fbpx

ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერები


გააზიარე სტატია

 

ელექტრონული მუსიკა, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესის ერაში შეიძლება მოიაზრებოდეს, უხეშად რომ ვთქვათ,  როგორც „კომპიუტერული მუსიკა“, დღითი დღე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ციფრულ ეპოქაში ის მეტად და მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, იქნება ეს ვიდეოთამაშები, ფილმები, რეკლამები, კლუბები, ტელევიზია, სოცქსელები და ა.შ.

ელექტრონული მუსიკის სივრცე არა მარტო ელექტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას მოიცავს, არამედ თავისუფლად შესაძლებელია მასში მოიაზრებოდეს ნებისმიერი სხვა „ინსტრუმენტიც“. საინტერესოა, რომ ეს ჟანრი თუ მოცემულობა ყოველდღიურად ვითარდება და მისი ელემენტები ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ჟანრში, იქნება ეს როკი, ჰიპ-ჰოპი, პოპი თუ საორკესტრო ნაწარმოები, რომლის ექსპერიმენტულ ვერსიებსაც გვთავაზობენ მუსიკოსები…

თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი მიმდინარეობის ადრეულ ეტაპებს კი ვრცლად ამ სტატიაში განვიხილავთ.   

 

ფუტურისტები

„რევოლუცია თანამედროვე მეტროპოლიებში… მბოლავ გველებს და ხალხის მასებს რომ შთანთქავენ“… – ტომაზო მარინეტი

ელექტრონული მუსიკის ჩამოყალიბების საწყის მოძრაობად მოიაზრება ტალღა, რომელიც ფუტურისტების სახელითაა ცნობილი. მეოცე საუკუნის დასაწყისში დადგა სრულიად ახალი, ინდუსტრიული ერა. ამ პერიოდიდან იწყება მასშტაბური ტექნოლოგიური ძვრები, რომელიც კომპიუტერული პროგრესის საძირკველის ნაწილია.

1909 წელს პარიზში, სრულიად მოულოდნელად,  ჟურნალ “ფიგაროში” ჩნდება ტომაზო მარინეტის მანიფესტი Le Futurisme. ახლად გამოჩეკილ ინდუსტრიულ ქალაქებში, რომელიც სავსე იყო მხრჩოლავი ფაბრიკა-ქარხნებით თუ მატარებლის ჩაქა-ჩუქით (შეგვიძლია წარმოვიდგინოთ Blade Runner-ის კადრები), მოთხოვნა ჩნდება ახალ ჟღერადობაზე, ინოვაციაზე (როგორც ჩანს, მოსიარულე ოთხფეხა რობოტების შიში უწინ უტოპიად მიაჩნდათ).

მარინეტის მანიფესტი კი პასუხობდა მოთხოვნას და სწორედ ამიტომაც ის გახდა საწყისი უნიკალური მუსიკალური მოძრაობისა, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო უარის თქმა ყოველგვარ ტრადიციულზე და ინსტრუმენტული მეთოდით, სრულიად ახალი, ინოვაციური ჟღერადობის ძიება. ამ დროს მუსიკალურ ინოვაციას  მოწყურებულ ლაბირინთში მორბენლებს შეემატათ ფრანჩესკო პრატელა, ვინც დააპირა, შეჭიდებოდა ამ დიად მისიას და 1912 წელს დაწერა ნაწარმოები Musica Futurista.


Francesco Pratella-Musica futurista(1912)

ერთი წლის შემდეგ ფუტურისტების ტალღა გასცდა საფრანგეთს და იტალიაში  მათ უერთდება მხატვარი ლუიჯი რუსოლო. ის მოუწოდებს ფუტურისტებს, უარი თქვან  შეზღუდული შესაძლებლობების საორკესტრო ტემბრებზე და გადავიდნენ ბევრად უფრო ინდუსტრიულ მხარეს. კერძოდ, ინსტრუმენტული ხმოვანება ჩაანაცვლონ ხმაურთა ტემბრით.

ამ იდეით შეპყრობილმა რუსოლომ შექმნა ინსტრუმენტები, რომელიც ექვს ნაწილად დაყო მის მიერ შექმნილ ხმაურთა ტემბრის შკალაზე. ექსპერიმენტი აუდიტორიას წარუდგინეს მილანის ტეატრო დალ ვერმეში, რასაც დიდი მუშტი-კრივი მოჰყვა ფუტურისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

ინსტრუმენტულ მუსიკაზე უარის თქმა იყო ერთგვარი შოკი კონსერვატორებისთვის და გზა ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენებისკენ მუსიკაში. ხმაურიანი დებიუტის შემდეგ რუსოლომ სრული ანშლაგით ჩაატარა კონცერტები პარიზსა თუ ლონდონში.

აღსანიშნავია, რომ 40-იანი წლების შემდეგ ფუტურიზმს იტალიაში საძირკველი შეერყა, მარინეტის სიკვდილის შემდეგ კი საბოლოოდ ჩამოიშალა.


