fbpx

როგორ ავიცილოთ ტვინის ადრეული დაბერება


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

ყველაფერი – რაზეც კი ადამიანს ოდესმე უოცნებია, უფიქრია და შეუქმნია, ტვინის დამსახურებაა. ჩვენი ტვინი წყვეტს, რა ფერებში დავინახავთ სამყაროს, როგორ მოვექცევით ადამიანებს, ვინ გვეყვარება, ვის ვერ ავიტანთ, რა ხასიათზე ვიქნებით, რა დაგვამახსოვრდება,  რას ვისწავლით, როგორ გამოვიყენებთ… ლოგიკა, სიმპათია, წარმატება, სიბრძნე, ნეტარება, კონცენტრაცია… ყველაფერი ჩვენი ტვინის ნახელავია.

ტვინი ადამიანის ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ორგანოა. ის ჩვენი ორგანიზმის მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაგრამ სხვა ორგანოებისაგან განსხვავებით მის მუშაობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ენერგია – დაახლოებით 20% იხარჯება. მისი საქმიანობა ელექტრონული იმპულსების საშუალებით ხორციელდება. დიახ, ჩვენი ტვინი საოცარი ელექტრონული “დანადგარია” და ჩვენი ორგანიზმის ყველა ფუნქციას განაგებს.  ყველა ამ ფუნქციის შესასრულებლად კი მას საწვავი ესაჭიროება. საკვებიდან მიღებული სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მელანქოლია, დეპრესია, დაბალი ინიციატივა, ყურადღების და მახსოვრობის დეფიციტი, დაბინდული გონება, კოგნიტური პრობლემები, ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა, სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები. ასევე საფუძვლად დაედოს ისეთ ნევროლოგიურ დაავადებებს, როგორიც არის დიმენცია, ალცჰაიმერი, აუტიზმი და ა.შ.

დღევანდელ ინფორმაციულ დროში ჯანსაღი ტვინი მეტად ხელსაყრელი ინვესტიციაა. ყოველდღიურად ჩვენი ტვინი გასაოცარი სისწრაფით იღებს და პროცესირებას უკეთებს გიგაბაიტობით ინფორმაციას. თანამედროვე ადამიანს უამრავი როლი აკისრია –  ოჯახი, ბავშვები, სამსახური, მეგობრები, ჰობი, უამრავი პრობლემა. ამ ყველაფერს მართლაც რომ დიდი რაოდენობით მენტალური ენერგია სჭირდება.

დღესდღეობით მეცნიერები საუბრობენ ნევროდეგრადაციაზე და ტვინის ადრეულ დაბერებაზე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ხანგრძლივი სტრესით, უძილობით, დაბინძურებული გარემოთი, არაჯანსაღი საკვებით, ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენებით.

სხარტი და მოქნილი აზროვნება, კონცენტრაცია, პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრისა და ცხოვრებით სიამოვნების უნარი, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გამოადგებოდა. კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს ჩვენი მენტალური ენერგიის გაჯანსაღებისა და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლების უბრალო გზები. მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა ვნებს ჩვენს ტვინს.

დიდი რაოდენობით შაქარი, ალკოჰოლი, თამბაქო, წამლები, ნარკოტიკული ნივთიერებები, გადამუშავებული და გამოფიტული საკვები, უძილობა, ხანგრძლივი სტრესი, ეკრანთან გატარებული დიდი დრო, ნეგატიური ურთიერთობები და აზროვნება დროთა განმავლობაში იწვევს ტვინის უჯრედების ფუნქციის მოშლას და დეგრადირებას. სამწუხაროა, რომ თანამედროვე ადამიანისათვის ეს ყველაფერი ყოველდღიურობა გახდა.

თუმცა ბევრი რამის შეცვლა  არ ძალგვიძს, უამრავი რამ მაინც ჩვენს ხელთაა. ყოველი ჩვენგანის ტვინის პოტენციალი ულევია და თუ როგორ მოხდება ამ პოტენციალის გამომჟღავნება, ჩვენზეა დამოკიდებული. გაგიკვირდებათ და აქა-იქ პატარ პატარა ცვლილებების შეტანამ შესაძლოა დროთა განმავლობაში თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვან შედეგებამდეც მიგიყვანოთ.

 

როგორ მოვიქცეთ?


გაუფრთხილდით ძილს – მართალია, ჩვენი ტვინი ძილის დროსაც კი არ ისვენებს, მაგრამ კვლევები აჩვენებენ, რომ 7-9 საათიანი მშვიდი ღამის ძილი გვეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში,  წინააღმდეგობების უკეთესად გადალახვაში, ის ასევე აუმჯობესებს მახსოვრობას, ინფორმაციის ათვისებისა და გააზრების უნარს. ღამის ძილის დროს ტვინი ახდენს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის შეთვისება-განაწილებას, ასევე დაგროვილი ტოქსინების მოშორებას. ძილი დაყოფილია ფაზებად და ყველა ფაზას თავისი როლი აკისრია.  რეკომენდებულია 24 საათამდე დაძინება, რადგან თქვენმა ტვინმა შეძლოს თავისი ძალების აღდგენა, რესურსების ანაზღაურება და შემდეგი დღისათვის მომზადება.

