fbpx

Echowaves დამწყებთათვის – რა ხდება ანაკლიაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ჰერმან სზაბო

“შიში, მძვინვარება, კოიკის ფასი, სად არის შინაგან სამინისთრო და Raxdebaaa ანაკლიაში”

 

გუშინ, 23-ში ჩამოვედით ანაკლიაში.

“ბინა იშოვეთ უკვე?” – მეკითხება ნუცა ტელეფონში – “რამეს გინახავ და მოგწერ”

“ეს ნათელა ბებიას ნომერია, დაურეკეთ და ფასზე დაელაპარაკეთ” – მწერს ცოტა ხანში.

ვრეკავ.

  • ფესტივალზე ხართ თუ ისე? – ეჭვით მეკითხება ქ-ნი ნათელა
  • რა ნიშვნელობა აქვს?
  • როგორ არა აქვს, გენაცვალე. სხვადასხვა ფასია. თუ ფესტივალზე მობრძანდებით – 20 ლარი და თუ ისე – 15.
  • ფესტივალზე მოვდივართ  – ნამუსმა შემაწუხა.

გულწრფელობისთვის, ნათელა ბებიამ “კოიკა 15 ლარად” პაკეტი შემოგვთავაზა და მისამართი გვითხრა.

თუმცა, სამი არცთუსანდომიანსახიანი მუტრუკის დანახვა მაინც არ გაუხარდა და მორიდებით გაარკვია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერი ესმოდა, ხომ არ ვიყავით დებოშიორი “ნარკოტისტები”. ჩვენ ვიუარეთ და ჩამოვუთვალეთ ყველა სტიმულატორი, ფსიქოდელიკი თუ ოპიატი, რომელიც აქამდე თვალითაც არ გვენახა. შევთანხმდით.

როგორც შემდგომში გაირკვა, ქ-ნმა ნათელამ რეკორდულად იაფად დაგვითმო ოთახი. სასტუმროები გადავსებულია, პლაჟთან ახლოს სახლებში საწოლს 40 ლარზე ნაკლებად ძნელად იშოვნით. კონდიციონერიან ოთახებში კი ადგილი 60-70 ლარადო.

ბარგი დავყარეთ და ბილეთ/სამაჯურების ასაღებად ხიდის დასაწყისთან რომ მრგვალი, დაუსრულებელი შენობაა, მანდ გაგვიშვეს. რიგები არ დაგვხვდა, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი სტაფი ემსახურება ამ პროცესს.

რიგები არც შესასვლელთანაა. ფესტივალის სტუმრებს დაცვის სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკენ (თუმცა, არ შეშინდეთ – საკმაოდ ზედაპირულად 😉 ).  იქვე კი სხედან შსს-ს თანამშრომლები, მაგრამ პროცესში არ ერევიან და უბრალოდ აკვირდებიან. მოკლედ – ზრდილობიანი სიტუაციაა.

შეგვიშვეს, ხიდის 540 მეტრი გადავიარეთ და Echowaves-ზე ვართ.



ფესტივალის ტერიტორიაზე პოლიციის ძალიან ბევრ თანამშრომელს შეხვდებით, რომლებსაც, ჩემდა გასაკვირად, შორტები აცვიათ. ვითომ არაფერი, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნო დეტალია. თან, დარწმუნებული ვარ, მათ უმეტესობას შორტი გარეთ არასოდეს სცმია და ეს აზრი ორმაგად გვახალისებს.

 


ძალოვანები ძალიან თავშეკავებულად იქცევიან და თითქმის არ რეაგირებენ ახალგაზრდების ლეგალურ გართობაზე. მეორე დღეა აქ ვართ და მხოლოდ ყურმოკვრით გავიგე ფესტივალის რამდენიმე სტუმრის შესახებ, რომლებსაც ტერიტორია დაატოვებინეს. ერთ “დაზარალებულს” რომ ვკითხე, არავის ერჩიან და შენ რატომ აგითვალისწუნეს-მეთქი, მიპასუხა – ასე მითხრეს, მინისტრის მოადგილეს შეაბოლეო 😀

შორტებში გამოწკეპილი პოლიციელების გარდა, პირველი, რაც ხიდის დასრულებისას, ხელმარცხნივ, თვალში მოგხვდებათ, ნაპირზე გამოთრეული, უზარმაზარი, დაჟანგული გემია, რომელზეც მასპინძელი “ლიმონა” ღვთაებრივ ფრეშებს ამზადებს. ვიზუალურად ესეთი მაგარი ვენიუ არცერთ ფესტივალზე მინახავს, ამ ბარში სტუმრობისას თავი გადასაღებ მოედანზე გეგონებათ, მართლა. ფოტოს სპეციალურად არ ვტვირთავ, ვერ გადავუღე კარგად – სჯობს თავად ნახოთ.

იქვე, მარცხნივ, მეორე გამორჩეული ლოკაციაა – ანაკლიის საიმიჯო სოკოსავით შენობა ხომ გახსოვთ? ჰოდა მაგ შენობიდან ზიპლაინია გაჭიმული – ადით, დაებით და ჩამოსრიალდით, თუ ამის ტრაკი გეყოფათ.

 

 

ბარემ აქვე – გარდა მუსიკისა და მშვენიერი ლაინაფისა, ფესტივალის ტერიტორიაზე სულ რაღაც ხდება და მსურველს შეუძლია აქტიურად დაისვენოს – აქეთ ქოლორ ფესტიო, იქით იოგა და ამერიკული ფეხბურთი. არ მოიწყენთ. აქტივობების სია იხილეთ ამ ლინკზე.

ჰო, კიდევ, უმნიშვნელოვანესი რამ – ფესტივალის ტერიტორიაზე რაიმეს შეძენა მხოლოდ თქვენი სამაჯური-ბილეთით შეიძლება. არც ქეში და არც ბარათი არცერთ ბარში თუ საკვებ ობიექტში არ ჭრის. სადაც კი დაინახავთ პატარა, ჩადგმულ კონტეინერებს წარწერით “ჩასარიცხი არეა”, მიდით და ფული სამაჯურზე დაირიცხეთ. ამით ფესტივალის ორგანიზატორებს უნდათ ტერიტორიაზე საფულეებისა და პლასტიკური ბარათების დაკარგვის პრეცედენტები გაანულონ. კომფორტულიცაა – შენი სამაჯური ყველა ფუნქციას ითავსებს და სველი ათლარიანების თრევა აღარ გჭირდება.

მუსიკაზე ახლა არაფერს დავწერ – ჰედლაინიერები ჯერ წინაა. სთეიჯების გარდა კი Echowaves-ზე ფესტივალისთვის დამახასიათებელი ყველა ლოკაცია იძებნება – კარვების ქალაქი (სადაც მოსახვედრი ბილეთი შეგიძლიათ სარეგისტრაციო ცენტში შეიძინოთ), სტარტაპ-მარკეტი, ე.წ. Foodcort (პესტოს პასტას ვუწევ რეკომენდაციას, და ვეგეტარიანულ ბურგერებსაც), ბარები თბილისზე ცოტა ძვირი ფასებით, მწვანე მაისურებით მოსეირნე პირველადი დახმარების მოხალისეები და ხალხი, საკმაოდ ბევრი ხალხი.

მოკლედ, გელოდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.