ბავშვის დამოუკიდებლობის გზამკვლევი მშობლებისთვის
„მე თვითონ“ – ბავშვის პირველი გამოხატული პრეტენზიაა დამოუკიდებლობისთვის. თუმცა ხშირად მშობლები ამ მოთხოვნას არც ისე სერიოზულად აღიქვამენ. არ აძლევენ ბავშვს მისი დაკმაყოფილების უფლებას, რითაც გაუაზრებლად ზიანს აყენებენ მის შემდგომ განვითარებას.
ფსიქოთერაპევტ მზია დალაქიშვილთან ერთად განვიხილავთ, ალბათ ყველა მშობლისთვის ნაცნობ, ბევრისთვის კი ყოველდღიურ სიტუაციებსა და მათ შესაძლო შედეგებს:
„შენ ვერ ჭამ კარგად და ყველაფერს დასვრი. მე გაჭმევ.“
„მე რომ მშია და ჩემს ულუფას თავადვე ვჭამ, ეს უკვე ნიშნავს, რომ უფრო მეტად ვგრძნობ ჩემს თავს. საკუთარი მოთხოვნილების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება ბავშვს ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს და ავითარებს როგორც მის ემოციურ, ასევე მოტორულ მხარეს.
როცა მშობელი ამის საშუალებას არ აძლევს, ამით ის ბავშვს ეუბნება, რომ “შენ ჩემზე ხარ დამოკიდებული და უჩემოდ ვერ იზამ”. და ეს არის ზუსტად ის მომენტი, რის გამოც მერე ინფანტილურ ადამიანებად ყალიბდებიან და დიდობაშიც თავისით ვერაფერს წყვეტენ. ჰგონიათ, რომ ყველაფერი უნდა ჰკითხონ მშობელს, ან ყველაფერში დამოკიდებული იყონ სხვაზე.“
„მე რასაც გეტყვი, იმას ჩაიცვამ.“
„ამ შემთხვევაში მშობლების ცოტა მესმის, რადგან ბავშვს სეზონურობის აღქმა არ აქვს. თუმცა ძალიან მარტივია – მხოლოდ სეზონური ტანსაცმელი დატოვეთ გარდერობში და იქ უკვე რაც მას უნდა, ის ჩაიცვას. მანდ უკვე ვეღარ ვუგებ მშობელს, როცა მაინცდამაინც წითელი ფეხსაცმელი უნდათ და მწვანე პიჯაკი და არა პირიქით. ბავშვია და არა უშავს, თუ ვერ შეახამა. მთავარია, დაიკმაყოფილოს თავისი კრეატიული სურვილი.
სადაც ბავშვი არ ზიანდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ თვითონ აირჩიოს. რაც მეტი თავისუფლება ექნება არჩევანში, მით მეტად ჩამოუყალიბდება საკუთარი თავის რწმენა და იმის განცდა, რომ პიროვნებაა.”
ბავშვი რაღაცას გვთხოვს, წინასწარ ვეტყვით, რომ არ გამოუვა. მერე მივცემთ საშუალებას, რომ ცადოს და წარუმატებლობის შემთხვევაში: „აი, ხომ ვიცოდი! ხომ გეუბნებოდი?!“
„ამით მას ვუჩენთ წარუმატებლობის განცდას. რასაკვირველია, ბავშვს შეეშინდება და იტყვის – „საერთოდ აღარ მინდა, აღარ გავეკარები“. ან თუ გაეკარება, სულ შიში ექნება, რომ არ დაისვაროს, არ დააგდოს და ჩამოუყალიბდება ან პერფექციონიზმი – რომ არასდროს არაფერი უნდა შეეშალოს, ან დაბალი თვითშეფასება იმის გამო, რომ იმედგაცრუებული დატოვა დედა – „დედამ მითხრა, რომ შემეშლებოდა და დიახაც, შემეშალა და ვერ ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო“.
