კანაფის ინდუსტრიის შედეგები – იტალიური გამოცდილება


გააზიარე სტატია

 

იტალიელი ფერმერები ხორბალზე დაბალი ფასების, გამოფიტული ნიადაგისა და დიდი კომპანიების მიერ მარცვლეულის იმპორტის გამო კრიზისის წინაშე დგანან. მაგრამ ზოგმა მათგანმა აქედან გამოსავალი იპოვა: კანაფის მოყვანა.

კანაფის წარმოება იტალიაში 2016 წლის შემდეგაა ნებადართული, რამაც  გამოიწვია ის, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მცენარისათვის დათმობილი მიწის ფართობის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. თუკი 2013 წელს ეს მაჩვენებელი 400 ჰექტარი იყო, დღეისათვის ის 4000 ჰექტარს შეადგენს.

სალვო სკუდერი თავის კანაფის მეურნეობაში,  სიცილიაში, კატენანუოვას შემოგარენში. 2016 წლის შემდეგ კანაფის მოყვანა THT-ის (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) 0.2%-ზე დაბალი შემცველობით ლეგალიზებულია. ფოტო: ფრანჩესკო ბელინა/Cesura

 

კანონი, რომელიც ფსიქოტროპული შენაერთის, THC-ს 0.2%-ზე დაბალი შემცველობის კანაფის არაფარმაცევტული მიზნებისთვის მოყვანის ნებას რთავს, კანაფის ინდუსტრიული წარმოების განსავითარებლად მიიღეს. იტალიელებმა ეს საკანონმდებლო ცვლილება კარგად გამოიყენეს და კანაფის რიკოტასა და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო აგურებთან ერთად, კანაფის ბისკვიტებისა და პასტას წარმოებაც დაიწყეს.

„კანაფის წარმოების ბუმი მშვენიერი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ფირმებს ახალი ტერიტორიების აღმოჩენა შეუძლიათ, – თქვა რობერტო მონკალვომ, იტალიის ფერმერთა უმსხვილესი ასოციაციის, „კოლდირეტის“ პრეზიდენტმა, – ჩვენ გარშემო ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის მომსწრენი ვართ“.

იტალიელი ფერმერების წინაშე მდგარი კრიზისის გადაჭრის ეს გზა ერთგვარი პატარა, მწვანე ოაზისია სიცილიის შუაგულის მშრალ მიწაზე. თიხის მინდვრებსა და მიტოვებული მარცვლეულის ძნებს შორის ჭიშკარზე შვიდქიმიანი ფოთოლია გამოსახული.

ამ ჭიშკრის უკან სალვო სკუდერი დგას, სოფლის მეურნეობის კოოპერატივის, „კოლი ერეის“ პრეზიდენტი. 41 წლის სკუდერიმ ეს-ესაა, რაც თავისი კანაფის მოსავლის ნაწილის აღება დაასრულა, რომელიც პასტას, ზეთისა და ფქვილის დასამზადებლად იქნება გამოყენებული. წელს მან და ოცმა სხვა მწარმოებელმა „რეტე კანაპა სიცილიადან“ – ასოციაცია, რომლის მიზანიც რეგიონში კანაფის გავრცელების ხელშეწყობაა – საერთო ჯამში თითქმის 150 ტონა მცენარე მოიყვანეს.

 

სალვო სკუდერის კანაფის მოსავალი პასტას, ზეთისა და ფქვილის დამზადებისათვის იქნება გამოყენებული. ფოტო: Alamy Stock Photo

 

„კანაფმა ჩვენი ბიზნესი გადაარჩინა, – თქვა მან, – წელს იმაზე ათჯერ მეტი გამოვიმუშავეთ, ვიდრე ამას ხორბლის შემთხვევაში ვაკეთებდით და ამან ოთხი თანამშრომლის დაქირავება შეგვაძლებინა.“

დღევანდელ ბაზარზე ხორბალს ერთ ჰექტარზე €250-ს შემოსავლის მოტანა შეუძლია, მაშინ როცა კანაფის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, „რეტე კანაპა სიცილიას“ მიხედვით, €2 500-ზე მეტი შეიძლება იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბევრმა სიცილიელმა ფერმერმა, თავისი გამოფიტული ნიადაგის გამოსაცოცხლებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხორბალი კანაფით ჩაანაცვლა.

კატენანუოვას გარშემო მდებარე სოფლებში ტემპერატურამ ზაფხულში შესაძლოა 40 გრადუსსაც გადააჭარბოს. იტალიური საავტომობილო კომპანია „ფიატი“ თავის პროტოტიპებს სწორედ ამ მიდამოებში ცდიდა. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მატარებლებს გაჩერება უწევთ, რადგან ძლიერი სიცხის გამო რელსები ფართოვდება და ერთმანეთს შორდება. მაგრამ ნიადაგის გამოფიტვა მხოლოდ სიცხეს არ გამოუწვევია.

 

სოფლის მეურნეობის ექსპერტები ამბობენ, რომ იტალიის ზოგიერთ მხარეში წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი კულტურის, ხორბლის წარმოება ნიადაგის ეროზიას იწვევს და ზრდის მიწის უვარგისობის რისკს. ფოტო: ბლუმბერგი Getty Images-დან.

