„ატონალი“ გზად და ხიდად: ქართველი მუსიკოსები Berlin Atonal-ზე


გააზიარე სტატია

ტექსტი, ფოტო და ვიდეო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

 

აგერ ერთი კვირა გავიდა, რაც ატონალი დამთავრდა და დამშვიდებულზე დავწერ. აჟიტირებულზე შეიძლება ისეთი საშინელება დააბრეხვო, რომ შემდეგ საკუთარი თავისა გრცხვენოდეს კაი ხანი.

ატონალი ყოველთვის ჩემი საყვარელი სნობური ნუგბარი იყო. არასოდეს დამზარებია 4 ან 5 დღის ვეებერთელა კრაფტვერკში თენება-დაღამება და საოცრად მაგარი ერთფეროვანი მუსიკის მოსმენა, ხშირ შემთხვევაში არტისტების გარჩევა შეუძლებელი რომ იყო, თუ არ იცოდი ვინ უკრავდა.

დროთა განმავლობაში მე ვსუქდებოდი და შუბლის ზემო ზონიდან თმა მაკლდებოდა, ატონალი და იქ მოარული ხალხი კი ყოველთვის იმავედ რჩებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქაური პუბლიკა წლიდან წლამდე არ იცვლება, არც ბერდება. ვისაც თმა ჰქონდა, ისევ აქვს, ვისაც არ ჰქონდა, არც მერე ამოსვლია და როგორც წესი, ყველა უშავესად არის ჩაცმული. ატონალს ცოტა რომანტიკულობაც მოაკლდა ჩემს თვალში დროთა განმავლობაში, რადგან შევეჩვიე.

 

 

ივლისში, როცა ფესტივალის მონაწილეთა სია გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ 6 ქართველი არტისტი დაუკრავდა ამ ღვთით კურთხეულ ღონისძიებაზე. ამ ცნობამ მაშინვე ამიჩქროლა ჩემს ცნობიერებაში ყოველივე ქართული და მაშინვე ბილეთები ვიყიდე. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუსიკოსთან ემოციურ კავშირს, საოცრად დიდი სიამოვნება მოაქვს იმას, რომ ეს უბრალოდ კაი არტისტი კი არ არის, არამედ შენი ჯიგარია. სხვა ყველა კი სხვადასხვა ბრენდის ივერიასოსისივით მეტ-ნაკლებად ერთნაირად მიდის.

 

 

პირველი ქართველი მუსიკოსი ატონალზე ირაკლი კიზირია იყო 2015 წელს, რომელიც მორიც ფონ ოსვალდის შემდეგ დადგა და ძალიან მაგარი დისკო-ჰაუს სეტი დაუკრა “გლობუსში” (“გლობუსში” ყველაზე მსუბუქი მუსიკა უკრავს ატონალის მიმდინარეობისას. ეს სივრცე იმავე კრაფტვერკშია, ოღონდ ტრეზორის მხარეს და მესამე სართულზე). ამ დროს ირაკლისა და იაკუბ ჩაკარჯის ტექნო პროექტი I/Y საშინლად პოპულარული იყო ბერლინში და სრულიად მსოფლიოს ტექნო ნაწილში, თუმცა ჩემდა გასაკვირად, ატონალზე I/Y-ს არასოდეს დაუკრავს.

 

 

ნათქვამია, რომ თუ შენ არ მიხვალ ატონალთან, ატონალი მოვა შენთან. მისი მეორე ქართული ამბავი წლევანდელ 4GB ფესტივალზე, საგურამოში მოხდა. პირველი ვიქენდის შაბათი მთლიანად ატონალის პროგრამას დაეთმო. ეს იყო შთამბეჭდავად ამოვარდნილი დღე მთლიანად 4GB-ის ისტორიაში, თუმცა ურიგოსაც ვერ იტყვი. რაც მთავარია, ამ დღეს მოვისმინეთ ირაკლი შონიას, ბაკურ მეტრეველისა და სანდრო კოზმანიშვილის პროექტი Fear Polution. ირაკლი შონია ამ პროექტში Esi-ს სახელით მონაწილეობს, მისი ძველი არტისტ-ნეიმები: ვინსენტ ვოლტი და სევერიანე, როგორც ჩანს, მორჩა.

