fbpx

თბილისის მესამე ტრიენალე დღეს იხსნება


გააზიარე სტატია

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

CCA-Center of Contemporary Art Tbilisi  ორგანიზებით თბილისის მესამე საერთაშორისო ტრიენალე დღეს იხსნება. ღონისძიებების პროგრამა თითქმის ერთ თვეს გასტანს.  წლევანდელი ტრიენალეს მთავარი თემა კი “ნება” იქნება.

,,არის პროექტები, რომლებიც ზუსტადაა  განსაზღვრული თემატურად, წლევანდელი ტრიენალეს  თემა კი ინდივიდუალურიცაა და გლობალურიც და იმის  საშუალებას იძლევა, რომ ნამუშევრები იყოს ერთი მხრივ, როგორც  გლობალურ – პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ საკითხებზე, ასევე ინდივიდუალურზე. მაგრამ თვითონ გასაღები – ნების ფენომენი იძლევა  იმის საშუალებას, რომ ინდივიდუალურ და გლობალურ შრეებზე მოხდეს ყურადღების გამახვილება”, – ამბობს ,,თანამედროვე ხელოვნების ცენტრის,  “თბილისის” დამფუძნებელი და არტ-კურატორი ვატო წერეთელი At.ge-სთან საუბრისას.

 

2015 წლის ტრიენალედან: ჯონ ირიგოიენი (ფინეთი/ესპანეთი) / cca.ge

 

ტრიენალე დღეს ქართველი და უცხოელი არტისტების ნამუშევრებით გაიხსნება.  ანდრო სემეიკო და იუ-ჩენ ვანგი, ჯესი ვოგლერი/სარა ქოულსი/ვატო წერეთელი, გრეგორი რუსო, ფელიპე დე ავილა, ლაურა აურენა, მაკა კილაძე, ნინა სანაძე, ფრეია ჰატენბერგერი, როზა რეხშტაინერი, ავნით სინგი, არჩილ ბადრიაშვილი – ეს ის არტისტებია, რომელთა ნამუშევრებითაც გაიხსნება ტრიენალე, თუმცა  არასრული სიაა იმ არტისტებისა, რომლებიც ოქტომბერში ტრიენალეს პროგრამის მონაწილე მთავარი არტ-ფიგურები იქნებიან.

 

2015 წლის ტრიენალედან: მინა ჰენრიკსონი და “ნიუ კოლექტივი” (ფინეთი/საქართველო) / cca.ge

 

თბილისში  ტრიენალე სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი ღონისძიება 2012 წელს ჩატარდა, შემდეგ – 2015 წელს. ამ წლებში ჩატარებული ღონისძიებების მერე  ტრიენალემ საერთაშორისო მასშტაბის კულტურული მოვლენის სახელი დაიმკვიდრა, რაზეც მასში მონაწილე ბევრი ქვეყანა მეტყველებს. წლევანდელი ტრიენალე მრავალფეროვან პროგრამას  წარმოადგენს – პროგრამის ფარგლებში 30-მდე პროექტი განხორციელდება, რომელიც მოიცავს გამოფენას, ინსტალაციას, პერფორმანსს, ვორქშოპს.

ტრიენალეში სხვადასხვა ქვეყნის არტისტები მონაწილეობენ – აშშ-ს, ავსტრიის, ავსტრალიის, გერმანიის, ტაივანის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, შვედეთის, ჩილეს, ფინეთის, იტალიის და ა.შ. წარმომადგენლები. თბილისის ტრიენალე საერთაშორისო ბიენალეების ასოციაციის ასოცირებული წევრია (International Biennial Association (IBA), წელს კი, მესამედ ჩატარების შემდეგ, სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭება. ღონისძიების  ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანია როგორც ქართული თანამედროვე სახელოვნებო სივრცისთვის, ასევე ქალაქის და ქვეყნის მსოფლიო პოზიციონირებისთვის.

 

2015 წლის ტრიენალედან: „წესები და ჩვეულებები – ხელსაწყო #40“ ევა ვანდლერი /ფრენსის ბელზერი (შვეიცარია) / cca.ge

 

ტრიენალეს საგამოფენო არეალი  თბილისის სხვადასხვა სივრცეებში გადანაწილდება: ღვინის ქარხანა -პეტრიაშვილის ქუჩაზე, პროპაგანდას სახელოსნოები – სტამბა,  გალერეა ,,ნექტარი”, გალერეა ,,არტარეა”, ლიტერატურის მუზეუმი, მელიქ აზარიანცის სახლი. და არა მარტო თბილისი – ტრიენალეს ზოგიერთი ღონისძიება ქალაქგარეთაც დაიგეგმა, მაგალითად,  გორში და ბაკურციხის ეკო რეზიდენციაში.

ოქტომბერში  თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს  მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, სად გადის ზღვარი გლობალურსა და ინდივიდუალურს შორის და როგორ ხდება  ნების, როგორც უნივერსალური ფენომენის წარმოჩენა თანამედროვე ხელოვნებაში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.