ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან
სოფია გიგიტაშვილი ნიუ-იორკში მომუშავე სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგ-თერაპევტი, დეტოქსიკაციის სპეციალისტი და ირიდოლოგია. ამჟამად ასწავლის ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების ხელოვნებას ნიუ-იორკის ჰოლისტიკურ სკოლასა და სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ცენტრებში. აქვს ასევე პირადი პრაქტიკა, სადაც პაციენტებს ეხმარება ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის გაუმჯობესებაში, საკვების მომნელებლი სისტემის ფუნქციის აღდგენისა და დეტოქსიკაციის პროფილით. ფეისბუკში სოფია მოდერატორობს თავის საჯარო ჯგუფს – ჯანსაღი ცხოვრების ხელოვნება.
სოფია გიგიტაშვილი: “საქართველოში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდი იურისტად ბანკში, მაგრამ ამერიკაში გადმოსვლის შემდეგ მიზნად დავისახე მეპოვნა ისეთი პროფესია, რომელიც ახლო იყო ჩემს ბუნებასთან, ინტერესებთან და თანაც მომცემდა საშუალებას სიკეთეც მეკეთებინა.
ახლანდელ პროფესიამდე დაახლოებით 8 წლის წინ სწორედ ჩემმა ჯანმრთელობის პრობლემებმა მიმიყვანა. პირადი კვლევების შედეგად, ჰოლისტიკური მეთოდებით მოვირჩინე ალერგია, კუჭ-ნაწლავისა და კანის კონდიციები. მედიტაციისა და იოგას დახმარებით შევძელი მომეპოვებინა შინაგანი სიმშვიდე, ემოციური სტაბილურობა, კონცენტრაცია, შემენარჩუნებინა ენერგია და ცხოვრების ენთუზიაზმი. ამ პროცესში მივხვდი სწორი საკვების, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი აზროვნების ძალას და იმასაც, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება.
2014 წლიდან განათლება მივიღე ჰოლისტიკური და ნუტრიციული მედიცინის სკოლებში, სადაც დავეუფლე ინდური აურვედული, აგრეთვე , ჩინური მედიცინის, უჯრედოვანი დეტოქსიკაციის და აღდგენის საფუძვლებს. ახლახან დავასრულე ერთწლიანი ნუტრიციული თერაპიის პროგრამა, სადაც საფუძვლიანად დავეუფლე საკვების და მკვებავი ნივთიერებების თერაპევტული მიზნებით გამოყენების სტრატეგიებს.
ჩემი საქმიანობა აერთიანებს უძველესი სამედიცინო პრაქტიკისა და თანამედროვე მეცნიერების ცოდნას, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ბიოქიმიურ ინდივიდუალურობას და ორგანიზმის თვითგანკურნების პოტენციალს, რაც საშუალებას მაძლევს უფრო ფართო ჭრილით განვიხილო პაციენტის მდგომარეობა და ვიპოვო სასურველი გზები მისი გამოჯანმრთელებისთვის.
ვცხოვრობ ბრუკლინში, ვარ იოგი და მოგზაური.”
რატომაა მნიშვნელოვანი სწორი კვება და რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესი?
სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტია, ადრეული ადამიანი ამაზე ალბათ არც ამახვილებდა ყურადღებას, თვით ნუტრიციული მეცნიერებაც მხოლოდ მე-18 საუკუნიდან, “ქიმიური რევოლუციის” შემდეგ იჩენს თავს. ადრეული ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდა, მიირთმევდა სეზონურ საკვებს, იძინებდა და იღვიძებდა მზესთან ერთად. ბუნება წარმატებით კარნახობდა მას, თუ რა საკვები როდის უნდა მიეღო. ადამიანიც ენდობოდა ბუნების სიბრძნეს.
მაგრამ 21-ე საუკუნის ადამიანი თავნებაა. მას სურს თავად შეიცნოს ყველაფერი და თავადვე შექმნას. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ადამიანის ფიზიოლოგია და ანატომია წარმოუდგენლად კომპლექსურია. ადამიანის მიერ ინდუსტრიული წესებით შექმნილი საკვები არათუ კვებავს, არამედ ფიტავს და ვნებს ჩვენს ორგანიზმს. ადამიანი ერთადერთი ცხოველია ამ პლანეტაზე, რომელსაც ვეღარ გაუგია რით იკვებოს. ყველა სხვა ცხოველმა ზუსტად იცის, რა საკვებია მისთვის განკუთვნილი და რა უნდა იღონოს ავადმყოფობის შემთხვევაშიც. გინახავთ ალბათ, ავადმყოფი ძაღლი მხოლოდ სპეციფიკურ ბალახს რომ მიირთმევს, გულს ირევს, იძინებს და სანამ არ მორჩება, არ ეკარება საკვებს. ადრეული ადამიანი სუნით, გემოთი, შეხებით და ასევე ინტუიციითაც ირჩევდა საკვებს. ჩვენს დროში კი ჩვენივე გადაწყვეტილებებზე გავლენას უამრავი მარკეტინგული მესიჯი ახდენს. თანამედროვე ადამიანმა დაკარგა კონტაქტი თავის ინსტინქტებთან. ბიოლოგიური თვალსაზრისით კი ჩვენი ფიზიოლოგია და ანატომია ისევ ისეთია, როგორც აგროკულტურის ჩამოყალიბებამდე იყო, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები კვლავ იგივეა.