და მესამე გადაკვეთა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისა და ატონალისა წელს განხორციელდა: ნიკა მაჩაიძე, ნიკა ჯაფარიძე, გიგი ჯიქია – HVL, Esi & Octachoron ლაივ პროექტით Fear Polution.

ვფიქრობ, ამდენი მუსიკოსით ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა ძალიან კარგი ამბავია, რადგან ატონალი ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური და გავლენიანი (საშინელი სიტყვაა, მაგრამ უნდა ვიხმარო) ფესტივალია დედამიწაზე. ეს ფესტივალი უფრო გამოფენაა, სადაც რენდომ პრინციპით თავმოყრილი არიან ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის საუკეთესო წარმომადგნელები მთელი მსოფლიოდან. როცა 6 არტისტი წარმოადგენს საქართველოს, ეს ნიშნავს იმას, რომ შრომა დაფასდა და იმ უზარმაზარ დადებით საინფორმაციო ტალღას, რომელიც საქართველოს ელექტრონულ სცენას აუგორდა მსოფლიოში, ლოგიკური გაგრძელებები მოჰყვება.

მეტროსადგურ “მერკიშეს” მუზეუმიდან ამოსული გზას ჰაინრიხ ჰაინეს ქუჩისკენ მივიკვლევდი და ვფიქრობდი: როგორ შემეყრება ატონალი და როგორ შევეყრები მე მას, როგორი შოუ ექნებათ ქართველებს და როგორ შეხვდება მათ პუბლიკა. ასე ფიქრ-ფიქრ მივადექი კრაფტვერკს.

 

 

ყველაფერი იგივეა: ანდროგენული გოგოების ინტერნაციონალი, პოსტგოთი როგორც “აბეზალოვკა”, აგატა კრისტი როგორც the cure და ვადიმ სამოილოვი როგორც რობერტ სმიტი. ელექტროვერკი – გაგიკეთილშობილებთ ნებისმიერ შოუს გარანტიით, მის ბეტონის სიდიადეს კი მოაყოლებს საოცარ აკუსტიკას, როგორც ბონუს ინსტრუმენტს შენი მუსიკისათვის.

ბერლინ ატონალ 2018, აგერ უკვე 1982 წლიდან, ამა წლის სამუშაო ენები იტალიური, ქართული და რუსული, იაპონელებიც უამრავი იყვნენ, თუმცა ისინი, როგორც წესი, ერთმანეთში არ ლაპარაკობენ და თავის გაქნევით ანიშნებენ ერთმანეთს ცინკებს. იტალიელები ჩვენზე მეტს ლაპარაკობენ, რუსები კი ორივეზე მეტს, ხშირად შოუს მიმდინარეობისასაც, განხილვის თემაა ვინ რა ჭამა და ვისი პორცია უფრო მეტი იყო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში კარგი საჭმელი ნორმალურ ფასად მაგრად ჭირს.

 

 

რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო მეტი ობიექტი კარგავს რომანტიკულობას შენს თვალში. წელს ასე დაემართა ატონალსაც. ეს ლამაზი პუბლიკა, სინამდვილეში როგორი გაუბედავია, რომ შავის იქით სხვას ვერაფერს იცვამს, რადგან სხვანაირად არ მოსულა, ან ეს არტისტებიც (მერე აღმოჩნდა) მთავარი სცენიდან რაღაც ერთფეროვან და უსახო დისონანსურ რევერბიან მაიმუნობას რომ მაუწყებლობენ, რატომ არ უტყდებათ მაინც? სულ რამდენიმე შოუმ დამტოვა წელს პირდაღებული. დანარჩენი, ასე 70%, მამალი ხალტურა იყო.

იგივე ითქმის ინსტალაციებზეც. მხოლოდ ერთი იყო შოკისმომგვრელი, დანარჩენი ასევე ხალტურა.

