fbpx

სტუმრად ლიზა ოფერმანის გალერეაში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე
ფოტო: გიორგი ყოლბაია

 

წინამძღვრიშვილის 49 ნომერში, ძველ, მყუდრო ბინაში, პატარა, მოკრძალებული გალერეა LC Queisser-ია (ელ ცე კვაისარი) განთავსებული. ლიზა ოფერმანი, გერმანული და ამერიკული გამოცდილების შემდეგ, საკუთარი იდეების განხორციელებას თბილისში გეგმავს. ბერლინში ის გალერეა Tanya Leighton-ში (ტანია ლეიგტონი) მუშაობდა, ხოლო მანამდე და შემდეგ პერსონალური პროექტებით იყო დაკავებული. მის პრაქტიკაში შედის ისეთი არტისტების გამოფენები, როგორიცაა, მაგალითად, შტეფან ჰაინცე.

ლიზასთან დილით მივდივართ. 12 საათზე ვხვდებით. მოღრუბლული ამინდია. თბილისური შემოდგომა თავისებური სიმყუდროვით ხელახლა ხსნის დიალოგის სივრცეს. სადარბაზოსთან ვინტაჟური ავეჯის სალონია, გვერდით, თითქოს სიმბოლურად, რაინერ ვერ ფასბინდერის კინოაფიშაა გამოკრული. ლიზა შესასვლელთან გვხვდება. ხის კიბეზე ავდივართ და მეორე სართულზე განთავსებულ საგამოფენო დარბაზში ვონ ჩას მიმდინარე გამოფენას ვათვალიერებთ. ძველი სახლის დეტალების მეხსიერება უცნაურად უკავშირდება ოთახებში განთავსებულ ინსტალაციას – „100 წლის მთა“.

 

 

წარწერა კედელზე – „A specter that does not obey the passing of time“ – პირველია, რაც თვალში გვხვდება. ჩას ნამუშევარი რეპრესიული მეხსიერების და კოლექტიური ხსოვნის ურთიერთდაძაბულობას ასახავს, ის, რაც ასე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქართველებისთვისაც და მოგვიანებით, ასევე თითქოს სიმბოლურად, ჩვენი დიალოგის ნაწილიც ხდება. საუბარს გერმანიაზე ვიწყებთ – კიოლნის და ბერლინის გამოცდილება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული ხელოვნების პროპაგანდა და დიდი ქალაქების აჩქარებული ტემპი.

 


ამ ყველაფრის ფონზე თბილისური არტ-კომუნა უფრო მშვიდი ტემპით და არაკომერციული ინტერესებით გამოირჩევა. ის ახალი ექსპერიმენტების და კომუნიკაციების ქალაქია. დიალოგი, სპონტანურობა, მოკლე დროში დაგეგმილი ცვლილებები, მოულოდნელი რეაქციები აუდიტორიისგან, ყველაფერი ეს საგამოფენო პრაქტიკისთვის სრულიად ახალ იმპულსებს იძლევა.

 

 

ამ მხრივ ლიზა ოფერმანის მოლოდინი მრავალფეროვანია. არასდროს იცი, როგორ გაიგებენ ადგილობრივი კომუნები შენს ჩანაფიქრს, რაც ახალ გამოწვევებსაც ბადებს. ქალაქი, რომელიც ერთ დროს დადას და ფუტურიზმის ეპიცენტრს წარმოადგენდა, სადაც კულტურათაშორისი გაცვლა ყოველდღიური ცხოვრების, შემთხვევითი შეხვედრების და თავგადასავლების ნაწილი იყო, ძველი თბილისური შენობის ოთახებში ხელახლა ცოცხლდება, მიზანიც შესაბამისია: ინტერნაციონალური პროგრამა, ქართველი და უცხოელი არტისტების დაკავშირება, მულტიკულტურული დიალოგის სივრცე.

ლიზასთვის არანაკლებ გამოწვევას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცის შტამპები და კლიშეები, ის, რაც დღეს სრულად გვართმევს შემოქმედებითი რეალიზაციის საშუალებას. საუბარია არა მხოლოდ სრულფასოვანი რეალობის არარსებობაზე, არამედ იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც ხელს გვიშლიან ვიყოთ თანამედროვე, გახსნილი და თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის ნაწილები.

 

 

თანამედროვე ხელოვნება დიდი ხანია, რაც ცოდნის გაცვლის და კომუნიკაციის ალტერნატიულ ფორმად იქცა. ამ მხრივ ლიზა ხაზს უსვამს კიდევ ერთ თბილისურ თავისებურებას, ე.წ. არაკომერციულ, თავისუფალ ხელოვნებას, რომელიც დიდი ქალაქების ფონზე დღეს ჰაერივითაა. მაგრამ, უპირველესად, საჭიროა ამ სივრცეში ვხედავდეთ სიცოცხლეს და საკუთარ თავებს, საკუთარ წარსულს, მომავალს და რაც მთავარია იმ ადამიანების ძალისხმევას, რომლებიც ამგვარი სივრცეების აგებასა და შენარჩუნებაში გვეხმარებიან, გვესმოდეს და ვეძებდეთ საკუთარ ისტორიას და ვიღებდეთ უახლეს გამოწვევებს.

ლიზა საუბარს აგრძელებს. თბილისს აქვს თავისებურებები, რომლებიც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ამერიკულ ქალაქებში ხელოვნება და კომუნიკაცია აჩქარებულ რეჟიმში არსებობენ. ანალოგიურად პირადი ცხოვრებაც ამ განვითარებას ემორჩილება. თბილისური – აუჩქარებელი, უცნაურად მშვიდი სიმყუდროვე სრულიად სხვა ცხოვრების წესს გვთავაზობს. აქ ღიაობაც თითქოს წარმოუდგენლად მაღალია. ურბანული ცხოვრებაც უფრო მეტად კომუნალური, გაცვლაზე ორიენტირებულია, რაც მცირე დროის მონაკვეთში არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ ადგილობრივ კომუნებთან დაახლოებას, მოვლენების ეპიცენტრში მოხვედრასაც შესაძლებელს ხდის.

ოქტომბერში გალერეა Lc Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენაა დაგეგმილი, ამავდროულად მზადდება პროგრამა ქართველი არტისტების გამოფენისთვის კიოლნში. გალერეაში უკვე შედგა ქართველი არტისტის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის გამოფენა.

 

 

და მაინც, რატომ თბილისი? ამ კითხვაზე ლიზა მარტივად გვპასუხობს – “I’m much more me here”. ასე ვასრულებთ ლიზა ოფერმანთან საუბარს და წინამძღვრიშვილის 49 ნომერში, „გალერეა ელ ცე კვაისარში“ დაგეგმილი მოვლენების განვითარებას ველოდებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.