fbpx

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული


გააზიარე სტატია

 


საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო ქალაქები ყველას მიმართ კეთილგანწყობილი არიან. დღევანდელ თბილისს კი საგრძნობლად აკლია ბავშვების, მოზარდების, ზოგადად ოჯახების სოციალური ჩართულობა და  ადგილები თვითგამოხატვისა და ინტერაქციისთვის. მეტიც, საზოგადოება ხშირად უგულებელყოფს და შეურაცხყოფს მშობელთა (უმეტესად დედების) და ბავშვთა საჭიროებებსა და უფლებებს.

 

არსებული გარემოს აღსაწერად და ცვლილებების დასაწყებად დედაქალაქში  გაჩნდა ინიციატივა – სახელწოდებით “წეროები მიფრინავენ”. თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საბავშვო სექციის ფარგლებში,  მოქალაქეების ჩართულობით, მოკლევადიან წინადადებებს განიხილავენ და შეეცდებიან ისინი  ურბანულ გარემოში განახორციელონ.

 

რა მიზანს ისახავს საზოგადოებრივი წამოწყება  “წეროები მიფრინავენ” და რას გეგმავთ მის მისაღწევად?

 

საზოგადოებრივი წამოწყება “წეროები მიფრინავენ” არის საბავშვო, მოზარდთა და ოჯახებისთვის ქალაქის გარემოს გაიოლებისა და გამრავალფეროვნების მცდელობა, რათა ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ ქალაქურ კულტურაში. ეს განზრახვა არ უნდა აგვერიოს სამოქალაქო აქტივიზმში რაიმესთან საბრძოლველად. ჩვენ გვსურს ისეთნაირი ქსელის და გზამკვლევის შექმნა, რომელიც შეაკავშირებს მსგავსი სურვილებისა და შეხედულებების მქონე მშობლებს და ბავშვებს საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

 

რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თბილისი ბავშვებისთვის უფრო მეგობრული  და უსაფრთხო გახდეს?

 

მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს გარკვეული რესურსები: ზოგს ცოდნა, ზოგს დრო, ზოგს ფული, ზოგს ნივთები, ზოგს კავშირები და ა.შ. ჩვენ გვჯერა, რომ თუკი გავაჩენთ სანდო, დამოუკიდებელ პლატფორმას ამ რესურსების გაზიარებისთვის, შევძლებთ რეალობად ვაქციოთ ინიციატივები – იქნება ეს სკვერში ჭიანჭველებზე ლუპით დაკვირვება, ეზოში ერთად ხატვის წრე, საქანელას ჩამოკიდება თუ განცხადების დაწერა კონკრეტულ ტროტუარზე პარკირების წესების კონტროლის მოთხოვნით.

ჩვენი ბავშვები ჩვენივე საზრუნავია. სანამ დიდ ინფრასტრუქტურულ ცვლილებამდე მივიყვანთ საქმეს, ჯერ ჩვენ თვითონ  უნდა გამოვიდეთ ბავშვებთან ერთად გარეთ, გამოვაღოთ ფანჯრები, ვაღიაროთ ბავშვების პიროვნულობა, ვაცადოთ თამაში, შევუწყოთ ხელი – ეს დისკურსის გაჩენაა. ამის გარეშე სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტმა თუ ბიზნესმა რაც უნდა გააკეთონ, პირდაპირ პასუხისმგებლობას თითოეულ ბავშვზე ვერ აიღებენ. ხოლო რაკი ბავშვებთან მიმართებაში ბოლო სიტყვა მშობლებს გვეთქმის, ბარემ ვთქვათ და ვიმოქმედოთ.

 

საჭირო ცვლილებებიდან რა ნაწილი შეიძლება აიღოს თავის თავზე მოსახლეობამ და რა ნაწილშია ხელისუფლების მეტი და უფრო ეფექტიანი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანი?

 

ჩვენ, დედებს და მამებს, ბავშვებს, მოზარდებს, ძიძებს, ბებია-ბაბუებს, მეზობლებს, ნაცნობებს და უცნობებს, შეგვიძლია მცირე, დამოუკიდებელი სისტემების შექმნა, რომლებიც როგორც ჩვენთვის და ბავშვებისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვის იქნება სასარგებლო. რადგან განათლების სისტემა ვერ ახერხებს თითოეული ბავშვის და მოზარდის თავისებურებების გათვალისწინებას,  მშობლებს გვაქვს ამ მნიშვნელოვანი ხარვეზის გამოსწორების გზა, თუნდაც მცირე ჯგუფებში.

ჩვენ შეგვიძლია ვხატოთ, მოვიფიქროთ თამაშები სხვადასხვა ამინდისთვის, წავიდეთ „ლაშქრობაზე“ ბაზარში, ნელ-ნელა მოვიაროთ მუზეუმები და ა.შ. ამის განსახორციელებლად ხშირად გვიჭირს თანამოაზრეების პოვნა, ან გვეზარება, ან არ ვიცით როგორ მოვაგვაროთ საორგანიზაციო საკითხები. ამიტომაც ვქმნით ამ პლატფორმას.

