fbpx

წინანდლის პრემია 2018-ის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე

დღეს მეშვიდედ გაიხსნა წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი. პრემიის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების, მეცნიერების, სცენარისტების და მუსიკოსების წახალისება, მათი განვითარებისთვის ხელის შეწყობა და სოციალური მედიაცია.

დაჯილდოება გაიხსნა იგორ სტილინსკის კომპოზიციით “ფასკუნჯი”.

ნინო ჟვანიამ, პრემიის ორგანიზატორმა, აუდიტორიას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, პოლიტიკა, როგორც სააზროვნო სივრცე, ახლად წარმოქმნილ კითხვებზე პასუხებს უნდა ეძებდეს. დღეს კი უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომელიც ამ დარბაზში და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ხდება.

მისივე თქმით, ევროპა არის იქ, სადაც ქართული კულტურაა. ეს კი რეპლიკაა ზურაბ ჟვანიას ცნობილ ფრაზაზე – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”.

წინანდლის პრემიაზე თავშეყრილ ხალხს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა. მან გაიხსენა ზურაბ ჟვანიასთან დიალოგები. “პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ხედვა და ამ სიყვარულის ქმედებაში განხორციელებაა… “ჩვენ ვართ ერი, რომელიც ახერხებს, რომ უკიდურესად რთულ სიტუაციაში იყოს თავისუფალი, ერი, რომელიც უკიდურესი წნეხის დროს გამოირჩეოდა მაღალი ტოლერანტობით და თანაგანცდით კულტურული უმცირესობების მიმართ. ეს ის ერია, რომელმაც მომცა შესაძლებლობა შევიგრძნო მრავალჟამიერი, ვაჟა-ფშაველა… და ეს ყველაფერი გადავიტანო პოლიტიკაში. ზურაბ ჟვანიამ დამანახა, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს რაღაცის სიყვარული და არა დაპირისპირება, ომი და უბედურება.”

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟიურიმ ნომინანტებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა:

პროზა:
თორნიკე გოგნიაშვილი – საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული ,,ნაცრისფერი მტევანი” (გამომცემლობა ინტელექტი 2018წ.)

 

პოეზია:
ალექსანდრე ლორთქიფანიძე – საკონკურსოდ წარადგინა ლექსების კრებული ,,მოწითალო და მოშავო ” (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 2017წ.)

 

ნიკა ლაშხია – საკონკურსოდ წარადგინა ლექსების კრებული ,,დონორი” (გამომცებლობა ინტელექტი 2018 წ.)

 

მუსიკა:
ანზორ ღუდუშაური – საკონკურსოდ წარადგინა აუდიო-ვიზუალური კომპოზიცია ,,გურამ რჩეულიშვილი” პროექტიდან ,,ერისცვალება”.

 

კინოხელოვნება:
გიორგი თავართქილაძე – საკონკურსოდ წარადგინა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ,,ცუდი ხალხი”.

 

სახვითი ხელოვნება:
ნიკა ქუთათელაძე – საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია ,,წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე“.

 

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ალექსანდრე ჯაფარიძე – საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი ,,ცოცხალ ბაქტერიაში ცირკულარული ქრომოსომის ვიზუალიზაცია”.

 

ჰუმანიტარული მეცნიერებები:
კახაბერ ყალიჩავა – საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი ,,კოსოვოსა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს შორის კონფლიქტების განმასხვავებელი ასპექტების ისტორიული ანალიზი პოსტ-საბჭოთა პერიოდში”.

 

წინანდლის პრემია ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას სახელს და მოღვაწეობას უკავშირდება. მისი მთავარი ღირებულება კი თანამედროვე ქართული კულტურის და მეცნიერების პოპულარიზაციაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.