fbpx

ბათუმში ქართველ კრიტიკოსთა ჟიურის პრიზი ფილმ „დონბასს“ გადაეცა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინია კაკაბაძე

 

23 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა. ფესტივალზე ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურის პრიზი გადაეცა უკრაინელი კინორეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ფილმს – „დონბასი“. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე არაერთი ძალიან კარგი ფილმი იყო წარმოდგენილი და შესაძლებელია ქართველ კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილება ბევრისათვის საკამათო აღმოჩნდეს, მე სრულიად ვეთანხმები გოგი გვახარიას, ლელა ოჩიაურის და თეო ხატიაშვილის არჩევანს და აი რატომ:

სერგეი ლოზნიცა კინოდოკუმენტალისტია და „დონბასი“ მისი მეორე მხატვრული ფილმია. მიუხედავად ამისა უკრაინელი კინორეჟისორის უკანასკნელ ფილმს, წინა ფილმისგან განსხვავებით, რომელიც წმინდა მხატვრული კინოს სტილში არის შესრულებული, დოკუმენტური კინოს ელფერი დაჰკრავს.

 

უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის რეპორტაჟული კინო. სერგეი ლოზნიცამ მედიაში და უმეტესწილად ინტერნეტში გავრცელებული მასალის, კონკრეტული ისტორიების რეკონსტრუქცია მოახდინა. ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ უკრაინას ომის პირობებში, გარდა საერთო ფონისა, რომელიც მთელ ფილმს გაჰყვება მთავარ ხაზად (და ეს საერთო ფონი არის ომი, გაჭირვება, სიკვდილი, საფრთხის მოლოდინი, შიმშილი),  მოთხრობილია რამდენიმე კონკრეტული ამბავი. ამბები, რომელიც არ სრულდება.

 

 

სწორედ ეს არის რეპორტაჟული კინო. კამერა თითქოს მთელ კონფლიქტურ ზონაში დადის და გვაჩვენებს იმას, რაც გზად შეხვდება. ერთი გმირი, რომელსაც ლოზნიცას კამერა მიჰყვება, მეორეში გადადის და იქ იწყება მეორე დამოუკიდებელი ისტორია, მეორედან მესამეში და ასე უსასრულოდ. მისი კამერა ზუსტად ისე დადის, როგორც სატელევიზიო კამერა, რომელიც ისტორიებს აგროვებს საინფორმაციო გამოშვებისთვის.

ლოზნიცას მიზანი არა მხოლოდ ომის სისასტიკის, ან ომში დამნაშავის წარმოჩენაა (დამნაშავე, რომელიც ისედაც ცხადია), არამედ მედიის და მედიის მომხმარებელთა კრიტიკაცაა.

რამდენიმე წლის წინ ინტერვიუ ჩავწერე BBC-ის კორესპონდენტ ნატალია ანთელავასთან, რომელმაც თავის კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია Coda Story. ინტერვიუში სწორედ ამ ახალი ჯგუფის კონცეფციაზე ვსაუბრობდით. „ქოდა სთორის“ ერთ-ერთი მიზანია, კონფლიქტურ ზონაში მუშაობისას არ დატოვოს ისტორია შუა გზაზე და ბოლომდე მიჰყვეს მას, გააშუქოს მოვლენა კონტექსტისა და ისტორიის გათვალისწინებით. რომ დავფიქრდეთ, ჩვენ, ტელევიზიის მაყურებელნი ვუყურებთ ომს და ომის თანმდევ არნახულ სისასტიკეს ეკრანზე, მაგრამ ვხედავთ ამ ყველაფერს ფრაგმენტულად.


 

ჩვენ ვხედავთ დიდი ტრაგედიის ეპიზოდებს, არ ვიცით მისი დასაწყისი და ფინალი. მაგალითად, რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში ვნახავთ სახლს, რომელიც იწვის, ოჯახს, რომელმაც საკუთარი წევრები სახლთან ერთად დაკარგა, ნაწილი კი გარეთ უქონელი და უსახლკარო რჩება. ვუყურებთ ამ სურათს, ვხედავთ რა ხდება ახლა, მაგრამ აღარ ვიცით როგორ გრძელდება ამ ადამიანების ცხოვრება. როგორც უკვე ვთქვი, “ქოდა სთორის” ერთ-ერთი მიზანი სწორედ ბოლომდე დარჩენა და დაკვირვება იყო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გრძელდება ისტორია.  


