კვიპროსის ერთ-ერთ სოფელში 26-მეტრიანი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს
კვიპროსის სოფელ აკაკიში ცხენების დოღის რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს
იშვიათი რომაული მოზაიკა, რომელზეც ეტლებით დოღის სცენებია გამოსახული, ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნითაა დათარიღებული და იგი ნიქოზიის მახლობლად, სოფელ აკაკიში მდებარეობს. მოზაიკა ოთხი სცენისგან შედგება, რომელზეც ერთი და იგივე მამაკაცი ოთხ სხვადასხვა ეტლზეა ამხედრებული, რაც თავის მხრივ შეჯიბრის ოთხ ეპიზოდს გამოხატავს. მოზაიკის დეტალები იდეალურადაა შენახული.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, 26 მეტრი სიგრძის ორნამენტებიანი მოზაიკა ვინმე მდიდარი ადამიანის ვილის იატაკი უნდა ყოფილიყო, რომელიც კვიპროსის შუაგულში რომის იმპერიის დომინაციის პერიოდში აშენდა.
მოზაიკაზე გამოსახული სცენა უნიკალურია არა მხოლოდ კვიპროსისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან მსოფლიოში ასეთი ტიპის მხოლოდ 9 მოზაიკაა ცნობილი, მათგან ყველაზე გამორჩეული villa del casale in Piazza Armerina-ში მდებარეობს.
ძვირფასი არტეფაქტი საუკუნეების განმავლობაში მიწის ქვეშ ინახებოდა, სანამ 1938 წელს აკაკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოზაიკის ფრაგმენტს შემთხვევით ფეხი არ წამოჰკრა. მიუხედავად ამისა, აღმოჩენა მაინც შედარებით ახალია, რადგან გათხრები 2013 წლამდე არ დაწყებულა.
მოზაიკა ლიანდაგის ქვეშ იყო მოქცეული და მისი ჩვენება საზოგადოებისთვის ძალიან მცირე დროით მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა. არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს მოზაიკის სარესტავრაციო სამუშაოები, თუმცა მისი აღდგენის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებს.
ლინკი ვიდეოზე – ზემოთ ბიბისის ლინკზე
წყარო: https://bbc.com