არადა, რაც უფრო მეტი შეცდომის დაშვების უფლებას მივცემთ ბავშვობაში თავს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ დიდობაში იგივე შეცდომები გავიმეოროთ. მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი ჩამოყალიბდება თვითკმარი, თავის თავში დარწმუნებული, რომელმაც იცის რას აკეთებს, როგორ აკეთებს. საკუთარი სურვილი იცის.“
თუმცა დამოუკიდებლობის მოთხოვნილება ბავშვს აქვს იქამდეც, სანამ ამის სიტყვით გამოხატვას შეძლებს. თავისით გადაადგილების, ნივთების ხელში დაჭერის, პირით გასინჯვის სურვილი დაბადებიდანვე ჩნდება.
„მე რომ აქ დავსვა ჩემი 9 თვის ბავშვი, გახოხდება ყველგან, მივა ფარდასთან, ადგება მშვენივრად. რაღაც ალბათობა არის, რომ წაიქცეს, მაგრამ ძალიან ეცდება, რომ არ წაიქცეს. მე მაქვს ორი ვარიანტი: მივცე საშუალება, რომ თვითონ მოსინჯოს თავისი თავი, წაიქცეს და თვითონვე ადგეს, ანუ რაღაც ნაბიჯების დამოუკიდებლად შესრულების საშუალება მივცე. ან შემეშინდეს, რომ ვაიმე, არ წაიქცეს, ხელჩაჭიდებული მყავდეს და ვაწვალო.
მე ამას წვალებას ვეძახი იმიტომ, რომ ბავშვს ყველა ეტაპზე აქვს მოთხოვნილება, რომ რაღაცები თვითონ გამოცადოს და ამით შეიმეცნოს როგორც სამყარო, ისე საკუთარი თავი. თუ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ, ის განვითარდება, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო გვიან, ან განვითარებაში არ ექნება რაღაც ისე, როგორც წესი და რიგია და ან მივიჯაჭვებთ და გავხდით ისეთ დამოკიდებულს, რაც შემდეგ უკვე პრობლემად მოგვეჩვენება.”
მსგავსი სიტუაციების განხილვასა და შესაბამის რეკომენდაციებს ძალიან ხშირად მოსდევს ხოლმე მშობლებისგან ერთგვარი „ჩამჭრელი“ კითხვები:
კითხვა 1: „აბა, მივუშვათ ბავშვი და ცხვირ-პირი მოვატეხინოთ?“
რა თქმა უნდა, არა. ბავშვისთვის დამოუკიდებლობის მიცემა არ ნიშნავს არც მშობლის უყურადღებობას, არც ბავშვის უარყოფას და არც სიფრთხილის დავიწყებას. რასაკვირველია, 2 წლის ბავშვს დამოუკიდებლად სიარულის უფლება არ უნდა მისცეთ სამანქანო გზაზე, ან მისთვის ნებისმიერ საფრთხის შემცველ ადგილას. თუმცა სწორედ დამოუკიდებლობასა და სიფრთხილეს შორის გონივრული ზღვარის გავლებაა ამ შემთხვევაში მშობლის მთავარი გამოწვევა და პასუხისმგებლობა.
„იყო ფრთხილი და წინდახედული, არის სხვა და გეშინოდეს რამის – სხვა. ყველას ვურჩევდი, რომ შიშის სინდრომს თვითონ მიხედოს, გათავისუფლდეს სულ უარყოფითის მოლოდინისგან, მაგრამ სანაცვლოდ იყოს დაკვირვებული, წინდახედული, ენერგიული მშობელი, რომელიც მუდმივად მზად არის, გაჩნდეს იქ, სადაც ბავშვია და თუ მას დასჭირდება მშობლის დახმარება – დაეხმაროს. მაგრამ არ დაასწროს მანამ, სანამ ბავშვი თავად არ მოითხოვს.
რასაც შენ ხვდები, იმას შენი შვილი ვერ მიხვდება. მას გაცილებით დიდი დრო და მეტი გამოცდილება სჭირდება ამის მისახვედრად. და შენ ამის საშუალება უნდა მისცე. თუმცა შენი იქ დგომით, გაფრთხილებებით, მაგრამ არა მზა რეცეპტით – „ამას თუ იზამ, ისე მოგივა“ – ეს პირდაპირ აზიანებს ბავშვს, უნერგავს შიშს.“
კითხვა 2: „ყველაფრის უფლება მივცე და მერე თავნება გაიზარდოს?!“
ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვის ქცევას გარკვეული ჩარჩო სჭირდება – წესები, რომლებსაც ის უბრალოდ ემორჩილება. თუმცა აუცილებლად იცის – რატომ.
