ყველასთვის მოულოდნელად, ჩეტ-ბოტებმა საკუთარი ენა გამოიგონეს
ხელოვნურმა ინტელექტმა საკუთარი, ადამიანებისთვის გაუგებარი ენა გამოიგონა
როდესაც კომპანია Facebook-მა ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ჩეთბოტები შექმნა, ბოტებმა სასაუბროდ თავისი გზა გამონახეს.
Facebook-ის ანგარიში ჩეთბოტებს შორის კომუნიკაციაზე დაყრდნობით გვთავაზობს შესანიშნავ ხედვას ენის მომავლის შესახებ.
Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის მკვლევრები აღწერენ, თუ როგორ იყენებდნენ მექანიკურ სწავლებას იმისთვის, რომ ბოტებს ერთმანეთში მოლაპარაკებები ეწარმოებინათ (აღმოჩნდა, რომ ბოტები ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულები არიან). როგორც მკვლევრები წერენ, გარკვეულ მომენტში მათ ერთ-ერთი მოდელის მუშაობაში ჩარევა მოუწიათ, ვინაიდან ბოტებთან საუბარში “იგი სცილდებოდა ჩვენთვის ცნობილ ენებს და აგენტები ერთმანეთში მოსალაპარაკებლად თავიანთი ენის შექმნას იწყებდნენ”. შედეგად, მათ ე.წ. ფიქსირებული ზედამხედველობის მოდელის გამოყენება მოუწიათ.
სხვანაირად რომ ვთქვათ, მოდელი, რომელიც საშუალებას აძლევდა მექანიკური სწავლების პირობებში ორ ბოტს ერთმანეთში ესაუბრა და პროცესში მოლაპარაკების სტრატეგიები გაემეორებინა – საბოლოო ჯამში სრულდებოდა იმით, რომ ბოტები ერთმანეთს ადამიანისთვის უცნობ, ხელოვნურ ენაზე ესაუბრებოდნენ.
ანგარიშის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ბოტებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული მოლაპარაკების წარმოების უნარი.
ისინი იყენებენ ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა ინტერესის ხელოვნურად შექმნა, რათა ფასეულობის არმქონე ნივთი შემდგომში, მოლაპარაკების პროცესში, “დათმონ” და ამით იხეირონ. თუმცა ენის საკითხი, როგორც ამას ტექნოლოგიების ერთ-ერთი ანტრეპრენიორი აღნიშნავს, “ეს ნიშანია იმისა, თუ რა გველის წინ.”
აქვე განვმარტავთ, რომ Facebook-ის ჩათბოტები არაა სინგულარობის უდავო მტკიცებულება. თუმცა ბოტები იმის დემონსტრირებას ახდენენ, თუ როგორ ახერხებენ მანქანები წარმოდგენის შეცვლას ისეთ საკითხებზე, რაც ყოველთვის ექსკლუზიურად ადამიანის ხვედრი გვეგონა – მაგალითად, ენა.
ნერვული ქსელისთვის დიდი ოდენობით ინფორმაციის მიწოდებითა და შემდგომში მათი დამუშავების გზებზე დაკვირვებით, მკვლევრები უკვე ცდილობენ გაიაზრონ, თუ როგორ მუშაობენ და აზროვნებენ მანქანები. თუმცა ის ფაქტი, რომ მათ ერთმანეთში საკომუნიკაციოდ თავიანთი ენა შექმნეს, გვაოცებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ ცოტა ვიცით მათ შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემები სწორედ ადამიანების მიერაა შექმნილი.
“სამომავლო სამუშაოებისთვის დიდი პოტენციალია, – აცხადებენ Facebook-ის მკვლევრები თავიანთ ნაშრომში,” – განსაკუთრებით, მსჯელობის სხვა სტრატეგიების შესწავლის თვალსაზრისით; და ლექსიკის მრავალფეროვნების გაუმჯობესებაში ადამიანისთვის გასაგები ენიდან გადახვევის გარეშე.”
წყარო: https://theatlantic.com