როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

დაბერების პროცესის შეჩერება ჯერჯერობით ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვაც დაბერების პროცესის შენელებაში დაგვეხმარება. ლამაზად და ჯანმრთელად დაბარებაც ხომ მიღწევაა!

ასაკი ავტომატურად არ გულისხმობს დაავადებებს. ჩვენს ორგანიზმს აქვს პოტენციალი ნებისმიერ ასაკში ვიგრძნოთ თავი ენერგიულად, ჯანმრთელად, გვქონდეს ენთუზიაზმი და ცხოვრების მიმართ ინტერესი. გამოავლენს თუ არა ორგანიზმი ამ პოტენციალს, ჩვენს ყოველდღიურ არჩევანზეა დამოკიდებული.

ადამიანის ორგანიზმი დაახლოებით 70 ტრილიონი უჯრედისაგან შედგება. ჩვენი ორგანოები, სისხლძარღვები, ნერვები, სისხლი და მთლიანად ჩვენ – არაფერია, თუ არა ტრილიონობით ფუტკრებივით მომუშავე უჯრედები. უჯრედები დნმ-ის დახმარებით იმართებიან. ტელომერი კი დნმ-ის ფრაგმენტია,  სადაც იწყება დაბერება და დაავადებები.

როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში, ასაკთან ერთად, ტელომერები მოკლდებიან და ვეღარ უზრუნველყოფენ უჯრედებს სათანადო ინფორმაციით. როცა უჯრედები დნმ-დან ვეღარ იღებენ მითითებებს, ისინი განიცდიან დეგრადაციას, რაც ქმნის დაავადებებისა და დაბერების წინა პირობას. ჩანს, ტელომერებზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორებიც. კარგი ამბავი ის არის, რომ გენეტიკა ჩვენი ბედისწერა სულაც არ არის და მასზე გავლენა შესაძლებელია ჩვენივე ცხოვრების წესით. დაბერების შეჩერება არ შეგვიძლია, მაგრამ საბედნიეროდ  მისი შენელების ძალა კი შეგვწევს.

ტელომერების ცვეთის ხელშემწყობი ფაქტორებია: სიგარეტი, უმოძრაობა, სიმსუქნე, არაჯანსაღი საკვები, ქრონიკული სტრესი და ტოქსინები. მართალია, ყოველდღიურობაში უცებ ცვლილებების შეტანა ადვილი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა შესაძლებელია ახალი ჩვევების დანერგვა.

 

მოერიდეთ შაქარს

შაქრის მოლეკულას, ანუ გლუკოზას ორგანიზმი ენერგიის წყაროდ იყენებს. ზედმეტი შაქარი კი ცხიმის სახით ინახება. ადამიანის ორგანიზმი არ არის დიდი რაოდენობით შაქართან გამკლავებისთვის შექმნილი, რადგან ევოლუციურად ჩვენ ამდენ შაქარზე ხელი არასდროს მიგვიწვდებოდა. როცა ზედმეტი შაქარი სისხლში თავისუფლად მოძრაობს, ის იწვევს გლიკაციას. გლიკაცია ეს ის პროცესია, როცა სისხლძარღვების, ნერვების, ორგანოების, კანის, ტვინის უჯრედები და ჰორმონები იფუთებიან შაქარში. გლიკაციის შედეგად სისხლძარღვები კარგავენ მოქნილობას, კანი კი ელასტიკურობას, ტვინის უჯრედების ერთმანეთთან კონტაქტი შენელებულია, ჰორმონები, ფერმენტები და საჭირო ნივთიერებები სათანადოდ ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. მაღალი შაქარი ასევე იწვევს ინსულინის გამოყოფასაც, რომელიც ხელს უწყობს წონაში მატებას და დაბერებას. ეს ვითარება ასევე ქმნის ანთებით პროცესებს, რომელზედაც უამრავი ვიტამინი, მინერალი და ფერმენტი იხარჯება. იფიტება ორგანიზმი, უარესდება ჯანმრთელობა, იწყება დაბერების პროცესი.

 

დალიეთ H2O (ანუ, წყალი)

ჩვენი სხეულის 60% წყალია. საჭმლის მონელებიდან დაწყებული, უჯრედების ფუნქციებით დამთავრებული წყალი მონაწილეობს ორგანიზმის ყველა პროცესში. წყლის გარეშე არც ჯანმრთელობა და არც ახალგაზრდობის შენარჩუნებაა შესაძლებელი. ადამიანს დღეში სულ ცოტა 1.5 ლიტრი წყალი ესაჭიროება. H2O უზრუნველყოფს ჩვენი სისხლის თავისუფლად გადაადგილებას, სისხლს კი ჩვენ ორგანოებთან, კანთან და ტვინთან მიაქვს მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები, ცხიმები და სხვა საჭირო ნივთიერებები. ამ ნივთიერებების გარეშე ჩვენი უჯრედები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს და როგორც ზემოთ ვახსენე, უჯრედების ჯანმრთელობის დონე განსაზღვრავს ჩვენი ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის დონესაც.