 

იგივე მიზანი არ აქვთ იმ წამყვან მედია საშუალებებს, რომელთაც მასობრივი  მომხმარებელი ჰყავთ. არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს მედიის უმთავრეს ფუნქციას, ოპერატიულად და ობიექტურად მომაწოდოს ინფორმაცია დღეს და ამწუთას მიმდინარე მოვლენებზე, ვაკნინებ, მაგრამ ის, რომ მედიას სწორედ ზედაპირულობა ახასიათებს, ესეც ცხადია. ამიტომ ჩვენც – მედიის მომხმარებლები ვრჩებით სეირის მაყურებლებად. ამის საჩვენებლად იყენებს სერგეი ლოზნიცა რეპორტაჟულ სტილს და ისტორიებს არ მიჰყვება ბოლომდე, ყველას შუა გზაზე ტოვებს. ეს განსაკუთრებულად საგრძნობია მაშინ, როდესაც მაყურებელი მხატვრული კინოს სანახავად მიდის და რეჟისორი უზარმაზარი უსამართლობის სურათს გარედან, როგორც ტელევიზორის მაყურებელს ისე გაჩვენებს, იმისათვის რომ უფრო კარგად დაგვანახვოს რა ხდება შიგნით, სიღრმეში.

 

 

ფილმის პირველ ეპიზოდში საცხოვრებელ სახლთან დიდი აფეთქებაა. მედია წამებში ადგილზე ჩნდება, არიან მოწმეები, რომელნიც საკუთარი თვალით ნანახს ყვებიან… ფინალურ ეპიზოდში ისევ აფეთქებაა, ოღონდ კარგად ჩანს, ვინ აფეთქებს უდანაშაულო ადამიანებს. ტელეკამერებისთვის და მედიისთვის მოწყობილია სცენა, რომელსაც აგრესორი ახორციელებს იმისათვის, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს, „რას უშვება საკუთარ ხალხს უკრაინის სახელმწიფო“;  სწორედ მედიისთვის და მედია სანახაობისთვის იხოცებიან ადამიანები, რამაც უნდა დააჯეროს დანარჩენი სამყარო, რომ რუსული ინტერვენცია უკრაინაში გამართლებულია.


 

ისევ BBC-ის კორესპონდენტი ნატალია ანთელავა უნდა გავიხსენო, რომელმაც თუ არ ვცდები, 2015 წელს დონეცკში აღმოაჩინა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მიერ მოკლული 10 წლის გოგონა არ არსებობდა, ისტორია, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ შექმნა, გამოგონილი იყო. ლოზნიცა კი საკუთარ ფილმში აჩვენებს, რომ რუსული სახელმწიფო არა მხოლოდ მოგონილ ისტორიებს ასაღებს სიმართლედ, არამედ მართლა კლავს, იმისათვის რომ საინფორმაციო ომი მოიგოს და საკუთარი ბოროტება გაამართლოს.

ამიტომ ვეთანხმები ქართველ კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებას  დაეჯილდოებინათ სერგეი ლოზნიცა ფილმისათვის „დონბასი“. ეს არის ფილმი, რომელიც კონფორმისტული პოზიციის გარეშე, ყოველგვარი ორი „რუსეთის“, ორივე მხარის დანაშაულის აღიარების გარეშე აჩვენებს  სისასტიკეზე, ტყუილზე, ბოროტებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელიც საკუთარი იმპერიალისტური ვნებების დასაოკებლად ყველა ხერხს ხმარობს. თუკი უკრაინა-რუსეთის ომში არსებობს მეორე დამნაშავეც, ეს არ არის უკრაინა, ეს ყოველი ჩვენგანია, ყოველი ტელეეკრანზე ომის მაყურებელი  ჩვენგანი და მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც ვლადიმერ პუტინს აძლევს საშუალებას განახორციელოს ის, რაც მიზნად დაისახა.

ახლახან გავრცელდა ბლიც ინტერვიუ პუტინთან (ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ კითხვები წინასწარ არ იყო შეთანხმებული), სადაც ის კითხვაზე: რომელ გადაწყვეტილებას შეცვლიდით რუსეთის უახლოეს ისტორიაში, რუსეთის პრემიერი პასუხობს: „საბჭოთა კავშირის დაშლას“.


 


რეკომენდებული სტატიები
ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
Play Video

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა

ბათუმის კინოფესტივალი - ახალი ფილმები და პროგრამა
მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს კანის, ბერლინის, ტორონტოს თუ სხვა ფესტივალებში მონაწილე  მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენებებს   
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.