22 აგვისტო დილიდან
ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” ევროპული კინოაკადემიის 2018 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა
აკადემიის მიერ დასახელებულ 49 ფილმს შორის, ქართველი რეჟისორის ნამუშევრის გარდა, ფონ ტრიერის, პავლიკოვსკის, ჩეილანის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმები მოხვდნენ.
წყარო: GNFC – Georgian National Film Center
2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანტიკული კომედიის, “CRAZY RICH ASIAN”-ის რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ ფილმის გადაღებისას ბენდ COLDPLAY-სათვის მიწერილი წერილი გაასაჯაროვა
წერილში რეჟისორი ბენდის წევრებს სთხოვს, ნება მისცენ ფილმის ერთ-ერთ საუნდტრეკად მათი ცნობილი კომპოზიცია YELLOW გამოიყენოს. ამასთან რეჟისორი COLDPLAY-ს უხსნის, რომ ამ სურვილს არაფერი აქვს საერთო რასიზმთან. როგორც ჩანს, ბენდის წევრები ჯონ ემ ჩუს გულახდილობამ მოხიბლა, რამდენადაც აღნიშნული სიმღერის ქავერი ფილმის ერთ-ერთი ფინალური სცენის საუნდტრეკია.
წყარო:https://mashable.com/
ილონ მასკმა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი კარიერის ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა
21-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბიზნესმენმა და ვიზიონერმა ვრცელ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ წარმატებული კარიერა ზოგჯერ იმაზე რთულია, ვიდრე ეს შეიძლება წარმოგვედგინოს. მასკის თქმით, გარკვეული პერიოდი ის კვირაში 120 საათს მუშაობდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე და ნერვულ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედა. მასკმა ამ პერიოდს მტკივნეული და მისთვის ყველაზე რთული წლები უწოდა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
კოლუმბიის მთავრობამ კოკაინთან საბრძოლველად დრონების გამოყენება დაიწყო დრონების სპეციალური სათავსოები იმ მცენარის გამანადგურებელი წამლით არის დატვირთული, რომლისგანაც კოკაინს აწარმოებენ.
ამჟამად პროექტი საპილოტე ეტაპზეა და პროცესში მხოლოდ 10 დრონია ჩართული.
წყარო: https://nypost.com/
ნასას მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე წყლის ყინული აღმოაჩინეს
აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მეცნიერების განმარტებით, წყლის საკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, მთვარეზე ექსპედიციების ჩატარება მნიშვნელოვნად გამარტივდება და მკვლევრები მასზე გარკვეული დროით დარჩენასაც კი შეძლებენ.
წყარო: https://www.nbcnews.com/
ქართველი რეჟისორის გადაღებული მუსიკალური ვიდეორგოლი MTV VIDEO MUSIC AWARDS-ის გამარჯვებული გახდა
ვიდეო რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა არტისტ AVICII-ისთვის გადაიღო. სწორედ ამ ვიდეორგოლისთვის გადაეცა AVICII-ს MTV VIDEO MUSIC AWARDS-ის ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო საცეკვაო მუსიკის ვიდეო.
წყარო: https://electronauts.adjara.com/electronauts/news/1643
საქართველომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოს მასშტაბით მე-5 ადგილი დაიკავა
კვლევა ღვინის ეკონომისტების ამერიკულმა ასოციაციამ (merican Association of Wine Economists) გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა 2014 – 2016 წლის მონაცემებს შეეხება.
წყარო: http://agenda.ge/en/news/2018/1753
MTV VMA-ზე მომღერალ მადონას გამოსვლამ საზოგადოება გააღიზიანა მადონამ ცერემონიალზე არეტა ფრანკლინის პატივის მისაგებად სიტყვა წარმოთქვა
მომღერლის თქმით, არეტა ფრანკლინმა მისი ცხოვრება შეცვალა – თავისი კარიერის დასაწყისში სწორედ ფრანკლინის კომპოზიციის შესრულებით მოხიბლა ერთ-ერთი კასტინგის ჟიური. წარმოთქმულ სიტყვას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მადონამ არეტა ფრანკლინის სახელი გამოიყენა და სინამდვილეში ეს გამოსვლა საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება იყო. მადონამ მალევე უპასუხა უარყოფით გამოხმაურებებს და განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა მას არეტა ფრანკლინთან დაკავშირებული სახალისო ისტორიის მოყოლა სთხოვეს.
წყარო: https://www.bbc.com/news/entertainment-arts-45255901
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა
სიახლე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. კომისია სულ 9 წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან: კინორეჟისორი დიმიტრი მამულია, სცენარისტი გივი-ბესიკ ოდიშარია, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, მსახიობი ია შუღლიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, სცენარისტი კოტე ჯანდიერი, კინომცოდნე ნინო მხეიძე და კინორეჟისორი ლევან კიტია.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს:
- „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
- „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
- „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
- „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
- „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
- „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი იქნება.
წყარო: http://www.gnfc.ge/geo/news/1584