი დამეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებული ვიყო კორტზე. იმედია, ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის ღია პირველობის პირველი ქართველი გამარჯვებული ვარ”, – განაცხადა ნიკამ დაჯილდოების ცერემონიალზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში გამარჯვებისთვის 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ამით რეიტინგში 46-ადგილიანი ნახტომი გააკეთა. ტურნირის დაწყებამდე ნიკა 81-ე ჩოგანი იყო, დღეიდან კი განახლებულ რეიტინგში  35-ე ადგილზეა 1215 ქულით. ეს კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია, აქამდე რეკორდი ირაკლი ლაბაძის 42-ე ადგილი იყო 2004 წლის ივლისში და აი, 14 წლის შემდეგ ბასილაშვილმა რეკორდი გააუმჯობესა.

ნიკამ ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, კვალიფიკაციის ნახევარფინალში გერმანელი ტობიას კამკე მარტივად, 7-5, 6-2 დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე,   კვალიფიკაციის ფინალში ძალიან გაუჭირდა ავსტრიელ იურგენ მელცერთან, მეტიც, გადამწყვეტ მესამე სეტში ნიკა 3-5 აგებდა. საბოლოოდ, ნიკამ ქამბექის შესრულება მოახერხა, მოუგო რა 3-5-დან ზედიზედ 4 გეიმი მელცერს, შესაბამისად შეხვედრაც დაასრულა ანგარიშით 6-4, 4-6, 7-5 და ძირითად ბადეში ჩაჯდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ჩოგბურთელია, ვინც 500-იანი სერიის ტურნირი საკვალიფიკაციო ბადიდან მოიგო. ბოლოს ასეთი მიღწევა  გერმანელმა ფილიპ პეცშნერმა დააფიქსირა ვენაში.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალამდე რთული ბადე გაიარა, პირველ წრეში მოუგო თიხაზე კარგად მოთამაშე მასპინძელ ფილიპ კოლშრაიბერს 3 სეტში – 7-5, 1-6, 6-4, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომრად თამაშობდა, მეორე წრეში ასევე თიხის მოთამაშე პაბლო კუევასს სძლია, ამჯერად ნიკამ 2 სეტში მოახერხა მეტოქის დამარცხება 7-6 (6) 6-4. აღსანიშნავია ის, რომ კუევასთან პირველი სეტის ტაიბრეიკზე ნიკა 1-6 აგებდა, შემდეგ  მოახერხა და ზედიზედ 7 გათამაშება მოუგო და შესაბამისად სეტიც, ტაიბრეიკზე 8-6 ნიკას სასარგებლოდ დასრულდა. შემდეგ ეტაპზე ნიკას წინ ასევე თიხის მოთამაშე ელოდა, ესპანელი კარენო ბუსტა, რომელიც ნიკამ 2 სეტში დაამარცხა 7-6 (3) 6-4.

შემდეგი ეტაპი უკვე ნახევარფინალი იყო, სადაც ნიკამ 3 სეტში დაამარცხა ჩილელი ნიკოლას იარი. პირველ სეტში ნიკოლას იარიმ თავისი 3 ჩაწოდება ისე მოუგო ნიკას, რომ ქულაც არ დაუთმო, საპასუხოდ ნიკას ჩაწოდებაზე ერთადერთი ბრექპოინტი ბრეიკში გარდასახა და 4-3 დაწინაურდა, რა დროსაც ძლიერი ქარი ამოვარდა, თან  ტურნირის ორგანიზატორები წვიმას ელოდნენ და შეხვედრა შეწყდა.

განახლების შემდეგ ნიკოლას იარიმ თავისი მეოთხე ჩაწოდებაც მშრალად მოიგო –  5-3, ნიკას ჩაწოდებაზე კი სამმაგი სეტპოინტი მიიღო, თუმცა ნიკამ მოახერხა და გადაარჩინა 3 სეტპოინტი და 5-4 გახადა ანგარიში. ამის შემდეგ ნიკამ საკუთარი  თავის ირწმუნა და სეტზე ჩაწოდების დროს ბრეიკი გაუკეთა იარის, თავისი მოწოდებაც მოიგო, გახადა რა 6-5 და როცა იარი ტაიბრეიკის გასანაღდებლად აწვდიდა, ნიკამ აქაც ივარგა და ისევ ბრეიკი გაუკეთა მეტოქეს. 7-5 ნიკას სასარგებლოდ, ცუდმა ამინდმა ჰამბურგში კარგი სამსახური გაუწია, შეხვედრის განახლების შემდეგ  მოახერხა და 3-5-ის შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი მოიგო, შესაბამისად – სეტიც.

