fbpx

წერა-კითხვის სწავლების მეთოდოლოგია და სიახლეები


გააზიარე სტატია

 

სკოლისათვის მომზადება და სკოლის პირველი წლები განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისა და მასწავლებლისთვის, ვინაიდან სწორედ ამ დროს უნდა ჩამოუყალიბდეს ადამიანს დამოკიდებულება სწავლისადმი და შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც ფაქტობრივად მთელ მის მომავალს განსაზღვრავს.

 

რამდენად მეგობრული და ახლობელია ბავშვისადმი დღევანდელი სასკოლო სისტემა, როგორ შეიძლება მიიღოს მან სწავლისგან სიამოვნება და რა “ხრიკები” უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მეცადინეობა ტანჯვად არ იქცეს – განათლების სპეციალისტს, თათა ჭანტურიას ვკითხეთ, რომელიც ერთ-ერთი მონაწილე იყო USAID-ის მიერ ინიცირებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის – G-PriEd, რომელიც 6 წლის განმავლობაში 600-მდე სკოლაში დაინერგა.

 

– როგორ ასწავლიან დღეს სკოლებში ბავშვებს წერა-კითხვას და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოზარდებს კითხვის ჩვევა გამოუმუშაონ და ეს პროცესი სასიამოვნოდ აქციონ?

 

სასკოლო ცხოვრებაში დღესდღეობით ბევრი რამ შეიცვალა, განახლდა, ახლებურ ჭრილში გამოჩნდა, ახალი დატვირთვა შეიძინა – მაგალითად, მიდგომები, რესურსები, კლასის ორგანიზების ფორმები, მუშაობის ფორმატი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი  საკითხი ჯერ კიდევ საკმაოდ მწვავე პრობლემად რჩება უმეტეს სკოლებში. ერთ-ერთი ამგვარი საკითხია პირველ კლასში კითხვისა და წერის სწავლება.

ცხადია, მასწავლებლების ნაწილი ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი, რესურსი, რათა პატარა მკითხველებისთვის უფრო სახალისო, მარტივი, მრავალფეროვანი, საინტერესო გახადოს ეს საკმაოდ რთული პროცესი, მაგრამ  უმრავლესობა მაინც  უკვე ნაცად, გავლილ გზას ამჯობინებს და სიახლეებს საკმაოდ ფრთხილად ეკიდება, ან საერთოდაც გვერდს უვლის.

სამწუხაროა, რომ ხშირად ეს კეთდება იაკობ გოგებაშვილის „დაცვის“ მოტივით. ბევრი ადამიანი თავის წინააღმდეგობას თანამედროვე მიდგომებისა თუ ტექსტების მიმართ ამართლებს ფრაზებით: „რა უნდა შეიქმნას გოგებაშვილის დედაენაზე უკეთესი?!“, „იმ წიგნით ვსწავლობდით და მშვენივრად ვისწავლეთ წერა-კითხვა“, „გოგებაშვილს ებრძვით“ და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად ჩანს, რადგან სინამდვილეში სწორედ იაკობ გოგებაშვილი იყო უდიდესი ნოვატორი, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებები მიიღო დედაენის მეთოდიკის შემუშავებისას. მის მიერ შერჩეული ე.წ. დაღმავალი მეთოდიც ხომ სიახლე  იყო თავის დროზე ქართული დაწყებითი განათლების სისტემისთვის.  

– როგორი ტექსტები უნდა გამოვიყენოთ წერა-კითხვის სწავლების პირველ ეტაპზე?

არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პატარა მკითხველები არ დავზაფროთ კითხვისა და წერის მათთვის სრულიად ახალ სამყაროში შებიჯებისას. მასწავლებელმა ამისათვის ბევრ ხერხს უნდა მიმართოს. არსებობს უამრავი რესურსი და მნიშვნელოვანია, პედაგოგი  მოქნილად იყენებდეს მათ და გარკვეული პერიოდულობით ცვლიდეს, მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

კითხვის სწავლებისას მნიშვნელოვანია ტექსტი, რომელსაც ვიყენებთ, ავთენტური იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავისი შინაარსით, სტრუქტურითა და დიზაინით ჰგავდეს ჩვეულებრივ საბავშვო ლიტერატურის ნიმუშებს, რომელსაც მოზარდი  ყოველდღიურად ნახულობს და რომელიც მკვეთრად განსხვავდება სახელმძღვანელოებში დეკოდირების მიზნით ჩადებული სავარჯიშო ტექსტებისაგან, რომელიც კონკრეტულ, ბავშვებისათვის საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ასეთია მაგალითად, მოთხრობები და ზღაპრები, ლექსები და გამოცანები, იუმორისტული ამბები, საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტები გარემოში არსებულ ნივთებსა და მოვლენებზე.

მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:

  • მცირე ზომის;
  • მოკლე და მარტივი წინადადებებით აგებული;
  • ხშირი და ნაცნობი სიტყვებით შედგენილი;
  • მსხვილი ასოებით დაბეჭდილი/დაწერილი;
  • ილუსტრირებული.

 

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, მაგალითისთვის, მოვამზადეთ ე.წ. საანბანო წიგნების პაკეტი, რაც გულისხმობდა, თითოეული ასო-ბგერისთვის ისეთი ტექსტის შექმნას,  რომელიც აკმაყოფილებდა შემდეგ მახასიათებლებს:

  • ავთენტური თემატიკა;
  • თითოეული ასო-ბგერა არის „გაცოცხლებული“, ანუ მიმსგავსებულია ბავშვებისთვის საყვარელ/ნაცნობ რაიმე არსებას;
  • სამიზნე ასო-ბგერა ხშირადაა გამოყენებული სიტყვებში;
  • ტექსტი შედგენილია იმგვარი სიტყვებით, რომლებიც ბავშვებისთვის ნაცნობია და/ან უნდა იცოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმების მიხედვით;
  • არის გამომსახველობითი ილუსტრაციები;
  • ყოველი ტექსტის წინადადებების სიგრძე, ტექსტში რთული (მრავალთანხმოვნიანი/უცნობი) სიტყვების რაოდენობა მკაცრადაა კონტროლირებული სპეციალური პროგრამის (ვორდკალკის) მიერ.
  • ყველა წიგნს ახლავს ადაპტირებული ვერსია, რომლის შინაარსიც ძირითადი ტექსტის იდენტურია (ე.წ. გაუწაფავი მკითხველებისთვის), ბევრ წიგნს ახლავს აუდიოვერსია და ზოგიერთს – ე.წ. კარაოკევერსია – მულტიმედია ფაილი ხმითა და ამოძრავებული ილუსტრაციებით.

– რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ბავშვისთვის მეცადინეობა დაწყებით კლასებში არ იყოს მძიმე  პასუხისმგებლობა და მასში მეტი იყოს გართობის, მხიარულების ელემენტები, ისე რომ სწავლება, როგორც პროცესი არ დაზიანდეს?

 

დაბალანსებული მიდგომა გულისხმობს სწორედ ამას, რომ  არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ბავშვებმა არ იციან ესა თუ ის ასო და ხელოვნურად არ უნდა შემოვსაზღვროთ მხოლოდ იმ ასობგერებიანი რამდენიმე, ხშირად უინტერესო წინადადებითა და სიტყვით, რომელთა ამოკითხვაც შეუძლიათ.

ეს მიდგომა მთლიანად ანბანის, სიტყვების, ბგერების სამყაროში ჩაყურყუმალავებაზე დგას – ათამაშე ბავშვი სიტყვებით, ასო-ბგერებით, ერთად დაწერეთ მოთხრობები მათთვის საინტერესო ამბებზე, გამოიცანით, ააწყვეთ, წაუკითხე, ერთად “წაიკითხეთ”, მოასმენინე და ერთ მშვენიერ დღეს, საკმაოდ მალევე,  აღმოაჩენ, რომ ბავშვები ცალკეულ სიტყვებს ცნობენ.


მაგალითად, თუ ჟირაფზე შეთხზავთ ერთად ტექსტს, მერე ამ ტექსტს ილუსტრაციებს დაუხატავთ, ერთად წაიკითხავთ, წინადადებებად/სიტყვებად დაჭრილს ააწყობთ, აღმოაჩენ, რომ ჟირაფის“ ლოგოგრაფიულ ხატს ცნობენ.

