fbpx

საკულტო 24-საათიანი ფილმი Tate Modern-ში ბრუნდება


გააზიარე სტატია

 

რვაწლიანი ტურნეს შემდეგ, კრისტიან მარკლეიმ თავისი ნამუშევარი „საათი“ (2010)  როგორც იქნა, უკან, ლონდონში ჩამოიტანა. მის დაბრუნებას უკვე დიდი ხანია  ბევრი ადამიანი ელოდა. მარკლეის „საათი“, რომელიც ამბიციისა და დეტალების თანხვედრის ნიმუშია, თავდაპირველად White Cube-ში აჩვენეს. ნამუშევრის მასშტაბები იმდენად კოლოსალურია, დაუჯერებელია, რომ ის საერთოდ ბოლომდე მიიყვანეს.

ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე ამგვარი ტერმინებით საუბარი მლიქვნელურ და ზღვარგადასულ შეფასებად ჩაითვლებოდა, თუმცა „საათის“ მასშტაბი თავიდანვე განაპირობებს მთელ მსოფლიოში მის საკულტო ნამუშევრად აღიარებას.

 

 

მარკლეის 24-საათიანი ფილმი საათის, ან დროის მინიშნებებისგან შემდგარი სხვა ფილმების ნაწყვეტებისგანაა აწყობილი. შესაბამისად, მაყურებელს საშუალება აქვს რეალურ დროში უყუროს, თუ როგორ აისახება 24 საათი (1440 წუთი) სცენების მონაცვლეობაში. ფილმში ნაჩვენები დრო, რეალურ დროსთან სინქრონულია, ანუ, ჩაბნელებულ ოთახში, დილის 9:24 საათზე, „საათის“ მაყურებელი დაინახავს ზუსტად იმ სცენას, რომელშიც შემობრუნებული კამერა ამ დროის აღმნიშვნელ  საათის ციფერბლატს გამოაჩენს. ეს სახიფათოდ ბრწყინვალე და ამავდროულად, ერთი შეხედვით განუხორციელებელი კონცეფციაა.

 

2005 წელს ჩაფიქრებული და შემდეგ კონცეპტუალურად 2007 წელს The White Cube-ამდე განვითარებული ამ ნამუშევრის შესრულებას მცირე სტუდია და რამდენიმე ასისტენტი დასჭირდა იმისთვის, რომ გაექექათ კინოს 100-წლოვანი ისტორია და ფილმი ნაკუწ-ნაკუწ შეეკრათ. ეს მომქანცველი სამუშაო იყო მარკლეისთვისაც, რომელიც ნიუ-იორკის ავანგარდულ მუსიკალურ სცენაზე ვინილების მიქსვას იყო მიჩვეული. ექსპერიმენტული საუნდის მიღება მარკლეის ობსესიაა, რაზე საუბარიც მას განსაკუთრებულად აქტიურს ხდის.   

მარკლეი და მისი ასისტენტები ბეჯითად ჭრიდნენ ნაწყვეტებს კინოფილმიდან კინოფილმამდე, აწარმოებდნენ თითოეული ფილმის აღრიცხვას წუთებისა და წამების მიხედვით, იმისთვის რომ ყველაფერი შესაბამის დონეზე ყოფილიყო დაგეგმილი. ეს იყო ხელოვნებისა და საოფისე სამუშაოს პერვერსიული თანხვედრა. „მონტაჟი საშინელებაა“, – აღიარებს მარკლეი. „საათის“ შეწებების უმადური პროცესის მიუხედავად, ის მარკლეის ადრინდელი ნამუშევრების ღირსეული გაგრძელებაა.

მარკლეიმ საცეკვაო ბიტების მიქსვა კინოფირით ჩაანაცვლა. „სინქრონიზაციაა ის, რაც ამ პროცესში აღმაფრენას იწვევს და გეხმარება, რომ არ გაჩერდე და გააგრძელო ასეთი რთული საქმე. როცა ორი განსხვავებული სცენა ან მუსიკა შენს ხელში სინქრონიზდება, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. სავარაუდოდ, იგივე უნდა ხდებოდეს წერის დროსაც“, – ამბობს მარკლეი, რომლის ხელშიც მედია, მუსიკა და დრო ძერწვადი და მოქნილი ხდება.

