fbpx

ინტერვიუ იენ გილანთან – სპეციალურად საქართველოსთვის


გააზიარე სტატია

 

 

 

ავტორი: გიორგი კაკაბაძე

ეს ინტერვიუ  9 წლის წინ არის ჩაწერილი და დღემდე გამოუქვეყნებელი იყო. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2009 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბულში Deep Purple-ის კონცერტზე დასასწრებად ჩასულ ქართველ მელომანებს  ჯგუფის ვოკალისტი იენ გილანი შეხვდებოდათ. Deep Purple-ის კონცერტზე პირველად 2003 წელს ბერლინში მოვხვდი, როდესაც ჯგუფი ამერიკელ კოლეგებთან, Lynyrd Skynyrd-თან ერთად ევროპულ ტურნეს ატარებდა. იმ კონცერტმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე ჯგუფის სანახავად  სტამბულშიც წავსულიყავი.

თურქეთში ქართველი მელომანების გამგზავრებას ორგანიზებას ორი სტუდენტი – გიორგი კიკონიშვილი და ქეთი მჭედლიშვილი – უწევდა. გიორგიმ იენ გილანის პირად ვებგვერდზე  წერილი გაგზავნა და სრულიად მოულოდნელად Deep Purple-ის ტურ-მენეჯერისგან პასუხი მიიღო – მუსიკოსი კონცერტის დაწყებამდე ქართველ მელომანებს თავად შეხვდებაო. ივნისის ერთ დილას თბილისიდან სტამბულის მიმართულებით Deep Purple-ის ფანებით  გადაჭედილი ავტობუსი დაიძრა. 25 საათის შემდეგ სტამბულში ჩავედით, მეორე დღეს კი ბოსფორზე მდებარე ”კურუჩეშმე არენაზე” სამი საათით ადრე მივედით. ჩვენთან შესახვედრად მუსიკოსის პირადი ასისტენტი სალი გამოვიდა. რამდენიმე წუთში კი თავად იენიც გამოჩნდა.  

 

 

გილანმა გული არავის დასწყვიტა: ფოტოები ყველასთან გადაიღო, დაარიგა ავტოგრაფები, გაიხსენა 1990 წელი, როდესაც თბილისში ჩამოვიდა. იენის ცოლს, ბრონს თბილისური ფოტოების ხელახლა ნახვისას თვალები აუცრემლიანდა. ემოციური შეხვედრის დასრულების შემდეგ  მუსიკოსმა თანხმობა განაცხადა 20-წუთიან აუდიო ინტერვიუზე, რომელიც მე, გიორგიმ და ქეთიმ ჩავწერეთ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იყო მცდელობა ინტერვიუ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულიყო, თუმცა რატომღაც ეს ვერ მოხერხდა. მას შემდეგ 9 წელი გავიდა. ამ პერიოდში იენ გილანმა Deep Purple-თან ერთად თბილისში ჩამოსვლა  და კონცერტის ჩატარება მოასწრო. ჯგუფმა კონცერტამდე პრესკონფერენცია გამართა, გილანი ქართულ სატელევიზიო თოქშოუებშიც კი გამოჩნდა. თუმცა თბილისში უკვე აღარ უსაუბრია ისე ვრცლად თავის ცხოვრებასა და მუსიკაზე, როგორც 2009 წლის 20 ივნისს სტამბულში, ინტერვიუს ჩაწერის დროს.

 

ფოტო: იენ გილანი, ქეთი მჭედლიშვილი, გიორგი კიკონიშვილი, გიორგი კაკაბაძე

 

იენ,  უდიდესი მადლობა შეხვედრისთვის

იენ გილანი:  თქვენ მომწერეთ ხომ ის წერილი? რა მშვენიერი რამაა ინტერნეტი. წერილისთვის დიდი მადლობა… ესე იგი ავტობუსით ჩამოხვედით საქართველოდან?

