fbpx

Amazon-ის ჯეფ ბეზოსმა შეხვედრებზე PowerPoint-ი აკრძალა


გააზიარე სტატია

თავის 2018 წლის ყოველწლიურ წერილში Amazon-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის კომპანიაში შეხვედრებზე PowerPoint-ის გამოყენება აკრძალულია.

ის, რითაც ბეზოსმა პრეზენტაციის ეს ფორმა ჩაანაცვლა, ანტერპრენერებსა და ლიდერებს კიდევ უფრო ღირებულ ინფორმაციას აწვდის.

თავის წერილში, ისევე როგორც ბუშის ცენტრში ლიდერობის ფორუმზე ახლახან გამართულ დისკუსიაში, ბეზოსმა აღნიშნა, რომ „თხრობითი სტრუქტურით“ გადმოცემული აზრი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე PowerPoint. მისი თქმით, Amazon-ში მოსული ახალი მენეჯერები შეხვედრებზე კულტურულ შოკს იღებენ ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ PowerPoint-ის სლაიდზე სიის სახით ჩამოწერილი სიტყვები იკითხოს, შეხვედრის ყველა მონაწილე ნახევარი საათის განმავლობაში ჩუმად ზის და ეცნობა „ექვსგვერდიან წერილს, რომელსაც თხრობითი სტრუქტურა აქვს და რეალური წინადადებებით, არსებითი სახელებითა და ზმნებითაა შექმნილი.“

მას შემდეგ, რაც კითხვას დაასრულებენ, მონაწილეები საკითხის განხილვაზე გადადიან. „ამ მეთოდს ტიპური PowerPoint-ის პრეზენტაციასთან შედარებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს“, – განაცხადა ბეზოსმა.


აქვე შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, თუ რაში მდგომარეობს ეს უპირატესობები.


Matthew Cooper Photography

 

  • ჩვენი ტვინები ამბების მოყოლისა და მოსმენისთვისაა განვითარებული.

ამბების მოყოლა და მოსმენა შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ჩვენი სახეობის გადარჩენისთვის, როგორც საკვები, მაგრამ მასთან საკმაოდ ახლოს იდგა.

ანთროპოლოგები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანებმა ცეცხლის გამოყენება ისწავლეს, ეს მათი განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ჩვენს წინაპრებს ასე საკვების მომზადება შეეძლოთ, რაც დიდი პლუსი გახლდათ. თუმცა, ამ ფაქტს სხვა დადებითი მხარეც ჰქონდა: ადამიანები კოცონის გარშემო ისხდნენ და ერთმანეთს ისტორიებს უყვებოდნენ. ეს ისტორიები ინსტრუქციის, გაფრთხილებისა თუ ინსპირაციის  ფუნქციას ასრულებდა.

ახლახან მე ცნობილ ნეირომეცნიერებს ვესაუბრე, რომელთა ექსპერიმენტები იმას ადასტურებენ, რაც საუკუნეებია ვიცით: ადამიანის ტვინი ამბების მოსმენისთვისაა განვითარებული. ჩვენ სამყაროს  ისე აღვიქვამთ, როგორც მოთხრობას, თხრობით ფორმატში ვსაუბრობთ და – რაც ლიდერობისას ყველაზე მნიშვნელოვანია – ინფორმაციას უფრო უკეთ ვიმახსოვრებთ, როცა ის ამბის ფორმითაა მოცემული და არა სიის სახით ჩამოწერილი.


Ydraw.com

  • ამბები უფრო დამაჯერებელია.

არისტოტელე თავის იდეებში ადამიანების დარწმუნების დიდოსტატი იყო. 2000 წელზე მეტი ხნის წინ მან დაასახელა სამი ელემენტი, რომელიც ყველა დამაჯერებელ არგუმენტს უნდა ჰქონდეს, რათა მან მიზანს მიაღწიოს. ესენია: ეთოსი, ლოგოსი და პათოსი. ეთოსი პირის ხასიათი და სანდოობაა. ლოგოსი ლოგიკაა – არგუმენტი ლოგიკასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. მაგრამ მხოლოდ ეთოსი და ლოგოსი პათოსის, ანუ ემოციის არარსებობისას ვერაფერს გახდებიან.

