fbpx

რა იწვევს ბავშვებში ცხოველებზე ძალადობას


გააზიარე სტატია

 

 

ადამიანის მიერ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევები ყოველთვის არსებობდა, თუმცა ინტერნეტის ხანაში ამ ფაქტების გამოვლენა და სააშკარაოზე გამოტანა  უფრო აქტიურად ხდება. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება შემზარავი ფოტოები და კადრები, სადაც ნაწამები ცხოველებია ასახული. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან   ლეკვები და კნუტები, რომლებსაც თავდაცვის არანაირი უნარი არ გააჩნიათ. სურათს ამძიმებს ისიც, რომ ცხოველებზე ძალადობის ფაქტები მეტწილად ბავშვების მიერაა ჩადენილი.  

რა იწვევს ბავშვებში სისასტიკეს? რამდენად ღრმაა ეს პრობლემა და სცდება თუ არა ის მხოლოდ „ბავშვურ“, „გაუცნობიერებელ“  ქმედებას?

At.ge ამ საკითხებთან დაკავშირებით ბავშვთა ფსიქოლოგს, ქეთი ფილაურს ესაუბრა.

ცხოველების წვალება ერთმნიშვნელოვნად საყურადღებო ქცევაა, თუმცა გამომწვევი მიზეზები/მოტივები სხვადასხვაგვარია: დიდია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი იმას აკეთებს, რის გამოცდილებაც თავად აქვს ან რისი თვითმხილველიცაა; შესაბამისად აღნიშნული ქცევა შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ მოზარდი თავად არის ძალადობის მსხვერპლი ან სხვაზე ძალადობის მომსწრე და ცხადია, ამ ფაქტის იგნორირება არ შეიძლება. შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში, ბავშვი ამას ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გამო აკეთებდეს, ასე შეიძლება მოიქცეს  3-4 წლამდე, ანდა თუკი მისი განვითარება არ შეესაბამება მისივე ქრონოლოგიურ ასაკს.

 

რა ასაკში უნდა ჰქონდეს ბავშვს ჩამოყალიბებული ემპათიის უნარი?

 

გასათვალისწინებელია, რომ სხვისი პერსპექტივის აღქმისა და თანაგრძნობის უნარი 4 წლის ასაკში უკვე საკმაოდ განვითარებულია. ბავშვებს, რომლებიც ადეკვატურ სააღმზრდელო გარემოში იზრდებიან, სადაც მათზე და ერთმანეთზე ზრუნავენ, შეუძლიათ სხვისი, მათ შორის ემოციური საჭიროებების ამოცნობა, ეს უნარი მეტად უვითარდებათ.  ერთი სიტყვით, თანაგრძნობა უნარია, რომელიც სწორად განვითარების პროცესში ყალიბდება და თუ უკვე სკოლამდელ ასაკში ჩანს, რომ ბავშვს თანაგრძნობის დეფიციტი აქვს, უკვე საყურადღებოა.  ბაღის ასაკიდანვე  საჭიროა ბავშვებთან მუშაობა, მათი ცხოველებთან კომუნიკაცია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაშინოთ მოზარდი  ცხოველით. შეგვიძლია ვასწავლოთ სიფრთხილე, მაგრამ  არ ვაჩვენოთ ჩვენი ნეგატიური განწყობა ცხოველისადმი. ასევე აუცილებელია, მოვუყვეთ ზღაპრებს, ვაყურებინოთ ფილმებს, სადაც ძალიან მკაფიო ზღვარია გავლებული ბოროტ და კეთილ საწყისებს შორის. შემდეგ ვესაუბროთ წაკითხულის/ნაამბობის/ნანახის შესახებ, მოვისმინოთ მათი აზრები და შთაბეჭდილებები.

 

თანაგრძნობაზე საუბრობთ და ერთი მარტივი მაგალითი მახსენდება:  რამდენჯერ გვინახავს, რომ ბავშვი ქუჩაში წაიქცევა, იტკენს რაიმეს  და მშობელი, იმის ნაცვლად რომ თანაუგრძნოს, ეჩხუბება და ფიზიკურ ტკივილთან ერთად, შეურაცხყოფას აყენებს მას…

 

ეს ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვამდე მივიდეს გზავნილი: მე არ თანამიგრძნობენ. თუკი ჩემი ტკივილი არაფერია, მეც ძალიან ადვილად ვატკენ სხვას. თუკი თანამიგრძნობენ, მეც თანავუგრძნობ, თუ ვუყვარვარ – მეც მიყვარს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გარდა ფიზიკური და მატერიალური ზრუნვისა, ჩვენ  ვხედავთ მის განცდებს და ვითვალისწინებთ მათ.  

 

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვობაში ცხოველებისადმი გამოვლენილი სისასტიკე  შესაძლოა, მომავალში ანტისოციალური ადამიანის ჩამოყალიბებას უწყობდეს ხელს…

 

უამრავი კვლევა არსებობს, რომელიც ადასტურებს ადრეულ ასაკში ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და შემდგომში დელიქვენტობას, ანტისოციალურ ქცევას შორის კავშირს. ცხადია, ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი მიზეზი, უფრო სწორი იქნება, თუ ემოციური განვითარების თავისებურებებზე ვისაუბრებთ, რომლის დეფიციტის შემთხვევაშიც ბავშვობაში სახეზეა ცხოველების მიმართ სისასტიკე და მოზარდობა/ზრდასრულობაში  კი ეს სხვა ტიპის დანაშაულებრივ ქცევაში ვლინდება. სასტიკი, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ადამიანის ისტორიას თუ შევისწავლით, ძალიან ხშირად ვნახავთ, რომ ბავშვობაში ცხოველებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, ბავშვი შეიძლება თანატოლებს ბაძავდეს, ვერ უწევდეს მათ წინააღმდეგობას, გარიყვის ან დაცინვის თავიდან აცილების მიზნით; აგრეთვე შესაძლოა  შურისძიების გამო გააკეთოს ასეთი რამ – მაგალითად, გაბრაზდეს თანატოლზე და მისი ლეკვი „დასაჯოს“. ერთი სიტყვით, მსგავსი ქცევა ყველა შემთხვევაში ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვი ამას გართობის მიზნით აკეთებს.

 

ზოგჯერ ცხოველების მიმართ ძალადობის შესახებ გავრცელებულ კადრებსა თუ ფოტოებზე   ზრდასრული “ცხოველთა დამცველების” მიერ გამოთქმული მოსაზრებები და კომენტარები არანაკლებ შემაშფოთებელია.  ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ბავშვების მიმართ და მათ დასჯას მოითხოვენ.

 

პარადოქსულია, რომ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვიან, ბავშვების უფლებებს არაფრად აგდებენ და ძალადობრივი გზით მოითხოვენ მათ დასჯას.  არანაირი ემპათია და თანაგრძნობა არ გააჩნიათ მოზარდების მიმართ და აიძულებენ უყვარდეთ ცხოველები. ცხადია, ეს მცდარი, და ვიტყოდი, დამღუპველი გზაა. საჭიროა ამ ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის ბევრი რამის ახსნა,  შველა და არა აგრესიის გამოვლენა. რას მივიღებთ აგრესიის შედეგად? კიდევ უფრო მეტად გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც აუცილებლად იძალადებს მომავალში, და კიდევ უფრო მეტი სისასტიკით.

 


რეკომენდებული სტატიები
აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება
როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო?
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.