 

დიახ, ესაა 60-კაციანი ჯგუფი, რომელიც თქვენთან შეხვედრას დაესწრო. საერთოდ  კი 200-მდე ფანი ჩამოვიდა საქართველოდან სპეციალურად Deep Purple-ის მოსასმენად.

ფანტასტიკურია…. დიდი მადლობა ამისთვის ქართველ თაყვანისმცემლებს.

 

იენ, მოდით, მოგვიყევით თქვენი 1990 წლის ტურნესა და თბილისური ვიზიტის შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა? ეს ქვეყანა მაშინ ხომ ჯერ კიდევ დახურული სივრცე იყო ბრიტანელი  როკ-მუსიკოსებისთვის…

ი. გ.: ეს იყო შესანიშნავი მოგზაურობა. კონცერტები ჩავატარეთ კავკასიაში: სომხეთში, დაღესტანში, აგრეთვე რუსეთში, უკრაინაში. ჩემ მეუღლესთან, ბრონთან ერთად თბილისში დაუვიწყარი დრო გავატარეთ და ქორწილიც კი გადავიხადეთ. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. Deep Purple-ის მსოფლიო ტურნე ძირითადად ევროპასა და ჩრდილო-ამერიკაში, აგრეთვე ავსტრალიასა და იაპონიაში იმართებოდა. 1990 წელს კი, ფარფლებიდან წამოსვლის შემდეგ ჩაწერილი სოლოალბომის, Naked Thunder-ის ტურნეს ფარგლებში, საშუალება მომეცა მსოფლიოს ისეთ ადგილებში მემოგზაურა, სადაც იქამდე ნამყოფი არ ვიყავი.

 

ჩემთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუკი ხალხს ჩამოაცილებთ პოლიტიკას, რელიგიას და თავსმოხვეულ იდეოლოგიებს, მიიღებთ ნამდვილ, რეალურ ადამიანებს. რამდენი განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია მსოფლიოში, რამდენი განსხვავებული რელიგიაა… მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს – კულტურა, სპორტი და.ა.შ. ცივი ომის წლებშიც კი აუცილებელი იყო კულტურული გაცვლა-გამოცვლა ადამიანებს შორის. მით უმეტეს ჩემთვის, როგორც როკ-მუსიკოსისთვის ასეთი მოგზაურება ფანტასტიკური აღმოჩნდა.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი კულტურის აღმოჩენა, ახალი ადამიანების გაცნობა. სწორედ ასეთი აღმოჩენა გახლდათ  პირადად ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის საქართველო. ჩემი ცოლი ახლა Deep Purple-ის მენეჯმენტს, პრომოუტერებსა და ჯგუფის წევრებს უყვება ჩვენი, 1990 წლის თბილისურ ვიზიტს დეტალებში. ძალიან ემოციური ქალია და მართალია, ქართველ ფანებთან შეხვედრა უკვე დასრულდა, კიდევ ცრემლები ადგას თვალზე იმ მოგონებების გამო, რაც თქვენს ქვეყანასთან გვაკავშირებს და რაც ამ რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაგვახსენეს.

რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ის განვიცადე თქვენს ქვეყანაში, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდი – გავეცანი სრულიად ახალ კულტურას, სრულიად სხვა სახის ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საკმაოდ მძიმე წლები გქონდათ და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდით, მაინც შინაგანი ბედნიერების განცდით სულდგმულობდით. ხალხი, რომელსაც უყვარს სიმღერა, ცეკვა, ქმნის კულტურას, არის საოცრად მეგობრული, უშუალო, კეთილი და გულწრფელი… და საერთოდ, საქართველოში დავინახე ადამიანური ურთიერთობების ის დონე, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. გულწრფელად გეუბნებით ამას…

 

 

