TBILISI PHOTO FESTIVAL 2018 – 13 სექტემბერს იხსნება
“და გამოვედით, რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები”…
ამ სახელწოდებით თბილისის ფოტოფესტივალის მეცხრე გამოშვება 13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე სასტუმრო “სტამბაში” საკმაოდ მასშტაბური მულტიმედიური პროექტით გაიხსნება. პროექტი, რომელიც სპეციალურად ფოტოფესტივალისათვის მომზადდა, ქართველი და უცხოელი ხელოვანების, ფოტოგრაფების, ვიდეოარტისტების ერთობლივი ნამუშევარია და მიზნად ისახავს საქართველოში რუსული ოკუპაციის ერთგვარ არტისტულ გააზრებას.
ამ და სხვა ქვეყნის კულტურული განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებზე თბილისის ფოტოფესტივალის ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე AT.ge-ს ესაუბრა:
ნესტან, გვიამბე პროექტის შესახებ, რომლითაც უკვე ხვალ გაიხსნება TBILISI PHOTO FESTIVAL 2018
პროექტი სპეციალურად იყო ჩაფიქრებული 2018 წლის ფოტოფესტივალის გახსნისთვის, მისი წამყვანი არტისტია ძალიან ცნობილი ფრანგი ვიდეოხელოვანი კრისტიან ბარანი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო პლატფორმებზე იფინება და ცნობილია, როგორც რეალისტური პოეზიის დიდი ვიდეო ოსტატი.
ბარანმა 2018 წლის აგვისტოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმოგზაურა, ფაქტობრივად ყველა სოფელი მოიარა, იყო ნებისმიერ რაიონში, ძალიან დიდი მასალა გადაიღო და სხვა ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად, მის მიერ შექმნილი დოკუმენტურ-კონცეპტუალური ფილმი, მრავალეკრანიანი ინსტალაციის სახით იქნება წარმოდგენილი ფოტოფესტივალის გახსნაზე.
კრისტიან ბარანის გარდა, პროექტში ჩართულები არიან ახალგაზრდა ქართველი არტისტები, მათ შორისაა თაკო რობაქიძე, პროექტით – მცოცავი საზღვრები, რომელიც ასევე ოკუპაციის შედეგების ფოტოდოკუმენტაციას წარმოადგენს.
თაკო რობაქიძე. პროექტიდან “მცოცავი საზღვრები“ 2015-2018
იუსტინა მელნიკევიჩი/MAPS. გორი. 2008 წლის აგვისტო
გიორგი პინხასოვი/Magnum Photos. გაგრა. 2009
თომას დვროჟაკი /Magnum Photos. ბიჭვინთა. აფხაზეთი. საქართველო. 2013
პროექტის ნაწილია ლადო ლომიტაშვილის ინსტალაცია, აგრეთვე ანდრო ერაძის ვიდეონამუშევარი და გამოფენის ასევე ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს 2008 წელს ათი ძალიან ცნობილი დოკუმენტური და ომის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა.
მულტიმედიური ინსტალაციის კიდევ ერთი ელემენტია ტექსტები, რომელიც ომის თვითმხილველთა ნაამბობის მიხედვითაა ჩაწერილი, და ნაწილია პროექტისა 08/08/08, რომელიც 2018 წლის აგვისტოში დაიწყო.
როგორ დაახასიათებთ ფრანგი ხელოვანის პროექტს?
კრისტიან ბარანის ნამუშევარი, რომელიც შეიქმნა თბილისის ფოტოფესტივალისათვის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ღონისძიებისათვის, არამედ ზოგადად უახლესი ქართული ისტორიის და არსებული რეალობის გააზრებისათვის და ამისათვის ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე გამოსახულებას, ფაქტობრივად მის ყველა არსებულ ფორმატში. ეს არის ფოტო, ვიდეო, ახალი მედიები. თუმცა კრისტიან ბარანის შემთხვევაში მთავარი მედია, რა თქმა უნდა, ესაა ვიდეო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კოლაბორაციის მოფიქრებაც კონცეპტუალურად და მერე მისი რეალიზაციაც.
ფოტოფესტივალმა თავისი არსებობის 9 წლის განმავლობაში პირველად გააკეთა ასეთი ფართომასშტაბიანი, მსხვილი, ხანგრძლივი კოლაბორაცია ცნობილ ხელოვანებთან და ერთგვარი რეზიდენციაც. ბარანი არა მხოლოდ საპატიო სტუმარია, არამედ ჩამოვიდა გაცილებით ადრე, იმუშავა და დარჩა საქართველოში, რათა დაემონტაჟებინა მთელი მასალა და გუნდთან ერთად ჩართულიყო პროექტის ინსტალაციის მომზადების პროცესში. შესაბამისად პროექტის მზადება უაღრესად კრეატიული, დატვირთული პროცესი იყო.
ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ ფოტოფესტივალი ერთგვარ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს განვითარებაში, ვინაიდან სცდება მხოლოდ ფოტოგრაფიულ ფორმატს და მიდის მულტიმედიისკენ. ეს კი განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე გამოსახულება ვითარდება და აღარ დგას ერთ ადგილას. ჩვენც გვინდა, რომ ამ განვითარებას ავყვეთ, მივყვეთ და შესაბამისად ფესტივალის გახსნის პროექტი სრულად მულტიმედიური გამოვა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამას სჭირდებოდა ტექნიკური ბაზის მომზადება, ისევე როგორც კონცეპტუალურად და პროფესიონალურად მზადყოფნა.
შესაბამისად, დიდად დაგვეხმარა ის, რომ კრისტიან ბარანი ჩვენთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩართული ყოფილიყო, როგორც კონსულტანტიც, ექსპერტიც და ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შანსი ფოტოფესტივალის მთელი გუნდისა და ცენტრალურ პროექტში მონაწილე სხვა არტისტებისათვისაც.
წელსაც ჩატარდება ფოტოგრაფიის ღამე?
დიახ, ფესტივალის ტრადიციული “ფოტოგრაფიის ღამე” წელსაც ჩატარდება. ეს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების გამორჩეული და ორიგინალური ღონისძიებაა. პროგრამაში 300-მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. როგორც ყოველთვის, ეს უნიკალური შანსია, ერთი ღამის განმავლობაში თანამედროვე ფოტოგრაფიის საუკეთესო ნიმუშების ხილვისა.
განსაკუთრებულია ისიც, რომ მეცხრე გამოშვების “ფოტოგრაფიის ღამე” უბრუნდება ძველ თბილისს, თუმცა ახალ ადგილზე. ჩვენებები გაიმართება ბეთლემის უბანში. “ფოტოგრაფიის ღამე” 15 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ამ ღონისძიების ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას მსოფლიოში ყველაზე ძველ, დიდ და პრესტიჟულ არლის ფოტოფესტივალთან. ჩვენ მათთან 2010 წლიდან ვმეგობრობთ და ეს გვაძლევს საშუალებას წელსაც ვაჩვენოთ 2018 წლის არლის ფოტოფესტივალის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამა.
თუმცა ძალიან საინტერესო ახალი კოლაბორაციებიც გვაქვს, მაგალითად, შვედურ და აფრიკის კონტინენტის ფოტოფესტივალებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ბანგლადეშის ფესტივალთან, კერძოდ კი ჩობი მელასთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, რომ იგი დააფუძნა ცნობილმა ფოტორეპორტიორმა და აქტივისტმა შაჰიდულ ალემმა, რომელიც ახლა დაკავებულია მისი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აქტივისტური საქმიანობის გამო.
როგორც ცნობილია, წელს თქვენ წარმოადგენთ ასევე ფოტოპროექტს “გატეხილი ზღვა”. წიგნი, რომელიც ამ ნამუშევრებით შეიქმნა და პროექტის ნაწილია, ერთი კვირის წინ ცნობილ ჰოლანდიურ ფოტოფესტივალზე 10 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
“გატეხილი ზღვა” არის წლევანდელი ფოტოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ქართველი და რუსი ფოტოგრაფის დუეტის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ნატა სოფრომაძე ქართველია, ირინა სადჩიკოვა კი პროექტში მონაწილე რუსი ფოტოგრაფი. ნატა სოხუმიდანაა. მან 90-იანი წლების დასაწყისში სხვა ბევრ ადამიანთან ერთად დატოვა სოხუმი და მას შემდეგ აღარ და ვეღარ დაბრუნდა. ფოტოგრაფებმა ერთმანეთი გაიცნეს 2015 წელს თბილისში, ჩვენი ფოტოფესტივალის ორგანიზებული სემინარის ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდა თანამედროვე ფოტოგრაფიის ფრანგი მეგავარსკვლავი ანტუან დაგატა.
