სვირინგის თანამედროვე ვირტუოზები


გააზიარე სტატია

 


ამ სტატიაში გაგაცნობთ სამ ხელოვანს, რომლებმაც სხეულის მოხატვის რთულ საქმეში თავიანთი მწვერვალები დაიპყრეს.   

Doy

სამხრეთ კორეელი Doy წლების განმავლობაში IT კომპანიის დიზაინერად მუშაობდა. ტატუირება მისი ჰობი იყო. მას 10 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ  სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო და საბოლოოდ თავი მიეძღვნა სხეულზე ხატვის ხელოვნებისათვის.

მისი ხელწერა ფაქიზი აკურატულობით, გამოსახულებათა ჰაეროვნებით, ფორმების სიმსუბუქითა და ფერთა ნაზი ტონების შეხამებით გამოირჩევა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო არტისტად აქცევს.

Doy-ს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ არტისტის ინსტაგრამ ანგარიშზე:

 

Welfare Dentist

სხეულზე ხატვის ხელოვნების განვითარებასთან ერთად ბაზარზე უამრავი მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე სვირინგის მოწყობილობები გამოჩნდა. თუმცა, არიან არტისტები, რომლებიც ტრადიციული, ანუ ხელით მუშაობის პრაქტიკის – ე.წ. handpoke-ის მეთოდის ერთგულნი რჩებიან.

სხეულზე ხატვის ამგვარი ხერხი ოსტატისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას, აკურატულობასა და ხელის სიმტკიცეს მოითხოვს, ყოველი მილიმეტრი დიდი ყურადღებითა და ფილიგრანული სიზუსტით უნდა დამუშავდეს.

კანადელი მხატვარი ბრენდონი, რომელიც welfare dentist-ის ფსევდონომით მოღვაწეობს, handpoke-ის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია მსოფლიოში.

შავი მელნის გარდა, ბრენდონი კონტრასტულ პასტელურ ფერებს იყენებს, რაც მის ნამუშევრებს ემოციურ ექსპრესიულობას მატებს.

კანადელი მხატვრის სვირინგების გალერეა არტისტის ინსტაგრამ გვერდზე

 

აჰმედ კამბაზი

სტამბოლელმა ოსტატმა აჰმედ კამბაზმა სვირინგების კეთება საკმაოდ გვიან დაიწყო, თუმცა მოკლე ხანში მოახერხა ნამდვილი ხელოვანის სტატუსის მოპოვება. სანამ სხეულზე ხატვას დაიწყებდა, სტამბოლის ერთ-ერთ ჟურნალში მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობდა.

„ჩვენ მძიმე დროში ვცხოვრობთ, პრობლემებითა და სირთულეებით სავსე გარემოში. ამიტომ ვცდილობ მინიმალისტური ნამუშევრები შევქმნა, რომელთა თემატიკა ყველაზე ბედნიერ წლებს, უდარდელ და სილაღით სავსე ბავშვობას გაგვახსენებს,“ – ასე ახასიათებს თურქი საკუთარ ხელოვნებას.

მართლაც, მის ნამუშევრებში ბავშვობის ფანტაზიები, საყვარელი ლიტერატურული თუ კინოგმირები ჭარბობენ.

 

აჰმედ კამბაზის ნამუშევრების გალერეა შეგიძლიათ ნახოთ მხატვრის ინსტაგრამ ანგარიშზე:

 

ლუიზა ოლივეირა  

ლუიზა ოლივეირა ბრაზილიელი მხატვარი და სვირინგის ოსტატია. მისი ნამუშევრები აკვარელის ულამაზესი საღებავებით შესრულებულ ფერწერულ გამოსახულებებს ჰგავს. რაც შეეხება თემატიკას, ბრაზილიელი რომანტიკულ ფლორისტულ ნატურმორტებს ქმნის.

მხატვრის თქმით, ბოლო პერიოდში, ეს მიმართულება უფრო და უფრო პოპულარული და ტრენდული ხდება.  ამგვარ სვირინგებს კი მეტწილად ქალები იკეთებენ.

 

ლუიზა ოლივეირას ნამუშევრების გალერეა არტისტის ინსტაგრამ გვერდზე:

 

Hill

2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან ტატუს ხელოვნების პოპულარული, კლასიკური მიმართულების პარალელურად, მოთხოვნა გაჩნდა კონცეპტუალურ, სხვადასხვა მხატვრული სტილის სინთეზით შექმნილ სვირინგებზე.

ტაივანელმა Hill-მა აბსტრაქტული გეომეტრია და ე.წ. მოწესრიგებული ქაოსის სტილი გააერთიანა და აკვარელის ტექნიკით წარმოადგინა.

Hill-ის თქმით, მის მიერ შექმნილი ფორმები, გამოსახულებები და სტრუქტურები დამკვეთთან შეთანხმებით იქმნება. დამკვეთს შეუძლია სვირინგის ნებისმიერ დეტალს პირადი, ინტიმური იდეური დატვირთვა მისცეს, რაც მხოლოდ მისთვის იქნება გასაგები და ამოუცნობი –  სხვებისთვის. ამავე დროს, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ ამგვარი „გამოცანა-სვირინგის“ თითოეული დეტალი შეისწავლონ და მასში ჩადებული აზრი ამოიკითხონ.

ტაივანელი სვირინგის ოსტატის ინსტაგრამ ანგარიში:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.