„ეს ჩარჩო გულისხმობს, მაგალითად, იმას, რომ ვწვებით ამა და ამ დროს, ყოველი ჭამის წინ ვიბანთ ხელებს, სანამ გადასასვლელზე გადავალთ, ვუყურებთ შუქნიშანს. მსგავს წესებს პირდაპირ ვაწვდით ბავშვს და როგორც ჩვენ – ისიც ემორჩილება. მაგრამ ამ ჩარჩოში უკვე თავისუფლებას ვაძლევთ. მე რომ შენ ჩარჩოს გიწესებ, რომ კონკრეტულ დროს ჭამო და მანამდე აუცილებლად ხელები დაიბანო, მერე იმის თავისუფლებასაც გაძლევ, რომ რამდენიც შენ გინდა, იმდენი ჭამო და თუ გინდა, ჩანგლით ჭამო და თუ გინდა – ხელით. კი, წესია, რომ სახლში რომ მოხვალ, ფეხზე უნდა გაიხადო, მაგრამ რომელ ჩუსტს აირჩევ, ამის არჩევანს გიტოვებ. არ გხდი ბოლომდე ჩემზე დამოკიდებულს. თუმცა გეხმარები, რომ მოგცე სწორი მიმართულება.“
ჩარჩო ყველა ოჯახში ინდივიდუალურია (გონიერების ფარგლებში), ისევე როგორც ყველა ბავშვი და ყველა ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ყველა მშობელმა ერთნაირად უნდა გაითვალისწინოს:
„კარგი მშობელი არის ის, ვინც ბავშვს აძლევს საშუალებას, განვითარდეს, თუნდაც შეცდომის გზით. თუმცა ეს შეცდომა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს საზიანო. და კარგი მშობელი არის ასევე ის, რომელსაც აქვს ნებისყოფა, მოთმინება, ენერგია და სიყვარული იმისა, რომ ბავშვთან ერთად შეძლოს, იყოს „გამომძიებელი“.
ამ პროცესის სწორად მართვით ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და თვითრწმენა. მომეცა საშუალება – წავიქეცი, მერე ავდექი და აღარ წავიქეცი. ჩემს შეცდომებზე ვისწავლე მშვენივრად. მაგრამ თუ წავიქეცი და მივიღე შენიშვნა, რომ „ხომ გითხარი, უჩემოდ აღარ იარო“ – მე შეიძლება, საერთოდ აღარ გავიარო უშენოდ. ვხდები შენზე დამოკიდებული, ჩემი თავის აღქმა უშენოდ აღარ მაქვს და მუდმივად ვარ ჩრდილის ქვეშ. რომელი ჯობია, თვითონ გადაწყვიტონ მშობლებმა.
მთავარი აზრი, რისი მოწოდებაც მინდა, არის, რომ თქვენ არ აკეთოთ მის მაგივრად რაღაცები. სიტყვით ეცადეთ, წახალისებით ეცადეთ, რომ თვითონ გამოცადოს ყველაფერი, დაწყებული ხელის დაბანიდან, დამთავრებული ხაჭაპურის გამოცხობით. აცდევინეთ, დაისვაროს, თვითონ გაიგოს, რა პროცესია და ერთ მშვენიერ დღეს თავად გააკეთებს ძალიან გემრიელს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს დაძალებით. შენ შესთავაზე, წაახალისე, მაგრამ თუ გეტყვის, რომ არ უნდა, თავი უნდა დაანებო. თუ წამოგყვება, მიეცი საშუალება, რომ, თუნდაც დაუვარდეს ის საპონი, თავისი ხელები თვითონ დაიბანოს.
მაგრამ ისიც არაა სწორი, რომ „ახლა მაინცდამაინც ადექი და შენით დაიბანე“.
გაიცანით თქვენი შვილები – ესაა მთავარი. უსმინეთ ბავშვებს, ვის რა სჭირდება. ტყუილად არავინ არაფერს ითხოვს.”