 

შეიძლება მასში “ფ” სულაც ვერ იპოვოს, რადგან ჯერ არ გაგივლიათ და არც ყურადღება გაგიმახვილებიათ, მაგრამ მთელი სიტყვა შემოესწავლათ ამ თამაშ-თამაშით. და ასეთი უამრავი სიტყვა აქვთ დაგროვილი მარაგში. საკუთარი სახელი, ეტიკეტები ნივთებზე, სიტყვები რეკლამებიდან, აბრებიდან, ტანსაცმლის/სათამაშოს/საკვების წარწერები… უამრავი რამ, რასაც ხედავს, ხელს ჰკიდებს, აღიქვამს, აინტერესებს.


სწორი მუშაობის შემთხვევაში ეს “შემოსწავლება” ხდება წინასაანბანო პერიოდშივე. და ამის შემდეგ საანბანო პერიოდი, ცხადია, მიდის გაცილებით მარტივად, მოქნილად, პროდუქტიულად; ანბანის შემდგომი, რასაკვირველია, კიდევ უფრო ლაღად, რადგან სწორად წარმართული წინა ორი პერიოდის შემთხვევაში, ახლა დრო დეკოდირებაზე ფაქტობრივად აღარ გეკარგება.


გროვდება უამრავი სიტყვა, რომლებსაც ბავშვები ერთი დახედვით ცნობენ, შესაბამისად, წიგნი ბავშვებს არ აფრთხობთ, მათ ფრუსტრაციას არ იწვევს, კითხვის მოტივაცია მაღალია და, რაც მთავარია, გაქვს საშუალება, გაგება-გააზრებას, შემოქმედებით აზროვნებას, მოკლედ, მაღალ სააზროვნო უნარებს მეტი დრო დაუთმო.

ზოგადად, მასწავლებელი კლასში მუშაობას იწყებს თემაზე ფოკუსირებით, შესამზადებელი დისკუსიით, ბავშვებისთვის ტექსტის ხმამაღლა წაკითხვით ან ტექსტის ერთობლივად შექმნით. ამას ჰქვია ე.წ. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი, ანუ მასწავლებელი – კალამი (ამ მეთოდით მუშაობის ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=IQMD-uEW3v4).

ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებსაც უჩვენებს ტექსტს და ერთობლივი კითხვის მეთოდის გამოყენებით ჩართავს მათ კითხვის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ანბანი და წერილობითი კოდის გაშიფვრა ჯერ სრულყოფილად არ აუთვისებიათ, ბავშვები ხალისით ერთვებიან აქტივობაში.

 

ენობრივი პრაქტიკა, ტექსტის წინასწარი მიმოხილვა, დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა, საჩვენებელი კითხვა მასწავლებლის მიერ, ერთობლივი კითხვა  (და მისი ვარიაციები), სიტყვების პოვნა და სხვ. – ეს ის მეთოდებია, რომლებიც დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეებს როგორც გაგება-გააზრების, ისე დეკოდირების უნარის დაუფლებაში.

 

ამგვარი მიდგომით მოსწავლეები ენთუზიაზმით მონაწილეობენ კითხვის აქტივობებში და უმტკივნეულოდ გადადიან დეკოდირების ნაკლებად სასიამოვნო ვარჯიშებზე. ისინი იწყებენ იმის გარჩევას, თუ ტექსტის რომელი წინადადება გამოხატავს საინტერესო აზრს, იმახსოვრებენ საკვანძო სიტყვების გრაფიკულ გამოსახულებას, თანდათანობით იწყებენ ამოცნობილი სიტყვების შემადგენელ ელემენტებზე დაკვირვებას. ბავშვები მთლიანიდან ნაწილისაკენ მიდიან და შეუძლიათ ამ ნაწილებით – ასო-ბგერებითა და მარცვლებით – სხვადასხვა სიტყვის აწყობა, აზრების გადმოცემა.

როგორც ვხედავთ, “მთელი-ნაწილი-მთელი” მიდგომის ამოსავალი პრინციპია დეკოდირების სწავლის დაწყება ავთენტური წინადადებებით ან ტექსტებით და არა ცალკეული სიტყვებით.

 

– რა სიხშირით უნდა ახლდებოდეს ბავშვების სასწავლო რესურსები? შეიძლება 50, 100, ან თუნდაც 30 წლის წინ დაწერილი სახელმძღვანელოები საინტერესო იყოს თანამედროვე ბავშვებისთვის?

 

ზოგადად, ყველანი აღვნიშნავთ, რომ გაცილებით მომზადებული თაობა მოდის, რომ მათ ჩვენთან შედარებით გაცილებით მეტი იციან, მეტი უნარი აქვთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ღირსეულად დახვდეს ამ გამოწვევას – იქცეს სწორედ ამგვარი ბავშვისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან, ახალი ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების შესაძენ, მაფორმირებელ ადგილად.

