საცხოვრებელ სახლებს ტეხასური კომპანია პრინტერით აშენებს
მსოფლიოში პირველ, 3D პრინტერით შექმნილ სამეზობლოში სახლები ერთ დღეში, 4000$-ად აშენდება
ტექნოლოგიებს ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ მოგებას ემსახურება. განვითარებულიდან განვითარებად ქვეყნებში ისეთი ტექნოლოგიების მოხვედრას, რომლებიც მათ ნამდვილად დაეხმარებოდა, ზედმეტად დიდი დრო სჭირდება ხოლმე.
ICON-მა, სამშენებლო კომპანიამ ტეხასიდან, ქალაქ ოსტინიდან, და New Story-მ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე მუშაობს, 3D პრინტერი შექმნეს, რომელიც საცხოვრებლად ვარგის სახლებს სულ რაღაც 4000$-ად ააშენებს.
პრინტერს, სახელად „ვულკანი“, ცემენტისგან დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ერთსართულიანი შენობის აგება 12-24 საათში შეუძლია. და როგორც ინოვაციის ტრაექტორიის შებრუნების სიმბოლოს, ეს ორგანიზაციები 3D პრინტერს ლათინურ ამერიკაში დაამონტაჟებენ, იმისთვის, რომ მომავალ წლამდე სალვადორში მსოფლიოში პირველი 3D ტექნოლოგიით დაბეჭდილი სამეზობლო შექმნან.
სადემონსტრაციო სახლი ამჟამად ტეხასში, ოსტინში დგას. მას საერთო ოთახი, საძინებელი, აბაზანა და რკალის ფორმის შესასვლელი აქვს. სახლი 2018 წლის SXSW კონფერენციაზე მარტის დასაწყისში წარადგინეს.
შენობებში გამოყენებული მთავარი მასალა პორტლადცემენტია. ისინი მშენებლობის საერთაშორისო კოდექსის (IBC) სტანდარტების მიხედვით იგება და სავარაუდოა, რომ მათი “სიცოცხლის ხანგრძლივობა” იმდენივე, ან უფრო მეტი წელი იქნება, ვიდრე ბლოკებით (CMU) შექმნილი სახლებისა. მართალია, ამ ეტაპზე დაახლოებით 75 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე შენობების აგება იგეგმება, თუმცა, რადგანაც პრინტერი რელსებზე, ღერძის გასწვრივ მოძრაობს, თეორიულად მას მოქმედების ულიმიტო არეალი აქვს.
კომპანიებმა პროექტის სალვადორში განხორციელება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ, მათი აზრით, 3D ტექნოლოგიებით დაბეჭდილ სახლებს შეუძლია იმ რეგიონის განვითარებაში, სადაც თავშესაფრების ნაკლებობაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. მათ თანხების მოზიდვის კამპანიაც წამოიწყეს, რათა დონორებმა ოჯახებისთვის სახლების აგების დაფინანსება შეძლონ.
ლათინურ ამერიკაში ფაველებსა და მსგავსი ტიპის დასახლებებში 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო „უსახლკაროთა თავშესაფარი“ ან ანალოგიური სერვისი, როგორც წესი, არ არსებობს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინოვაციური სახლების ადამიანის ხელით მიერ შექმნილი ეკვივალენტის აგებისათვის 13-დან 20 დღემდეა საჭირო და ის შრომისა და დროის გამო გაცილებით მეტი შეიძლება დაჯდეს. იმედია, „ვულკანის“ არსებობის პირობებში მომხმარებლები შეძლებენ სახლი გადმოწერონ, დაბეჭდონ და მასში იმავე დღეს საცხოვრებლად გადავიდნენ – და შემდეგ იქ თაობებმა იცხოვრონ.
ავტორი: კეშია ბედელჯი
წყარო: https://archdaily.com/