საკვები ადამიანისათვის ენერგიის წყაროა. ის ასევე გამოყენება ორგანიზმის საშენ მასალადაც. როგორც მანქანას, ასევე ადამიანის ორგანიზმსაც სჭირდება საწვავი თავისი მეტაბოლური თუ მექანიკური ფუნქციების შესასრულებლად. საკვების საბოლოო სახე არის ენერგია. მას შემდეგ, რაც საკვები გაივლის მომნელებელ სისტემას და ნივთიერებებად დაქუცმაცდება, სისხლის მიმოქცევის გზით მოხვდება უჯრედში, სადაც ეს ნივთიერებები იმ დონემდე იშლება, სანამ სუფთა ენერგიად არ გადაიქცევა. ეს ენერგია კი ამუშავებს 70 ტრილიონ უჯრედს, რომლისაგანაც შედგება ჩვენი ორგანოები, კუნთები, სისხლძარღვები, ნერვული სისტემა და მთლიანად ჩვენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი უჯრედოვან დონეზე განხორციელებული პროცესები განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ძალას, კონცენტრაციის, ხასიათის, ენთუზიაზმის, წარმატებების მიღწევის, დაბრკოლებების გადალახვის, ცნობისმოყვარეობის, აზროვნების დონეს. დააკვირდით დაღლილ და ავადმყოფ ადამიანს, განა აქვს მას ეს თვისებები მწყობრში?
ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი საკუთარი ორგანიზმის გაგება და მოსმენაა. ყველა ჩვენგანი იბადება გარკვეული მეტაბოლური ტიპით, აიურვედაში ამას პრაკრუტი ჰქვია. თითოეულ მეტაბოლურ ტიპს, ოპტიმალური ფუნქციისთვის სჭირდება გარკვეული სახის საკვები პროდუქტები. კველა საკვები პროდუქტი თავისებურად მოქმედებს ორგანიზმზე. არის ასეთი გამოთქმაც: “ერთი კაცის წამალი მეორე კაცისთვის საწამლავიაო”. როცა ადამიანი იცნობს საკუთარ ორგანიზმს, მან კარგად იცის – რა საკვები ვნებს და რა რგებს. ამიტომაც, როცა ვსაუბრობთ ჯანსაღ კვებაზე, ეს პრიციპი ყოველთვის მთავარია.
ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი პრინციპი კი საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიაში ყოფნაა. ადამიანისათვის, რომელიც მუდამ ბრძოლაშია საკუთარ თავთან და სამყაროსთან, ჯანმრთელობის შენარჩუნება რთულია. ჯანსაღი კვება კი, როგორც ზემოთ ვახსენე, მხოლოდ ერთ-ერთი დამხმარე ელემენტია.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოისწოროს ადამიანმა სწორი კვებით?
შეიძლება ყველა პრობლემა მხოლოდ კვებით ვერ გამოასწორო, მაგრამ სწორი კვების გარეშე არ არსებობს ნამდვილი განკურნება. გააჩნია რა დონეზეა ბალანსი დარღვეული. ხანდახან ხდება საჭირო სამკურნალო ბალახებისა და დანამატების მოხმარებაც. ჩემს პრაქტიკაში კვების საშუალებით დაგვიბალანსებია ქოლესტერინი, სისხლში შაქრის დონე, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიები, გამონაყარი, წონა.
რამდენად სწორად იკვებებიან საქართველოში?