ეს კი სრულიად შეუძლებელია, თუკი ჩვენ (მთელი სასკოლო სისტემა – მასწავლებელი, ადმინისტრაცია, სახელმძღვანელოს ავტორები, გამომცემლები, მშობლები, საბავშვო ავტორები) რეგულარულად არ მოვუსმენთ ბავშვებს. არ დავინტერესდებით, რა თემები არის მათთვის აქტუალური, მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი, საგულისხმო, არ გავითვალისწინებთ, რა გამოწვევებს უყენებს თანამედროვე სამყარო ბავშვებს და რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ, რომ ამ გამოწვევებისთვის მოვამზადოთ ისინი.

სასწავლო რესურსი მუდმივად განახლებადი უნდა იყოს და მნიშვნელოვნად  უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვეობას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილს, როგორც აღვნიშნე, ის დიდ ნოვატორად მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, თავად შეიტანდა ცვლილებებს სახელმძღვანელოს მეთოდიკასა თუ ლექსიკაში, გახდიდა უფრო ავთენტურს, მრავალფეროვანს, 21-ე საუკუნის ბავშვებზე მორგებულს.

– რა კომპეტენცია და გამბედაობა სჭირდება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შედგენას და რა თემებზე უნდა იყოს პირველ სასწავლო წიგნებში საუბარი, რომ ბავშვისთვის ის ახლობელი გახდეს?

უმთავრესი კომპეტენცია ალბათ ისაა, რომ შემდგენელებს ჰქონდეთ ბავშვებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ზოგადად, გარედან ბავშვების უნარებიც, ხასიათიც, ინტერესებიც სხვაგვარად ჩანს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოს ავტორს ჰქონდეს სწავლების თეორიების, მიდგომების, შეფასების პრინციპების საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, სწორედ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის საფუძველზე შეიმუშაოს სახელმძღვანელოს კონცეფცია.


რაც შეეხება თემატიკას, გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა ღირებულებებით გაჯერებულ ტექსტებზე აღვზარდოთ პატარა მკითხველები, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია დავიცვათ ზღვარი – ერთი მხრივ, არ შევთავაზოთ იმგვარი ტექსტები თუ დავალებები, რომლებიც მათთვის გაუგებარი იქნება (მაგ., არ დავავალოთ დაწყებითი კლასების მოსწავლეს, დაწეროს თავისუფალი თემა „რა არის შენთვის სამშობლო“), მეორე მხრივ კი, „პატარაა და ვერ გაიგებს“ მოტივით არ ავარიდოთ თავი იმგვარ თემებსა და ტექსტებს, როგორიცაა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა საზოგადოების/ქვეყნის წინაშე, ეკოცნობიერების,  თანაგანცდის, ზრუნვის, თავისუფლების, სხვათა უფლებების პატივისცემის ღირებულებების ჩამოყალიბება და სხვ.

– რა არის  დღეს არსებული სასკოლო საბავშვო წიგნების მთავარი პრობლემა და როგორ შეიძლება მათი  დაძლევა?

სახელმძღვანელოებში არ არის მრავალფეროვანი თემატიკა, ტექსტები, არის ძირითადად ერთი ტიპის დავალებები, ხშირად არ არის გათვალისწინებული  მოსწავლის ასაკობრივი შესაძლებლობები, ინტერესები. ტექსტები სინტაქსურად, ლექსიკურად ძალიან რთულია. ზოგიერთი უცხო სიტყვა განმარტებულია სხვა, ბავშვისთვის ასევე უცხო სიტყვებით.


სახელმძღვანელო ძალიან მიბმულს ხდის ბავშვსა და სწავლის პროცესს მასზე (სახელმძღვანელოზე) და მინიმალურადაც კი  არ მოითხოვს მოსწავლისგან, წერა-კითხვის ფუნდამენტური უნარის გარდა, სხვადასხვა უნარის მობილიზებას, ცოდნის ტრანსფერს, კლასგარეშე აქტივობებს, პროექტებზე მუშაობას.