 

იმოძრავეთ – საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენი სხეულის აგებულებას – მოქნილი ხელისა და ფეხის კიდურებს, ფეხის ტერფებს, კისერს, ხერხემალს, დავინახავთ, რომ ჩვენი ორგანიზმი მოძრაობისთვის არის შექმნილი. არა მარტო კიდურები, არამედ ორგანიზმის შინაგანი პროცესებიც მოძრაობაზეა დამოკიდებული. ვარჯიშის დროს ტვინში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ასევე წარმოიქმნება ცილა სახელად ნეიროტროფული ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც აუმჯობესებენ ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობებს, როგორიც არის ფიქრი, აზროვნება, მახსოვრობა და ასე შემდეგ.

 

სცადეთ გინგკო ბილობა – გინგკო ბილობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხის ჯიშია. მის ფოთლებში უხვად არის ანტიოქსიდანტები, ნივთიერებები, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსიკური ნივთიერებების ზეგავლენას ჩვენს ორგანიზმზე და მათ შორის ტვინზეც. ტვინის ადრეული დაბერების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ ტოქსინები იყოს. გინგკო ბილობა აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ტვინის უჯრედების ერთმანეთთან კომუნიკაციას, ასევე ტვინში ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც იწვევს აზროვნების, მახსოვრობის და კონცეტრაციის გაუმჯობესებას.

 

მიირთვით ჯანსაღი ცხიმები – ჩვენი ტვინის დაახლოებით 60% ცხიმია. ჯანსაღი ცხიმები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტვინის ჯანმრთელობისათვის. ისტორიულად, როდესაც ადამიანებს ცხიმების მიღების შესაძლებლობა მიეცათ, მათი ინტელექტუალური უნარები საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ ყველა ცხიმი სასარგებლო როდია. ტვინს განსაკუთრებულად მოსწონს ომეგა-3 ცხიმები, რადგან მისი დიდი ნაწილი სწორედ ამ ცხიმებისაგან შედგება. ომეგა-3 ცხიმებით მდიდარი პროდუქტებია: სელის მარცვალი, სელის ზეთი, ქოქოსის ზეთი, თევზი, ხიზილალა, ნიგოზი, ჩიას მარცვალი, კვერცხი. ჯანსაღ კვებასთან ერთად შეეცადეთ ეს პროდუქტები შეიტანოთ  ყოველდღიურ რაციონში.

 

უსმინეთ მუსიკას – არასდროს გააქროთ მუსიკა თქვენი ცხოვრებიდან! კვლევები აჩვენებენ, რომ მუსიკა ზრდის ტვინის შესაძლებლობებს და გვეხმარება ვერბალურად უკეთესად გამოვხატოთ სათქმელი. ის ასევე აუმჯობესებს მახსოვრობას და, რა თქმა უნდა, გვაყენებს კარგ ხასიათზეც. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კლასიკური მუსიკის მოსმენამ გააუმჯობესა ადამიანების აზროვნება. არსებობს სპეციფიკური ტიპის მუსიკა, ბინაურალური რითმები, რომელიც მოქმედებს ტვინის ტალღებზე და აუმჯობესებს კონცენტრაციას, ძილს, რელაქსაციას და ამცირებს შფოთვებს. ბინაურალური რითმები (Binaural beats) შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში.

 

იყავით ცნობისმოყვარენი – ჩვენი ტვინი გაცილებით უფრო ჭკვიანია, ვიდრე  გვგონია, მაგრამ ვერასდროს დავინახავთ მის შესაძლებლობებს, თუკი მას არ დავაყენებთ ახალი დაბრკოლებების გადალახვის წინაშე. რაც უფრო მეტს ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვხვდებით, მით უფრო მყარდება კონტაქტი ტვინის უჯრედებს შორის. მენტალური სტიმულაცია ეხმარება ტვინს ახალი შესაძლებლობების გამოაშკარავებაში, ამიტომაც რეკომენდებულია სწავლა, წიგნების კითხვა, მანამდე უცნობი თემებით დაინტერესება, ახალი ენების შესწავლა, მოგზაურობა, თამაშები, ადამიანებთან გულწრფელი საუბარი და კონტაქტი.

 

როგორც ჩანს, ჩვენი ტვინის სიჯანსაღე ასევე განსაზღვრავს ჩვენივე ყოველდღიური ცხოვრების ხარისხსაც. არჩევანი ხომ ყოველთვის ჩვენზეა და მას ყოველთვის მივყავართ გარკვეულ შედეგებამდე.

 

ჯანსაღი ტვინი?

რატომაც არა!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.