გაჯეტომანია: ჰიუნდაის აუდიოსისტემა, მობილურის დრონი და მოძრავი მაგიდა საწოლში მონებივრეთათვის


გააზიარე სტატია

AT.ge-ს „გაჯეტომანია“ გაგაცნობთ უახლეს გამოგონებებსა და ტენდენციებს ტექნოლოგიური ინოვაციების სამყაროდან.

 

  • ავტომობილების მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა კომპანია Hyundai Motors-მა  ახალი ტექნოლოგია SSZ (Separated Sound Zone) დაანონსა. მისი დახმარებით ავტომობილის სალონში ყოველი მგზავრისთვის იქმნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აკუსტიკური სივრცე. შესაბამისად, მომხმარებელი ყურსასმენების გარეშე შეძლებს მოუსმინოს  სასურველ მუსიკას, თანაც ისე, რომ ხელი არ შეუშალოს გვერდით მჯდომის არჩევანს.

SSZ-ის ტექნოლოგია სალონში ინტეგრირებული რამდენიმე აუდიო  მონიტორისგან შედგება, რომლებიც ბგერის პროეცირებას, სავარძლების მიხედვით, კონკრეტული მიმართულებით ახდენენ. პროგრამა კი, სხვა „უცხო“ ბგერების დახშობას უზრუნველყოფს.  

 

საინტერესოა ისიც, რომ სისტემა ხელს არ უშლის მგზავრებს შორის დიალოგს. სურვილის შემთხვევაში კი, მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს სპეციალური რეჟიმი და მობილური ტელეფონით ისე ისაუბროს, რომ სხვა მგზავრები ვერაფერს გაიგონებენ.

Hyundai Motors-ის წარმომადგენელთა თქმით, SSZ-ის სისტემის ავტომობილებში ინტეგრირებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

 

  • ე.წ. სელფი-ფოტოგრაფიის პოპულარობასთან ერთად იზრდება ტრენდის მხარდამჭერი სხვადასხვა ტექნოლოგიების რაოდენობაც. არცთუ დიდი ხანია, ამ ბაზარზე შემოვიდნენ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიებიც.

 

2016 წელს კომპანია AirSelfie-მ გამოუშვა მინიატიურული დრონი სელფი-ფოტოგრაფირებისთვის. სულ ახლახან კი მომხმარებელს ტექნოლოგიის მეორე, გაუმჯობესებული მოდელი შესთავაზეს.

AirSelfie 2-ის დიზაინი არ შეცვლილა, ასევე იდენტური დარჩა ფუნქციებიც. გაუმჯობესდა კამერა, მისი მონაცემები 5-დან 12 მეგაპიქსელამდე, ხოლო მეხსიერება 5გბ-დან 16გბ-მდე გაიზარდა. 1080p რეზოლუციით, ფოტო-ვიდეოგადაღების ხანგრძლივობა 3-დან 5-წუთამდე შეიცვალა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალ მოდელში ინტეგრირდა ახალი თაობის აკუმულატორი.

 

AirSelfie 2-ის პილოტირება და შესაბამისად, ფოტო-ვიდეოგადაღება ხდება მომხმარებლის სმარტფონში ინსტალირებული პროგრამით. დრონი გადასაღები ობიექტის 20 მეტრის რადიუსში დაფრინავს და სამუშაოს დასრულების შემდეგ მომხმარებლის ხელისგულზე ეშვება.

AirSelfie 2-ის მფლობელს შეუძლია, გადაღებული მასალა სმარტფონიდანვე ატვირთოს სოციალურ ქსელებში, მოწყობილობის მეხსიერების ბარათზე დამახსოვრების გარეშე.

 

ტექნოლოგია 200$ ღირს.

 

  • ვისაც საწოლში ნოუთბუქით მუშაობა, საუზმე, კომპიუტერული თამაშები ან ფილმების ყურება უყვარს, შესაძლოა, დააინტერესოს ტექნოლოგიამ – Bedchill.

 

ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქციის მაგიდა, რომელიც ნოუთბუქის სადგარის, ლანგრის, საუნდბარისა და გაჯეტების დამტენის ფუნქციებს ითავსებს.

 

მოწყობილობა ბორბლებიანი ფეხებით გადაადგილდება და გააჩნია სიმაღლის რეგულირების სისტემაც. მაგიდის კუთხეებში დამონტაჟებულია USB-ის 2 პორტი და 2 როზეტი, ასევე შუქდიოდური სანათები და აუდიომონიტორები. გარდა ამისა, Bedchill-ს აქვს ორი მოძრავი უჯრა, სხვადასხვა ნივთების შესანახად.

 

მომხმარებელს, სურვილისამებრ შეუძლია მაგიდასთან მანძილის კონტროლი – ნოუთბუქით მუშაობისას მაგიდა ახლოს მოდის, ხოლო დიდ მონიტორზე ფილმების ყურებისას კი მოწყობილობა ბორბლების მეშვეობით საწოლიდან მოშორებით გადაინაცვლებს.

 

მწარმოებელთა თქმით, აუდიოსისტემა მაღალი ხარისხისაა და სანათებთან ერთად, მაგიდაში ინტეგრირებული პულტით იმართება.

 

დენის წყაროს Bedchill სპეციალური სადენით უკავშირდება, რომელიც მომხმარებელს სასურველ ზომაზე შეუძლია დაარეგულიროს.

 

კომპანია მწარმოებელს Bedchill-ის ორ ვერსიას სთავაზობს: Plus-ს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას ითვალისწინებს და Basic-ს – აუდიოსისტემის, USB-ისა და სანათების გარეშე.

 

პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს მისთვის სასურველი ზომის მაგიდას უმზადებს. გათვალისწინებულია კონსტრუქციები როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი საწოლისათვის.

 

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Kickstarter.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.