მე და ბრონს ქორწილი იქამდე ორჯერ გვქონდა გადახდილი – ერთხელ ამერიკაში (რადგან ბრონი ამერიკელია), შემდეგ კი ჩემს სამშობლოში, ბრიტანეთში. ქართველებმა შემოგვთავაზეს ქორწილი თბილისშიც გადაგვეხადა და სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან ამას უფრო დღესასწაულის სახე ექნებოდა, ვიდრე ოფიციალური ქორწინების. მახსოვს ულამაზესი ქართული ტრადიციული სამოსი, ქართული სუფრა და ხალხური სიმღერები, რომლის მსგავსი მრავალხმიანობა და მუსიკალური ჰარმონია იშვიათად მომისმენია. ჩემს თბილისურ კონცერტზე ქართველ მომღერლებთან ერთად ქართული სიმღერაც კი შევასრულე (“ჩემო კარგო ქვეყანა” – ავტ.) ეს დღეები არასდროს დამავიწყდება…

 

თქვენ მსოფლიოში ცნობილი ხართ როგორც როკ-მუსიკოსი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია შემდგომი თაობის როკ და მეტალ-ჯგუფებზე. თუმცა როკი და მეტალი არაა ის ჟანრები, რომლითაც შემოიფარგლებით. ამის საუკეთესო მაგალითია თქვენ მიერ 2009 წელს გამოშვებული სოლო-ალბომი One Eye to Morocco, რომელშიც მოახდინეთ არაჩვეულებრივი სინთეზი როკ-ენ-როლის, ჯაზის, ბლუზის, პოპის, სოულის, ფანქის და რეგეისაც კი. რატომ გადაწყვიტეთ თქვენ, ცნობილმა როკ-ვოკალისტმა ასეთი ალბომის გამოშვება?

ი.გ.: იცით, ეს ჩემი ცხოვრებაა. ბაბუაჩემი ოპერის მომღერალი იყო, ჩემი ბიძა – ჯაზ-პიანისტი, მე თვითონ ბავშვობაში ბიჭი-სოპრანო ვიყავი ეკლესიაში. რომ წამოვიზარდე, როკ-ენ-როლის მოსმენა დავიწყე. ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს: ელვის პრესლიმ, ლითლ რიჩარდმა, ჩაკ ბერიმ. აქტიურად ვუსმენდი ბლუზს, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შემსრულებლად დღემდე რჩება ბიბი კინგი. შემდეგ დავიწყე ჯაზის მოსმენა, რადგან საოცარი ინდივიდუალიზმი იგრძნობოდა ამ მუსიკაში. მოგვიანებით მე თვითონ როჯერ გლოვერთან ერთად შევუერთდი ჯგუფს Episode Six. შემდეგ კი მე და როჯერი გავხდით Deep Purple-ის წევრები. გავიცანი საოცარი მუსიკოსები: იან პეისი, დასარტყამი ინსტრუმენტალისტი, რომელმაც ჯაზის გავლენა განიცადა, ჯონ ლორდი, რომელსაც უყვარს კლასიკური მუსიკა და ორკესტრულ კომპოზიციებს წერს, რიჩი ბლექმორი თავისი როკენროლური რიფებით და კიდევ როჯერ გლოვერი ფოლკ-პოპის გავლენით… აი ასეთი შემადგენლობით და მუსიკალური მრავალფეროვნებით დავიწყეთ Deep Purple-ში მოღვაწეობა და ჩვენს მუსიკაში გავაერთიანეთ ყველა ეს ელემენტი, მაგრამ Deep Purple-ის სახით ჩვენ გვინდოდა მძიმე როკ-ჯგუფის ჩამოყალიბება.

