ჩოგბურთის ტურნირების ტიპები, განსხვავებები, სარეიტინგო ქულები და სხვა


გააზიარე სტატია

ავტორი: ერისტო სირაძე

 

ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (Association of Tennis Professionals) ეგიდით ტარდება შემდეგი ტურნირები : 250-იანი სერიის, 500-იანი სერიის, მასტერსის ტიპის (1000), დიდი სლემის (2000) და წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც ამჟამად ლონდონში იმართება (1500).

„შანხაის მასტერსზე“ ძირითადი ბადიდან 5 კორტზე მიდის თამაშები. იქ სადაც ქალებშიც და კაცებშიც ერთ ქალაქში ერთ დროს მიმდინარეობს მასტერსის ტურნირი, კვალიფიკაციიდან მოყოლებული 20-22 ნორმალური კორტია საჭირო. მაგალითად ინდიან უელსის მასტერსზე 29 შესანიშნავი კორტია ჩამწკრივებული ❤

პეკინის და შანხაის ტურნირებს შორის რომ გავავლოთ პარალელი, მაგალითად, ბასილაშვილმა პეკინში 1/16 ფინალიდან დაიწყო თამაში, შანხაიში კი 1/32 ფინალიდან. მასტერსებზე 1/32 ფინალიდან იწყება თამაშები, ინდიან უელსის და მაიამის მასტერსების გარდა. ამერიკის ამ 2 მასტერსზე 1/64 ფინალიდან იწყება ძირითადი ბადის შეხვედრები და სხვა მასტერსებისგან განსხვავებით ტურნირი 2 კვირა გრძელდება.

„დიდი სლემის“ ტურნირებზე ძირითადი ბადის თამაშები 1/64 ფინალიდან იწყება, მანამდე საკვალიფიკაციოს 3 ეტაპია გასავლელი. „დიდი სლემისგან“ განსხვავებით, დანარჩენ ატპ-ს ტურნირებზე, საკვალიფიკაციოს მხოლოდ 2 ეტაპია გასავლელი და ძირითად ბადეში მოხვდება კვალიფიკაციის გამარჯვებული.

გარდა ამისა, სერიიდან გამომდინარე, რაც უფრო იზრდება სერია, მით უფრო იზრდება ტურნირის საპრიზო ფონდი.

წლის შემაჯამებელ ტურნირს რაც შეეხება, რომელიც ლონდონში დახურულ დარბაზში იმართება 1 კორტზე, აქ ასპარეზობს წლის განმავლობაში საუკეთესო 8 ჩოგბურთელი, რომელიც მიმდინარე წელს მოპოვებული ქულებით საუკეთესო 8 ჩოგბურთელს შორის მოხვდება. ATP-ს რეიტინგი ამ შეთხვევაში არაფერ შუაშია. წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად აბსოლუტურად სხვა რეიტინგით ითვლება ქულები.

ჯგუფებში 4-4 მოთამაშე გადანაწილდება და იწყება ტურნირი. ჯგუფებში გადანაწილების დროს არის ის პრინციპი რომ პირველი და მეორე ჩოგნები, ერთ ჯგუფში ვერანაირად ვერ მოხვდებიან. ზემოთ დავწერე 1 კორტზე მიდის თამაშები-თქო, ჯგუფის 1 შეხვედრა როგორც კი დამთავრდება, მაშინვე მეორე იწყება იმავე კორტზე და ასე შემდეგ.

Wildcard (ველური ბარათი) არის სპეციალური ცნობა, რომელსაც აძლევენ იმ ჩოგბურთელს, ვინც კონკრეტულ ტურნირში მონაწილეობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც წესი, მსგავსი ცნობა გადაეცემათ ხოლმე ცნობილ ჩოგბურთელებს ან ყოფილ ჩემპიონებს, რომელთა ამჟამინდელი მონაცემები საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობისათვის საკმარისი არ არის. ასევე მასპინძლებს, პერსპექტიულ ახალგაზრდებს აძლევენ შანსებს, რითაც კარგად სარგებლობენ საჩოგბურთო ქვეყნების ახალგაზრდები განვითარებისთვის.

საფარების თემას რაც შეეხება: ტურნირები იმართება „ჰარდის“, თიხის და ბალახის საფარიან კორტებზე. „ჰარდი“ არის როგორც ღია კორტი, ასევე დახურული კორტი. პლიუს არის ნოხის ტიპის კორტი, რომელიც ATP-ს ეგიდით მხოლოდ ერთ ქალაქშია – პარიზში, სადაც ოქტომბრის ბოლოს დაიწყება მასტერსის ტიპის ტურნირი.

თიხაზე ძირითადად არის ღია კორტები, თუმცა ძალიან იშვიათად არსებობს დარბაზშიც თიხის კორტი და სხვათაშორის ერთ-ერთი ასეთი კორტი არის საფრანგეთში, სადაც საფრანგეთის ნაკრები ხანდახან „დევისის თასის“ ეგიდით ატარებს შეხვედრებს.

ბალახის კორტი ყველგან არის ღია. მხოლოდ „უიმბლდონის“ ცენტრალურ კორტზეა შესაძლებელი, საჭიროების შემთხვევაში კორტის დახურვა.

ტურნირები ძირითადად „ჰარდის“ საფარიან კორტზე იმართება. შემდეგ მოდის თიხა და ყველაზე ნაკლებად ბალახზე იმართება ტურნირები. წლების განმავლობაში მხოლოდ 2 ბალახის საფარიან კორტებზე იმართებოდა ტურნირები, ამ ბოლო დროს დაემატა მესამე ტურნირი.

წლის განმავლობაში იმართება 4 დიდი სლემის და 9 მასტერსის ტიპის ტურნირი.

„დიდი სლემის“ (2000) ტურნირებია: ავსტრალიის ღია პირველობა (ჰარდი) საფრანგეთის ღია პირველობა (თიხა) უიმბლდონი (ბალახი) ამერიკის ღია პირველობა (ჰარდი)

„მასტერსის„ ტიპის (1000) ტურნირებია: მაიამის მასტერსი (ჰარდი) ინდიან უელსი (ჰარდი) მადრიდი (თიხა) მონტე-კარლო (თიხა) რომი (თიხა) კანადის მასტერსი ტორონტოსა და მონრეალში მონაცვლეობით (ჰარდი) ცინცინატი (ჰარდი) შანხაი (ჰარდი) პარიზი (ჰარდი)

რაც შეეხება საქართველოს, იმ საჩოგბურთო ინფრასტრუქტურით რაც გვაქვს, ქვეყანა ჯერჯერობით მზად არ არის თუნდაც ჩელენჯერის ტიპის ტურნირს უმასპინძლოს. ჯერ ჩელენჯერის ტიპის ტურნირის მასპინძლობის უფლება უნდა მოვიპოვოთ, ამის შემდეგ უკვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, გვექნება პრეტენზია ATP-ს ეგიდით ყველაზე დაბალ 250-იანი სერიის ტურნირის მასპინძლობაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.