მათ მაშინვე გადაწყვიტეს ერთობლივად ემუშავათ პროექტზე; კერძოდ კი ირინა სადჩიკოვა წავიდოდა სოხუმში, გადაიღებდა იქ ნატას სახლს, მიმდებარე ტერიტორიას, იმ ადგილებს, რომელიც ნატას უყვარდა, როდესაც იყო ბავშვი და მოზარდი. გადაიღებდა ამ ყველაფერს ფირზე და გაუმჟღავნებელ ფირს გამოგზავნიდა თბილისში, იმისათვის რომ ნატას, გადაღებულ ფირზე თვითონაც გადაეღო თბილისში თავისი გამოსახულება, რომელიც ასახავს მის ამჟამინდელ ცხოვრებას აქ.
შესაბამისად, ამ კონცეფციამ ძალიან საინტერესო შედეგი მოიტანა, შეიქმნა ამ ორი ფოტოგრაფის მიერ სოხუმში და თბილისში გადაღებული ფოტოების დამთხვევით და ორმაგი ექსპოზიციის პრინციპით გამოსახულება, რომელიც არის მინიმუმ ორშრიანი და ახლა უკვე ის ინსტალაციის სახით იქნება ნაჩვენები.
ეს გამოფენა 20 სექტემბერს გაიხსნება “სტამბაში”. სასიამოვნოა ისიც, რომ პროექტის ნაწილია წიგნი, რომლის სახელწოდებაც ასევე “გატეხილი ზღვაა.” იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს, ძალიან საინტერესოდ მოფიქრებული წიგნი იქნება ამსტერდამის გამარჯვებული.
და ბოლოსთვის ძალიან საინტერესო მოვიტოვეთ. გვიამბეთ მუზეუმის და ახალი სივრცის შესახებ, რომელიც სასტუმრო “სტამბაში” გაიხსნება.
თბილისის ფოტოფესტივალის გუნდი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პროექტზე, რომელიც დედაქალაქში პირველი ფოტოგრაფიული ინსტიტუციის შექმნას ისახავს მიზნად. ბოლოს და ბოლოს ამ პროექტმა რეალური კონტურები შეიძინა ორი პარტნიორის მხარდაჭერის შედეგად. კერძოდ კი, მუზეუმის გარკვეული აქტივობების მხარდამჭერი გახდა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოში, ხოლო მუზეუმის არსებობის დასაწყებად ფოტოფესტივალის ერთგულმა პარტნიორმა აჭარა ჯგუფმა მუზეუმის პროექტს ახლად გახსნილ სასტუმრო “სტამბაში” გადასცა სივრცე.
მუზეუმი მიზნად ისახავს ძალიან ბევრი მიმართულებით აქტივობების განვითარებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პირველი ინსტიტუციაა, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომელიც ფოკუსირებულია თანამედროვე გამოსახულებაზე და მის ყველა ფორმატზე – იქნება ეს ფოტო, ვიდეო, ახალი მედიები თუ კინო; მიზნად ისახავს ასევე ძალიან კარგი დასავლური ტრადიციის გამეორებას.
გვინდა ის იქცეს ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სოციალური და კულტურული ცვლილებების წამოწყება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მუზეუმის შექმნის გამართლება მხოლოდ ეს შეიძლება იყოს, სხვა მხრივ ნებისმიერი რამ, ჩემი აზრით, ისეთივე მკვდრადშობილი იქნება, როგორც ბევრი არსებული მუზეუმი. ამიტომ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გეგმავს მრავალმხრივ საქმიანობას და აქტივობებს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამხრეთ კავკასიის ქალი ფოტოგრაფების გაძლიერება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, ფოტოგრაფიული ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და მათი გატანა დედაქალაქიდან, და ამისათვის იარსებებს მოძრავი მუზეუმები. საინტერესო იქნება იმითაც, რომ შეიქმნება საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც ერქმევა „გამოსახულების ფაბრიკა“ და რომელიც ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფოტოგრაფიის შესახებ საგანმანათლებლო კურსის განვითარებას გულისხმობს.
დაგეგმილია მულტიმედიური არქივის შექმნა, რომელიც დაგროვილი აქვს თბილისის ფოტოფესტივალს არქივებში თავისი არსებობის პერიოდში. მუზეუმში იარსებებს ფოტოწიგნების ბიბლიოთეკა, რომელიც სამხრეთ კავკკასიაში არ არსებობს.
შეიქმნება ანალოგიური ბეჭდვის ლაბორატორია და არქივი, სადაც ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა სათანადოდ იქნეს შენახული, დაცული და შესწავლილი. სავარაუდოდ, მუზეუმი 2018 წლის ბოლოს, ყველა საჭირო სამუშაოს დასრულების შემდეგ გაიხსნება.