fbpx

კიბოს მართვა შეიძლება


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: თეა სხიერელი

 

იმუნოთერაპიის განვითარების შედეგად გაჩნდა იმედი, რომ  კიბო, როგორც უკურნებელი სენი, აღარ იარსებებს.

სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2018 წელს ნობელის პრემიის ორი ლაურეატი გამოვლინდა – ამერიკელი ჯეიმს ელისონი (James P. Allison) და იაპონელი ტასუკუ ჰონძიო (Tasuku Honjo).

 

 

„ამ აღმოჩენამდე კიბოს მკურნალობის სფეროში პროგრესი ერთობ მოკრძალებული გახლდათ.  იმუნურმა საკონტროლო წერტილოვანმა თერაპიამ (Immune checkpoint therapy) ამ დაავადების მკურნალობაში რევოლუცია მოახდინა.  ჩვენ შევიტყვეთ, რომ კიბოს მართვა შეიძლება“, – გვამცნობს ნობელის პრემიის კომიტეტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. ელისონისა და ჰონძიოს აღმოჩენა ჯერ კიდევ 1992 და 1995 წლებში გაკეთდა. ეს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული უდიდესი  ნაბიჯია.

იმუნური საკონტროლო წერტილოვანი თერაპია კიბოს მკურნალობის იმუნოთერაპიული ფორმაა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება იმუნური სისტემის „მუხრუჭების” მოხსნა, შესაბამისად, იმუნური სისტემა თავად უტევს უშუალოდ კიბოს უჯრედებს. კიბოს თერაპიული მკურნალობის ამ მეთოდის — იმუნოთერაპიული რეაბილიტაციის აღმოჩენა, რომელიც იმუნური სისტემის არაპირდაპირ აქტივაციას გულისხმობს,  ნამდვილი სამეცნიერო გარღვევაა. ჯეიმს ელისონისა და ტასუკუ ჰონძიოს მიგნებას გადატრიალებად მიიჩნევენ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის საქმეში.


Immune checkpoint therapy

 

1992 წელს ტასუკუ ჰონძიომ იმუნური უჯრედის — Т-ლიმფოციტის ზედაპირზე —  აღმოაჩინა ცილა PD-1, ხოლო მისი მოკავშირე ცილა — PD-L1 — სიმსივნურ უჯრედზე. მნიშვნელოვანია, რომ PD-1-ისა და PD-L1-ის ურთიერთკავშირი განაპირობებს დამთრგუნავ ეფექტს იმუნურ სისტემაზე. შემდგომში, ელისონის აღმოჩენაზე დაფუძნებით, შემუშავდა სამკურნალო ანტისხეულები, რომლებიც ამ დამთრგუნავი ურთიერთკავშირის დარღვევით საშუალებას აძლევენ საკუთარ იმუნურ სისტემას სიმსივნის წინააღმდეგ გაილაშქროს. ახალი პრეპარატის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს, დაეთრგუნათ კიბოს რამდენიმე სახეობა საცდელი თაგვების ორგანიზმში.

 

მანამ, სანამ ელისონი და ჰონძიო CTLA-4 და PD-1 ცილებს აღმოაჩენდნენ, კიბოს მკურნალობის ძირითად მეთოდად ქიმიოთერაპია მიიჩნეოდა, რაც   სიმსივნურ უჯრედებთან ერთად აზიანებდა ჯანმრთელ, მათ შორის იმუნური სისტემის უჯრედებსაც. შესაბამისად, მკურნალობის ეს მეთოდი ხშირად წარუმატებლად სრულდებოდა.

დღესდღეობით ელისონისა და ჰონძიოს აღმოჩენის წყალობით, ცხადი გახდა: კიბოს დასამარცხებლად მეტად ეფექტიანია ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც ბუნებრივია ადამიანის ორგანიზმისათვის, მიზანმიმართულად ანადგურებს მხოლოდ სიმსივნურ უჯრედს და აქვს ნაკლები გვერდითი მოვლენა.




ჯეიმს ელისონი ლაბორატორიაში

 

ტეხასის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის პროფესორის, ელისონის კვლევის წყალობით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა შეიმუშავეს და დაარეგისტრირეს რამდენიმე სამკურნალო საშუალება, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო თერაპიაში ეწოდათ Checkpoint-ინჰიბიტორები — Yervoy, Opdivo, Keytruda, Tecentriq — ე. წ. ტარგეტული თერაპიის ქვეტიპი, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას რეაბილიტაციაში, არაფერი ებრძვის სიმსივნეს იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარი იმუნური სისტემა.


იმუნოთერაპია მელანომის წინააღმდეგ

ჯიმი კარტერი, აშშ პრეზიდენტი 1977-1981 წლებში

 

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს 2015 წელს დაუსვეს მელანომის დიაგნოზი, გავრცელებით თავის ტვინში. იმუნოთერაპიული პრეპარატით, პემბროლიზუმაბით (Keytruda) ჩატარებული მკურნალობის შედეგად  2018 წლის ივნისის გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ჯიმი კარტერი სიმსივნისაგან სრულად განიკურნა. მელანომა ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ხშირად ვრცელდება თავის ტვინში, რის შემდეგაც პაციენტების 80% პირველივე წელს იღუპება.

