fbpx

აშშ-ს მთავრობის კვლევა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შესახებ


გააზიარე სტატია

 

აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, მარიხუანას მომხმარებელი მძღოლები ავარიის გაცილებით დაბალი რისკის ქვეშ არიან, ალკოჰოლის მომხმარებლებთან შედარებით.

ასაკის, სქესის, რასისა და ალკოჰოლის მოხმარების მონაცემების გათვალისწინებით, მძღოლებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებაზე პოზიტიური ტესტი გამოუვლინდათ, ავარიის ისეთივე შანსები ჰქონდათ, როგორც სრულიად ფხიზელ ადამიანებს.

კვლევის მიხედვით შედგენილი ცხრილი გვიჩვენებს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს, მარიხუანას, ალკოჰოლისა და სხვა ლეგალური თუ არალეგალური პრეპარატების მომხმარებლებს შორის.

ამ ცხრილის მიხედვით, მარიხუანას, ანტიდეპრესანტების, ტკივილგამაყუჩებლებისა და მასტიმულირებელი პრეპარატების მოხმარება ავტომანქანის მართვის დაწყებამდე სტატისტიკურად არ ზრდის ავარიის რისკს.

 

ადამიანის სისხლში ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას მთავარი აქტიური ინგრედიენტი) გაზომვადი რაოდენობის არსებობა კორელაციაში არაა ავტომობილის მართვის ქმედითობასთან იმ სახით, როგორც ალკოჰოლის მოხმარებისას.

 

ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის დასკვნით: „ნარკოტიკის კონცენტრაციის სპეციფიკური რაოდენობა არაა თანაფარდობაში მძღოლის შესაბამისი დოზით ქმედითობასთან“.

რაც შეეხება ალკოჰოლს, 100 მილილიტრ სისხლში მისი შემცველობის 0.05 გრამის გადაჭარბების შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა 7-ჯერ მატულობს.

სისხლში მარიხუანასა და ალკოჰოლის შემცველობისას ავტომობილის მართვის უნარების სხვაობის მიზეზად კვლევა რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: „ფსიქოაქტიური ნარკოტიკების უმეტესობა კომპლექსური მოლეკულებია, რომელთა ორგანიზმში შეწოვა, მოქმედება და გამოდევნა რთულად განსასაზღვრია. ამ პროცესებთან მიმართებაში ადამიანებს შორის დიდი განსხვავებები არსებობს. რაც შეეხება ალკოჰოლს,  ის ბევრად უფრო განჭვრეტადი  სუბსტანციაა“.

 

მოსაწევის შემთხვევაში, მძღოლის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის სწორად დადგენა გართულებულია, გამომდინარე იქიდან, რომ მარიხუანას მომხმარებლებს შორის ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შესაძლოა გამოვლინდეს მოხმარებიდან რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზეც კი, მათი ფსიქოაქტიური ეფექტის გასვლიდან დიდი ხნის შემდეგ.

 

ამერიკის რამდენიმე შტატმა, მათ შორის კოლორადომ, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ალკოჰოლისას გაუთანაბრა, რაც ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის ზღვარს 5 ნანოგრამ/მილილიტრზე აწესებს. თუმცა, ეს ზომა არაეფექტურია მძღოლის სიფხიზლის დასადგენად და შედეგად, უამრავი ფხიზელი ადამიანი შესაძლოა პატიმრობაში აღმოჩნდეს.

კოლორადოს შტატში, ლეგალიზაციის შემდეგ, მარიხუანაზე მძღოლების ტესტირებების პოზიტიური მაჩვენებელი 8.6%-დან 12.6%-მდე გაიზარდა, რაც ერთი შეხედვით საგანგაშოდ ჩანდა, განსაკუთრებით მედიის მხრიდან დაუფიქრებელი გაშუქებისა და ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეების მხრიდან განგაშის გამო.

თუმცა,  ეს ციფრები შესაძლოა მხოლოდ იმას ადასტურებდეს, რომ ლეგალიზაციის შემდეგ მეტი ადამიანი მოიხმარს მარიხუანას, მათ შორის ხშირად არა მაინცდამაინც ავტომობილის მართვის დაწყებამდე.

შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ  ყოველთვის უსაფრთხოა ჯოინტის მოკიდება, როცა ამის სურვილი გაგვიჩნდება? რა თქმა უნდა, არა. კვლევებით დადასტურებულია, რომ მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის ძირითადი უნარების დაქვეითება, თუ ადამიანი ძალზედ მოწეული საჭესთან ჯდება.

საჭიროა მეტი კვლევა ავტომობილის მართვის უნარებზე მარიხუანას ზემოქმედების გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად იკლებს მარიხუანას ზეგავლენა მოწევიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა ასეთი კვლევის ჩატარება ძალზედ გართულებულია, რადგან ფედერალური მთავრობა მარიხუანას, ჰეროინის მსგავსად, დღემდე პირველი კლასის ნარკოტიკად განსაზღვრავს.

ავტორი: კრისტოფერ ინგრაჰამი

წყარო: https://washingtonpost.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.