 

„წლების განმავლობაში მხოლოდ ხორბლის მოყვანა პრობლემაა, – თქვა დარიო ჯიამბალვომ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა პროფესორმა პალერმოს უნივერსიტეტიდან, – ამან ნიადაგის ეროზია გამოიწვია და მალე შესაძლოა, მიწა გამოსაყენებლად უვარგისიც გახადოს.“

იტალიის სოფლის მეურნეობის კვლევისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ანალიზის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს მაგარი ხორბლით დათესილი მიწის ფართობი სამხრეთ იტალიაში 7.4%-ით, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით 9%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, წლის განმავლობაში წარმოება 4%-ით ნაკლები იყო.

როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ კანაფის წარმოება შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი იყოს.

„კანაფის მოყვანა რეალური შესაძლებლობაა მიწის დივერსიფიცირებულად გამოყენებისათვის, რაც შეიძლება მიტოვებული და ნაკლებად ნაყოფიერი მიწების გამოცოცხლებისათვის კარგი გამოსავალი გამოდგეს, – თქვა ჯიამბალვომ, – ძველმა რომაელებმა გვასწავლეს, რომ სხვადასხვა მცენარეთა ჩანაცვლებით მიწა უფრო ნაყოფიერი ხდება. არ ვიცი, ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის სფეროს ზრდას  გამოიწვევს თუ არა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასე იტალია თავის საწყისებს დაუბრუნდება.“

1940-იან წლებამდე იტალია მსოფლიოში კანაფის წარმოებით  მეორე იყო საბჭოთა კავშირის შემდეგ. იმ დროისათვის იტალიაში კანაფს 100 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თესავდნენ. ომისა და სინთეტიკური ბოჭკოების გავრცელების შემდეგ კანაფის წარმოების დონე დაეცა. ის იგივე ტრაექტორიით გაგრძელდა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალურად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაძლიერებისასაც. 1961 წელს იტალიის მთავრობამ ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიან კონვენციას მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება არაფარმაცევტული კანაფის წარმოებას რეგულაციების მოქმედების სფეროდან ექსპლიციტურად რიცხავდა, მან მცენარის კულტივაციის დონის კიდევ უფრო დაცემას შეუწყო ხელი.

„კანაფი 60 წელს იცდიდა იმისათვის, რათა თავისი კუთვნილი ადგილი დაებრუნებინა, – თქვა სკუდერიმ, – და ახლა შესაძლოა, უკვე მივიღოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მცენარეთა ისეთ ჯიშებსაც შეეხება, რომლებშიც ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შემცველობა 0.2%-ზე მაღალია, და მოხდეს მათზე ექსპერიმენტების ჩატარება ფარმაცევტული გამოყენების მიზნით.“

2016 წლის კანონი არ კრძალავს კანაფის ყვავილთა კომერციალიზაციას. კანონში დატოვებულმა ამ ღია სივრცემ მსუბუქი კანაფის გაყიდვების ბაზარს საშუალება მისცა გაფურჩქნილიყო: იტალიაში დღეისათვის 500-ზე მეტი მაღაზიაა, რომელიც ამ სფეროში სპეციალიზდება. კლიენტს შეუძლია შეიძინოს ყვავილები, რომლებიც ჩანთებსა თუ ქილებშია დაფასოებული, ისეთი სახელებით, როგორებიცაა – „ლურჯი გორილა“, „ამნეზია“ და „მძვინვარე ხარი“, და მათგან ჩაი დაამზადოს, ან სულაც გარდერობში სასიამოვნო სურნელის გასავრცელებლად გამოიყენოს. თუმცა, მომხმარებელთა უმრავლესობა მათ უბრალოდ ფხვნის, ახვევს და ეწევა. მართალია, ისინი ისეთივე შედეგებს ვერ იღებენ, როგორც სტანდარტული კანაფის გამოყენებისას, რომელსაც THT-ს 15-25%-იანი შემცველობა აქვს, თუმცა ზომიერ რელაქსაციას კი განიცდიან.

ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის მიხედვით, იტალიას კანაფის მოხმარების დონით კონტინენტზე მესამე ადგილი უჭირავს.

თავისი კომპანიის კანაფის ყვავილების ქილებზე სკუდერიმ იარლიყი დააკრა: pizzo-free. „ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ისეა დამზადებული, რომ მაფიისთვის არცერთი ცენტი არ მიგვიცია, – ახსნა მან, – ჩვენ მარტივ მესიჯს ვავრცელებთ: კანაფის წარმოება მხოლოდ ნიადაგის გამოცოცხლებას არ ნიშნავს; ეს ასევე ერთ-ერთი საშუალებაა მაფიის დასასუსტებლად, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა გაეკონტროლებინა ნარკოტრაფიკის  დანაშაულებრივი ბიზნესი. გარდა ამისა, ამ გზით ფერმერებს იმას ვუბრუნებთ, რაც თავის დროზე ბოსებმა წაართვეს.“

 

ავტორი: ლორენცო ტონდო

წყარო: https://theguardian.com

 


რეკომენდებული სტატიები
მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში

მარიხუანას კულტივაციის ლეგალური ბიზნესები საქართველოში
ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც კანაფის „გროუერებს“ თუ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.