 

 

წლევანდელმა ატონალმაც დაამტკიცა, რომ მუსიკალურ ბერლინში და ევროპაში “ზასტოი” მძვინვარებს, ანაც დიდი გამყინვარება, სტაგნაცია – არაფერი ახალი – ხმაური, ხმაური და ჰარმონიის მიმართ წარმოუდგენელი შიში. თითქოს არტისტებს ემოცია გამოელიათ და იძულებითი ემბიენტურობით ცდილობენ იოლას გასვლას, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო. “ქაოსსაც თავისი წესები აქვს”, – ამბობს ირაკლი კიზირია და მგონი, მეც ვეთანხმები.

 

 

ატონალი ყოველთვის ეხმიანებოდა მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებს. პირველ ატონალი 1982-ზე, რომელიც დასავლეთ ბერლინში, პანკ კლუბ S036-ში ჩატარდა, ინდუსტრიულ-ექსპერიმენტული ბენდის, Einstürzende Neubauten-ის ერთ-ერთი წევრი შოუს დროს უზარმაზარი პერფორატორით მიადგა კლუბის ბეტონის კედელს და ანგრევდა. ვფიქრობ, ხვდებით, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი, ყოველ შემთხვევაში ბატონმა გორბაჩოვმა ეს ტექნო ქარაგმა მარტივად გაიგო და აღასრულა ხმა ერისა.

 

 

წლევანდელი ატონალის პროგრამაც მგონია, რომ როგორც ყოველთვის, ნებით თუ უნებლიეთ კარგად ირეკლავს გერმანიისა და მთელი დასავლეთის დღევანდელ გაყინულ, არაფრისმთქმელ, არაფრისმომცემ, აბულიით (აბულია – სურვილის გრძნობის ატროფია) შეპყრობილ პოლიტიკურ ცხოვრებას, სადაც მხიარულებას და ფერს მხოლოდ ველური რუსები, ანაც მხიარული და თავზეხელაღებული სამხრეთელები შევიტანთ.

 

 

ამის გარდა წლევანდელ ატონალზე მისი ისტორიის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ქალი გამომსვლელი იყო, რადგანაც გერმანელმა ფემინისტებმა ფესტივალს – ტუტუტუტ! – თითი დაუქნიეს, იმის გამო, რომ აქ ყოველთვის ძალიან ცოტა ქალი არტისტი უკრავდა. ფესტივალის ხელმძღვანელობამ შარს თავი მარტივად აარიდა და ქალ არტისტებს პრაქტიკულად კვოტები გამოუყო.

 

 

როგორც გითხარით, უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენი ძალიან საყვარელი ადამიანები უკრავენ, თანაც ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალზე, როგორიც ატონალია.

ნიკა მაჩაიძემ OHM-ში საათნახევრიანი ლაივი დაუკრა. პუბლიკას ხშირ-ხშირად აღტაცებული კივილი სწყდებოდა, სავარაუდოდ ასეთ თვითმყოფად მუსიკასაც არ ელოდნენ, ნიკა ხომ ყოველთვის საქართველოზე ყვება, ამ ქაოსურ, უცნაურ, მაგრამ მაინც საყვარელ ქვეყანაზე. ჩემთვის ესაა ნიკა მაჩაიძის მუსიკა. “რაღა დროს ჩემი ატონალზე დაკვრაა, ბაბუა ვარ უკვე, ბაბუა!” ამბობდა ნიკა იმ საღამოს, როცა ელექტროვერკის ეზოში ვიდექით. მეცინებოდა.

 

 

მეორე ქართული ამბავი Esi & Octachoron პროექტით Fear Pollution მთავარ სცენაზე: მათი ლაივი იყო თამამი, დრამატურგიულად უაღრესად გამართული და რაც მთავარია, თვითმყოფადი. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ იყო ჰარმონიული და თან ძალიან ახალი. მე ბედნიერი ვიყავი, რომ ჩვენების მუსიკა ადგილობრივი უსახური ტრენდიდან მკვეთრად ამოვარდნილი იყო. ლაივის ბოლო ნაწილში ამას დაემატა ირაკლი შონიას (ESI) ვოკალის ძლიერი პარტია, რომელმაც ჟღერადობით იან კურტისისკენაც კი წამიღო და დიდი ძახილის ნიშანი დაუსვა მათ შოუს. მე არ ვიცოდი, ირაკლი თუ მღეროდა, თან ასე.