ემოცია ცუდი რამ არაა. ისტორიაში არსებულ ყველაზე დიდ მოძრაობებს იმ ადამიანებმა დაუდეს სათავე, რომლებსაც რაციონალური და ემოციური კომპონენტების შეჯერების უნარი ჰქონდათ: აბრაამ ლინკოლნი და მარტინ ლუთერ კინგი; და ჯონ კენედი, რომელმაც ამერიკის მთვარის მისიის განსავითარებლად მეცნიერება და ემოცია ერთმანეთს შეუხამა.

ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ემოციით გამოწვეული იმპულსები ტვინამდე ყველაზე მოკლე დროში აღწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გსურთ, რომ თქვენი იდეები გავრცელდეს, ამბის მოყოლა მისი სხვა ადამიანის გონებაში მოსახვედრად საუკეთესო საშუალებაა.

„სიმართლე გითხრათ, ბიზნესში პირადი ისტორიების ანალიზის დიდი გულშემატკივარი ვარ, – თქვა ბეზოსმა ლიდერობის ფორუმზე, როდესაც იმას ხსნიდა, თუ რატომ კითხულობს ხოლმე მომხმარებლების ელექტრონულ წერილებს და შემდეგ მათ შესაბამის მენეჯერებთან ამისამართებს. ხშირად, – ამბობს იგი, – მომხმარებლის მიერ გადმოცემული ამბავი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე მშრალი მონაცემები.

ბეზოსის თქმით, ამაზონი „ათასობით ალგორითმს“ იყენებს საკუთარი წარმატების შესაფასებლად. „მე შევამჩნიე, რომ როცა პირადი ისტორიები და ალგორითმები ერთმანეთს არ ემთხვევა, როგორც წესი, პირველია ხოლმე მართალი, – თქვა მან, – ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ დატა ინტუიციითა და ინსტინქტებით გადაამოწმო; და ეს ყველაფერი შუა და დაბალი რგოლის მენეჯერებსაც უნდა ასწავლო.“

ბეზოსს აშკარად კარგად ესმის, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ლოგიკა (დატა) და პათოსი (ამბავი) ერთმანეთს ავსებდეს.


 

The Ohio State University

  • სიის სახით ჩამოწერილი სიტყვები იდეების გასაზიარებლად ყველაზე არაეფექტური საშუალებაა.

შარშან დავწერე სტატია, სათაურით “Google-ის დირექტორი სიით სახით ჩამოწერილ სიტყვებს არ იყენებს. შენც ასე უნდა მოიქცე.“  Google-ის დირექტორი მათ დღესაც არ იყენებს. ასე იქცევა ჯეფ ბეზოსიც, ელონ მასკიც, რიჩარდ ბრენსონიც და მსოფლიოს ყველაზე შთამაგონებელი  მოსაუბრეების უმეტესობა.

სიები ჩვენში შთაგონებას  არ იწვევენ, ისტორიები – კი.

მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი ისე არაა აგებული, რომ ისეთი ინფორმაცია შეინახოს, რომელიც სლაიდზე სიის სახითაა ჩამოწერილი. ნეირომეცნიერებისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ამბებს ბევრად უფრო იოლად ვიხსენებთ, როცა სურათს ვხედავთ, ვიდრე სლაიდზე ტექსტის წაკითხვის შემთხვევაში.

ვიზუალებს ბევრად, ბევრად უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე მხოლოდ ტექსტს. ამიტომ, თუ სლაიდების გამოყენებას გადაწყვეტთ, სურათები უფრო მეტად გამოიყენეთ, ვიდრე სიტყვები – და ეს უკანასკნელი სიის სახით არ ჩამოწეროთ. არასდროს.

ფორუმზე დისკუსიისას ბეზოსმა თქვა, რომ იგი სიამოვნებით გაატარებდა მთელ შეხვედრას თხრობაზე საუბარში. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ამ საკითხს ნამდვილად სწავლობს და მისით არსებითად დაინტერესებულია.

თქვენც ასე დაინტერესებული უნდა იყოთ. ამბები ინფორმაციას გვაწვდიან, განგვანათლებენ და ჩვენში ინსპირაციას იწვევენ – ანუ, ყველაფერ იმას აკეთებენ, რის მიღწევასაც ასე ცდილობენ საქმიანი ადამიანები.

 

ავტორი: ქარმინ გალო
სპიკერი და ავტორი წიგნისა „ხუთი ვარსკვლავი: კომუნიკაციის საიდუმლოებები – როგორ მივიდეთ კარგიდან შესანიშნავამდე“ @carminegallo

ორიგინალი: https://inc.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.