fbpx

საპერები – კონგოში გავრცელებული ფეშენ-სუბკულტურა


გააზიარე სტატია



La Sape – ამ ტერმინით მოიხსენიებენ კონგოში გავრცელებულ სუბკულტურას, რომლის წარმომადგენლებიც ძვირად ღირებულ ტანსაცმელს ატარებენ და ელეგანტურობით გამოირჩევიან. მათ „საპერებს“ (Sapeurs) ეძახიან.  

La Sape – ფრანგული Société des Ambianceurs et des Personnes Élégantes-ის აბრევიატურაა, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც „პროგრესული და ელეგანტური ადამიანების საზოგადოება“.

სუბკულტურის ჩამოყალიბება გასულის საუკუნის 20-იანი წლებში დაიწყო, როცა კონგო საფრანგეთის კოლონია იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს კონგოელები ფრანგულ ჯარში მსახურობდნენ, ომის დასრულების შემდეგ კი ფრანგული მოდით მოხიბლულმა ვეტერანებმა მოდის მაშინდელი ტენდენციები სამშობლოში ჩამოიტანეს.

 

  • საპერები. კონგო. 1960

 

 

 

კოლონიზატორების ჩაცმულობა საპერებმა წარმატების, სიმდიდრის, დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ აქციეს, შესაბამისად, ამგვარი ჩაცმულობით ცდილობდნენ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას საზოგადოებაში.

 

 

საპერები იკრიბებოდნენ კლუბებსა თუ ბარებში და ერთგვარ დეფილე-შეჯიბრებებსაც აწყობდნენ. სამოსის გარდა, ერთმანეთს ჯენტლმენური სიარულის მანერაში, ქცევის ეტიკეტსა და ცეკვის ოსტატობაშიც ეჯიბრებოდნენ.

 

 

დროთა განმავლობაში საპერებში ფერებმა კონკრეტული დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა. მაგალითად, წითელი – ბრძოლისუნარიანობაზე აქცენტირებს, თეთრი – მშვიდობის ნიშანია, ცისფერი – მეგობრულობის გამოხატულება, იასამნისფერი – სულიერებაზე მიუთითებს.

სუბკულტურას საკუთარი წესებიც აქვს – ტანსაცმელი და აქსესუარები: ჰალსტუხი, ქამარი, საათი, სათვალე და ა.შ. ცნობილი ბრენდების ორიგინალურ პროდუქტს უნდა წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონგოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბეში ცხოვრობს, საპერები თავიანთი დაბალი შემოსავლების უდიდეს ნაწილს მაინც ხარჯავენ ძვირად ღირებულ პროდუქციაში.

 

 

სოციოლოგების განმარტებით, საპერებისთვის ცხოვრების ამგვარი სტილი დასავლურ კულტურასთან და ღირებულებებთან, ასევე წარმატებასთან ასოცირდება. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, პროტესტის ფორმაა ქვეყანაში გავრცელებული სიღარიბის, სამოქალაქო დაპირისპირებებისა და ძალადობის მიმართ.

თავად საპერების თქმით კი, ეს მათი სულიერი მდგომარეობაა და იმის კომპენსირებას ახდენენ, რაც ყველაზე მეტად აკლიათ ცხოვრებაში: კეთილდღეობა და მომავლის იმედი.

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.