ხეების გავლენა სტრესის შემცირებაზე მეცნიერულად დადასტურდა
ქალაქის ქუჩებში ხეების დარგვა ადამიანებში სტრესის ფსიქოლოგიურ სიმპტომებს ამცირებს. ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის მიხედვით, რაც უფრო დიდი ტერიტორიაა ხეებით დაფარული, მით უფრო ნაკლებია იქ მყოფი ადამიანების სტრესის დონე.
ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ბუნებაში გასეირნება თანამედროვე ცხოვრების გიჟური ტემპისგან თავის დაღწევისა და განტვირთვის საშუალებაა, მაგრამ ახლახან გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, თუ რამდენი ხეა საჭირო ჩვენი სიმშვიდისთვის.
მკვლევრებმა ადამიანები სტრესულ მდგომარეობაში ჩააყენეს და შემდეგ სამგანზომილებიანი ვიდეოები აჩვენეს, რომლებზეც ასახული იყო ურბანული ლანდშაფტები სხვადასხვა რაოდენობის ხეებით.
კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტი ხე ჩანდა ვიდეოში, მით უფრო მკვეთრად ეცემოდა ადამიანებში სტრესის დონე.
ილინოისისა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ექსპერიმენტი 160 ადამიანზე ჩაატარეს. სტრესის გამოსაწვევად ისინი მონაწილეებს სხვადასხვა დავალებას აძლევდნენ, როგორიცაა სიტყვით გამოსვლისთვის მომზადება კამერებისა და შემფასებლების თვალწინ, ან მათემატიკის ამოცანის ამოხსნა.
მას შემდეგ, რაც ადამიანები დაისტრესებოდნენ, მათ 10 ექვსწუთიან ვიდეოს აჩვენებდნენ, სადაც ასახული იყო ქალაქის ქუჩები და მათში მხოლოდ ტერიტორიის ხით დაფარვის დონე იცვლებოდა, 0-დან 70 პროცენტამდე.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტად იყო ქუჩა ხეებით დაფარული, მით უფრო ნაკლები იყო სტრესის დონე მონაწილეებში. და პირიქით: ვიდეოები ნაკლები ხეებით ადამიანებს განწყობის გამოკეთებაში ნაკლებად ეხმარებოდნენ.
ჟურნალში “Environment and Behavior“ გამოქვეყნებული ეს კვლევა მონაწილეების მიერ შევსებულ კითხვარებს ეყრდნობოდა. არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც 2016 წელს “Jounral of Environmental Research and Public Health“-ში გამოქვეყნდა, რა დროსაც ბუნების სურათების ყურებისას ადამიანებში არსებული სტრესის ფსიქოლოგიური მაჩვენებლები იზომებოდა.
„შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სამსახურის მაგიდაზე რამდენიმე მწვანე მცენარის დადგმა ცუდი იდეა სულაც არაა. როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეებმა ბუნების სურათები ნახეს, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის წყალობით – რომელიც დასვენების ფუნქციას აკონტროლებს – მათში სტრესის დონემ დაიკლო,“ – ამბობს Science Alert.
სიმპათიკური ნერვული სისტემა ადამიანის ინსტინქტს არეგულირებს – აჩქარებული გულისცემა, გულის უკმარისობა, ოფლის წარმოქმნა – და უკარნახებს მას, იბრძოლოს თუ გაიქცეს საფრთხის დროს. რაც შეეხება პარასიმპათიკურ სისტემას, ის გულს ამშვიდებს, ზრდის გულისცემის სიჩქარის დიაპაზონს, ახდენს სანერწყვე ჯირკვლის სტიმულირებას და სხვ. ეს, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს რელაქსაციას და აბალანსებს სტრესულ პერიოდებს.
„პარასიმპათიკური აქტივობის მაღალ დონეს ადამიანისთვის მთელი რიგი სარგებელი მოაქვს, რომელთა შორისაა ემოციების ეფექტური რეგულაცია და კარდიოვასკულარულ დაავადებათა რისკის შემცირება,“ – წერენ მკვლევრები.
აქედან დასკვნა: გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ხეების გარემოცვაში. ტყე ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა.
ავტორი: სარა ბაროუსი
ორიგინალი: https://returntonow.net