24 ოქტომბერი დილიდან
მადრიდის მახლობლად, პატარა ქალაქ ბრუნეტეში ქართული წარმოშობის ძიუდოისტის, ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა
ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელია, რომელიც კაცებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ბრუნეტეს მუნიციპალიტეტმა სწორედ ამის გამო მიაგო პატივი. აღსანიშნავია, რომ იმავე ქალაქში უკვე არსებობს ნიკოს მწვრთნელის, კინო რუისის სახელობის ქუჩა. რუისი თავის დროზე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა და იმ დროს ესპანეთისთვის ესეც პირველი მსგავსი წარმატება იყო. ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე შერაზადიშვილის გვარი შემოკლებულია და ნიკო შერას ქუჩა წერია.
შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა მსოფლიოში უძველესი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც მათი აზრით, 2400 წლისაა
მკვლევართა ვარაუდით, თითქმის ხელუხლებელი 23-მეტრიანი ხომალდი ძველბერძნულია. შენარჩუნებული აქვს ანძა, საჭეები და ნიჩბების ჩამოსადებები. გემი ზედაპირიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე, ბულგარეთის სანაპიროს სიახლოვეს აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს გემი იმ ტიპის სავაჭრო ხომალდი იყო, რომლის მსგავსიც მკვლევრებს აქამდე მხოლოდ ძველბერძნულ კერამიკაზე ჰქონდათ ნანახი. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი შავი ზღვის სიღრმეებს სამ წელზე მეტია იკვლევს.
წყარო: https://www.theguardian.com/
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გაიხსნა
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჟუჰაიში გაიმართა და მას 700-მდე სტუმარი დაესწრო.
სატრანსპორტო დერეფნის გავლით მსუბუქი ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების გადაადგილება დღეიდან დაიწყება. ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით, ხიდის კონსტრუქცია, რომელიც 120 წელზეა გათვლილი, ტაიფუნებისა და მიწისძვრებისადმი მდგრადია.
ჰონგ-კონგი-მაკაო-ჟუჰაის დამაკავშირებელი მაგისტრალი ხიდებისა და წყალქვეშა გვირაბებისგან შედგება. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია 6,7 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა საავტომობილო გვირაბი, რომლის ასაშენებლად ორი ხელოვნური კუნძულის შექმნა გახდა საჭირო. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 29,6 კილომეტრია, თავისი განშტოებებითა და კვანძებით მთლიანი მაგისტრალის სიგრძე კი 55 კილომეტრს შეადგენს.
წყარო: https://www.telegraph.co.uk/
24 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მეცნიერი და ფილოსოფოსი, ფრენსის ფუკუიამა ეწვევა და საჯარო ლექციას ჩაატარებს
წყარო: https://www.facebook.com/
თბილისის მულტიფუნქციური გაერთიანება ვარკეთილის მედიათეკაში იწყებს შეხვედრა-ლექციების ციკლს მწერლებთან, პოეტებთან და ლიტერატორებთან – პირველი შეხვედრა ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილთან გაიმართება
რა პრინციპით ადგენენ სასწავლო პროგრამას? რატომ ირჩევენ კონკრეტულ ნაწარმოებებს? რა როლი ენიჭება ამა თუ იმ ტექსტს მოსწავლის განვითარებისთვის? რომელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები აკლია დღევანდელ სასკოლო პროგრამას? – ლევან ბერძენიშვილი ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გიწვევთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
წყარო: https://www.facebook.com/
ათწლიანი პაუზის შემდეგ “ქეთო და კოტე” თბილისის ოპერის სცენაზე ბრუნდება
ვიქტორ დოლიძის სამმოქმედებიანი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძეა, რეჟისორი იოანე ხუციშვილი, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.
წყარო: https://beta.tkt.ge/Show
ბელგიური ალტერნატიული დუეტი R.O x Konoba თბილისში კონცერტს გამართავს
ახალი პროექტის ფარგლებში ბელგიელი მუსიკოსები 10 ქვეყანას თითო თვით ესტუმრებიან და მიღებული შთაბეჭდილებების კვალდაკვალ ახალ სიმღერებსაც ჩაწერენ.
წყარო: https://beta.tkt.ge/
27 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი უნიკალურ ფესტივალს – „მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო“ გამართავს
ფესტივალი მუზეუმებისა და სამეზობლოების კავშირს, კერძოდ, იმ განსაკუთრებულ ისტორიას წარმოადგენს, რომელიც აბრეშუმის მუზეუმს გააჩნია მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ადგილობრივი ხელოვანები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მოძრაობის თეატრის პერფორმანსი, გასვლითი ტურები და საგანმანათლებლო პროგრამები.
წყარო: https://www.facebook.com/
თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ აშშ-ში, The Santa Fe Independent Film Festival-ზე საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს
ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ. ფილმი ძირითადად პალიასტომის ტბაზეა გადაღებული და ესაა ერთი ქალისა და მისი ოჯახის ისტორიაზე აგებული დრამა.
ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.
წყარო: https://www.vimooz.com/