fbpx

„ბითლზის“ Hey Jude დღეს 50 წლის გახდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

1968 წლის ზაფხულის ერთ დილას პოლ მაკარტნი სახლიდან გამოვიდა, ჩაჯდა “ასტონ მარტინიში” და ნაცნობი, ბევრჯერ გავლილი მარშრუტით კენვუდისკენ, ჯონ ლენონის სახლისკენ გაემგზავრა. ამ სახლში ჯგუფის ლიდერები ხშირად მუშაობდნენ,  წერდნენ ახალი კომპოზიციების დემო-ვერსიებს.

თუმცა ამჯერად მაკარტნი ლენონის სანახავად არ მიდიოდა. ჯონმა  სახლი რამდენიმე დღით ადრე იოკო ონოსთან ერთად დატოვა.  ლენონსა და მის ცოლს, სინთიას შორის განქორწინების პროცესი დაიწყო.

 

 


პოლმა გადაწყვიტა  სინთია და 5 წლის ჯულიანი მოენახულებინა და  თანაგრძნობა გამოეხატა. მაკარტნი შეხვედრას ასე იხსენებს:  “ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მათთვის ადვილი არ იქნებოდა. ბავშვები ამ ვითარებაში განსაკუთრებით მეცოდებიან. ზრდასრულებმა ყველაფერი შეიძლება ადვილად გადალახონ, მაგრამ არა – ბავშვებმა.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჯულიანი მენახა და რამენაირად გამემხნევებინა“.

 

 

 

გზაში მაკარტნი მელოდიას მღეროდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიბადა. სახლში დაბრუნებულს  უკვე ჰქონდა ტექსტის მონახაზი: “ტექსტი დავიწყე Hey Jules-ით, იგულისხმებოდა ჯულიანი. ფრაზა don’t make it bad, take a sad song and make it better  იყო ერთგვარი მოწოდება – ვიცი რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო ამ საშინელ ამბავს”. Hey Jules მოგვიანებით გადაკეთდა Hey Jude-ად, რადგან მუსიკოსი თვლიდა, რომ ასე უკეთესად ჟღერდა. ამავდროულად, ეს იყო ანონიმურობის დაცვა, რადგან მსმენელი ასე მარტივად ვერ მიხვდებოდა, რომ  სიმღერა ლენონის შვილზე და მის ოჯახზეა.

 




პოლი პიანინოსთან იჯდა და სიმღერაზე მუშაობდა, როდესაც მასთან სტუმრად ჯონი და იოკო მივიდნენ. სწორედ ლენონმა და ონომ მოისმინეს პირველად მაკარტნის ახალი კომპოზიცია. Hey Jude-ს ავტორი ამ ისტორიას ასე იხსენებს:  
“ჯონი და იოკო ჩემ უკან იდგნენ. დავიწყე დაკვრა და როდესაც მივედი ფრაზამდე – the movement you need is on your shoulder,   უკან გავიხედე და ვუთხარი: ამ ფრაზას შევცვლი, არ მომწონს. რაზეც ჯონმა მიპასუხა: არ უნდა შეცვალო, ეს ტექსტის საუკეთესო ფრაზაა. აი სწორედ  ესაა მუსიკალური თანამშრომლობა. როდესაც  ტექსტის ამოგდებას აპირებ და პირიქით გირჩევენ: დატოვე,  საუკეთესო ფრაზაა”. 1995 წელს, Anthology-ს პროექტის დროს ჩაწერილ ინტერვიუში მაკარტნიმ კამერის წინ აღიარა, რომ როდესაც  ამ ფრაზას მღერის, ყოველთვის ლენონი ახსენდება.

 

 

თავად ლენონი ფიქრობდა, რომ სიმღერა არა ჯულიანზე, არამედ მასზეა.  “მე ყოველთვის ვიგებდი ამ სიმღერის აზრს, როგორც ჩემთვის დაწერილს. Hey Jude – Hey John.  ვიცი, რომ ამ შეხედულებით იმ ფანებს ვემსგავსები, რომლებიც სიმღერებში ფარულ ქვეტექსტებს ეძებენ, მაგრამ ამ სიმღერაში ნამდვილად შეგიძლიათ გაიგოთ მოწოდება ჩემ მიმართ. იმ დროს იოკო გამოჩნდა. თითქოს ამ ტექსტით პოლი მეუბნება – კარგი დაგვტოვე, მაგრამ იმავდროულად, არ უნდა ჩვენი მუსიკალური თანამშრომლობა დაიკარგოს”.

აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს მაკარტნი შემთხვევით მოხვდა ბერდფორშირის სოფლის პაბში და ლუდის მოყვარული პროვინციელები გააოცა იმით, რომ  ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი სიმღერა პაბის პიანინოზე შეასრულა.

Hey Jude-ს ჩაწერის დროს  ბითლზი ები როუდის სტუდიაში ორმაგ ალბომზე მუშაობდა, რომელიც წლის ბოლოს The Beatles, იგივე  “თეთრი ალბომის” სახელწოდებით გამოვიდა. გადაწყდა, მაკარტნის ახალი სიმღერა ალბომში არ შეეტანათ და სინგლის სახით გამოეშვათ. 29 ივლისს ჯგუფმა მუშაობა ები როუდის სტუდიაში დაიწყო, Hey Jude-ის საბოლოო ვერსია კი 31 ივლისსა და 1 აგვისტოს Trident Studios-ში ჩაწერეს.

