ბლუზი კახეთში: ლაგოდეხი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს
ავტორი: გიორგი კაკაბაძე
ზაფხულში, ლაგოდეხში, ორი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას ბლუზის მოყვარულებს სტილისტურად განსხვავებული და თვითმყოფადი მუსიკოსების ხილვის საშუალება ჰქონდათ.
ბლუზის ფესტივალის იდეა წლების წინ გაჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორი ვიქტორ კერვალიშვილი იხსენებს: „ჩვენი ეზო, საბურთალოზე, ვაჟას 47-ში, ბლუზ–ეზო გახლდათ. თუ ვინმე იყო ბლუზით გატაცებული, ყველა 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობდა – პირველი თაობის მუსიკოსები: კაკო ვაშალომიძე, თამაზ კაპანაძე, გია ძაგნიძე (უფროსი), შოთა ძაგნიძე, დათო თელია, თემურ ხინთიბიძე, ნუგზარ მამალაძე, შემდგომი თაობა – კოკა ცქიტიშვილი, გია ძაგნიძე. მთელმა ცხოვრებამ ბლუზ-გარემოში გაიარა. გული მწყდებოდა იმის გამო, რომ ბლუზი, ასეთი მაღალი ხარისხის ამერიკული მუსიკალური სუბკულტურა, რომელმაც დასაბამი მისცა ჯაზს, როკს, სოულს და სხვა ახალ მიმართულებებს, საბჭოთა პერიოდში იმპერიალისტურ კულტურად მიიჩნეოდა და იგნორირებული იყო. გავიდა წლები და როდესაც პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობდით, სწორედ ბლუზ ფესტივალის ფორმატი ავირჩიეთ.“
ფოტო: გია ძაგნიძე, შოთა ძაგნიძე, სერგეი ვორონოვი
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ფესტივალები და კონცერტები საქართველოში ძირითადად თბილისში და შავი ზღვის სანაპიროზე – ბათუმსა და შეკვეთილში იმართება, ორგანიზატორებმა ბლუზ-ფესტივალისთვის ადგილი ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში – ლაგოდეხში აირჩიეს.
პირველი ფესტივალი შარშან ზაფხულში გაიმართა. ვინაიდან ორგანიზატორებს მსგავსი ღონისძიების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდათ, არტ მენეჯერად ბლუზ-მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი მიიწვიეს. სამწუხაროდ ქართველი ბლუზმენი ღონისძიებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.
ვიქტორ კერვალიშვილი ამბობს, რომ იმ დროს ფესტივალი ჩაშლის პირას იყო: „კოკას გარდაცვალება იყო შოკი და ამ შოკიდან გარკვეულწილად მოსკოვიდან ჩვენმა მეგობარმა გია ძაგნიძემ გამოგვიყვანა, რომელიც ასევე თავიდანვე იყო ჩართული ფესტივალის მომზადების პროცესში. მუსიკოსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი გიამ უმოკლეს ვადებში ნაცნობობითა და პირადი კონტაქტებით მოაგვარა და ფესტივალიც ჩატარდა.“
ფოტო: შერონ ლუისი
წელს ლაგოდეხში შარშანდელი ფესტივალის ვარსკვლავები შერონ ლუისი და შანა ვოთერსთოუნი ისევ ჩამოვიდნენ. სიახლე იყო ამერიკიდან დეტრა ფარის, კენი „ბლუზ ბოს“ ვეინის და ჯეისი სმითის ჩამოსვლა, ბრიტანეთიდან – პოლ კოქსის და ქართველი ბლუზმენის, ირაკლი კიკვაძის, გერმანიიდან კი ბლუზ-კომპანის.
ფოტო: გია ძაგნიძე, შერონ ლუისი
ორგანიზატორებმა ფესტივალის დაწყებამდე, წლის პირველ ნახევარში თბილისში ბლუზ-კონცერტების სერია მოაწყვეს და რამდენიმე საინტერესო მუსიკოსი ჩამოიყვანეს, მათ შორის – გაი დევისი და თანამედროვე აკუსტიკური ბლუზის მნიშვნელოვანი ფიგურა კორი ჰარისი.
