fbpx

ფრენკ ლოიდ რაიტის 7 ფანტასტიკური სახლი, რომელიც იყიდება ან სულ ახლახან გაიყიდა


გააზიარე სტატია

 

ამერიკული არქიტექტურის სამყაროში არსებობენ არქიტექტორები და არსებობს ფრენკ ლოიდ რაიტი.

რაიტმა დასაბამი მისცა ორგანულ არქიტექტურას – მიმართულებას,  რომელიც შენობის ბუნებრივ გარემოცვას იღებს მხედველობაში და უპირატესობას ანიჭებს სიმარტივესა და პრაქტიკულობას.

არქიტექტორების ამერიკული ინსტიტუტის მიერ „ყველა დროის საუკეთესო არქიტექტორად“ შერაცხულმა რაიტმა 1100-ზე მეტი შენობა დააპროექტა, საიდანაც საბოლოოდ 532 აიგო.  მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიტის მიზანი „დახვეწილი და ადამიანური“ სივრცეების შექმნა იყო: პრერის სკოლის სტილის ბრტყელსახურავიანი ნაგებობებით დაწყებული, დიდი დეპრესიით შთაგონებული, უსონიური – ხელმისაწვდომი შენობებით დამთავრებული.

მისი ნამუშევრების თაყვანისმცემლებისა და ფრენკ ლოიდ რაიტის ფონდის ძალისხმევით არქიტექტორის მრავალი ქმნილება დღესაც შენარჩუნებულია.

უფრო მეტიც, ჩვენ ბაზარზე რაიტის მიერ დაპროექტებული შვიდი დაუჯერებელი სახლი აღმოვაჩინეთ. მოდით, თვალი შევავლოთ მათ…

 

#1. ექსეტერის ბულვარი #5212, ფენიქსი, არიზონა

ფასი: $12.95 მილიონი

დეივიდ და გლეიდ რაიტების სახლი: 1951 წელს აგებული ეს სახლი რაიტის შვილის, დეივიდისა და მისი ცოლის, გლეიდისთვის დაპროექტდა. ეს არქიტექტორისთვის ერთგვარი რეპეტიცია იყო – სპირალური დიზაინი მან მოგვიანებით ნიუ-იორკის გაგენჰეიმის მუზეუმის პროექტირებისას გამოიყენა. სახლის სტრუქტურებისა და ელექტროგაყვანილობის მოსაწესრიგებლად საკმაოდ ძვირად ღირებული რემონტია საჭირო, მაგრამ სტუმრების განყოფილება ახლახან გარემონტდა. თუ სახლს შეიძენთ, მას სასადილო მაგიდა, სკამები და „მარტის ბუშტების“ ხალიჩის რეპროდუქცია მოჰყვება, რომლის დიზაინიც რაიტმა შექმნა.

 

#2. ვესთ ლონის პროსპექტი #2107, მედისონი, უისკონსინი

ფასი: $799 000

„ამერიკული სისტემით“ აგებული სახლი: რაიტმა არტურ ლ. რიჩარდსის ქარხანასთან თანამშრომლობით ხარჯების შესამცირებლად ასაწყობი სტრუქტურები შექმნა. ამ მეთოდით აგებული რამდენიმე სახლი ჯერ კიდევ დგას უისკონსინში, ილინოისში, ინდიანასა და აიოვაში. ახლახან დადასტურდა, რომ 1917 წელს აშენებული ამ სამსაძინებლიანი სახლის დიზაინი ნამდვილად რაიტს ეკუთვნის.

 

#3. გლენდოუერის პროსპექტი #2607, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია

ფასი: $23 მილიონი

ენის სახლი: ლოს ფელისის გორაზე შემოსკუპებული ენის სახლი, საიდანაც ლოს-ანჯელესისა და წყნარი ოკეანის ხედები იშლება, საგულდაგულოდ იქნა აღდგენილი. 1924 წელს დასრულებული სამსაძინებლიანი და 3.5-აბაზანიანი, „ტექსტილის ბლოკით“  აშენებული ეს სახლი მრავალ რეკლამაში, სატელევიზიო გადაცემასა თუ ფილმში გვხვდება – მაგალითად, ისეთებში, როგორებიცაა „მულჰოლენდ დრაივი“, „პოლიციელი ბევერლი ჰილზიდან 2“ და „დანის პირზე მორბენალი“.

 

#4. ფეირბენქ როუდი #350, რივერსაიდი, ილინოისი

ფასი: $800 000

ქუნლის სახლი: უსონიური სტილის ეს ადრეული ნიმუში 1912 წელს აიგო, როგორც პატარა კერძო სკოლა, მაგრამ მოგვიანებით საოჯახო სახლად გადაკეთდა. შენობა დეტალურად განაახლეს, თავისი საოცარი აბსტრაქტული ვიტრაჟის ჩათვლით, რომელიც ინტერიერის მთავარ სივრცეს  არტყია გარს.

 

#5. ბარნჰემის ბულვარი #2801, მინეაპოლისი, მინესოტა

ფასი: $3.4 მილიონი

კედრის ტბის სახლი: რაიტის დაპროექტებული ეს სახლი, რომელსაც აქამდე მხოლოდ ორი მფლობელი ჰყავდა, საუცხოო მდგომარეობაშია შენარჩუნებული. ქვითა და ხით აგებული შენობა, რომელიც 1951 წლით თარიღდება, თავს სამი საძინებლით იწონებს და კედრის ტბას გადაჰყურებს. ის ეროვნულ-ისტორიულ რეესტრშია შეტანილი.

 

#6. ბლუმინგბენქის ქუჩა #281, რივერსაიდი, ილინოისი

ფასი: $1.3 მილიონი

ევერი კუნლის სახლი: რაიტის მიერ პრერის სტილით შექმნილი ეს პირველი ნიმუში 1910 წელს ფართომასშტაბიანი წვეულებებისთვის აშენდა. 6000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლი სავსეა რაიტის საფირმო დეტალებით, მათ შორის სპეციალური მინებით. სახლი „ზონებად“ დაპროექტდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცეები თავიანთი დანიშნულებების მიხედვით ორ სართულზე გადანაწილდა. 4000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე მდგარ ამ სახლს განსაკუთრებულად უვლიდნენ, რათა რაიტისთვის დამახასიათებელი შტრიხები შენარჩუნებულიყო.

ევერი კუნლის სახლი realtor.com

 

#7. ორჩერდ ბრუქის ქუჩა #11, ფლიზენთვილი, ნიუ-იორკი, 10570

ფასი: $1 425 000

სოლ ფრიდმანის სახლი: 1948 წელს აგებულ ამ სამსაძინებლიან, 2.5-აბაზანიან სახლში მანჰეტენიდან მანქანით ერთ საათზე ნაკლებ დროში მიხვალთ. ეს შენობა არქიტექტურის ფოტოგრაფის, ეზრა სტროლერის ობიექტივში მოხვდა, საიდანაც ნიუ-იორკ თაიმზის გამოცემებში გადაინაცვლა. წრიული ფორმის სახლი გამოირჩევა თავისი უცნაური, სოკოს ფორმის ფარდულით, რომელიც სახლის წინ, მაღალი ხეების გარემოცვაშია აღმართული.

 

ავტორი: ბექი ბრექენი

ორიგინალი: https://www.realtor.com/


რეკომენდებული სტატიები
პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება
თუ პარიზში მუდმივად გადაბარგება არ დაგჭირვებიათ, შეიძლება ვერასდროს იგრძნოთ თუ რამდენად საინტერესო პროცესი შეიძლება იყოს ამ ქალაქში საცხოვრებლის ძებნა - თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.