ასე რომ, როდესაც One Eye to Morocco-ზე მუშაობა დავიწყე, გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რასაც ვერ გავაკეთებდი Deep Purple-ში. მინდოდა გამეკეთებინა როკ-კლიშეებისგან თავისუფალი ალბომი. საერთოდ არ მინდოდა გიტარის ან დასარტყამი ინსტრუმენტის სოლო, რადგან საუკეთესო გიტარის სოლოები ჩვენს მსმენელს ისედაც აქვს თუნდაც იგივე Deep Purple-ისგან. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროს, გარემოს, რომელშიც იწერება ალბომი. One Eye to Morocco-ზე მუშაობისას მუსიკოსებთან ერთად შევედით სტუდიაში, დავიწყეთ ჯემი. მაქსიმალურად თავისუფალი გარემო მინდოდა, რადგან როდესაც მსმენელი ალბომს უსმენს, ეს მხოლოდ რაღაც სიმღერების კრებული კი არ უნდა იყოს, არამედ იმ განწყობასაც უნდა გრძნობდეს, რა განწყობითაც ეს სიმღერა იწერება. ასე რომ, საბოლოო ჯამში One Eye to Morocco-ს სახით მივიღეთ ალბომი, სადაც ჩემი მუსიკალური ფანტაზიები მაქსიმალურად განვახორციელე.

 

Deep Purple უკვე 40 წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს. როგორ ახერხებს ჯგუფი 21-ე საუკუნეშიც კი იყოს ისეთივე სიცოცხლისუნარიანი, აქტიური და წარმატებული, როგორც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ? როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც Deep Purple-მა დროის ტესტს გაუძლო?

ი.გ.: უპირველეს ყოვლისა, Deep Purple ესაა მთლიანი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს 5 სხვადასხვა ინდივიდის განსხვავებული და ამასთანავე საერთო პრინციპების, საერთო მისწრაფებების თანაარსებობით, მეგობრობით. ჩვენ არ ვართ მხოლოდ როკ-მუსიკოსები, რადგან გარდა მძიმე როკისა, რომელიც შევქმენით, ვსაზრდოობთ როკ-ენ-როლით, ჯაზით, ბლუზით, კლასიკური მუსიკით, ფოლკით და სოულით, რაც თავის მხრივ მუსიკის მრავალფეროვნებას განაპირობებს. ამის გარდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ისაა, რომ Deep Purple არასდროს ცდილობდა შეექმნა კომერციული მუსიკა. ჩვენ ხომ პოპ-ჯგუფი არ ვართ, რომ კომერციაზე ვიფიქროთ? ჩვენ ვქმნით იმას, რაც მოგვწონს და გვიყვარს, და არა იმას, რაც მსმენელს მოეწონება და რაც მოდაშია. ჩვენ არასდროს გვიცდია, რომ მოდურები ვყოფილიყავით, რადგან მუსიკაში, და ზოგადად შოუბიზნესში არის ერთი დაუწერელი კანონი: თუ შენ მოდაში ხარ დღეს, ეს ნიშნავს, რომ მოდაში აღარ იქნები ხვალ.

როცა გულწრფელად და ბუნებრივად აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ნებისმიერი თაობის მსმენელი აუცილებლად დააფასებს ამას. ჩვენ შემთხვევაში, კონცერტზე მოსულ მაყურებელს რომ ვაკვირდები, ფანების ასაკი 14-15 წლიდან იწყება, უმეტესი ნაწილი 18-25 წლის ახალგაზრდები არიან, ძალიან მახარებს 60 წლის ჭაღარა მელომანების ხილვა.  დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე უშუალოდ სცენაზე, კონცერტის დროს მუსიკალურ იმპროვიზაციას, მაყურებელთან კონტაქტს – კონცერტს ინტერაქტიული ხასიათი უნდა ჰქონდეს. მაგალითისთვის, 2005 წელს აშშ-ში გვქონდა კონცერტი ერთ-ერთ ფესტივალზე, რომელსაც 120 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, მაგრამ ინტერაქტიული თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შოუ პირადად ჩემთვის.