საქართველოში მიირთმევენ დიდი რაოდენობით ხორცს, ცომეულს, რძის ნაწარმს, სუფრის თეთრ მარილს, გადამუშავებულ ზეთებს და ალკოჰოლს. ყველა ამ პროდუქტს თავისი თვისება გააჩნია და თავისებურ ზეგავლენას ახდებს ორგანიზმზე. ამ საკვები პროდუქტების გადამუშავების შედეგად ორგანიზმში რჩება მეტაბოლური ნარჩენები, რომლებიც ტვირთავს და ზიანს აყენებს მას. ამიტომაც სასურველია შევამციროთ ხორცის, რძის ნაწარმის და ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში. სამაგიეროდ გავზარდოთ უმი ბოსტნეულის, ხილის და მწვანე ფოთლების რაციონი. რაც შეეხება სუფრის თეთრ მარილს და გადამუშავებულ ზეთებს გამჭირვალე ბოთლებში, სასურველია შევცვალოთ ზღვის ან ჰიმალაური მარილით, ცივი დაწურვის ზეთებით და ტრადიციული ცხიმებით. ასევე მოვერიდოთ ლამაზ, ფერად ყუთებსა და პარკებში მოთავსებულ სასუსნავებს, როგორიცაა ჩიპსები, კრეკერები, კანფეტები, ნამცხვრები, შოკოლადები, რომლებიც დატვირთულია ხელოვნური ნივთიერებებით, ხელოვნური გემოებით, შაქრით და კიდევ ვინ იცის რით. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აზიანებს ახალ თაობას, რადგან ნუტრიციული თვალსაზრისით ასეთ საკვებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, პირიქით – მისი გადამუშავებისთვის ორგანიზმი თავის რესურსებს იყენებს. არის საკვები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ და ვიღებთ საჭირო ნივთიერებებს და არის საკვები, რომელიც ჩვენ გვართმევს საჭირო ნივთიერებებს. ზემოთ ხსენებული საკვები სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება.
ითვლება რომ სწორი კვება ძვირი ღირს (ფინანსურად). რას ფიქრობ ამ მოსაზრებაზე?
მთავარია ადამიანს რა პრიორიტეტები აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელში, ალკოჰოლში და ნივთებში მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე იმ საკვებში, რომელსაც მათი ორგანიზმი იღებს და ფაქტობრივად ქმნის მას, ვინც არის. ამას ემატება ის ხარჯები, რომელიც მოგვიანებით დაავადებების მკურნალობას სჭირდება, , ასევე ექიმებთან დახარჯული ძვირფასი დრო… საბოლოო ჯამში, არა მგონია, ჯანსაღი კვება ძვირი იყოს.
დაავადებების პრევენციაში თანხის დაბანდება უფრო მომგებიანია. ბონუსი კი კარგი ხასიათი, ენთუზიაზმი, ენერგია და სიხარულია. ეს არის ადამიანის ნამდვილი, საუკეთესო ვერსია. თანაც არ არის სავალდებულო ეგზოტიკური საკვების და დელიკატესების შეძენა, მთავარია დაბალანსებული კვება – ძირითადად ბოსტნეული და ხილი, ბარდა, თხილეული , მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმები, სუფთა წყალი. მცირე რაოდენობით – ხორცი, რძის ნაწარმი, შაქარი და ალკოჰოლი.
ასევე რეკომენდებულია დროდადრო საკვებისგან თავის შეკავებაც გაწმენდის და გასუფთავების მიზნით. ყველაზე ძვირი მაინც ხორცი, რძის ნაწარმი და ალკოჰოლი ღირს, არა? არის ასეთი კვლევა Blue Zones, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი სოფელში მცხოვრებლები არიან, ისინი კი ადგილობრივ, ჯანსაღ, სეზონურ საკვებს მიირთმევენ. ეს არის და ეს!
ასევე საქართველოში შემინიშნავს ნეგატიური აზროვნებისა და განკითხვისაკენ სწრაფვა. ადამიანის მიერ განცდილი ფიქრები და ემოციები ისევე მოქმედებს მისი ორგანიზმის ბიოქიმიაზე, როგორც არასწორი საკვები. ჩინური მედიცინის მიხედვით, უარყოფითი ემოციები მოქმედებენ ღვიძლზე, გულზე, თირკმელზედა ჯირკვალზე, ადამიანს ართმევენ თანაგრძნობისა და სიხარულის განცდას, რომელიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ბაზისია.
შეიძლება თუ არა საკვებით ალერგიის რეგულირება?
რეგულირება არ ნიშნავს მორჩენას, ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწრაფოდეთ მორჩენისკენ. სამედიცინო განმარტებით ნამდვილი საკვები ალერგია მხოლოდ ცილით გამოწვეული რეაქციაა. ცილა თავისი მთლიანი ფორმით ორგანიზმში არ უნდა ხვდებოდეს. ის საკვების მომნელებელი სისტემის დახმარებით ამინომჟავებად უნდა დაქუცმაცდეს. მაგრამ თუ მოშლილია საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქცია, დაზიანებულია წვრილი ნაწლავის კედელი, ცილები ახერხებენ სისხლში მოხვედრას, იმუნური სისტემისთვის კი ეს ცილები უცხოა, მაშასადამე უნდა განადგურდეს. ასე იწყება ანთებითი პროცესი, რომელსაც ჩვენ ალერგიას ვეძახით, სინამდვილეში ორგანიზმი გადაიქცევა ბრძოლის ველად იმუნურ სისტემასა და ცილებს შორის.
