fbpx

„პენსიონერული“ კურორტები ევროპაში


გააზიარე სტატია

თუ ზაფხულის მშვიდ, ნაკლებად ხალხმრავალ და კომფორტულ გარემოში გატარება,  ე.წ. პენსიონერული დასვენება გსურთ, ევროპაში უამრავი ეგეთი ადგილის ამორჩევა შეიძლება.

გარმიშ-პარტენკირხენი

პასტორალური სიმშვიდით გამორჩეული პატარა დასახლებაა გერმანიის სამხრეთით, ბავარიის ალპურ ზონაში, სადაც 30 ათასამდე ადგილობრივი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ზამთრის კურორტად და ზამთრის სპორტის სახეობების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება, ზაფხულშიც იდეალური ადგილია დასასვენებლად.

გარმიშ-პარტენკირხენის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მყინვარი ცუგშპიცე (ყველაზე მაღალი წერტილი გერმანიაში, 2962), რომლის მწვერვალზე ასვლა შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე რამდენიმე საბაგირო გზით. ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისათვის კი გათვალისწინებულია დელტაპლანით  ან პარაშუტით ხტომის სერვისები.

დასახლება სამკურნალო ჰაერით, ულამაზესი ალპური ნაკრძალით, სეირნობისთვის ადაპტირებული ტყეებითა და ტბებით გამოირჩევა. ყველაზე დიდი ტბაა – აიბზეე, სადაც ბანაობასთან ერთად, კატერებით გასეირნებაცაა შესაძლებელი.

რაც შეეხება თავად ქალაქს, მისი პატარა ქუჩები მოხატული სახლებითაა სავსე. კაფეებსა და ბარებში სტუმრებს ტრადიციული ბავარიული კერძებითა და ადგილობრივი წარმოების ლუდით უმასპინძლდებიან.

სოფელი გასადალური

 ფარერების კუნძულ ვოარზე მდებარეობს, ატლანტის ოკეანეში. დიდი ხნის განმავლობაში ამ ადგილის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა და ტურისტულ მარშრუტებში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც რამდენიმე ფოტოგრაფმა ამ დასახლების ფოტოები გამოაქვეყნა.

სოფელი ულამაზეს ველზე მდებარეობს, რომელსაც ორი მხრიდან 700 მეტრის სიმაღლის მთა აკრავს. მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა 20 ადამიანს არ აღემატება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში  აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტები სახლდებიან.

გასადალურის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ჩანჩქერი ბოსდალაფოსური და, რა თქმა უნდა, ულამაზესი ხედები.

კოლმარი

ელზასის (საფრანგეთი) ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.  მიხვეულ-მოხვეული პატარა ქუჩები, ხიდები, არხები და შენობების ყვავილებით მორთული ფასადები  დასახლების სავიზიტო ბარათია.

ძველი ქალაქის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული მრავალფეროვნებაა. ერთმანეთს გოთიკის, ბაროკოს, როკოკოს, კლასიციზმისა და აღორძინების ხანის არქიტექტურული სტილი ერწყმის.

 

ითვლება, რომ კოლმარში ყველაზე მშრალი ჰავაა მთელ საფრანგეთში, რაც მეღვინეობის განვითარებას უწყობს ხელს. ელზასური ღვინოების უმეტესობა თეთრია, ერთადერთი შავი ჯიში, რომლიდანაც წითელ და ვარდისფერ ღვინოს აყენებენ, „პინო ნუარია.“  კოლმარელებს ცქრიალა ღვინის დაყენების ტრადიციაც აქვთ. მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ელიტურია აქაური „კრემან ალზასი“ (Cremant d`Alsace).

აგვისტოში კალმარი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. გარდა ამისა, იმართება ყოველწლიური ჯაზფესტივალი და კინოფესტივალი.

ბლედი

პატარა ტურისტული ქალაქია სლოვენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქ 5000-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. კურორტი იმითაა უნიკალური, რომ თითქმის ყველაფერია სასიამოვნო და მშვიდი დასვენებისთვის: მთები და ტბები, რომლებიც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის, აგრეთვე თერმული წყლები და გამართული ინფრასტრუქტურა.

ბლედის ფირუზისფერი ტბა ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობაა. ტბის შუაგულში პატარა კუნძულია, სადაც ქალწული მარიამის სახელობის ეკლესიაა აღმართული.  

კურორტის მშვენებაა ბლედის ციხესიმაგრე, რომელიც 130 მეტრის სიმაღლის კლდეზეა აგებული და ტბას გადმოჰყურებს. ამ ადგილიდან ულამაზესი პანორამული ხედი იშლება, აქვეა ისტორიული მუზეუმიც, შუასაუკუნეების პერიოდის აფთიაქი, ღვინის მარანი, რესტორანი და კაფე.  

რეინე

ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და მყუდრო ადგილია. მეთევზეთა სოფელი მოსკენესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ზღვისა და მთების ფანტასტიკური სილამაზის პეიზაჟებით გამოირჩევა.

ტურისტებს სოფელი უნიკალური არქიტექტურის გამოც აინტერესებთ: წყალზე განლაგებული  მეთევზეთა სახლები საუკუნის წინანდელი სპეციფიკითაა აშენებული.

 


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.