ძნელია 120 000 მაყურებელთან, რომლებიც სცენიდან რამდენიმე ათეული და ასეული მეტრის მოშორებით დგანან, ემოციური კონტაქტი დაამყარო. ჯგუფი უკრავს, მაყურებლის აპლოდისმენტებს მიაქვს იქაურობა, მაგრამ მაინც ვერ მიაღწევ ინტიმურობის იმ დონეს, რასაც, ვთქვათ, 2000-კაციან დარბაზში დაკვრისას, როცა მაყურებლის სახეს და ემოციას თვალნათლივ ხედავ. საერთო ჯამში მუსიკალური მრავალფეროვნება, ბუნებრიობა, გულწრფელობა, მუსიკისადმი არაკომერციული მიდგომა და მსმენელებთან უშუალო კავშირი არის ალბათ ძირითადი მიზეზები, რაც Deep Purple-ს 40 წელია მთელი მსოფლიოს გარშემო ამოძრავებს.

 

Deep Purple-ის  ყოფილ წევრებთან, ჯონ ლორდთან და რიჩი ბლექმორთან თუ გაქვთ კავშირი დღესდღეობით?

ი.გ.: ოოჰ… არა! რიჩისთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც  ამის გაკეთების – არანაირი სურვილი. 1993 წელს მან საბოლოოდ დატოვა ჯგუფი და მას შემდეგ Deep Purple-მა როგორც იქნა, სტაბილურობას მიაღწია, საშინლად რთული პიროვნებაა…  რაც შეეხება ჯონ ლორდს, რა თქმა უნდა, გვაქვს კავშირი – ჩვენ მეგობრები ვართ. ცოტა ხნის წინ იაპონიაში გვქონდა ტურნე, სადაც ლორდთან და ინგვი მალმსტინთან ერთად გამოვედით. ძალიან ხშირად ვეხმიანებით ლორდს და ვიგებთ ერთმანეთის ამბებს…

 

Deep Purple-თან ერთად მსოფლიო ტურნეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო მიაქვს. შეგიძლიათ აგვიღწეროთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მაშინ, როცა ჯგუფი არ მართავს კონცერტებს

ი.გ.: ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს წერა, სეირნობა, ცურვა. ადრე ხის ნაკეთობებზე მუშაობითაც კი ვიყავი გატაცებული. ისე, ხანდახან ვზარმაცობ და ტელევიზორის ყურებით შემოვიფარგლები. მიყვარს სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. დიდ ყურადღებას ვუთმობ ფიზიკურ ჯანმრთელობას, ყოველ დილით დავრბივარ და ბოლო წლებია საოცრად გამიტაცა იოგამ. მოკლედ, ბევრი რამ მიტაცებს, მაგრამ ხომ გითხარით, ხანდახან ვზარმაცობ ხოლმე…

 

ვის დაასახელებდით როკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიან ჯგუფად და მუსიკოსებად?

ი.გ.: უპირველესად ესაა ბითლზი, რადგან სწორედ მათ გახსნეს კარი და როკ-მუსიკა ფაქტობრივად ახალ ეტაპზე აიყვანეს. ლენონი და მაკარტნი მე-20 საუკუნის უდიდესი მუსიკოსები არიან. არ შემიძლია აგრეთვე არ ვახსენო ბიჩ ბოიზი, რომელიც ძალიან გავლენიანი ჯგუფი იყო. ჯიმი ჰენდრიქსი, რომელმაც თავდაყირა დააყენა გიტარაზე დაკვრის ხელოვნება. მართალია, ამერიკული და ბრიტანული მუსიკა თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამერიკაში მუსიკა ასე იყო დაყოფილი: შავკანიანების და თეთრკანიანების. ამერიკელი თეთრკანიანები თავიანთ მუსიკაში არ იყენებდნენ ბლუზს, მაშინ როცა ბრიტანული როკ-მუსიკა მთლიანად ბლუზის გავლენით შეიქმნა.