 

 

დილის 7 საათზე HVL – გიგი ჯიქია ტრეზორში ჰელენა ჰაუფის შემდეგ დადგა. სიტყვათა ეს შეთანხმება “გიგი ჯიქია ტრეზორში ჰელენა ჰაუფის შემდეგ დადგა” უკვე იმხელა რამეს ნიშნავს თანამედროვე ქართული ელექტრონული მუსიკის სცენისთვის – რომ რა ვიცი. ეს ლამაზი გოგო დღეს ტექნო სამყაროში ძალიან დიდი ვინმეა, საოცრადაც უკრავს. ეს მოვლენა კი, გაურკვეველი ხალხისთვის რომ განვმარტოთ, დაახლოებით იგივეა, აი ჩაკვეტაძემ რომ ლუკა მოდრიჩი შეცვალოს სანტიაგო ბერნაბეუზე.

ვფიქრობ, ჰელენას შემდეგ დაკვრა და დენსფლორზე ენერგიის შენარჩუნება ძალიან რთულია, ის ხომ შემდეგ გამომსვლელს შანსს არ უტოვებს და მსმენელს ბოლომდე წურავს. თუმცა HVL უბრალოდ იყო HVL, მშვიდი და ძლიერი, ტრეზორშიც ყველაფერი დალაგდა.

 

 

ამბები საქართველოზე დაასრულა ნიკა ჯაფარიძემ, ისევ OHM-ში, ძალიან ტკბილად.

თითოეული „ჩვენიანი“ არტისტის გამოსვლისას იქვე დრეიფობდა მოზრდილი ქართული ღრუბელი, რომელიც სიამაყით აღვსილი კულტურულ-ისტორიულ ექსკურსსაც უტარებდა დამსწრე ცნობისმოყვარეებს. როგორც საიენტოლოგიის საფუძვლები ამბობს, შენს ხალხს ყოველთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში.

როგორც უკვე ვთქვი, ატონალმა დაგვანახა, რომ ხსნა მხოლოდ გეოგრაფიის გაფართოებაშია. ძველი ევროპა კულტურულად თურმე დიდი ხნის მკვდარია.

 

 

ჩამოგითვლით იმ არტისტებს, რომლებმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, ან ვერა, მაგრამ საერთაშორისო პრესამ მაინც ჩათვალა, რომ ეს კარგია, ამიტომ მოდით და თქვენც გაიგეთ – კაცმა არ იცის რომელ ფესტივალზე გადააწყდებით:

 

Astrid Sonne პროექტით Ephemeral

კოპენჰაგენელი არტისტის ახალი ნამუშევარი, სადაც წარმოდგენილია ქალთა ვოკალური გუნდი, ვიოლა და ელექტროსაუნდიც. განათებასა და ძლიერ ფერთან ერთად მოაქვს მაგარი ემოცია და გამეორებას განახლებასთან ერთად გვთავაზობს. ამ პროექტს ასტრიდ ზონე წარმოადგენს ანდრეა ნოველთან (Ydegirl), ჰენრიეტ მოცფილდთან (ელექტრონული დუო Smerz-ის ერთ-ერთი წევრი) და ქსენია ქსამანეკთან ერთად.

 

 

Beatrice Dillon

ბეატრისს როგორც ყოველთვის, მშვენიერი სეტი ჰქონდა. გირჩევთ, რომ ეს ლონდონელი ქალბატონი არ გამოტოვოთ, თუ სადმე მისი მოსმენის საშუალება გექნებათ. მისმა უაღრესად დახვეწილმა და ინტელექტუალურმა სეტმა OHM-ში მშვენივრად შეამზადა ხალხი ნიკაკოის გამოსვლისთვის.