 

თუკი მასწავლებელი ცდილობს სასწავლო პროცესი გაამრავალფეროვნოს სხვადასხვა ტექსტითა თუ სხვადასხვა  რესურსით, როგორც წესი, ჩამორჩება ხოლმე სახელმძღვანელოს და ხშირად იმსახურებს ადმინისტრაციისგან/მშობლებისგან შენიშვნას.  

 

– გარდა სასკოლო პროცესისა, როგორ შეიძლება ბავშვს ოჯახი დაეხმაროს სკოლის პირველ წლებში, რომ მისთვის სწავლა, კითხვა და მეცადინეობა სასიამოვნო და ეფექტური იყოს?

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამკუთხედია სკოლა – ოჯახი – საზოგადოება. სკოლისა და მშობლის თანამშრომლობის გარეშე პროცესი, როგორც წესი, არასდროსაა სრულყოფილი. აუცილებელია, მასწავლებელმა გაუზიაროს მშობელს, თუ როგორ უნდა იმუშაოს მან შინ, ბავშვთან. ეს საკმაოდ მარტივი რჩევებია, რომლებიც, რატომღაც, ბევრ მშობელს რთულად შესასრულებლად ეჩვენება. მაგალითად:

  • წავიკითხოთ ბავშვებთან ერთად;
  • წავიყვანოთ მოზარდები  წიგნის მაღაზიაში და თავად მივცეთ კონსულტანტთან კომუნიკაციის, წიგნის შერჩევის საშუალება;
  • „დასჯილი ხარ, დაჯექი და წაიკითხე!“ – დაუშვებელია. წაკითხვა უნდა იყოს ჯილდოსთან, წახალისებასთან, სიმყუდროვესთან, გაზიარებასთან, ხალისთან დაკავშირებული;
  • შეუქმენით მყუდრო გარემო (მაგ., ხალიჩაზე, პუფზე, სასუსნავებით, სათამაშოებით) საკითხავად. კითხვა მხოლოდ მეცადინეობა და დასწავლა არ არის! შეგვიძლია ვიკითხოთ ნებისმიერ პოზაში, ნებისმიერ ვითარებაში;
  • დააფასეთ და წაახალისეთ ბავშვის „წიგნიერი“ მცდელობები. შეაქეთ, როცა კითხულობს;
  • აუხსენით, თუ როგორ ვიყენებთ წიგნიერებას და როგორ გვეხმარება კითხვის უნარი ყოველდღიურ ყოფაში;
  • წაახალისეთ ბავშვი, რათა იკითხოს მრავალფეროვანი ტექსტები: გაზეთები, წიგნები, კომიქსები, ვებგვერდები, ელექტრონული წერილები, აბრები და აფიშები, ცხრილები და სქემები, ინსტრუქციები და რეცეპტები;
  • წახალისეთ ბავშვი, რათა წეროს სხვადასხვა დანიშნულების ტექსტები როგორც ხელნაწერის სახით, ისე ელექტრონულად: მოსაწვევები, მადლობის ბარათები, საყიდლების სიები, სატელეფონო მესიჯები, ელექტრონული სლაიდები და სხვა;
  • მოუყევით ბავშვს იმის შესახებ, რაც ბოლო დროს წაიკითხეთ, რაც თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ხშირად გაუზიარეთ შთაბეჭდილებები;
  • ესაუბრეთ საყვარელი მწერლების, კინორეჟისორების, მხატვარ-ილუსტრატორების
  • შესახებ. ჰკითხეთ, რატომ მოსწონს ესა თუ ის მათგანი;
  • ისაუბრეთ ბავშვთან ახალი, საინტერესო, უჩვეულო სიტყვებისა და გამონათქვამების შესახებ;
  • სცადეთ შენიშნოთ ეს სიტყვები და ფრაზები ტექსტებსა და ლექსიკონებში;
  • ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებშიც ბავშვს ასო-ბგერებთან, სიტყვებთან და ტექსტებთან ურთიერთობა მოუწევს;
  • ისარგებლეთ თემში არსებული რესურსებით: სკოლისა და უბნის ბიბლიოთეკებით, მკითხველთა კლუბით, ვებსაიტებით;
  • წაუკითხეთ ბავშვს საინტერესო, ასაკისათვის შესაფერისი წიგნები.

სხვა რეკომენდაციები: http://kargiskola.ge/parent/pdf/Kviris%20Palitra_A3_FN.pdf  

 

სტატიაში გამოყენებულია ილუსტრაციები საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში მომზადებული საანბანო წიგნების პაკეტიდან

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.