Luigi Russolo– instruments(1910-1930)

                                                             

მეორე მუსიკალური რევოლუცია

„რა არის მუსიკა, თუ არა კანონზომიერად ჩამოყალიბებული ხმაური?“ – ედგარ ვარეზი

ამასობაში კი დადგა მეორე მუსიკალური რევოლუციის დროც… ფუტურისტების იდეები ნელ-ნელა ვრცელდება და დიდ გავლენას ახდენს ელექტრონული მუსიკის მომავალ  კომპოზიტორებზე. თუმცა, არა მხოლოდ ფუტურისტებმა, არამედ აღორძინების მუსიკალურმა რევოლუციამ დიდი გავლენა იქონია ამ დროისთვის მეტად საინტერესო და გამორჩეულ კომპოზიტორ ედგარ ვარეზზე.

ვარეზი მუშაობდა ექსპერიმენტზე, რომელიც გულისხმობდა გარემოსა და საუნდის გაერთიანებას. სწორედ ამიტომ, ვარეზი აფართოებდა ხმაურის შესაძლებლობებს და კანონზომიერად ჩამოყალიბებული ტემბრისა და სივრცის გაერთიანების მცდელობით ქმნიდა ღია სივრცეს. დღესაც თანამედროვე მუსიკოსები ვიზუალურ არტისტებთან ერთად ცდილობენ, შექმნან და გააერთიანონ სივრცე, სადაც მხედველობისა და სმენის რეცეპტორი არა ცალ-ცალკე, არამედ ერთ მთლიანობად აღიქვამს მოწოდებულ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ მუშაობენ კლუბებში თუ ექსპერიმენტულ მუსიკაზე ვიზუალური ინჟინრები, თუმცა საინტერესოა, რომ ეს გამოწვევა ჯერაც არ დაძლეულა ბოლომდე.   ამ მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია ვარეზის ნაწარმოები „იონიზაცია“.


Edgar Varese-Ionization (1929)

ვარეზის ექსპერიმენტებს საკმაოდ დიდი და წონიანი გავლენა ჰქონდა მუსიკალურ სამყაროში. ელექტრონული მუსიკის განვითარების ამ ეტაპზე საპატიო ადგილს იკავებს ჯონ ქეიჯი, რომელიც მუსიკის სრულიად ახალ, პოსტმოდერნულ განსაზღვრებას გვთავაზობს თავისი ნაწარმოებებით.

“არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ცარიელი სივრცე ან ცარიელი დრო. აქ ყოველთვისაა რაღაც სანახავი ან მოსასმენი.  ფაქტობრივად, რომც ვცადოთ სიჩუმის შექმნა, არ შეგვიძლია.“ – ჯონ ქეიჯი

ქეიჯი მიხვდა, რომ არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, ხოლო მუსიკა, რომელსაც ვისმენთ, ყველგანაა. ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ნაწარმოებზე, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში სრული გადატრიალება მოახდინა, ისევე როგორც მალევიჩის კვადრატმა მხატვრობაში, ხოლო დიუშანის უნიტაზმა – პოსტმოდერნში.

4’33 ეს არ იყო პროვოკაციული ნაწარმოები, რომლითაც ყურადღების მიქცევა სჭირდებოდა. ქეიჯის შემოქმედება, მაგალითად რომ ავიღოთ ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა Imaginary Landscape თუ Sonata N2, სკანდალურ 4’33-მდე უკვე სარგებლობდა საკმაოდ დიდი პოპულარობით. 4’33-ის მთავარი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ არ არსებობს სრული უბგერობა.

უმნიშვნელოვანესია, მთავარი ხმების ყურად გდება ან ყურად არ გდება. 4’33-ის მოსმენის შემდეგ მსმენელთა შორის აზრები კვლავ ორად გაიყო, ნაწილი ქეიჯს მუსიკის შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს, უფრო თამამნი კი აცხადებდნენ, რომ ეს იყო გენიალური მიგნება მუსიკაში, რაც მოიტანა თავად ეპოქამ და რაც სრულიადაც არ ნიშნავდა მუსიკის სიკვდილს, არამედ ნაწარმოები აღქმული იქნა, როგორც განვითარების გარდამავალი ეტაპის მაჩვენებელი.