მეორე სეტში თავიდანვე ბრეიკი გაუკეთა ნიკოლას იარიმ ნიკას, შემდეგ კი სეტი უბრალოდ გაატარა ნიკამ, მეტოქეს ძალები გამოაცალა და მესამე სეტში მარტივად 6-1 მოუგო ჩილელს და ფინალში გავიდა.

ნიკას ფინალში ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებული ლეონარდო მაიერი ელოდა. ჩაწოდება, ის კომპონენტი, რაც  გამოსწორებული ჰქონდა ამ ტურნირზე, არადა არ წაუვიდა ფინალში ლეონარდო მაიერთან. კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა პირველ ჩაწოდებაზე, უამრავი პირველი ჩაწოდება გაუცუდდა ნიკას. პირველ სეტში მაქსიმალურად გამოიყენა მისი ერთადერთი შანსი, რომელიც ბრეიკში გარდასახა კიდეც, მეტოქეს კი 3 ბრექპოინტის შანსი მისცა, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ სამივე გადაარჩინა ნიკამ და სეტი 6-4 მოიგო.

მეორე სეტში იგივე სცენარი განვითარდა, რაც ნახევარფინალურ შეხვედრაში, ნიკამ აქაც 0-6 წააგო და მესამე სეტისთვის შემოინახა ძალები.

მესამე სეტში ჩოგბურთელები მის ჩაწოდებებს უპრობლემოდ იგებდნენ და აი მე-11 გეიმში დადგა კრიტიკული მომენტი მაიერის ჩაწოდებაზე, ნიკამ ორმაგი ბრექპოინტი მიიღო და საბოლოოდ მეორე ბრექპოინტზე შეძლო და მოახერხა ფარული ჩემპიონშიპის გამოყენება, 6-5 ნიკას სასარგებლოდ და  ბასილაშვილი აწვდიდა გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონობაზე. აქ უკვე ლეონარდო მაიერმა მიიღო ბრექპოინტი, თუმცა ნიკამ მოახერხა და გადაარჩინ, შემდეგ ზედიზედ 2 ქულა მოიგო და ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

ნიკას ისტორიული ტრიუმფის შემდეგ atp-ს ოფიალურმა გვერდმა საქართველოს ისტორიაზე დაწერა, ამასაც მოვესწარით.

 

 

ნიკამ მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა ჰამბურგში, აგრესიული შემტევი ჩოგბურთი, ჩაწოდებაც აშკარად გამოსწორებული აქვს. ბასილაშვილის არსენალში ყოველთვის იგრძნობოდა მაღალი დონე, თუმცა თითქოს მას ის ხასიათი აკლდა, რომელიც ჩოგბურთში ასე საჭიროა.

თამაშის დროს ის ხშირად ნერვიულობდა და რამდენიმე წაგებული ქულის შემდეგ კონცენტრაციას სრულიად კარგავდა.

ჰამბურგის ტურნირზე კი განსხვავებული ნიკა ვიხილეთ. ის ნებისმიერ ბურთზე ბოლომდე იბრძოდა, აბრუნებდა ყველაფერს და მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა.

ბასილაშვილის მიზანი ტოპ 10-ში შესვლაა. მას ამის სჯერა და ჩვენც გვჯერა, რომ  ამას გააკეთებს. დარჩენილ სეზონში მან მხოლოდ 200 ქულა უნდა დაიცვას, რაც  იმას ნიშნავს, რომ რეიტინგში დაწინაურების საკმაოდ კარგი შანსები აქვს. წლის ბოლომდე ბევრი ტურნირია, შემდეგი კი ნიკასთვის ნაცნობი, ზემოთ ხსენებული კიცბუელის 250-იანი სერიის ტურნირია, სადაც 2016 წელს წააგო ფინალი, 2017 წელს კი კიცბუელის პირველივე წრეში დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს,  რომ რასაც მოიგებს კიცბუელში, შესაბამის ქულებს დაიმატებს. დასაცავი ამ ტურნირზე არაფერი აქვს.


ავტორი: ერასტო სირაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.