fbpx

როგორი იქნება ლიკანის რომანოვების სასახლე რესტავრაციის შემდეგ


გააზიარე სტატია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას ვიდეორგოლი წარმოადგინა. საინფორმაციო რგოლში ნაჩვენებია ლიკანში არსებული რომანოვების სასახლის რესტავრაციის პროექტი, რომელიც ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის მთლიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდება.

 

პროექტის ავტორების განმარტებით,  ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 771 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს 2016 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, „საპარტნიორო ფონდი“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსი“ უზრუნველყოფენ.

„საპარტნიორო ფონდის“ განცხადებით, ლიკანის კომპლექსის რესტავრაციის სწორად განხორციელებისთვის პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც.

რომანოვების სასახლე მავრიტანულ სტილში აშენებული ვილაა, რომელიც რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე III-ის დავალებით 1892-1895 წლებში ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვისთვის აშენდა. საბჭოთა პერიოდში სასახლე სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა, სადაც საბჭოთა მაღალჩინოსნები, მათ შორის იოსებ სტალინი ისვენებდა. ლიკანის სასახლეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

წყარო: https://newsgeorgia.ge, http://1tv.ge


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.