თუ ეს ბრძოლა ხანგრძლივია, ყალიბდება ქრონიკული ანთებითი პროცესი, რომელზეც ორგანიზმის უამრავი რესურსი იხარჯება. ცილები კი შეიძლება იყოს საკვები, ბაქტერიები, პარაზიტები, ვირუსები. ანუ ალერგია მაინც კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ალერგიის მკურნალობა კუჭ-ნაწლავის მკურნალობით უნდა დავიწყოთ.
როდესაც საკვების მომნელებელი სისტემა სათანადოდ მუშაობს, ცილები იშლება და შესაბამისად არ იწვევს იმუნური სისტემის შეშფოთებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დარეგულირდეს კვება, ადამიანმა უნდა დაიწყოს შესაბამისი საკვების მიღება და ამოღებულ იქნას ის საკვები პროდუქტები, რომელზედაც ორგანიზმი რეაგირებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ასევე, არსებობს სიმპტომები, რომლებიც ალერგიას წააგავს, მაგრამ მხოლოდ ორგანიზმის მგრძნობელობაა ამა თუ იმ ნივთიერებაზე და არა ცილაზე.
ვისთვისაა საჭირო დეტოქსიკაცია და როგორ უნდა გაკეთდეს ის?
რა არის დეტოქსიკაცია? მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის ორგანიზმის არასასურველი ნივთიერებებისგან გათავისუფლება. ჩვენი ორგანიზმი თვითმკურნალი სისტემაა, ის ასეა შექმნილი და ბუნებრივადაა აღჭურვილი დეტოქსიკაციის მექანიზმებითაც: ღვიძლი, საკვების მომნელებელი სისტემა, თირკმლები, ფილტვები, ლიმფური სისტემა, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა გამუდმებით ათავისუფლებს ორგანიზმს არასასურველი ნივთიერებისაგან.
ასევე, გაწმენდისა და განახლების პრაქტიკა ადამიანს ევოლუციურად თუ ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. იყო პერიოდები, როდესაც ადამიანს ასე მარტივად არ მიუწვდებოდა საკვებზე ხელი. ზაფხულში და შემოდგომაზე უხვად იყო საკვები, მაგრამ ზამთარში ის ნაკლებს მიირთმევდა. გაზაფხულზე კი ახალი მცენარეებით და ხილით აღიდგენდა დაკარგულ რეზერვებს. თანამედროვე ადამიანი უამრავ საკვებს მიირთმევს. ზემოთ ვახსენე, რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი ორგანიზმი ისეთივეა, როგორც ათასობით წლის წინ, ანუ ამდენ საკვებთან გამკლავება რთულდება, იტვირთება ორგანოები, იხარჯება უამრავი ენერგია, ეს ენერგია კი ორგანიზმმა სხვა პროცესებიდან უნდა ისესხოს.
ამას თან ერთვის დაბინძურებული გარემო, წყალი, საკვები, რაც თავისთავად ბადებს ორგანიზმის დამატებითი გაწმენდის საჭიროებას. დეტოქსიკაციის პრაქტიკა მოიხსენიება ჰიპოკრატეს, აიურვედულ და ინდიელი ამერიკელების მედიცინაშიც. ჩვენს დროშიც უამრავი კლინიკაა კონცენტრირებული დეტოქსიკაციის მეთოდებით ქრონიკული დაავადებების განკურნებაში.
დეტოქსიკაციის ჩასატარებლად რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა. რადგან სპეციალისტმა უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს, თუ რა სახის დეტოქს-პროგრამა არის შესაფერისი კონკრეტულ სიტუაციაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. არასწორი პრაქტიკა კი არის ის, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ 3 დღეში დაასრულებს დეტოქსიკაციას, სინამდვილეში ეს პროცესი 3-4 დღის შემდეგ იწყება. ასევე დეტოქსიკაციის დროს აუცილებელია დასვენება, ენერგიის დაზოგვა, რათა ეს ენერგია განკურნებისთვის იყოს გამოყენებული.
ასევე, ვინაიდან დეტოქსიკაციის დროს ორგანიზმში უამრავი ცვლილება ხდება, აუცილებელია საკვების მომნელებელი სისტემის, ღვიძლისა და თირკმლების მხარდაჭერა. ადამიანს უვითარდება უამრავი არასასიამოვნო სიმპტომი და აუცილებელია იცოდეს მასთან გამკლავების ხერხები. ეს პროცესი არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიცაა, ამიტომაც სასურველია სპეციალისტთან ერთად ამის გავლა. მე ვიტყოდი, ყველა ისარგებლებს დეტოქსიკაციის პროცესით, მაგრამ დეტოქსკაციის პროგრამა ყველასთვის ერთი და იგივე არ არის.