 

Caroline Lethô

ამ ქალის მუსიკა ისეთი კარგია, რომ სავარაუდოდ კვოტების გარეშეც მარტივად მოხვდებოდა ატონალზე. მისი მუსიკა რთულია, თუმცა მსუბუქი, იგრძნობა ზღვაც, სამხრეთიც და ძალიან დიდი ცოდნა საცეკვაო მუსიკის. ის არ უშინდება ექსპერიმენტებს და აღრევას, და გახლავთ პორტუგალიის ანდერგრაუნდის საამაყო წარმომადგენელი.
ჩემთვის ის აღმოჩენა გახდა. იმედია. თქვენც მოგეწონებათ.

 

Mohamad Reza Mortazavi + Fis

ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ირანულ-ზელანდიური კოლაბორაცია არ უნდა გამომეტოვებინა. შოუ იყო უსახური და მეჰ. სპარსელი მედაირე მოჰამადი, რომელიც ომარ სულეიმანივით აიტაცა მუსიკალურმა სამყარომ, მთელი შოუ თავის დაირას უტყაპუნებდა, ძლიერად და მონოტონურად, როგორც ატონალს შეეფერება, Fis-კი ცდილობდა თავისი ემბიენს ფოკუსით სვეცკი კონტრასტი შეექმნა აღმოსავლურ ეგზოტიკასთან ერთად, თუმცა მეჰ… არაფერი. მოსასმენად სახლში ბევრად უფრო მისაღებია, რადგან ყოველთვის გაქვს მისი გამორთვის შანსი.

 

Klara Lewis

დიდებული იყო შვედი კლარა ლიუისი, რომლის უაღრესად დაბალანსებულმა და დრამატულმა ლაივმა ყაყაჩოებიან ვიზუალთან ერთად უბრალოდ თან გაგვიყოლა. დიდებული ხმაური, რომელიც ბოლოს იდილიაში გადაიზარდა. მასზე პროტესტის გრძნობა არ გამჩენია.

 

Neon Chambers (Kangding Ray + Sigha)

ამდენი ემბიენტის შემდეგ სიქაგამძვრალი მსმენელისთვის ეკლექტური და გამბედავი ნეონ ჩემბერსის ლაივი შვება იყო. ნიბელუნგების საგა რომ ხმოვანი იყოს, ალბათ ასეთი იქნებოდა. სინათლის სვეტები, როგორც გადაჭდობილი ხმლები, ფლეიტის ხმები ვალჰალიდან და საბრძოლო დოლი.

 

Lanark Artefax

შოტლანდიელი პროდიუსერის, კალუმ მაკრეის პროექტი საოცარი მონუმენტური სიმძიმით, ნატურალური ხმებისა და შუქის დაუჯერებელი ერთობლიობით, რომელსაც მსუბუქად დეპრესიულ აღფრთოვანებამდე მიჰყავხარ. არგამოსატოვებელი შოუ ნებისმიერ ფესტივალზე.

 

Helena Hauf

უკომპრომისო ქალი, რომლის ტეხილი ხასიათი მუსიკაშიც ბოლომდე იკვეთება. ჰამბურგის “გოლდენ პუდელ ქლაბის” ყოფილი რეზიდენტი, ტექნოს ღვთაება და თვით სიყვარული, ბლომად ეისიდი და ბრუტალიზმი ბითში. მისი სეტი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იყო მთელ ატონალზე.

 

Giant Swan

ყველაზე მუსიკალური ქალაქის, ბრისტოლის ორ გადარეულ მოქალაქეს, პანკს წიხლით რომ ზელენ ტექნოში, უაღრესად ფიზიკური ლაივით ეგზორციზმამდე გაჰყავხარ. ნეტავ მათი სითამამე გადაედოს ყველას! დგახარ და ფიქრობ იმ ნეტარ დროზე, როცა სცენაზე ყირაზე გადავლა სირცხვილი არ იყო. გიგანტური გედი – strongly recommended!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.