სიმღერის ჩაწერის დროს მაკარტნისა და ჰარისონს შორის უთანხმოება მოხდა. ჰარისონს სურდა სიმღერაში გიტარის სოლო ყოფილიყო, რაზეც ავტორმა უარი განაცხადა. გრანდიოზული მისამღერით დაბოლოებული Hey Jude-ს ხანგრძლივობა 7 წუთს აღემატება. ფინალურ ნაწილში სიმღერას 36 ადამიანისგან შემდგარი ორკესტრიც დაემატა და ბითლზის მორიგი ეპიკური შედევრი დაიბადა.

პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა გამოთქვა აზრი, რომ ამ ხანგრძლივობის კომპოზიციას რადიოში უბრალოდ არ გაუშვებდნენ, რაზეც ლენონმა უპასუხა:  “თუ ეს ჩვენი სიმღერაა, გაუშვებენ”.  სტუდიური ჩანაწერი მაკარტნიმ ღამით ერთ-ერთ კლუბში წაიღო:   “მე შევთავაზე, რომ დაეკრათ, რაზეც თანხმობა მივიღე. როდესაც სიმღერა დასრულდა, ჩემთან მიკ ჯაგერი მოვიდა და მითხრა: ეს მართლაც განსაკუთრებულია, თითქოს ორი სიმღერაა ერთად გაერთიანებული”.

Hey Jude 1968 წლის 26 აგვისტოს გამოვიდა შეერთებულ შტატებში და ოთხი დღის შემდეგ კი – დიდ ბრიტანეთში,  ჯონ ლენონის Revolution-ის მძიმე, ჰარდ როკულ ვერსიასთან ერთად. კომერციული თვალსაზრისით სინგლი ბითლზის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა. ნახევარ წელიწადში ხუთ მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა, მომდევნო ოთხ წელიწადში კი შვიდ-ნახევარ მილიონზე მეტი.

ბრიტანეთის ჰიტ-პარადში სინგლს პირველი ადგილი ორი კვირა ეკავა, შეერთებულ შტატებში კი ჩარტის სათავეში ცხრა კვირის განმავლობაში იყო. შეერთებულ შტატებში დღემდე სინგლის 4 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. გამოსვლისთანავე  Hey Jude-მა სხვა შემსრულებლების ყურადღება მიიქცია. ქავერ ვერსიები ელა ფიცჯერალდმა და ელვის პრესლიმ ჯერ კიდევ 1969 წელს შეასრულეს. იმავე წელს უილსონ პიკეტმა ჩაწერა სიმღერის შესანიშნავი ვერსია, სადაც გიტარაზე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი გიტარისტი დუეინ ოლმანი უკრავს.

70-იან წლებში, უინგზის პერიოდში, მაკარტნი კონცერტებზე ბითლზის მხოლოდ რამდენიმე სიმღერას ასრულებდა და Hey Jude ამ სიაში არ შედიოდა. 1989 წლიდან, როდესაც პოლმა აქტიურად განაახლა საკონცერტო მოღვაწეობა, Hey Jude  პრაქტიკულად ყველა კონცერტზე სრულდება. ბოლო 30 წელია მაკარტნის სეთ ლისტის ორ მესამედზე მეტი ბითლზის პერიოდის კომპოზიციებზე მოდის. სრულდება არაერთი შედევრი, მაგრამ მათ ფონზეც კი Hey Jude ცოცხლად საოცრად ჟღერს. ეს არის კონცერტის ის მომენტი, როდესაც მსმენელს შეუძლია აჰყვეს პოლს და მასთან ერთად იმღეროს ცნობილი მისამღერი, რომელიც ერთი მხრივ, საოცრად მარტივია, მეორე მხრივ კი – საოცრად ემოციური.

უკვე წლებია Hey Jude-ს ინგლისის  სტადიონებზე ფეხბურთის გულშემატკივრების ჰიმნად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით “მანჩესტერ სიტის” ფანები გამოირჩევიან. მათ  სიმღერა 2012 წელს, პრემიერ-ლიგის მოგების შემდეგ შეასრულეს და დღემდე Hey Jude მანჩესტერის თამაშების დროს ტრიბუნებიდან პრაქტიკულად ყოველთვის ისმის.

გამოსვლიდან 50 წლის შემდეგ Hey Jude  მისი ავტორის გამორჩეულ ნაწარმოებად რჩება. სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების ყველა დროის საუკეთესო სიმღერების სიებში კომპოზიცია ყოველთვის მაღალ ადგილს იკავებს. მუსიკოსები თუ მუსიკის  კრიტიკოსები არ იღლებიან, აღმატებული ფრაზები გამოიყენონ ამ ჩანაწერის მიმართ.

თუმცა სიმღერის ავტორისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ბავშვობის მეგობრისა და კოლეგის,  ჯონ ლენონის შეფასებაა: “Hey Jude მისი ერთ-ერთი შედევრია. ვფიქრობ, რომ ეს პოლის საუკეთესო სიმღერაა”.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.