 

ისევ Deep Purple-ს  მივუბრუნდეთ… როგორც ცნობილია, თქვენი საყვარელი ალბომი  ჯგუფის დისკოგრაფიიდან არის Fireball

ი.გ.: თუკი ალბომს მუსიკალური მნიშვნელობით შევხედავთ, ნამდვილად ასეა. იცით, ძნელია ამოარჩიო საყვარელი ალბომი, როდესაც შენი ჯგუფის დისკოგრაფიაში შედის In Rock, Fireball, Machine Head, Perfect Strangers, Bananas და.ა.შ. ახლავე აგიხსნით, რატომ ვთვლი Fireballს ყველაზე მნიშვნელოვან ალბომად ჯგუფის ისტორიაში. In Rock-ით ჩვენ გამოვავლინეთ ჩვენი მიდრეკილება მძიმე როკ-მუსიკისკენ, მაშინ როცა Fireball-ში უკვე ფანქისკენ ავიღეთ გეზი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა Machine Head, რომელმაც ჯგუფის ეს ორივე მხარე თანაბრად წარმოაჩინა და იქცა ჩვენს ყველაზე პოპულარულ ალბომად. ასე რომ, Fireball-ის გარეშე ვერ მივიღებდით Machine Head-ს. თავისი მნიშვნელობით Fireball-ს მხოლოდ Purpendicular თუ შეედრება. როგორც იცით, ეს ალბომი რიჩის წასვლის შემდეგ ჩავწერეთ. Deep Purple-ის ოჯახში მოხდა “განქორწინება”, შემდეგ კი ჩვენთან მოვიდა ახალი გიტარისტი სტივ მორსი.

 

 

არასდროს დამავიწყდება ამ ალბომის ჩაწერის პროცესი, ახალი მუსიკალური იდეების ნამდვილი ბუმი იყო, სიმღერები წამებში იწერებოდა. რაც შეეხება Bananas-ს, ესაა უდავოდ საუკეთესო საუნდის მქონე ალბომი, რაც Deep Purple-ს გამოუშვია, დღესდღეობით ყველაზე ხშირად სწორედ ამ ალბომს, განსაკუთრებით კი სიმღერა Razzle Dazzle-ს ვუსმენ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ალბომია აგრეთვე Perfect Strangers. პირადად ჩემთვის ეს შედევრია, რომელიც ჯგუფის აღდგენისას შევქმენით და დაგროვილი იდეები გადმოვაფრქვიეთ. ასე რომ, კონკრეტული ალბომის გამოყოფა არცთუ ისე ადვილია…

 

Deep Purple-ის გარდა თქვენ გარკვეული პერიოდი იყავით ბლექ საბათის წევრიც. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?

ი.გ.: (იცინის და სახეზე ხელებს იფარებს) მაგარი იყო. ბლექ საბათთან ერთად გატარებული დრო იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი “ფართი” ჩემს კარიერაში. ამას უფრო ექსპერიმენტის სახე ჰქონდა… მაგრამ ბლექ საბათი ოზი ოზბორნის ჯგუფია, და არა ჩემი.

 

სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში ოზიმ თქვა, რომ მისი წამოსვლის შემდეგ, ყველაზე ღირებული ალბომი, რომელიც  ბლექ საბათმა შექმნა, სწორედ თქვენთან ერთად ჩაწერილი Born Again-ია.

ი.გ.: მართლა? ჰეჰეჰე, მიყვარს ოზი, კარგი ბიჭია…

 

ბოლო 40 წლის განმავლობაში  მუსიკალური ინდუსტრია თავდაყირა დადგა, ბევრი რამ შეიცვალა. გაჩნდა ახალი მუსიკალური ჟანრები, გაჩნდა MTV, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტის განვითარებამ რადიკალურად შეცვალა ეს ინდუსტრია. ფაქტობრივად CD დისკების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა Deep Purple-ის პოპულარობაზე?