 

ტასუკუ ჰონძიო და ჯეიმს ელისონი

 

იმუნოლოგი ტასუკუ ჰონძიო 76 წლისაა. იგი იაპონიის ქალაქ კიოტოში დაიბადა. 1984 წლიდან კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორია. ჰონძიო აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, გერმანიის საბუნებისმეტყველო კვლევების აკადემია „ლეოპოლდინასა“ და იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

 

მისი კვლევის თანაავტორი ჯეიმს ელისონი ტეხასის უნივერსიტეტის მ. დ. ანდერსონის სახელობის ონკოლოგიური კვლევის ცენტრის პროფესორია. იგი აშშ-ის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიისა და ეროვნული სამედიცინო აკადემიის წევრია. ჯეიმს ელისონი 70 წლისაა. 2014 წელს ჰონძიო და ელისონი Immune checkpoint therapy-ს აღმოჩენისათვის  ტაივანის სამეცნიერო აკადემია სინიკას მიერ დაწესებული ტანის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

 

ნობელის პრემიის ლაურეატი იმუნოლოგები

  • 1901 – Emil Adolf von Behring – დიფტერიის საწინააღმდეგო მკურნალობის შემუშავებისთვის;
  • 1908 –  Eli Metchnikoff და Paul Ehrlich – იმუნური სისტემის შესწავლისთვის;
  • 1919 – Jules Bordet – კომპლიმენტის სისტემის აღმოჩენისთვის;
  • 1930 – Karl Landsteiner – ადამიანის სისხლის ჯგუფების აღმოჩენისთვის;
  • 1960 – Peter B. Medawar, Frank Macfarlane Burnet – აღმოჩენისათვის, რომ ჩანასახის იმუნურ სისტემას შეუძლია გაარჩიოს საკუთარი და უცხო უჯრედები ერთმანეთისგან.
  • 1972 – Gerald Maurice Edelman, Rodney Robert Porter – ანტისხეულების ქიმიური სტრუქტურის აღმოჩენისთვის;
  • 1980 – Baruj Benacerraf, Jean Dausset ,  George Davis Snell – ლეიკოციტების ანტიგენური კომპლექსის აღმოჩენისთვის;
  • 1984 – Niels Jerne, Georges J. F. Köhler, César Milstein – მონოკლონური ანტისხეულების ტექნოლოგიის შექმნისა და იმუნური სისტემის შესწავლისთვის;
  • 1987 – Susumu Tonegawa – განსხვავებული ჯგუფის ანტისხეულების გენეტიკური საწყისის შესწავლისთვის;
  • 1989 – J. Michael Bishop , Harold E. Varmus – რეტროვირუსული ონკოგენების უჯრედული საწყისის აღმოჩენისთვის;
  • 1996 – Peter C. Doherty,  Rolf M. Zinkernagel – აღწერისათვის, თუ როგორ გამოიყენებენ სისხლის თეთრი უჯრედები ლეიკოციტების ანტიგენურ კომპლექსს ვირუსით დაინფიცირებული უჯრედების გასანადგურებლად;
  • 2011 – Bruce Beutler, Jules A. Hoffmann, Ralph Marvin Steinman – არასპეციფიკური იმუნური სისტემის აქტივაციისა და დენტრიტური უჯრედების აღმოჩენისთვის;
  • 2018 – James P. Allison and TasukuHonjo – ახალი მეთოდი კიბოს თერაპიაში, რომელიც გულისხმობს, იმუნური სისტემის უარყოფითი რეგულაციის დათრგუნვას.

 

ნობელის პრემიის შესახებ

ნობელის კვირა 1 ოქტომბერს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ჯილდოს მინიჭებით დაიწყო. მეორე დღეს გამოცხადდა გამარჯვებულთა გვარები ფიზიკაში, 3 ოქტომბერს – ქიმიაში, 5-ში – მშვიდობის დარგში. 8 ოქტომბერს ეკონომიკის სფეროს ლაურეატების ვინაობა გახდა ცნობილი. ჯილდოს რაოდენობა 10 მლნ შვედურ კრონს შეადგენს, რაც 940 ათას აშშ დოლარს უდრის. წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია არავის მიენიჭება იმ სკანდალის გამო, რომელიც შვედეთის აკადემიაში კანდიდატების შერჩევის პროცესის თაობაზე აგორდა.

სტატია მომზადებულია საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის დახმარებით

 


რეკომენდებული სტატიები
სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში

სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში

სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში
ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის 15%-ს განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურება, 15%-ს - გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ს - ცხოვრების წესი და კვება
ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან
სოფია გიგიტაშვილი ნიუ-იორკში მომუშავე სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგ-თერაპევტი და დეტოქსიკაციის სპეციალისტია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.