 

მიირთვით ანტიოქსიდანტები

ტოქსინები ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ძლევამოსილი მტერია. ისინი  ორგანიზმში გარედან აღწევენ და ასევე მეტაბოლიზმის შედეგადაც წარმოიშობიან. ტოქსინები ქმნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც ადრეული დაბერების ერთ-ერთ მთავარ მტრად მოიაზრებენ. თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედებს და ართმევენ სიცოცხლისუნარიანობას. მათი განეიტრალება კი შესაძლებელია ანტიოქსიდანტებით. საბედნიეროდ ანტიოქსიდანტები უხვად არის  საკვებში. განსაკუთრებით კი ბოსტნეულში, ხილსა და ჯანსაღ ცხიმებში. ანტიოქსიდანტებით უხვი საკვებია: წიწმატი, ბულგარული წიწაკა, ჭარხალი, ისპანახი, ავოკადო, ტკბილი კარტოფილი, შავი ქლიავის ჩირი, ქიშმიში, ბროწეული, ვაშლი, ყურძენი, კენკრა, ციტრუსები, ნიგოზი, სელის თესლი, ქოქოსის ზეთი.

 

“პერიოდული შიმშილი”  (Intermittent Fasting)

სიტყვა “შიმშილი” ალბათ უცნაურ ასოციაციას ბადებს, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს ძალიანაც მოსწონს პერიოდულად შიმშილობა. თანამედროვე ადამიანი იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მის ორგანიზმს ესაჭიროება. საკვების გადამუშავება-შეთვისებაზე ორგანიზმის უამრავი ენერგია და რესურსი იხარჯება. ამიტომაც უკანა პლანზე გადადის აღდგენის ფუნქცია. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ენერგია, არასოდეს მოიმატოთ წონაში და აირიდოთ დაავადებები, მეცნიერები გვირჩევენ მივატოვოთ ყველანაირი დიეტა და ჯანსაღი საკვების მიღებასთან ერთად “პერიოდული შიმშილი” ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ. ამ მეთოდის ძირითადი მიზანი არის ცხიმების წვის ბუნებრივად გააქტიურება, შაქრის და ინსულინის დარეგულირება და საკვების მომნელებელი სისტემისათვის საკმარისი დროის მიცემა. ამის მისაღწევად უნდა დავაბალანსოთ ულუფები და გავზარდოთ კვებას შორის ინტერვალი.  საკვები უნდა მივირთვათ მხოლოდ დღეში ორჯერ: დილას და საღამოს. კვებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 8 საათი. საღამოს სადილსა და დილას საუზმეს შორის კი 14-16 საათი. იმისათვის, რათა შეძლოთ ამ რეჟიმის წარმატებით დანერგვა, ბოსტნეულთან ერთად ულუფებს უნდა დაუმატოთ ჯანსაღი ცილები და ცხიმები. მაგალითად: თევზი, კვერცხი, არაჟანი, ნადუღი, კარაქი, თხილეული, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ბუნებრივად გაზრდილი ქათმის, ინდაურის, ძროხის, ბატკნის ხორცი. არ დაგავიწყდეთ მწვანე სალათის ფოთლები.

 

საუნა თერაპია

თუ საუნა არასდროს გიცდიათ, წინ არაჩვეულებრივი სიამოვნება გელით. საუნა არა მარტო გეხმარებათ ტოქსინებისა და ბაქტერიებისგან გათავისუფლებაში, არამედ სტრესის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა. სტრესი კი დღესდღეობით ადრეული დაბერების ერთ-ერთ წინაპირობად მოიაზრება. ცივი-ცხელი ტემპერატურის მონაცვლეობა და ოფლის გამოყოფა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ათავისუფლებს უჯრედებს ტოქსინებისგან და კანს ხდის ელასტიკურს. რაც უფრო ნაკლები ტოქსინებია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო კარგად მუშაობს აღდგენისა და გამოჯანმრთელების მექანიზმები. განსაკუთრებით რეკომენდებულია ინფრაწითელი საუნა.

 

რა გამოვიდა? –  შაქრის შემცირება, ჯანსაღი კვების რეჟიმი, პერიოდულად საკვებისგან თავის შეკავება, საუნა და ნაკლები სტრესი.

ვფიქრობ, მშვენიერი სტრატეგიაა, მაგრამ სტრატეგია რეალობად მხოლოდ იმის შემდეგ იქცევა, როცა მას სისტემატური ხასიათი აქვს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნება მხოლოდ სხეულის მოვლით როდი შემოიფარგლება, არამედ დადებითი  აზროვნებით და ცხოვრების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებითაც.

 


რეკომენდებული სტატიები
სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში

სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში

სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში
ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის 15%-ს განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურება, 15%-ს - გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ს - ცხოვრების წესი და კვება
ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან

ჯანსაღი კვების პრინციპები ნიუ-იორკში მომუშავე თბილისელი ნუტრიციოლოგისგან
სოფია გიგიტაშვილი ნიუ-იორკში მომუშავე სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგ-თერაპევტი და დეტოქსიკაციის სპეციალისტია
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.