ფოტო: კორი ჰარისი
ეს კონცერტები ქართველ ბლუზმენებს აძლევთ უნიკალურ შანსს სცენაზე დაუკრან ბლუზის სამშობლოდან ჩამოსულ მუსიკოსებთან ერთად. ვეტერანი ბლუზ-როკ-მუსიკოსი შოთა ძაგნიძე ამბობს, რომ წლების წინ, როდესაც ბლუზის მოსმენა დაიწყო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შავკანიან ბლუზმენებთან ერთად სცენაზე დაკვრის შესაძლებლობა ექნებოდა: „ფესტივალის ხიბლი სწორედ ახალი მუსიკოსების გაცნობაა და ამ მხრივ გაგვიმართლა. ბევრი საინტერესო შემსრულებელი გავიცანით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დეტრა ფარის და შერონ ლუისის გამოსვლა.
ფოტო: კორი ჰარისი, შოთა ძაგნიძე
ჩიკაგო მაინც რჩება ბლუზის დიდ სამჭედლოდ და ამ ქალბატონებმა ეს დაადასტურეს. სამწუხაროდ დღეს აკუსტიკურ ბლუზს არ აქვს ის დაფასება, რასაც იმსახურებს, მაგრამ ვინც მოუსმინა კორი ჰარისს და გაი დევისს, მიხვდებოდა საიდან მოდის ის სიბრძნე, რაც ამ მუსიკაში დევს. პირადად მე კორი ჰარისისგან ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბლუზი უპირველეს ყოვლისა სიმღერაა და შემდეგ უკვე ინსტრუმენტული თანხლება.“
შარშან ფინანსების დიდი ნაწილი ორგანიზატორებმა ჰონორარებზე დახარჯეს, აპარატურას კი ქირაობდნენ, რის გამოც კონცერტებზე ხშირად ჟღერადობის მხრივ პრობლემები იყო. წლევანდელ ფესტივალს უკვე საკუთარი აპარატურით შეხვდნენ და ტექნიკური პრობლემებიც მინიმუმამდე შემცირდა. ფესტივალს უკვე ჰყავს მსმენელების არცთუ მცირერიცხოვანი, სტაბილური ჯგუფი.
ფოტო: ირაკლი კიკვაძე
ფოტო: პოლ კოქსი
ვიქტორ კერვალიშვილის შეფასებით, „ბლუზი უფრო მუსიკალურად კარგად განვითარებულ მსმენელს აერთიანებს და ამიტომ აუდიტორია თავიდან დიდი არ იყო. სწორი პრომოუშენი, რეკლამა და ნაცნობთა დიდი წრე გახდა ახალი მსმენელის მოზიდვის მიზეზი – ყოველ კონცერტზე სულ უფრო მეტი მუსიკის მოყვარული მოდის და უკვე ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი ბირთვი, რომელიც სისტემატურად ესწრება კონცერტებს. კონცერტზე ხშირად ჩნდებიან სასიამოვნოდ გაკვირვებული ტურისტები, რომლებიც ასეთი დონის შემსრულებლებს საქართველოს ამ რეგიონში არ ელოდნენ.“
ფოტო: ფესტივალის ორგანიზატორი ვიქტორ კერვალიშვილი მუსიკოსებთან ერთად
ფესტივალი 18 აგვისტოს სერგეი ვორონოვმა, შოთა ძაგნიძემ, გია ძაგნიძემ და მოდერნ-ბლუზ-ბენდმა დახურეს. ფესტივალის ორგანიზატორები მომავალ წელს ლაგოდეხში კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად ემზადებიან.
ფოტო: გია ძაგნიძე, შოთა ძაგნიძე, სერგეი ვორონოვი