ი.გ.: ვერანაირი ინდუსტრიის შეცვლა ვერ შეუშლის ხელს მუსიკოსს, რომელსაც ნამდვილად უყვარს მუსიკა, და არა მისგან მიღებული ფული. არ ვუარყოფ, რომ ფული მუსიკოსისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ კომერცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგეს მუსიკაზე უფრო მაღლა. ჩვენ შემთხვევაში, ეს მაშინაც არ მომხდარა, როდესაც ალბომი Machine Head და სინგლი Smoke on the Water მთელ მსოფლიოში გაჰიტდა და ხელიდან ხელში გადადიოდა, როდესაც Made in Japan როკ-მუსიკაში ყველაზე კარგად გაყიდვადი ლაივ-ალბომის რეპუტაციას იძენდა, როდესაც ჟურნალი Rolling Stone წერდა, რომ Deep Purple მსოფლიო როკ-მუსიკის სათავეში მოექცა – ამას ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ინდუსტრიის შეცვლამ და განვითარებამ ჩვენზე გავლენა არ მოახდინა. მაგალითად, ჩვენ აღარ ვართ ისეთი პოპულარულები აშშ-ში, როგორც 70-იანებში. ამ ქვეყანაში ზედმეტად კომერციული მიდგომა ჩამოყალიბდა მუსიკისადმი. იპოვის ვინმე პროდიუსერი ახალგაზრდა მუსიკოსს, “შეფუთავს” ძალიან ლამაზად, გამოიტანს გასაყიდად და შეიძლება კერპადაც კი იქცეს, მაგრამ 2 წელიწადში აღმოაჩენს, რომ მოდაში აღარაა და ხალხს უკვე სხვა კერპი ჰყავს. ეს არასერიოზული მიდგომაა მუსიკისადმი. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ Deep Purple აღარაა იმდენად პოპულარული ჯგუფი ამერიკაში, ქვეყანაში, სადაც კონცერტზე კარგი სასცენო განათებით უფრო მეტ ბილეთს გაყიდი, ვიდრე კარგი მუსიკით. პირიქით, მომწონს კიდეც, რომ ამ ფონზე თითქოს ანდერგრაუნდ ჯგუფად ვიქეცით.

სხვა სიტუაციაა ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, სადაც Deep Purple-ის პოპულარობა არ შენელებულა. მგონია, რომ იმ პირობებში, როცა შოუზე ამხელა აქცენტი კეთდება, ჩვენ საკმაოდ კარგი აუდიტორია ჩამოგვიყალიბდა. როდესაც მსმენელი Deep Purple-ის კონცერტზე მოდის, იცის, რომ ჩვენთან არ დახვდება გრანდიოზული სცენა ან სუპერ-განათება. შესაბამისად, გვყავს აუდიტორია, რომელიც ჩვენს მუსიკას აფასებს არა თვალებით, არამედ ყურებით.

მათ აინტერესებთ არა ის, რას ხედავენ, არამედ – რას უსმენენ. ასეთი მსმენელი კი იმდენია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში  Deep Purple-ის მსოფლიო ტურნე – წელიწადში 2-ჯერ, თუ 2-თვიან შესვენებებს არ ჩავთვლით,  არ შეწყვეტილა. ნონ-სტოპ რეჟიმში ვართ, ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს მუსიკოსს? ლამაზ შოუზე, განათებასა და საერთოდ ინდუსტრიის ცვლილებებზე იმან უნდა იდარდოს, ვინც კომერციაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე მუსიკაზე. ასეთ ადამიანებს მე ბიზნესმენებს უფრო ვეძახი, ვიდრე მუსიკოსებს.

 

იენ, უღრმესი მადლობა შეხვედრისთვის და ინტერვიუსთვის

ი.გ.: ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი დღეები გავატარე თბილისში, ამიტომ ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და მე და ბრონს ყოველთვის გვემახსოვრებით. რა უცნაურია, აი დღეს 60 ქართველ ფანს შევხვდი და მათი უმეტესობა ჯერ დაბადებულიც კი არ იყო მაშინ, როცა მე თბილისს ვეწვიე. მართალია, სტამბულში ვართ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ სცენიდან აუცილებლად მოგესალმებით.

როდესაც კონცერტი დაიწყო, ჯგუფმა პირველი 4 სიმღერა გადაბმულად დაუკრა, შემდეგ კი იენი ასე მიესალმა მსმენელს:

Yeaaaaaah, Hello Istanbul!… Hello Geoooorgia! Where are you, Georgian Fans?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.