დღეს ხელისუფლებისადმი ნდობა, საკმაოდ სამართლიანად, დაკარგულია. რაც მთავარია, სახელმწიფო თითქმის ვერ უზრუნველყოფს ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ბავშვობიდანვე მკაფიოა საზოგადოების კლასობრივი დაყოფა კულტურული ანდა ეკონომიკური ნიშნით განათლებაში, ჯანდაცვასა თუ გართობაში.

ამ პირობებში ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნებოდა სანდო ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოქალაქეებისთვის ბერკეტების მინიჭება მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში; კომუნების ხელშეწყობა ადგილის, მასალის, ტექნიკის გამოყოფით და ა.შ. პრინციპულად ეს დღესაც შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბუნდოვანია – როგორ.

 

როგორ ცვლის ადამიანებზე მორგებული ურბანული საჯარო სივრცეები მოქალაქეების ქცევით ჩვევებს?

 

ურბანული დიზაინის ათასობით მაგალითი არსებობს. უმეტესად, მათ შესახებ მედიიდან ვიგებთ და რთულია თქმა, მართლა „მუშაობს“ თუ არა რომელიმე კონკრეტულად.

ადამიანისთვის და ზოგადად, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა სცდება გეგმარებით და ესთეტიკურ პრობლემებს. მით უფრო, რომ ამ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.

სინამდვილეში, როდესაც ვიწუნებთ თბილისის საჯარო-საზოგადოებრივ სივრცეებს, ჩვენ ვიწუნებთ მოქალაქეების ჯგუფის ქცევის მოდელებს (მაგალითად, რიყის პარკი ან ისთ-ფოინთი). იყო დრო, როდესაც ადგილი წყვეტდა მოქმედებას. დღეს ეს ზღვარი უფრო და უფრო იშლება. ზოგი სახლშივე მუშაობს, ზოგი – პარკში, ზოგი საბავშვო მოედანზე ტელეფონშია ჩარგული და ა.შ. ამას მხოლოდ ქალაქგეგმარება, რეგულაციები, საინტერესო სათამაშო მოედნები, საპარკო ინფრასტრუქტურა და სერვისები ვერ განსაზღვრავენ. ეს მთლიანად კულტურის პრობლემაა.


რას აპირებთ თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში?

 

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მხოლოდ შენობები არ კმარა“.

საზოგადოებრივი წამოწყება „წეროები მიფრინავენ“ კი არის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს საბავშვო სექცია.

ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევქმნათ საინტერესო საბავშვო პროგრამა, ხოლო მეორე მხრივ, თვითონ ეს პროგრამა არ შემოიფარგლოს სამდღიანი შემეცნებით-გასართობი მიმართულებით. გვინდა გამოვცადოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი თბილისში „შიშველი ხელებით“. სხვანაირად როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მათი სიცოცხლე და ცხოვრება მათვე ეკუთვნით?

2018 წლის ბიენალეს ფარგლებში ჩვენ, ვინც წამოვიწყეთ “წეროები მიფრინავენ“, შეძლებისდაგვარად სრულად აღვწერთ თბილისის საბავშვო ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს კატეგორიების მიხედვით (ასაკი, სახეობა, უბანი, ფასი და ა.შ.).

მომდევნო ეტაპზე, სექტემბერში, მოვიწვევთ  დაინტერესებულ 20 მშობელს ბავშვებთან/მოზარდებთან ერთად და პრაქტიკულად განვახორციელებთ და წარმოვადგენთ დამოუკიდებელ, ხელმისაწვდომ ინიციატივებს.

შესაბამისად, საბავშვო პროგრამა იქნება ის, რასაც ჩვენ, მოქალაქეები მოვიფიქრებთ არა მხოლოდ ბიენალეს ჩარჩოებში, არამედ ზოგადად, ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მოზარდებისთვის.  

 

როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ინიციატივა სამომავლოდ? რა არის თქვენი მოკლე და გრძელვადიანი გეგმები?

 

2018 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალე კარგი პლატფორმაა ყურადღების მოსაქცევად და ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ვეცდებით ოქტომბერში შემუშავებულ ყველა ინიციატივას კარგად დავაკვირდეთ, გამოვავლინოთ რა გვჭირდება დამატებით. ასევე გვსურს წამოწყება დამოუკიდებლად, მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით გაგრძელდეს და სხვა ქალაქებიც მოიცვას.

 


რეკომენდებული სტატიები
ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე
ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გონივრული იქნება, თუკი აკრძალვის ნაცვლად მას საინტერესო კონტენტის მოხმარების ჩვევას გამოვუმუშავებთ და კარგ რჩევებს მივცემთ მისი მისწრაფებებისთვის შესაბამის ონლაინ რესურსებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.