John Cage-Imaginary Landscape (1939)

 

John Cage-4’33 (1989)

 

John Cage– Sonata N2 (1946-1948)

 

ელექტროაკუსტიკური ჟღერადობით და მისი შესაძლებლობებით მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება. სცენაზე ჩნდება თანამედროვე სინთეზატორის საძირკველის ჩამყრელი შტოკჰაუზენი, რომელსაც სურდა სრულიად ახალ, ინოვაციურ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა. ის სწავლობდა ტალღებისა და ბგერების ხასიათს, კერძოდ, არა უკვე ჩაწერილი საუნდებით (სემპლინგით) ოპერირებას, არამედ სრულიად ახალი თვითჟღერადობის შექმნას ტექნოლოგიური პროგრესის საშუალებით. შტოკჰაუზენმა   წარმატებით გაართვა თავი არა მარტო ამ ამოცანას, არამედ ელექტროაკუსტიკური მუსიკის ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყო ხელი.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ჟღერადობის ტრანსფორმაცია  შენელებით, რათა მისი შინაგანი ღერძი აღქმადი რიტმი გახდეს.“ – შტოკჰაუზენი


Stockhausen – Studie II (1954)

 

შტოკჰაუზენის მიერ ჩაყრილი საფუძველი ფაქტობრივად უუნარო იქნებოდა, რომ არა:


პიერ შეფერი, იანის ქსენაკისი და Musique Concrete

პიერ შეფერი, იგივე „მუსიკაში შემოხიზნული მეცნიერი“ – ხანდახან ასეც მოიხსენიებდა საკუთარ თავს. 1948 წელს შეფერი ამბობს სრულიად ახალ სიტყვას მუსიკის სამყაროში საკუთარი Musique Concrete-ით. როდესაც ეს ნაწარმოები პირველად შესრულდა, იმ დროისთვის შოკის მომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ შემსრულებელი სცენაზე არ გამოსულა. ხმა ისმოდა პირდაპირ დინამიკებიდან. ამ ნაწარმოებში შესული რკინიგზის ეტიუდი არის წმინდად ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერული შედევრი. „რკინიგზის ეტიუდი“ იყო კომპოზიციის სრულიად ახალი ტიპი, როდესაც ნაწარმოები არა პარტიტურად, არამედ ავტორის მიერ სტუდიაში ყალიბდება საბოლოო პროდუქტად.  


Pierre Schaeffer-Musique Concrete(1948)


Pierre Schaeffer- “Etude Aux Chemins de Fer” (1948)

 

1958 წელს არქიტექტორ იანის ქსენაკისის პროექტის მიხედვით აიგო „ფილიპსის“ პავილიონი. ამ პავილიონის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ  ესკიზებს საფუძვლად დაედო 1955 წელს გამოცემული საორკესტრო ნაწარმოების – „მეტასტაზების“ გრაფიკული გამოთვლები.

ქსენაკისის შემოქმედებაში, ისევე როგორც ვარეზთან, განუყოფელია ჟღერადობის და სივრცის გაერთიანების გამოწვევა. მათ შორის კი მთავარი სხვაობა ის იყო, რომ ქსენაკისი უბრალოდ, მათემატიკურად ანგარიშობდა ყველაფერს. ის ახერხებდა მუსიკის, არქიტექტურის და მათემატიკის ერთ განზომილებაში მოთავსებას და მისი თითქმის ყოველი ცდა წარმატებით დაგვირგვინდა.


Iannis Xenakis Metastasis(1955)

 

„აკეთო მუსიკა, ნიშნავს გამოხატო ადამიანური ინტელექტი აკუსტიკური მნიშვნელობით. ეს არის ინტელექტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ემოციით, რომელიც მოიცავს არა მარტო წმინდა ლოგიკის სისტემურ შესწავლას, არამედ „ლოგიკას“, როგორც ინტუიციისა და გრძნობის პირმშოს. ჩემი მუსიკალური ტექნიკები შინაგანი სტრუქტურით ხშირად მკაცრია, მაგრამ შენარჩუნებულია ისეთი გამტარები, სადაც აზრის ყველაზე კომპლექსური და იდუმალი ფაქტორები იჩენენ თავს.“

                                                                                                                      

 იანის ქსენაკისი

ელექტროაკუსტიკური მუსიკის პიონერებმა შეძლეს არა მარტო ახალი ჟღერადობების შექმნა და აქტუალიზება, არამედ დიდი როლი შეასრულეს იმ ტექნოლოგიური ერის განვითარებაში,  რომელშიც  დღეს ვიმყოფებით.

შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ  დღევანდელობა დინამიკებისა თუ ხმის ჩამწერი აპარატურის გარეშე. რა იქნებოდა თანამედროვე  მუსიკა, რომ არა ქსენაკისის ფილიპსის პავილიონი და შტოკჰაუზენის ექსპერიმენტები? არაპროფესიონალმა მუსიკოსებმა, ბგერებში მათემატიკური სინთეზით, საფუძველი ჩაუყარეს სრულიად ახალ აპარატურასა თუ მუსიკალურ ხერხებს. შეცვალეს ზოგადი ხედვა მუსიკის მიმართ და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სცენა სწორედ ამ პირველწყაროთი გახდა მასშტაბური კულტურის ნაწილი.

ელექტრონული მუსიკა  არა მარტო ხელოვნებად, არამედ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

 


რეკომენდებული სტატიები
ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება

ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება

ერთ კვირაში ბუდაპეშტში ცნობილი Sziget Festival იწყება
მუსიკისა და ხელოვნების ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფორუმს 8 აგვისტოს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kendrick Lamar გახსნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.