მარკლეიმ ზუსტად თვითონაც არ იცის, თუ როგორ შეიძლებოდა 24-საათიან ფილმს ასეთი პოპულარობისთვის მიეღწია. მისი თქმით, მთავარი იყო რამე უნიკალური და საინტერესოს შექმნა და არა აუდიტორიაზე ფიქრი. „მე ისეთ ხელოვნებას ვქმნი, რომელიც თავად მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ უფრო მეტ რამესთან მაქვს საქმე, ვიდრე უბრალოდ მატერიალურ ელემენტებთან“.

და ეს მართლაც ასეა: მარკლეის წინა, 1995 წლის ნამუშევარი – „ტელეფონები“ – „საათის“ ბუნებრივი წინაპარია, რომელიც ვიზუალის მიღმა გადის და სილამაზისა და მელანქოლიის უცნაური ქმნილებაა. ეს ნამუშევარიც კინოფილმების არქივებს იყენებს, გვიჩვენებს რა პერსონაჟებსა და სცენებს, სადაც ტელეფონის ნომრებს კრეფენ. ჩვენ ველოდებით სატელეფონო საუბარს, რომელიც არასდროს არ ხდება, რადგან პასუხამდე ზუსტად ერთი წამით ადრე მარკლეი მუდმივად კადრს ცვლის, სანამ გამოსახულება ერთი ციკლურ ლუპში არ გადაიზრდება. „ჩვენ შეგვიწოვს მოგონებების ეს ფრაგმენტები, რომლებიც ჩვენი არაა, და ველოდებით სატელეფონო საუბრებს, რომლებიც არასდროს მოხდება – ყოველ შემთხვევაში, არა იმ ფორმით, როგორის მოლოდინიც გვაქვს“.

 

 

რა თქმა უნდა, დროის ციკლური ბუნება და მასზე ლინზის მეორე მხრიდან დაკვირვება დამაბნეველია. სიუზან ზონტაგი თავის წიგნში Photography  წერს კამერის თვისებაზე – „ივარაუდოს“, „შემოიჭრას“ და “გააყალბოს“. ჩვენ არ უარვყოფთ, ნაკლებად გვჯერა და ვიცით, რომ – რასაც გვიჩვენებენ, ფიქციაა. თუმცა, „საათი“ ჰოლივუდური ბლოკბასტერების ნამდვილი ანტითეზაა: 24-საათიანი ფილმი შინაარსის გარეშე, რომელიც სალაროებთან რიგებს ნამდვილად ვერ დააყენებს.

 

 

მარკლეის აზრით, „ჩვენი ყოველდღიურობა დროსთან ჭიდილში გადის – ავისმომასწავებელ მოწიკწიკე საათთან ჭიდილში“. სიკვდილისა და ხრწნის თემა ამ ნამუშევარში მთავარია, ნარატიული კინოს ეიფორიასა და აღმაფრენასთან ერთად. ყოველი ახალი წუთი  დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და დამარხული მსახიობების მივიწყებულ სახეებს ეკრანზე აცოცხლებს. რამდენიმე წამით მარკლეი წარსულს დღევანდელობაში აბრუნებს.

„საათის“ ყურება უცნაური სახის ტვინის ღუნვაა. „მე მინდა, რომ ხალხს შესვლა-გამოსვლის საშუალება ჰქონდეს. გაატაროს ეკრანთან 5 წუთი, 20 წუთი, 3 წუთი, რამდენის სურვილიც ექნებათ,“ – ამბობს მარკლეი. როცა ეს წუთები სრულ 24 საათს უახლოვდება, მარკლეის „საათი“ ისევე უყურებს მაყურებელს, როგორც მაყურებელი „საათს“. ესაა უწყვეტი და ოსტატური შეხსენება იმისა, თუ მართლა როგორ გარბის დრო და რამდენად უსუსური ვართ მის წინაშე.

 

„საათის“ ნახვა უფასოდ შეიძლება ლონდონის Tate Modern-ში 14 სექტემბრიდან (2018) 19 იანვრამდე (2019);

Christian-Marclay-The-Clock-2010-(high-res)-7

ავტორი: ელის ბელი

წყარო: http://dazeddigital.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.