სიცხე ციფრებში
ავტორი: თეა სხიერელი
აგვისტოს პირველ კვირას ევროპის ბევრ ქალაქში ტემპერატურა ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა (რეკორდული მაჩვენებელი, +48°C ათენში 1977 წელს აღინიშნა).
წელს ყველაზე მაღალი ტეპერატურა ევროპის სამხრეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაშია. ცხელი ჰაერის მასები ევროპაში აფრიკიდან გავრცელდა და კონტინენტი კალიფორნიის „სიკვდილის ველს“ დაამსგავსა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ცხელ ადგილად ითვლება. ევროპული ქალაქების უმრავლესობაში ტემპერატურა ღამითაც კი არ იწევს +25°C-ზე დაბლა.
ანომალიური სიცხეა ჩრდილოეთ ევროპაშიც; ლაპლანდიაში, პოლარული წრიდან 150 კილომეტრში მდებარე შვედეთის ყველაზე მაღალი მთის, კებნეკაისეს ყინულის ქუდი დნება, მხოლოდ ივლისის განმავლობაში მისი სიმაღლე 4 მეტრით შემცირდა.
2018 წლის ზაფხული ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე გვალვიანია შვეიცარიაშიც. ანომალიური სიცხეების გამო ალპურ საძოვრებზე ძროხებისათვის სასმელი წყალი სახანძრო ვერტმფრენებით გადააქვთ; ციურიხის პოლიციამ სპეციალური ფეხსაცმლით აღჭურვა ძაღლები, კიდურები ადუღებულ ასფალტზე რომ არ დაეწვათ (+30°C ჰაერის ტემპერატურის დროს ასფალტის ზედაპირი +50-55°C-მდე ხურდება); ვალეს კანტონში რონის მყინვარი სწრაფი ლღობისაგან დასაცავად საგანგებო საიზოლაციო შალითით დაფარეს; წყალსაცავებიდან, სადაც ტემპერატურამ +27°C-ს მიაღწია, თევზები უფრო გრილ აუზებში გადაჰყავთ.
რეკორდული სიცხეა გერმანიაშიც – 2018 წლის ივლისი 1881 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი თვე იყო. გვალვისაგან ნათესების განადგურებით მიღებული ზარალი 1,4 მილიარდ ევროს უტოლდება; მდინარეების დაშრობის გამო ნაოსნობა შეფერხდა რაინსა და ელბაზე; ქალაქებსა და ტყეებში პოლიციელები ხეებს წყლის ჭავლის მანქანების მეშვეობით რწყავენ.
საფრანგეთში ოთხი ატომური რეაქტორი დაიხურა გახურების თავიდან ასაცილებლად. ნიდერლანდებში მოძრაობა შეიზღუდა რამდენიმე ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რომლებზეც მაღალი ტემპერატურის გამო ასფალტი გადნა.
უახლოეს ათწლეულებში ტემპერატურის ზრდა კიდევ უფრო მწვავე პრობლემა გახდება. თუ გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი – სათბურის გაზების რაოდენობა არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდა, 2100 წლისათვის პლანეტის მცხოვრებთა 75%-ს წელიწადში 20 დღე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ექსტრემალურ სიცხესა და ტენიანობაში მოუწევს ცხოვრება; მაგალითად, ნიუ–იორკში, სადაც უჩვეულო სიცხეები ორ წელიწადში ერთხელაა, 2100 წლისათვის ასეთი დღეების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.
2080 წლისათვის მსოფლიოში ანომალიური სიცხისაგან სიკვდილიანობის ხუთჯერ ზრდას ვარაუდობს მელბურნის მონეშის უნივერსიტეტის, MONASH UNIVERSITY-ს მეცნიერთა ჯგუფი მკვლევარ იუმინ გოს ხელმძღვანელობით. მათ შექმნეს მათემატიკური მოდელი ტემპერატურისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის შესაფასებლად, დაამუშავეს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის 1984-2015 წლების მონაცემები. მოდელში გათვალისწინებულია როგორც სათბურის გაზების მოცულობა, ისე არქტიკის დნობა, შეცვლილ კლიმატურ პირობებთან ადამიანის ადაპტირების უნარი და მოსახლეობის სიმჭიდროვე.
