ილონ მასკმა ინტერვიუს დროს მარიხუანა გააბოლა
ხუთშაბათს გვიან საღამოს, ლაივ-ინტერვიუს ჩაწერისას, ილონ მასკი მარიხუანას „ჯოინტს“ ეწეოდა და 2.5 საათის მანძილზე ხელოვნური ინტელექტის საშიშროებებსა და თავის „ტვიტერზე“ ილაპარაკა.
“ტესლას” მთავარი აღმასრულებელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოდკასტზე – “The Joe Rogan Experience„ გამოჩნდა, რომელსაც კომიკოსი ჯო როგანი უძღვება. შოუ, რომელიც Youtube-ზეც გადაიცემოდა, რამდენიმე საათს ვისკის სმის თანხლებით გაგრძელდა. წამყვანმა მოულოდნელად აანთო ჯოინტი, რომელიც მისივე განმარტებით „თუთუნში შერეულ მარიხუანას“ შეიცავდა და ჰკითხა მასკს თუ მოეწია მას მსგავსი რამ.
„ვფიქრობ ერთხელ გამისინჯავს ეს“ უპასუხა მასკმა. „შენ ალბათ ვერ მოწევ, აქციების მფლობელების გამო ხომ?“ ჰკითხა როგანმა. „პრინციპში, ეს ხომ ლეგალურია, ხომ ასეა?“ იკითხა მასკმა. „აბსოლუტურად ლეგალურია“ უპასუხა როგანმა. ინტერვიუ იწერებოდა ლოს-ანჯელესში, სადაც მარიხუანა ლეგალურია შტატის კანონების თანახმად.
მასკმა როგანს ჯოინტი გამოართვა და გააბოლა. ეს იყო საკმაოდ გამაოგნებელი საქციელი ადამიანისგან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის აღმასრულებელია და რომელსაც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მისი საჯარო გამოხტომების გამო.
ბოლო თვეებში მასკმა სატელეფონო ჩართვისას მოულოდნელად „თავზე დაახურა“ ანალიტიკოსებს „დამღლელი შეკითხვების“ დასმის გამო, გამოთქვა მოსაზრება „ტვიტერში“, რომ ბრიტანელი გამოქვაბულების მკვლევარი პედოფილი იყო, და საჯაროდ განაცხადა, რომ იშოვა ინვესტორები “ტესლასთვის”, მაშინ როცა მოლაპარაკებები ჯერ არ ჰქონდა დასრულებული.
მსგავსი გამოსვლების გამო, ზოგიერთმა ინვესტორმა და ანალიტოკოსმა ეჭვი შეიტანა ილონ მასკის აღმასრულებელ თანამდებობასთან შესაბამისობაში. მეგობრებისა და ოჯახის სიტყვებით, ისინი ღელავენ მასკზე, რადგან ის ძალიან გადატვირთულია.
მარიხუანას გაბოლების მეორე დღეს – პარასკევს შუადღეს, “ტესლას” აქციები 5.3%-ით დაეცა და $266 შეადგინა. ასევე, პარასკევსვე, გავრცელდა ინფორმაცია კომპანიიდან მთავარი ბუღალტრის წასვლის შესახებ, რაც “ტესლადან” გაქცეული აღმასრულებლების გრძელი ჯაჭვის ბოლო რგოლი იყო.
მასკის უჩვეულოდ გრძელი ინტერვიუ როგანთან, ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსური ცივილიზაციების გარდა, პერიოდულად მის ღრმად პირად თემებსაც ეხებოდა. მასკმა აღწერა, თუ ჯერ კიდევ ბავშვურ ასაკში, როგორ „ფეთქდებოდა მის ტვინში„ უამრავი იდეა – „ეს იყო დაუსრულებელი აფეთქებები“ განაცხადა მასკმა, რის დასაცხრობადაც ის მედიტაციას მიმართავდა, თუმცა, არცთუ ისე ხშირად, აღნიშნა მან.
მასკმა მაყურებლისგან ტექსტური შეტყობინებაც მიიღო, რომელშიც ეკითხებოდნენ, თუ რატომ ეწეოდა ის მარიხუანას, რაზეც ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის „თითქმის არასდროს“ ეწევა, რადგან მოსაწევის ეფექტს ვერ გრძნობს. „მე ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მოწონს მოსაწევი, მაგრამ მუშაობისთვის მე მას დიდად სასარგებლოდ არ ვთვლი“ თქვა მან.
Wall Street Journal-ს წყარომ გაუმხილა, რომ “ტესლას” დირექტორთა საბჭომ უკმაყოფილება გამოთქვა ტვიტერზე მასკის საქციელის გამო და მას მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. თავის ტვიტერთან დაკავშირებით მასკმა თქვა, რომ მართალია ცდილობს ნეგატიური კომენტარების იგნორირებას, მაგრამ ზოგჯერ მაინც ჩაითრევს ხოლმე დისკუსიები. „ეს არაა კარგი. შეიძლება შეცდომები მოგივიდეს“.
მასკმა თავისი ინტერვიუ დაასრულა მოსაზრებით, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილგანწობილები უნდა იყვნენ. „ადამიანების დემონიზება ძალიან ადვილია – მაგრამ როგორც წესი თქვენ ამ დროს ცდებით. ხალხი უფრო კარგია, ვიდრე თქვენ გგონიათ“.
ავტორი: ტომ ჰიგინსი
წყარო: Wall Street Journal