ყველაზე პესიმისტური პროგნოზის შემთხვევაში სიდნეისა და მელბურნში სტიქიური უბედურებისაგან (ანომალიური სიცხე, გვალვა და ხანძრები) სიკვდილიანობა 2031-2080 წლებში, 1971-2010 წლებთან შედარებით, 471%-ით გაიზრდება; თუ კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა, სიკვდილიანობა ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ფილიპინებზე გაიზრდება 770%-ით, აშშ-ში – 400-525%-ით, ევროპაში, ჩინეთსა და იაპონიაში – 400%-ით. კლიმატის ცვლილების მსხვერპლთა რაოდენობა საბერძნეთში, ინდოეთში, იაპონიასა და კანადაშიც გაიზრდება.
ჟურნალ Nature Climate Change-ის 2018 წლის აგვისტოს გამოცემაში გამოქვეყნებულია სტატია კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შესახებ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარშალ ბერკი (Marshall Burke) ტემპერატურის საშუალო თვიური მაჩვენებლის ერთი გრადუსი ცელსიუსით ზრდას (სხვა თანაბარ პირობებში) თვითმკვლელობების რიცხვის ზრდას უკავშირებს აშშ–ში – 0,68%-ით, მექსიკაში კი – 2,1 %-ით. სუიციდისა და ტემპერატურის ზრდის კავშირების კვლევისას სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 622,7 მილიონი ტვიტი შეისწავლა და დაასკვნა, რომ მაღალი ტემპერატურის დღეებში მომხმარებელი პოსტებში უფრო ხშირად იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც მის დეპრესიულ მდგომარეობაზე მიანიშნებს.
მსოფლიო
ჩვენი პლანეტის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +70.7°C 2005 წელს აღინიშნა დეშტე–ლუტის უდაბნოში (ირანი), ყველაზე დაბალი კი, –89.2°C – ანტარქტიდაში.
დედამიწის მიწისპირა ფენის საშუალო ტემპერატურა +15°C-ია.
აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს, NASA-ს მონაცემებით, ჩვენი პლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ XIX საუკუნის ბოლოდან თითქმის 0.9°C-ით მოიმატა, რაც ძირითადად ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე გამონაბოლქვების მოჭარბებამ განაპირობა. ტემპერატურის ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ბოლო 35 წლის განმავლობაში, ხოლო 2010 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთი წელი ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო გამოდგა. 2016 წელი, თავისთავად, არა მარტო კიდევ უფრო ცხელი აღმოჩნდა, არამედ 12-იდან 8 თვე (იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ოღონდ ივნისის გამოკლებით), ყველა სხვა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით – მაღალი საშუალო ტემპერატურით გამორჩეულიც. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, 2017 წელიც სამი რეკორდულად ცხელი წელიწადის რიცხვში შედის (2015, 2016, 2017) – შეინიშნება კლიმატის გრძელვადიანი ცვლილების ტენდენცია, რასაც, თავის მხრივ, ატმოსფეროში სათბურის გაზების დაგროვება იწვევს.
XXI საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა 1.1–6.4°C-ით. 2015 წელს 200-მდე ქვეყანა შეუერთდა პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს არის გლობალური ძალისხმევა იმისათვის, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით დედამიწის ტემპერატურამ 2°C-ზე მეტით არ მოიმატოს.
საქართველო
საქართველოში კლიმატის ცვლილების პროცესის ნიშნები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა გლობალური დათბობით გამოწვეული ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობა და სიხშირე, გახშირდა გვალვები, შავი ზღვის სანაპირო ზონაში გაძლიერდა ნაპირის ეროზიისა და ჩარეცხვის პროცესი, დიდი კავკასიონის მყინვართა ფართობი 6-9%-ით შემცირდა.
გასული 55 წლის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურა მხოლოდ იმატებდა (მაქსიმალური ნაზარდი აღმოსავლეთ საქართველოში, +0.7°C დედოფლისწყაროშია, დასავლეთ საქართველოში, +0.6°C – ფოთში). მომავლის პროგნოზით, 2050 წლისათვის, 1986–2010 წლებთან შედარებით, ტემპერატურა ყველაზე მეტად აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რეგიონებში მოიმატებს (1.61.7°C-ით), ხოლო 2100 წლისათვის ტემპერატურის უდიდესი ნაზარდი (+ 4.2°C) ბათუმშია მოსალოდნელი.
1884 წელი
2017 წელი
გლობალური ტემპერატურული ანომალიები 1880-2017
რუკა ასახავს გლობალური ტემპერატურის ცვლილებას 1884 წლიდან. ლურჯი ფერით აღნიშნულია საშუალო მაჩვენებელზე დაბალი ტემპერატურის, ხოლო წითელი ფერით – საშუალოზე მაღალი ტემპერატურის არეალები.
წყარო: NASA/GISS
კრედიტი: NASA Scientific Visualization Studio